[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / შეფასება

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმება სამართალდამცავების დაუსჯელობის საბოლოო ინსტიტუციური გაფორმებაა - სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასება

 

შესავალი და კონტექსტი

2025 წლის მაისში, საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებული კანონპროექტი “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში” ცვლილებების შეტანის შესახებ, საქართველოს პარლამენტმა 24 ივნისს მესამე მოსმენით მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის პირველი ივლისიდან გაუქმდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური და სამართალდამცავთა  მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილება საქართველოს პროკურატურის კომპეტენციაში გადავიდა.[1]

წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობას მისი ავტორები ორი ძირითადი მიზეზით ასაბუთებენ. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილების პირველი მიზანი გამოძიების ხარისხის ზრდაა, რაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე დანაშაულების გამოძიების პროკურატურისთვის გადაცემით უნდა მიიღწეს. განმარტებით ბარათში აღნიშნული მეორე მთავარი არგუმენტი კი ქვეყნის მმართველობის მოდელია. კანონპროექტის ავტორების დასაბუთებით, დამოუკიდებელი ორგანოს სამართლებრივი სტატუსი ქვეყნის კონსტიტუციაში უნდა იყოს განსაზღვრული. საგამოძიებო ფუნქციის მქონე, ამგვარი დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო კი საქართველოს პროკურატურაა.[2] აღსანიშნავია, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნამდე, პოლიციელთა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს, სწორედ საქართველოს პროკურატურა იძიებდა.[3]

სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2022 წლის მარტში, სამართალდამცავთა და სახელმწიფო მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისთვის შეიქმნა, რომლის მთავარ პრიორიტეტს არასათანადო მოპყრობის, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა მიერ ჩადენილი წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეების გამოძიება წარმოადგენდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ნაწილობრივ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამართალმემკვიდრედ შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც 2019 წელს, იგივე მანდატის განხორციელების მიზნით დაფუძნდა, თუმცა, ამავდროულად, პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე ზედამხედველ ორგანოდ განისაზღვრა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2021 წლის დეკემბერში, დაჩქარებული წესით, მის ხელმძღვანელთან ყოველგვარი წინასწარი კომუნიკაციის გარეშე გაუქმდა, მიზეზად კი სამსახურის ფართო მანდატი და მისი გამიჯვნის აუცილებლობა დასახელდა.[4] შედეგად, შეიქმნა ორი უწყება, სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური.  

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაჩქარებული წესით გაუქმებას, დარგის სპეციალისტების და ადამიანის უფლებების დამცველების კრიტიკა მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, უწყების ინსტიტუციური გამიჯვნა დასაბუთებული იყო, სამსახურის გაუქმების დაჩქარებული წესი, მის ხელმძღვანელთან ყოველგვარი წინასწარი კომუნიკაციის გარეშე, საგანგაშო სიგნალად იქნა აღქმული. უფლებადამცველთა შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, შედარებით მაღალი ინსტიტუციური დამოუკიდებლობით სარგებლობდა, და სწორედ ეს გახდა სამსახურის გაუქმებისა და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობიდან დათხოვნის მიზეზი.[5]  

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის რეალურ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული არსებული კითხვები კიდევ უფრო გამძაფრდა 2024-2025 წლებში. 2024 წლის აპრილსა და მაისში, ეგრეთ წოდებული „რუსული კანონის“ მიღების, ასევე, ნოემბერსა და დეკემბერში, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის დე ფაქტო შეჩერების გამო დაწყებული საპროტესტო გამოსვლების დროს, პოლიციის მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ასობით შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოს სახალხო დამცველის, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ იდენტიფიცირებულ იქნა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის არაერთი ფაქტი.[6] მიუხედავად სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევის დოკუმენტირებული შემთხვევებისა, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პასუხისმგებლობის გამოკვეთა ვერც ერთ ეპიზოდზე ვერ შეძლო. წამებისა და არასათანადო მოპყრობის საქმეებზე გამოძიების არაეფექტიანობამ, საზოგადოებისა და როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციების ყურადღება სპეციალურ საგამოძოებო სამსახურზე კიდევ ერთხელ მიაპყრო.

სპეციალური საგამოძოებო სამსახურის გაუქმება, შემაშფოთებელია მათ შორის იმ კონტექსტში, რომ სამსახური იძიებდა იმ სისხლის სამართლის საქმეებს, რომელზეც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დადგინდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევის ფაქტი.[7] მოსალოდნებლია, რომ სამსახურის გაუქმება ნეგატიურად აისახება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესზე და მსხვერპლებს განგრძობითად შეეზღუდებათ სამართლიანობის დადგენის შესაძლებლობა და უარი ეთქმებათ სამართლის მიღწევაზე.

ზედიზედ ორი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებით, რომლებიც მეტნაკლები ინსტიტუციური ავტონომიით სარგებლობდნენ, სახელმწიფო აჩვენებს, რომ სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოძიების განსხვავებულ სტანდარტს აღარ ექვემდებარება. ეს კი აშკარად წარმოადგენს, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების გაუარესებას, მეორე მხრივ კი, სამართალდამცავების ანგარიშვალდებულების ინსტიტუციური გარანტიებისა და ხარისხის განადგურებას მიანიშნებს.   

ინიცირებული ცვლილებების არსი და დასაბუთება

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატში სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის და მასთან გათანაბრებული პირის მიერ, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულების გამოძიება შედიოდა.[8] წამება, წამების მუქარა, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა, სწორედ დანაშაულთა ამ კატეგორიას განეკუთვნება. დანაშაულთა მეორე ჯგუფი, რომლის გამოძიებაზეც სამსახური იყო პასუხისმგებელი, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მიერ ჩადენილ სხვა მძიმე დანაშაულებს მოიცავს. ასეთებია მკვლელობა, ჯანმრთელობის თუ სქესობრივი ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, რომელთა ჩადენაც არ უკავშირდება პოლიციელთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების პროცესს. 2022 წლის მიწურულს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატის გაფართოების ფარგლებში, მას პირად ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევასთან, ჟურნალისტურ საქმიანობასთან და რიგ საარჩევნო დანაშაულებთან დაკავშირებული გამოძიების კომპეტენცია მიენიჭა.[9] გარდა ამისა, როგორც უკვე ითქვა, სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს იმ საქმეებს, რომლებზეც ადამინის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დადგინდა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტი.[10]

ამოქმედებული ცვლილებების მიხედვით, 2025 წლის 1 ივლისიდან გაუქმდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური და ყველა ზემოაღნიშნული დანაშაულის გამოძიება პროკურატურის ქვემდებარე გახდა. ამასთან, ცვლილებების თანახმად. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები, მათი წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, 1 ივლისიდან გენერალური პროკურორის მიერ, მათი თანამდებობების ტოლფას თანამდებობაზე დაინიშნენ.[11]

როგორც წესი, კანონპროექტის მიღების აუცილებლობა მის განმარტებით ბარათში უნდა იყოს დასაბუთებული. განსახილველი კანონპროექტის განმარტებითი ბარათი კი მეტწილად იმეორებს თავად კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებების შინაარსს. განმარტებითი ბარათი უთითებს, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა გამოძიების ხარისხის ამაღლება, შესაბამისად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ლიკვიდაციის ერთ-ერთი მიზანი, სწორედ გამოძიების ეფექტიანობის გაზრდაა. მიუხედავად ამისა, ინიციატორები არ ასაბუთებენ, თუ რა არის გამოძიების ხარისხთან დაკავშირებული ამჟამინდელი ხარვეზები და როგორ გამოიწვევს საგამოძიებო ორგანოს ცვლილება, გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებას.

რეალურად, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, სწორედ სამართალდამცავთა და სხვა მოხელეთა დანაშაულის გამოძიებაზე სპეციალიზებული გამომძიებლები მუშაობდნენ და ამ მიმართულებით, მათი კომპეტენცია, წესით, უფრო მაღალი იყო. მაგალითად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები და გამოძიების პროცესში ჩართული სპეციალისტები, არაერთგზის გადამზადებულნი არიან მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.[12] სამსახურისთვის შემუშავებულია გამოძიების პროცესში, შიდა გამოყენებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები და დამხმარე დოკუმენტები.[13] სამსახურის მიერ, შემუშავებულ 2024 წლის ანგარიშში, საუბარი არ არის კომპეტენციის კუთხით არსებულ საჭიროებებზე, პირიქით, გამოძიების პროცესში არსებულ მთავარ გამოწვევად, შესაბამისი ორგანოების მიერ სამეთვალყურეო კამერების არ გადაცემა, პოლიციელთა მიერ სამხრე კამერების გამოყენების ერთიანი სტანდარტის არარსებობა და განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის თანმშრომელთა ინდივიდუალური მონიშვნის ვალდებულების არარსებობა არის იდენტიფიცირებული.

ამასთან, დაუსაბუთებელი და გაუგებარია, რაში უნდა გამოიხატოს გამოძიების ხარისხის ზრდა, თუ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები, განსაკუთრებით კი გამომძიებლები და გამოძიების პროცესში უშუალოდ ჩართული პირები, პროკურატურაში ტოლფას პოზიციებს დაიკავებენ და ზოგი მათგანი, იმავე კატეგორიის საქმის გამოძიებას სხვა საგამოძიებო ორგანოდან გააგრძელებს. განმარტებითი ბარათი დამატებით დასაბუთებას არ შეიცავს იმის შესახებ, თუ როგორ გამოიწვევს შემოთავაზებული ცვლილებები გამოძიების ხარისხის ზრდას. გამოძიების ეფექტიანობის გაუმჯობესების ნამდვილი ინტერესის არსებობის შემთხვევაში სახელმწიფო, პირველ რიგში, თავად სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და სახალხო დამცველის ანგარიშებში იდენტიფიცირებულ გამოწვევებს გადაჭრიდა, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესების გზით და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა მიერ სამხრე კამერების გამოყენების წესის დახვეწას და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელთა მაიდენტიფიცირებელი ნიშნებით აღჭურვას დაუჭერდა მხარს.[14]

მეორე მიზეზი რომელსაც „ქართული ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტი სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილებას აყრდნობს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამართლებრივი სტატუსია. კანონპროექტის ინიციატორთა დასაბუთებით, სახელმწიფო მმართველობის მოდელი კონსტიტუციით ექსკლუზიურად უნდა იყოს მოწესრიგებული და დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს სტატუსი ქვეყნის კონსტიტუციაში უნდა იყოს გათვალისწინებული. სწორედ ამიტომ, საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე საქმეების პროკურატურისთვის გადაცემას უჭერენ მხარს, რომლის სამართლებრივი სტატუსიც კონსტიტუციურად არის გამყარებული.[15]

აღნიშნული დასაბუთება არადამაჯერებელია და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ იგი სამსახურის გაუქმებისთვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნის მცდელობას წარმოადგენს. დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს მოქმედებისთვის, აუცილებელი არ არის მისი საქმიანობის პრინციპების უზენაესი კანონის დონეზე მოწესრიგება. ამის ნათელი მაგალითი ისიცაა, რომ მუშაობას აგრძელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის საფუძველზე ფუნქციონირებს და პირდაპირ არ არის მოხსენიებული კონსტიტუციაში.

2018 წელს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის დროს, კანონპროექტის განმარტებით ბარათის მიხედვით, ახალი სამსახურის შექმნა, არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის მიზნით განხორციელებული რეფორმის ნაწილი იყო და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისა და მოხელეების მიერ, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიების განხორციელებას ემსახურებოდა. იმავე განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მომზადების პროცესში, კონსულტაციები შედგა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან, საქართველოს პროკურატურასთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ასევე, საკითხი განიხილეს სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათშორის საკოორდინაცოო საბჭოს სხდომაზე. თუმცა, არც ერთ სამუშაო ფორმატში, ასევე, არც კანონპროექტის საკომიტეტო განხილვებისა და პლენალური სხდომების დროს, სამსახურის შექმნის კონსტიტუციურ პრინციპებთან შეთავსებადობის საკითხი არ დამდგარა.[16] ამასთან, როგორც ითქვა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნამდე, სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულს, სწორედ საქართველოს პროკურატურა იძიებდა. პროკურატურიდან საგამოძიებო მანდატის სხვა სამსახურზე გადატანით, ეჭვქვეშ არ დამდგარა რეფორმისა და ახალი სამსახურის შექმნის კონსტიტუციურ წესრიგთან შესაბამისობის საკითხი.

საკონსტიტუციო მოდელთან თავსებადობის საკითხი, დღის წესრიგში არ დამდგარა, მათ შორის, არც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნის დროს. 2022 წელს, ახალი სამსახურის შექმნის არგუმენტად მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის ფართო მანდატი იყო მოხსენიებული. სწორედ ამიტომ, ისევე როგორც სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმებისას, ამ შემთხვევაშიც, „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ სამსახურის გაუქმებას სამართლებრივი გამართლება მოუძებნოს, რისთვისაც კონსტიტუციური მოწყობის შესახებ ზედაპირულ არგუმენტებს იშველიებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის როლი ევროკავშირთან და ევროპულ უწყებებთან დაახლოების პროცესში

„სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ კანონის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ახალი ორგანოს შექმნა, სხვა მიზნებთან ერთად, ემსახურებოდა საქართველოს მიერ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.[17] აღნიშნულით, სახელმწიფო იღებდა ვალდებულებას, რომ მიეღო ყველა შესაბამისი ზომა, სამართალდამცავი უწყებების თანამშრომელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო წამების/არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიებისთვის. ახალი, დამოუკიდებელი ორგანოს შექმნა წარმოადგენდა საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად საჭირო ღონისძიებას. გატარებული რეფორმა, ევროკავშირთან დაახლოების პროცესში, მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად შეფასდა.

იმავე სულისკვეთებას იმეორებდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნის იდეაც. საგამოძიებო ორგანოს ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების სამოქმედო გეგმით, საერთაშორისო ვალდებულებების სათანადოდ შესრულებოს გზით, არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის მიზნით ეფექტიანი რეფორმების განხოციელების ვალდებულება აიღო. სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულის საფუძველზე, 2019 წლის 1 ნოემბერს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი, 2022 წლის 1 მარტს კი დამოუკიდებელი ორგანო - სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამოქმედდა.[18]

მიუხედავად ზემოაღნიშნული ჩანაწერებისა, „პროკურატურის შესახებ“ კანონში განსახილველი ცვლილებების შეტანისას, სამსახურის დაარსების მთავარი საფუძველი - ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების დაცვის მიზნით აღებული ვალდებულებების შესრულება, განხილულიც არ ყოფილა. პირიქით, განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ ან მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, შესაბამისად, ნახსენებიც არ არის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და მისგან მომდინარე ვალდებულებები.

ევროკავშირთან დაახლოების მიზნით დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების კონტექსტში, სპეციალური საგამოძიებო სამსახური და მისი მანდატი 2023-2024 წლებში არაერთხელ იქცა ფართო განხილვის საკითხად. ვენეციის კომისიამ 2023 წლის 18 დეკემბერს, გამოაქვეყნა მოსაზრება სამსახურის როგორც ინსტიტუციური დამოუკიდებლობის, ისე სამსახურის მანდატის, ასევე, კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დაკომპლექტების და შერჩევის წესის შესახებ. ამასთან, ვენეციის კომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ სამსახურის მთავარი ფოკუსი არა კერძო პირთა, არამედ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა მიერ ჩადენილი დანაშაული ყოფილიყო და სამსახურის საგამოძიებო მანდატი ისეთი მაღალი თანამდებობის მქონე პირთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზეც გავრცელებულიყო, როგორიც შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და გენერალური პროკურორია.[19]

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის კვალდაკვალ, ევროპული კომისიის მიერ, საქართველოსთვის განსაზღვრული 9 ნაბიჯის ერთ-ერთ არსებით პრიორიტეტს წარმოადგენდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებდა საგამოძიებო ორგანოს სპეციალური მანდატის მნიშვნელობას.[20] აღსანიშნავია, რომ მიუხედავად სპეციალური საგამოძოებო სამსახურის შესახებ კანონში გარკვეული პოზიტიური ცვლილებების შეტანისა, საქართველოს პარლამენტის მიერ, არსებითად არ შესრულდა ევროპული კომისიის ზემოაღნიშნული რეკომენდაცია და სამსახურისა და მისი ხელმძღვანელის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაძლიერების მიმართულებით ძირეული ცვლილებები არ განხორციელდა.[21]

მიუხედავად სამსახურის ლიმიტირებული ქმედითობისა, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს არსებობა დეკლარაციულ მისიასაც ატარებდა. სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი უფლებადარღვევების, მათ შორის, წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ეფექტიანი გამოძიების მიზნით დამოუკიდებელი სამსახურის არსებობა, ხაზს უსვამს სახელმწიფოს მიერ სამოხელეო დანაშაულთან, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის პრიორიტეტულობას. აღნიშნულს იმეორებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტიც, რომელმაც, 2025 წლის 10-12 ივნისს გამართულ ადამიანის უფლებათა სხდომაზე, მართალია, გააკრიტიკა სახელმწიფო სამართალდამცავების მიერ წამებისა და არასათანადო მოპყრობის საქმეებზე არაეფექტიანი და ხარვეზიანი გამოძიების კუთხით, თუმცა, მეორე მხრივ, ხაზი გაუსვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატს და სახელმწიფოს მოუწოდა, თავი შეეკავებინა სამსახურის გაუქმებისგან და, პირიქით, განეხორციელებინა ღონისძიებები საგამოძიებო ორგანოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად.[22] სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტმა არ გაითვალისწინა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციები და სამსახურის გაუქმებას მხარი დაუჭირა.

შესაბამისად, სპეციალური საგამოძოებო სამსახური, ერთ-ერთი ის სახელმწიფო ორგანო იყო, რომელსაც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, ადმიანის უფლებების დაცვის განმტკიცებისთვის არსებითი გარანტიები უნდა შეექმნა. თავის დროზე პროკურატურისგან, სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მანდატის დამოუკიდებელ საგამოძიებო სამსახურზე გადატანა, სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიების გაუმჯობესებად შეფასდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმება კი პრაქტიკულად ირეკლავს „ქართული ოცნების“ მიერ, ევროკავშირში ინტეგრაციის პოლიტიკიდან გადახვევას, უგულებელყოფს რა აქამდე მიღწეულ შედეგებსა და ევროსაბჭოს სტრუქტურების მიერ სახელმწიფოს მიმართ გაცემულ რეკომენდაციებს ადამიანის უფლებების დამცავი ორგანოების გაძლიერებისა და რეფორმირების კუთხით.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პოლიტიკურ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული ჩავარდნები

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მისი საგამოძიებო მანდატიდან გამომდინარე, განსაკუთრებული როლი უნდა ჰქონოდა 2024 წლის გაზაფხულისა და ზამთრის აქციების დროს, სამართალდამცავთ მიერ ჩადენილი მასშტაბური დანაშაულების გამოძიების კონტექსტში. 2024 წლის აპრილსა და მაისში, ეგრეთ წოდებული „რუსული კანონის“ მიღების დროს დაწყებულ დემონსტრაციებზე, გამოიკვეთა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ არაპროპორციული ძალის სისტემურად გამოყენების ტენდენცია. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, სწორედ გაზაფხულის საპროტესტო აქციებზე ძალადობის ფაქტების გამოუძიებლობამ და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის პასუხისმგებლობის დაუკისრებლობამ, ასევე, სპეცრაზმელების ამოსაცნობი ნიშნებით აღუჭურველობამ, 2024 წლის ზამთრის აქციებისთვის არაპროპორციული ძალის გამოყენებისა და არასათანადო მოპყრობის უფრო მასშტაბური გამოყენების წინაპირობა შექმნა.[23]

ომბუდსმენის ცნობით, 2024 წლის როგორც გაზაფხულის, ისე ზამთრის აქციებზე,  სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მოქალაქეების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები არასწორად, „უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებით“ დააკვალიფიცირა, რაც არ ასახავს მომიტინგეთა მიმართ გამოყენებული ძალადობის ხასიათს, ინტენსივობასა და მასშტაბურობას. საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნით, „ძალადობის მეთოდები და ინტენსივობა, ძალადობის აშკარა მიზანი, თითქმის ყველა შემთხვევაში მიანიშნებს არაადამიანურ, დამამცირებელ და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე და მეტიც, რიგ ეპიზოდებში წამების ხარისხსაც აღწევს.“[24] სახალხო დამცველის შეფასებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიება არაეფექტიანი იყო და ის არ ცდილობდა მოვლენების სისტემურად შესწავლას. სათანადოდ არ გამოკითხა აქციების ძალის გამოყენებით დაშლაში მონაწილე და გადაწყვეტილების მიმღები პირები.  ამასთან, არ იქნა მოპოვებული შესაბამისი ვიდეოჩანაწერები და ისეთ შემთხვევაზეც კი, სადაც ჩანდა მოქალაქეზე მოძალადე პოლიციელის სახე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, არ მიიღო სათანადო ზომები ინციდენტში მონაწილე მოძალადე პოლიციელის იდენტიფიცირებისთვის.[25]

ზამთრის აქციების კონტექსტში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოებული გამოძიება გაკრიტიკებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ ერთობლივ ანგარიშშიც. დოკუმენტის მიხედვით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განზრახ არ გასწია სათანადო ძალისხმევა მტკიცებულებების მოპოვების კუთხით.[26] სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, გამოძიების ფორმალურად და არაეფექტიანად წარმართვაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ სამსახურს, არც გაზაფხულის და არც შემოდგომის აქციებზე დოკუმენტირებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, არცერთი დამნაშავე პირის იდენტიფიცირება ამ დრომდე არ მოუხდენია.[27]

მიუხედავად ამისა, გამოძიების არაეფექტიანობა არ აიხსნება სპეციალურ საგამოძოებო სამსახურის გამომძიებელთა არასათანადო კომპეტენციითა და მომზადების დონით და მას პოლიტიკური განზომილება აქვს. ის ფაქტი, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის, მათ შორის, წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის საქმეებზე არც ერთი სამართალდამცავისთვის ბრალი არ წაუყენებიათ, აძლიერებს ეჭვებს სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის შესახებ. მაგალითისთვის, მწვავე შეკითხვად რჩება, თუ რატომ არ მიეცა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში ის სამართალდამცავი მაინც, რომელიც იდენტიფიცირებადი იყო საჯაროდ გავრცელებულ კადრებში.[28] სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არ მიუმართავს პროკურატურისთვის, კადრებში დაფიქსირებული პირის იდენტიფიცირებისთვის მიზნით, საგამოძოებო მოქმედების ჩატარებისთვის საჭირო განჩინების მოპოვების და ამ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დაწყების დასაბუთებული შუამდგომლობით. ყოველივე ამის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ სამსახურმა უარი თქვა შეესრულებინა თავისი მანდატი, პოლიტიკური წნეხის თუ სამსახურზე არსებული გარე გავლენების გამო.

აღსანიშნავია, სწორედ სამსახურებრივი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, კეძოდ კი ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევის, მშვიდობიან მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ფაქტების გამოუძიებლობა გახდა დიდი ბრიტანეთის მთვარობის მიერ საქართველოს გენერალური პროკურორისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის სანქცირების მიზეზი.[29]

თვალსაჩინოა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობის ლოიალობა „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების მიმართ. მაგალითად, სამსახურის ხელმძღვანელი, კარლო კაციტაძე, მისი წინამორბედისგან, სახელმწიფო ინსპექტორისგან განსხვავებით, არც კი გამოხმაურებია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების ფაქტს. ასევე, ის არ ყოფილა ჩართული პარლამენტის მიერ კანონპროექტის განხილვის პროცესში და არ წარმოუდგენია მისი პროფესიული პოზიცია სამსახურის საქმიანობის საჭიროების, თუ მისი საკანონმდებლო მოწყობის შესახებ.

ყოველივე ზემოთქმულის მხედველობაში მიღებით, აშკარაა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმება პოლიტიკური პროცესის ნაწილს წარმოადგენს და მიზნად არ ისახავს არც გამოძიების ხარისხის ზრდას და არც სამსახურის ბუნების კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას. სამსახურის გაუქმება, სამართალდამცავთათვის, მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, ხელშეუხებლობის დამატებითი გარანტიების მიცემას და დაუსჯელობის ინსტიტუციონალიზებას შეიძლება ემსახურებოდეს.

შეჯამება:

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმება არ უნდა იყოს აღქმული განყენებულ ფაქტად და აგრესიული ავტოკრატიზაციის ჭრილში უნდა დავინახოთ.[30] „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ გააუქმოს თუნდაც ფორმალური დამოუკიდებელი ბუნების მქონე ინსტიტუციები და ისინი მმართველობის ცენტრალურ ღერძს დაუქვემდებაროს. სწორედ ამიტომ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებით, „ქართული ოცნება“ ძალაუფლების უფრო მყარ კონსოლიდაციას ცდილობს.

აშკარაა, რომ კონსტიტუციური მმართველობის მოქმედი სისტემა ხელს არ უშლის დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს მუშაობას და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებას სრულად პოლიტიკური სარჩული აქვს, რაც სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების განსაკუთრებული სენსიტიურობით არის გამოწვეული. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მუშაობა „ქართულ ოცნებას“ დისკომფორტს ფორმალურადაც კი არ უქმნიდა, მეტნაკლები ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მქონე ორგანოს ფუნქციონირება, რომელსაც სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულის სპეციალური მანდატი აქვს, შესაძლოა, რომ საშუალოვადიან და ხანგრძლივ პერსპექტივაში რისკებს შეიცავდეს მათი მმართველობისთვის, ძალაუფლების კონსოლიდაციის პროცესში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების ფაქტებზე რეაგირების ბერკეტის გამო.პეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების შედეგად, მოსალოდნელია სამართალდამცავთა მიერ, მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის საქმეებზე მიმდინარე გამოძიებების არაეფექტიანობის ზრდა. იზრდება რისკები, რომ  გაუარესდება დაზარალებულთა წარმომადგენელთა მიერ, საქმის მასალების გაცნობის პროცედურაც და გამოძიების შედეგები კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდეს. ცვლილებების შემდგომ, პრაქტიკულად მინიმალურია იმის ალბათობა, რომ პასუხისმგებლობაში მიეცემიან 2024 წლის გაზაფხულსა და ზამთარში, საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირთა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ჩამდენი ან სადამსჯელო ოპერაციის დამგეგმავი პირები. პირიქით, მაღალი ალბათობით, კიდევ უფრო რთული გახდება არასათანადო მოპყრობის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების პროცესის მონიტორინგი და თუნდაც საქმეთა სტატისტიკური ანალიზი.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმება, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, სიმბოლური სიგნალია ევროპული სტრუქტურების და საქართველოს ევროპელი პარტნიორების მიმართაც. იმ სამსახურის გაუქმება, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული ამოცანების მიღწევის მიზნით შეიქმნა, ცალსახად მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა და ამისთვის დამატებითი განარტიების შექმნა, აღარ წარმოადგენს სახელმწიფოს გაცხადებულ ინტერესს. საქართველოს მიერ, ერთი მხრივ, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს სტრუქტურების რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ, ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის საზიანო კანონმდებლობის მიღება, მეორე მხრივ კი ევროკავშირთან დაახლოების პროცესში უკვე მიღწეული პროგრესის მოშლა, ატარებს მკაფიო შინაარსს, რომ საქართველოს მმართველმა რგოლმა დემონსტრაციულად გადაუხვია ევროპული ინტეგრაციის მიზნისგან.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] საქართველოს ორგანული კანონი, “პროკურატურის შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/vrYCOAzT.  

[2] განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე  „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/3rYCSD8K.

[3] საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №34, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/6rUe78Nf.

[4] განმარტებითი ბარათი განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,   ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/srYCGKxN.

[5] არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება, 26.12.2021, “არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით” ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/VrjvelQq. ასევე: რადიო თავისუფლება, 27.12.2024, “სახელმწიფო ინსპექტორი: უკმაყოფილება "ქართულმა ოცნებამ" ჩვენი გაუქმების კანონპროექტად აქცია“ ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/arjc57Hp

[6] საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა  და თავისუფლებათა დაცვის  მდგომარეობის შესახებ, 2024, გვ. 77-118, ხელმისაწვდიმია: https://cutt.ly/5rYVeyJ8; ადამიანის უფლებათა კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/KrYVeMED.

[7] საქართველოს კანონი „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, მე-19 მუხლის 1-ელი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/FrYVa9rb.

[8] საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №019, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის შესახებ; საქართველოს კანონი „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, მუხლი 19, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/FrYVa9rb.

[9]საქართველოს კანონი „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/SrYV0Y3l.

[10] საქართველოს კანონი „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, მუხლი 19, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/FrYVa9rb.

[11] საქართველოს ორგანული კანონი, “პროკურატურის შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, მუხლი 8, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/vrYCOAzT.

[12] დოკუმენტის გამოქვეყნების მომენტისთვის, გათიშულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინტერნეტ-გვერდი. შესაბამისი პროფესიული გადამზადების ამსახველი ინფორმაცია განთავსებული იყო ბმულზე: https://sis.gov.ge/media/The-professional-qualification-raising-training-was-delivered-for-the-staff-of-the-Special-Investigation-Service-with-the-support-of-the-Council-of-Europe

[13] სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სახელმძღვანელო „სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული წამების, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მათთან დაკავშირებული დანაშაულების კვალიფიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებით“, გვ. 14-16. დოკუმენტის გამოქვეყნების მომენტისთვის, გათიშულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინტერნეტ-გვერდი.

[14] საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის  მდგომარეობის შესახებ, 2024, გვ. 84, ხელმისაწვდიმია: https://cutt.ly/5rYVeyJ8.

[15] განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე  „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/3rYCSD8K.

[16] განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე  „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/6rYMqhlh

[17] იქვე.  

[18] დოკუმენტის გამოქვეყნების მომენტისთვის, სამსახურის ვებ-გვერდი და იქ განთავსებული რესურსები, აღარ არის ხელმისაწვდომი.

[19] EUROPEAN COMMISSION FOR DEMOCRACY THROUGH LAW (VENICE COMMISSION), GEORGIA, “OPINION ON THE LAW ON THE SPECIAL INVESTIGATION SERVICE AND ON THE PROVISIONS OF THE LAW ON PERSONAL DATA PROTECTION CONCERNING THE PERSONAL DATA PROTECTION SERVICE”, 2023,  Available at: https://cutt.ly/2rjBMTYH

[20]European Commission, 2023 Communication on EU Enlargement Policy. COM(2023) 690 final, Brussels, 8.11.2023. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/KrjNu1hX.  

[21] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 29.05.2024, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონებში შესატანი ცვლილებები არასრულად ასახავს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს“, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/LrjBGHx6, აქვე იხილეთ IDFI, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონში დაინიცირებული კანონის პროექტის შეფასება: https://cutt.ly/prYO51bH.

[22] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, „ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებისგან“, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/OrYMdAVH.  

[23] საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის  მდგომარეობის შესახებ, 2024, გვ. 77, ხელმისაწვდიმია: https://cutt.ly/5rYVeyJ8;

[24] იქვე, გვ. 81.

[25] იქვე, გვ. 83-87.

[26] ადამიანის უფლებათა კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გვ. 135-143, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/KrYVeMED.

[27] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, „პროტესტის მონაწილეების მიმართ სისტემური ძალადობისა და წამების საქმეებზე გამოძიება დემონსტრაციულად არაეფექტიანია“, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/krY150nx.

[28] რადიო თავისუფლება, „კუნთებით ვერ შეგვაშინებენ, ინტერვიუ პოლიციის მიერ ლეონიძეზე ნაცემ ირაკლი წიგნაძესთან, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/mrUyVCqa.

[29] ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ოფისის პრეს-რელიზი, 10.04.2025, „UK sanctions Georgian officials responsible for allowing brutal police violence“ ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/3rjNxCLG.

[30] იხილეთ სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებები: „ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების კრიტიკული ანალიზი“, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/brUi957n;  „პროტესტების წინააღმდეგ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების სისტემური ანალიზი“ ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/mrUi3UJd; „ქართული ოცნების” ახალი საკანონმდებლო ინიციატივა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სამართლებრივ დემონტაჟს ახდენს“ ხელმისაწვდომია; https://cutt.ly/4rUi8LNr; „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი რეპრესიული ცვლილებებით, „ქართული ოცნება" მოქალაქეთა დასჯისა და ტერორისთვის კიდევ უფრო გამარტივებულ პირობებს ქმნის“ ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/erO5fLX0.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“