საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შესავალი
2024 წელი საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის განსაკუთრებული გაუარესებით ხასიათდებოდა.[1] ჯერ 2024 წლის აპრილსა და მაისში, შემდგომ კი ნოემბერ-დეკემბერში ქვეყანა მასშტაბურმა საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა. გაზაფხულის აქციები საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის,[2] ეგრეთ წოდებული „რუსული კანონის“ ინიცირებასა და მიღებაზე საპასუხოდ გაიმართა, ხოლო ზამთრის აქციებზე ხალხმა საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არსებული კრიზისის ფონზე, ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილება[3] გააპროტესტა..
2024 წლის აპრილსა და მაისში, ე.წ. ,,რუსული კანონის” მიღების საწინააღმდეგო აქციებზე პოლიციამ მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ჭარბი საპოლიციო ძალის გამოყენებით შესაბამისი საფუძვლის გარეშე დაშალა, რასაც თან სდევდა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები. პოლიცია არსებითად მშვიდობიანი დემონსტრაციის წინააღმდეგ არაპროპორციულ ძალას მასიურად იყენებდა, რაც არ ემსახურებოდა სამართალდარღვევის აღკვეთას და მას დემონსტრაციული ანგარიშსწორების, მოქალაქეების სამაგალითო დასჯის მიზანი ჰქონდა.[4]
„რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 200-ზე მეტი პირი დააკავა და 8 პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო. სახალხო დამცველის განცხადებით, 15 აპრილიდან 17 მაისამდე პერიოდში აქციებზე დაკავებულების ნახევარზე მეტი (51.1%), რომლებიც აპარატის თანამშრომლებმა მოინახულეს, სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე საუბრობდა.[5]
2024 წლის 28 ნოემბერს, ქართული ოცნების პრემიერ მინისტრის განცხადებას საზოგადოებრივი წინააღმდეგობის მძლავრი ტალღა მოჰყვა. იმავე ღამეს, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. მედიებისა და მოქალაქეების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს,[6] რომ ხშირად, მოქალაქის მიმართ გამოყენებულ ძალას არანაირი სამართლებრივი საფუძველი და ლეგიტიმური მიზანი არ ჰქონია და მხოლოდ დასჯას, ანგარიშსწორებასა და დაშინებას ემსახურებოდა. სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილი ქმედებები,[7] არაერთ შემთხვევაში მისი ბუნებით, ინტენსივობითა და სისასტიკით, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასა და დასჯას უტოლდებოდა. ამაზე მიუთითებენ როგორც საპროტესტო აქციის დროს დაკავებულები, ისე საქართველოს სახალხო დამცველი.[8] იგივე მიგნებებია დაფიქსირებული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში.[9] საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 1-ელ მარტამდე პერიოდში, სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ მონახულებული პირების 60%, ხოლო 29 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე პერიოდში მონახულებული პირების 79.5% უთითებდა არასათანადო მოპყრობის შესახებ.[10]
2024 წლის 19 ნოემბრიდან 2025 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, არასამთავრობო ორგანიზაციების იურიდიული დახმარების ქსელის მიერ, აღირიცხა ადმინისტრაციული დაკავების 486 შემთხვევა, რომელთაგან 200-მდე პირი, აქციების დაწყებიდან პირველ 72 საათში დააკავეს.[11] ამავე მოვლენებთან დაკავშირებით, სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ წარმოებული ერთობლივი დოკუმენტირების ფარგლებში ინტერვიუ ჩატარდა 117 რესპონდენტთან. მათი 77.7% (91 რესპონდენტი 117- იდან) მიუთითებს, რომ ისინი დაექვემდებარნენ ძალადობას და არასათანადო მოპყრობას პოლიციის მხრიდან, 19 ნოემბერი - 28 იანვრის პერიოდში მიმდინარე პროტესტის კონტექსტში.[12] რაც შეეხება სისხლის სამართლის წესით დაკავებულ პირებს, 2024-2025 წლის 2 თებერვლამდე აქციების კონტექსტში იმ პირების რაოდენობა, რომელთაც ბრალი წარედგინათ/ან უკვე არიან მსჯავრდადებულნი, არის 69, რაც საკმაოდ მაღალი რიცხვია.[13]
2024 წლის 2024 წლის 15 აპრილიდან 15 მაისის (შემდგომში გაზაფხულის აქციები) და 28 ნოემბრიდან 8 დეკემბრამდე (შემდგომში ზამთრის აქციები) პერიოდებში ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევების საქმეებზე გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიწყო, რომელმაც პირველივე კვირებში რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩაატარა. სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა გენერალური პროკურორის ბრძანებით განისაზღვრებოდა.[14] სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2022 წლის მარტში, სამართალდამცავთა და სახელმწიფო მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისთვის შეიქმნა, რომლის მთავარ პრიორიტეტს არასათანადო მოპყრობის, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა მიერ ჩადენილი წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეების გამოძიება წარმოადგენდა. 2025 წლის მაისში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით,[15] 2025 წლის 1-ლი ივლისიდან უწყება გაუქმდა და სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილება თბილისის პროკურატურის კომპეტენციაში გადავიდა.
ჯერ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და მისი გაუქმების შემდეგ თბილისის პროკურატურას ამ დრომდე არ გამოუვლენიათ პასუხისმგებელი პირები საქართველოს შინაგან საქმეთა თანამშრომლების მხრიდან გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. წინამდებარე დოკუმენტი 2024 წლის გაზაფხულის მოვლენებიდან 1.5 წლის, ხოლო ნოემბერ-დეკემბრის მოვლენებიდან 1 წლის თავზე აფასებს სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმოებაში არსებული არასათანადო მოპყრობის საქმეების გამოძიების პროცესში წარმოქმნილ ძირითად ხარვეზებს, მასობრივი საპოლიციო ძალის გამოყენებით გამოწვეულ უფლებრივ დარღვევებზე სახელმწიფოს რეაგირების ეფექტიანობას და სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღემდე მიღწეულ შედეგებს. სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმოებაში არსებული საქმეების ანალიზი აჩვენებს, რომ გამოძიება ფრაგმენტულია და არ ემსახურება სრული სურათის აღდგენასა და დაზარალებულების ინტერესების სათანადო დაცვას. საგამოძიებო უწყება ორიენტირებულია სამართალდამცავების ინდივიდუალური როლის გამოვლენაზე და ამ დრომდე არ გამოუკვეთავს ხელმძღვანელი რგოლის პასუხისმგებელ პირთა წრე.
წინამდებარე ანგარიში ეყრდნობა შესაბამისი უწყებებიდან მიღებულ ინფორმაციას, საჯარო წყაროებში ხელმისაწვდომ მასალას და სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმოებაში არსებული, 51 დაზარალებულის საქმის მასალებს.[16]
[1] Human Rights Watch, World Report, Georgia. ხელმისწვდომია: https://cutt.ly/MrjckpOb.
[2] საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/GrhAWH8u.
[3] ქართული ოცნების პრემიერ მინისტრის 28 ნოემბრის განცხადება, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/VrhS6K0A.
[4] არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება, „მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამაცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე“, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/krhSY4Nv. ასევე, „30 აპრილი - 1 მაისის აქციის დარბევის სამართლებრივი შეფასება“ ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/drhSIktp.
[5] საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება, 17.05.2024, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/XrhSPTJf; ასევე იხილეთ საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, გვ. 77, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/drhNi6IF.
[6] რადიო თავისუფლების კადრები, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/RrhNtWkn.
[7] ზვიად მაისაშვილის ცემის კადრები, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/RrhNtZo6.
[8] საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის 29 ნოემბრინდან 2 დეკემბრის პერიოდში, სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ მონახულებული პირებიდან, არასათანადო მოპყრობის თაობაზე 79.5% უთითებდა. საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, გვ. 77, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/drhNi6IF.
[9] Amnesty International, Georgia: Brutal crackdown on protestors and journalists in Georgia: “They may have broken our bones, but they won’t break our spirits”, December 13, 2024, Available at: https://cutt.ly/ZrjchcnD; Human Rights Watch, Georgia: Government Creating Rights Crisis, New, Repressive Laws, Violence against Peaceful Protesters, Available at: https://cutt.ly/PrjcPVzA.
[10] საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, გვ. 77, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/drhNi6IF.
[11] სამოქალაქო ორგანიზაციების ერთობლივი ანგარიში, 2025, „ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ“ გვ. 83, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/4rcczXXa.
[12] სამოქალაქო ორგანიზაციების ერთობლივი ანგარიში, 2025, „ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ“ გვ. 8, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/4rcczXXa.
[13] საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიში: ,,2024-2025 წლებში აქციების კონტექსტში დაკავებული პირების პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკვირვების შედეგები”, გვ.4, ხელმისავწდომია: https://cutt.ly/Ati6kl29
[14] საქართველოს გენერალური პროკურორის 01.11.2019 წლის ბრძანება „სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის შესახებ“ მე-8 მუხლი; საქართველოს კანონი „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ მე-19 მუხლი.
[15] საქართველოს ორგანული კანონი, “პროკურატურის შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/vrYCOAzT.
[16]სოციალური სამართლიანობის ცენტრი წარმოადგენს აპრილსა და მაისში პარლამენტის და მთავრობის კანცელარიასთან, ასევე ი.ჭავჭავაძის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავების მიერ არაპროროციული ძალის გამოყენებით დაკავებული 9 დაზარალებულის, ასევე, 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, პოლიციელთა არასათანადო მოპყრობას დაქვემდებარებული 51 მსხვერპლის ინტერესებს.
ინსტრუქცია