საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2024 წლის აპრილ-მაისის თვეში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე გამოვლინდა სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობის არაერთი ფაქტი, რაც გამოიხატა აქციის მონაწილეთა მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ ანგარიშსწორებაში. სამართალდამცავებმა სცემეს აქციაზე მყოფ პირებს, მათ შორის, ქალებს, ბავშვებს, ჟურნალისტებს და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ამასთან განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ დაკავებებისას. გამოიკვეთა დაკავების დროს არასათანადო მოპყრობის ფაქტები. აღსანიშნავია, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებას, უმეტესად, ჰქონდა ანგარიშსწორების სახე და არ უკავშირდებოდა უკანონო წინააღმდეგობის ან სამართალდარღვევის აღკვეთას. ზოგიერთ შემთხვევაში, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა ძალის გადამეტების იმდენად მძიმე მეთოდები გამოიყენეს, რომ რამდენიმე დაკავებულს, დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე, სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა და გადაუდებელი ოპერაციის ჩატარება დასჭირდა. სახალხო დამცველის განცხადებით, აქციაზე დაკავებული მოქალაქეების (200-ზე მეტი პირი) ნახევარზე მეტი მიუთითებს სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე. ზემოაღნიშნული დასტურდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ქსელის ინფორმაციითაც, რომლის მიხედვით, ქსელის ადვოკატების მიერ მონახულებული 190-მდე დაკავებული პირიდან უმეტესობა მიუთითებდა, რომ ნაცემი იყო. საჯარო წყაროებში გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანდა, რომ, ზოგიერთ შემთხვევაში, საპოლიციო ძალების წარმომადგენელთა მხრიდან აქტივისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებული ძალადობა, შესაძლოა, აღწევდა დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობის ხარისხს (დეტალურად იხილეთ საიას ანგარიში: ‘საქართველო: ადამიანის უფლებები რუსული კანონის პირისპირ, ადამიანის უფლებათა მდგომარეობა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის რეინიციირებიდან 60 დღის განმავლობაში’, 2024) .
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ისე, საქართველოს სახალხო დამცველიც[1] მოუწოდებდა, ჩაეტარებინა ეფექტიანი გამოძიება ზემოაღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, თუმცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პროკურატურას ამ დრომდე (09.10.2024) არც ერთი დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირის გამოვლენისა და ბრალდების შესახებ არ გაუვრცელებია ინფორმაცია. ასევე, უცნობია, შეუჩერდა თუ არა რომელიმე სამართალდამცავს უფლებამოსილება გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ, კანონმდებლობის მიხედვით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოა, რომლის მთავარი მისია მოხელის მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი, დროული და დამოუკიდებელი გამოძიებაა.[2] თუმცა, სამსახურის მიერ 2023 წლის 7-9 მარტის და 2024 აპრილ - მაისის აქციებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე წარმოებული გამოძიება ამ ეტაპისთვის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება შეფასდეს, როგორც ფორმალური და შედეგის თვალსაზრისით, ფიქციური. ამასთან საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სამსახური ზემოთ ხსნებული მოვლენების გამოძიებასთან დაკავშირებით საზოგადოების წინაშე არ გრძნობს ანგარიშვალდებულებას და არ წარუდგენს მას ჯეროვან ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე. ისეთ პროაქტიულ უწყებას, როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახური პოზიციონირებს საჯარო სივრცეში, ივნისის შემდეგ მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესს მიუხედავად, განმარტებაც კი არ გაუკეთებია.
ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2024 წლის აპრილ-მაისის აქციების დარბევაში ადამიანის უფლებების დარღვევებზე წარმოებული გამოძიების არაეფექტიანობა პირდაპირ კავშირშია, მათ შორის, სააარჩევნო დღეს უსაფრთხოების დაცვასთან. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და კონსტიტუციური სტანდარტების თანახმად, არჩევნებში მონაწილეობა უნდა განხორციელდეს ატმოსფეროში, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი შიშისგან და უზრუნველყოფილია ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემა.[3] არჩევნებში მონაწილე ყველა პირი, მათ შორის კანდიდატები, საარჩევნო პერსონალი და ამომრჩეველი, უნდა იყოს დარწმუნებული, რომ მათი მონაწილეობის შედეგად, ისინი არ იქნებიან სამიზნე მუქარისა ან დაშინების.[4]
ამ კუთხით, საყურადღებოა, რომ შს მინისტრის ახლად გამოცემული ბრძანების[5] თანახმად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში იქმნება ტერიტორიული ჯგუფები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან სამართალდარღვევების გამოვლენასა და პრევენციაზე. ვინაიდან, ბრძანების თანახმად, ამ პროცესში ჩართულ პირებს შორის იმ უწყების თანამშრომლებიც იქნებიან, ვისაც აქციების მართვის ოპერაციების ჩატარება ევალებათ, არსებითია მათში შემავალი ადამიანები თავადვე არ იყვნენ კანონდამრღვევი პირები. ამასთან კავშირში კი, ხაზგასასმელია, რომ ადამიანის უფლებათა დარღვევისათვის სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) შსს-ს მიერ საარჩევნოდ სპეციალურად შექმნილი „ტერიტორიული ჯგუფების“ დაკომპლექტებაში მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულ პირთან დაკავშირებულ გარემოებებთან მიმართებით, საიას შეფასება მაისის თვეშიც აქვს გავრცელებული, მაშინ, როდესაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, ზვიად ხარაზიშვილმა, ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ სპეცრაზმი მოქალაქეებს სცემს და ამისთვის წინასწარ შედგენილი სია არსებობს (“მე ახალგაზრდებს არ ვცემ, მე ვცემ არაკაცებს. Სია გვაქვს…”). საგანგაშოა, რომ შსს მაღალჩინოსანი, რომელსაც მნიშვნელოვანი საპოლიციო ფუნქცია აკისრია, საჯაროდ ავრცელებდა ძალადობრივი პრაქტიკების მუქარას. ამას, ცხადია, სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობის წამახალისებელი ეფექტი აქვს. საიამ, ჯერ კიდევ 2024 წლის 28 მაისს მოუწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომ ჰქონოდა ეფექტიანი რეაგირება სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე, რაც, მათ შორის, გამოიხატება ძალადობის შემთხვევებისთვის სწორი კვალიფიკაციის მიცემაში; გამოეკითხა ასევე, ზვიად ხარაზიშვილი და ჩატარებულიყო მისი განცხადების საპასუხოდ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
ასევე, საყურადღებია, რომ, ბრძანება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საფუძვლით, საკმაოდ ფართო უფლებამოსილებით აღჭურავს სამართალდარღვევების პრევენციასა და რეაგირებაზე პასუხისმგებელ ჯგუფებს. წარსულში სწორედ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის საფუძვლით სამართალდამცავთა მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა[6] და მათზე, სწორედ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პროკურატურის მიერ არაეფექტიანი გამოძიებები,[7] გვაფიქრებინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ტერიტორიული დანაყოფები შესაძლოა კვლავ მოგვევლინონ ხელისუფლებისთვის არასასურველი პირების განეიტრალების მექანიზმად.
მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
უფლებები საქართველო
საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
[1] 2024 წლის 14 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა მოუწოდა - „სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - უმოკლეს ვადებში ჩაეტარებინა ეფექტიანი გამოძიება, ყველა მოძალადე პოლიციელის მაქსიმალურად სწრაფი იდენტიფიცირების მიზნით. სახალხო დამცველი აღნიშნავდა, რო „იმ ფონზე, როდესაც უკვე დაკავებულია აქციის ექვსი მონაწილე სისხლის სამართლის წესით და ადმინისტრაციული წესით - ჯამში 150-ზე მეტი მოქალაქე, დღემდე არც ერთი პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, მათ შორის მათი, ვისი სახეებიც დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელებისას არ იყო დაფარული და მათი იდენტიფიცირება არ უნდა წარმოადგენდეს განსაკუთრებულ სირთულეს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ეს წაახალისებს დაუსჯელობის განცდას.“
[2] საქართველოს კანონი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ, მუხლი 2.19, ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4276790?publication=11
[3] United Nations, Manual on Human Rights Monitoring, 2011, 10, ხელმისაწვდომია: https://www.ohchr.org/sites/default/files/Documents/Publications/Chapter23-MHRM.pdf, [08.10.2024].
[4] იქვე.
[5]შსს მინისტრის ბრძანება „საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“, 30.09.2024, ხელმისაწვდომია: https://info.police.ge/uploads/66ff8b51cfb83.pdf, [08.10.2024].
[6] საიას ანგარიში: ხალხი რუსული კანონის წინააღმდეგ - 7-9 მარტის აქციის დაშლასა და მასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შეფასების ანგარიში, 2023, ხელმისაწვდომია: https://www.gyla.ge/files/2020/%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/untitled%20folder/%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%97%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98/%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AE%E1%83%98%20%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%92-2.pdf, [08.10.2024].
[7] იხ. მათ შორის, საქმე, ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, (Applications nos. 13186/20 and 4 others), 07.05.2024, ხელმისაწვდომია: https://hudoc.echr.coe.int/fre?i=001-233412, [08.10.2024].
ინსტრუქცია