საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63


შესავალი
2024–2026 წლებში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების ჩახშობა სახელმწიფოს სისტემური პოლიტიკის ნაწილად იქცა, რომლის ერთ-ერთ მთავარ სამართლებრივ ინსტრუმენტს საბჭოთა პერიოდში მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (შემდგომში ასკ) წარმოადგენს. ამ პერიოდში კოდექსში განხორციელებული 77 საკანონმდებლო ცვლილებიდან 19 უშუალოდ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას შეეხებოდა.
2025 წლის დეკემბერში, დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატა ახალი სამართალდარღვევის შემადგენლობები, მათ შორის, 174¹ მუხლით გათვალისწინებული ქვეითთა შეუფერხებელი გადაადგილების შეფერხება, რომლისთვისაც სავალდებულო სანქციად 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა განისაზღვრა. იმავე საკანონმდებლო ცვლილებით, მათ შორის, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებით [მუნიციპალიტეტის ნაცვლად შსს-ში] წინასაწრი შეტყობინების ვალდებულება გავრცელდა იმ შეკრებებზეც, რომლებმაც ქვეითთა გადაადგილება შეიძლება შეაფერხოს. შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) კი მიენიჭა ფართო დისკრეცია, შეტყობინების მიღების შემდგომ სავალდებულო მითითებების მეშვეობით ფაქტობრივად განსაზღვროს შეკრების ჩატარების ადგილი, დრო და ფორმა, მათი შეუსრულებლობისთვის კი იმავე 15 დღემდე პატიმრობას დაუქვემდებაროს პირები. განმეორების შემთხვევაში, თითოეული ეს სამართალდარღვევა სისხლისსამართლებრივი წესით 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით გახდა დასჯადი.
აღნიშნული ცვლილებები, რომლებიც 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო დემონსტრაციების შემდეგ ინიცირებული შეკრების თავისუფლების შემზღუდვის მეხუთე ტალღას წარმოადგენდა, პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.
საკანონმდებლო ცვლილებების კვალდაკვალ, საპროტესტო აქციების მონაწილეთა დასჯის პრაქტიკაში სასამართლო ხელისუფლებაც ჩაერთო, რამაც კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა სასამართლო ხელისუფლებაში არსებული ინსტიტუციური პრობლემები.
შედეგად, 2026 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით მხოლოდ ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილების სავარაუდო შეფერხების საფუძვლით მინიმუმ 43 პირი, ჯამში 128 დღით დააპატიმრეს. [1] [გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის საფუძვლით, სულ მცირე 112 მშვიდობიანი მომიტინგე ჯამში 620 დღით გაუშვეს პატიმრობაში]. 2026 წლის 29 მაისს, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გზის განმეორებით გადაკეტვის გამო 9-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა 61 წლის ზურაბ მენთეშაშვილს, რომელიც სასჯელის მოხდის შემდეგ 31 ივლისს გათავისუფლდა. საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა საქართველოს სახალხო დამცველმა[2] და დაზარალებულმა პირებმა.
წინამდებარე დოკუმენტი აანალიზებს ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილების შეფერხების საფუძვლით საპროტესტო აქციების მონაწილეთა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში მიცემის საქმეებზე 2025-2026 წლებში ჩამოყალიბებულ სასამართლო პრაქტიკას, აფასებს მის შესაბამისობას შეკრების თავისუფლების დაცვის კონსტიტუციურ და კონვენციურ სტანდარტებთან და ავლენს ამ პრაქტიკის ძირითად სისტემურ ხარვეზებს. კვლევის მიზნებისთვის გაანალიზდა თბილისის საქალაქო და თბილისის სააპელაციო სასამართლოების მიერ მიღებული 10 დადგენილება, ასევე სასამართლოებიდან გამოთხოვილი სხდომის ოქმები.
სასამართლო პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ აღნიშნული დადგენილებები არ აკმაყოფილებს სათანადო დასაბუთების სტანდარტს. ინდივიდუალური ფაქტობრივი გარემოებებისა და თითოეული საქმის სპეციფიკის შეფასების ნაცვლად, სასამართლოები შაბლონურად იმეორებენ როგორც კანონის ნორმებს, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკიდან ამოღებულ ცალკეულ განმარტებებს, რომლებიც კონტექსტიდან ამოგლეჯილად და რეპრესიული პრაქტიკის გამართლებისთვის მანიპულაციურად არის განმარტებული. განსხვავებული საქმის გარემოებების მიუხედავად, ფაქტობრივად, იდენტურია ამ გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილები, რომლებშიც, როგორც წესი, მხოლოდ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის პერსონალური მონაცემებია შეცვლილი. ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა ერთი და იმავე მოსამართლის მიერ მიღებული დადგენილებების შემთხვევაში, სადაც დასაბუთება პრაქტიკულად სიტყვასიტყვით მეორდება.
სასამართლო პრაქტიკისა და საპროცესო დოკუმენტების გარდა, დოკუმენტში გაანალიზებულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები და ადგილობრივი/საერთაშორისო ორგანიზაციების რელევანტური ანგარიშები.
ეს ანალიზი განსაკუთრებით დროულია იმის გათვალისწინებით, რომ 2026 წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ ტროტუარზე შეკრების ამკრძალვევ კანონმდებლობაზე წარდგენილი საკონსტიტუციო სარჩელის წარმოებაში მიღებისას, არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებაზე განსხვავებული აზრი ოთხიდან მხოლოდ ერთ მოსამართლეს - გიორგი კვერენჩხილაძეს ეკუთვნის, რომელიც საუბრობს არამარტო მოსალოდნელ ზიანზე, არამედ მის გამოუსწორებელ ბუნებაზეც: “თუ პირს ადმინისტრაციული პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის საფრთხე განგრძობითად აიძულებს, უარი თქვას კონკრეტულ შეკრებაში მონაწილეობაზე ან საკუთარი პოზიციის საჯაროდ გამოხატვაზე, აღნიშნული შესაძლებლობა შემდგომ ვეღარ აღდგება.მოგვიანებით ჩატარებული შეკრება ან იმავე საკითხზე სხვა დროს გამოხატული პოზიცია ვერ ჩაანაცვლებს კონკრეტულ საზოგადოებრივ მოვლენაზე, სახელმწიფო გადაწყვეტილებასა თუ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე დროული რეაგირების შესაძლებლობას.”
ტროტუარზე პროტესტის კრიმინალიზების კონტექსტი და (არაკეთილსინდისიერი) მიზნები
ტროტუარზე შეკრების კრიმინალიზებას წინ უძღვოდა საკანონმდებლო ჩარჩოს მკვეთრი გაუარესება, რომელიც, თავის მხრივ, მოჰყვა 2024 წლის ნოემბრის შემდგომ დაწყებულ უწყვეტ ანტისახელისუფლებო პროტესტებს.
უფრო კონკრეტულად, 2024 წლის 13 დეკემბერს[3] მიღებული ცვლილებებით შეკრების ჩატარებასთან და ორგანიზებასთან დაკავშირებული არსებითად მაღალი ჯარიმები ამოქმედდა, კერძოდ, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის სხვადასხვა ნორმების დარღვევის გამო გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის ოდენობა 500 ლარიდან 5000 ლარამდე გაიზარდა. შეკრების მონაწილეებისთვის აიკრძალა ნიღბების და ლაზერების გამოყენება და დაწედა 2000 ლარის ოდენობის ჯარიმა ან 7 დღემდე პატიმრობა. 2024 წლის 6 თებერვალს მიღებული ცვლილებებით, სასამართლოს შესასვლელის ბლოკირებისთვის, შეკრების ან მანიფესტაციის მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში ჩატარებისთვის განსაზღვრული 15 დღემდე პატიმრობა შეიცვალა 5000 ლარის ოდენობის ჯარიმით ან 60 დღემდე პატიმრობით. ამავე ცვლილებებით პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური ჯარიმა 3000-დან 5000 ლარამდე, ხოლო პატიმრობა - 15-დან 60 დღემდე გაიზარდა. 2025 წლის 16 ოქტომბრის[4] საკანონმდებლო ცვლილებებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის სხვადასხვა ნორმების დარღვევისთვის ჯარიმების (გზის გადაკეტვისთვის და დროებითი კონსტრუქციის მოწყობისთვის - უკვე გაზრდილი 5000, ხოლო სახის დაფარვისთვის - 2000 ლარის ოდენობის) შეფარდების უფლებამოსილება მოსამართლეებს ჩამოერთვათ და უალტერნატივო სასჯელად 15 დღემდე პატიმრობა განისაზღვრა. ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში სსკ) 347-ე მუხლით ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯადი გახდა ერთხელ უკვე სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედებების ჩადენა, ისევე როგორც შსს-ის მიერ დაშლილ აქციაში მონაწილეობა. ანალოგიური პასუხისმგებლობა დაწესდა პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი განმეორებითი დაუმორჩილებლობის შემთხვევაშიც (სისხლის სამართლის კოდექსის 353³ მუხლი). 2025 წლის 2 ივლისს[5] ამოქმედებული ცვლილებებით კი აქციების კონტექსტში ყველაზე გავრცელებულ მუხლების - წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე მუხლი), პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის (ასკ-ის 173-ე მუხლი), თანამდებობის პირის შეურაცხყოფისა (ას-ის 17316-ე მუხლი) და შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევის (ასკ-ის 1741) ჩადენისთვის სახდელდადებული პირს, ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, ავტომატურად ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება. 2025 წლის 10 დეკემბერს, როდესაც გზის გადაკეტვასთან ერთად 15 დღემდე პატიმრობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯადი გახდა ე.წ. ტროტუარის გადაკეტვა (დოკუმენტში განხილული სასამართლო დადგენილებები სწორედ ამ სამართალდარღვევას ეხება), ამავე სანქციას დაექვემდებარა საფეხმავლო და სატრანსპორტო მოძრაობისთვის მოსალოდნელი შეფერხების შემთხვევაში შეკრების შეუტყობინებლობა და შსს-ს მიერ დაგეგმილი შეკრების დროის, ადგილის და სვლაგეზის შესახებ მიცემული სავალდებულო მითითებების შეუსრულებლობა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ათი წლის განმავლობაში, 2014 წლიდან 2024 წლამდე, ასკ-ის 1741-ე მუხლში საკანონმდებლო ცვლილება არ შესულა, 2024 წელს კი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტი პროევროპული აქციების ფონზე „ქართულმა ოცნებამ“ 10-ჯერ გაზარდა ჯარიმა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვისთვის. 2025 წლის დეკემბერში კი ტროტუარზე შეკრების კრიმინალიზება პროტესტში მონაწილე პირების წინააღმდეგ რეპრესიული პოლიტიკის ერთგვარი კულმინაცია იყო.
ცვლილებების შინაარსი, მიღების კონტექსტი და მასშტაბი, ისევე როგორც გამოყენების პრაქტიკა ცალსახა დასტურია იმისა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების რეალური მიზანი კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების დაშინება და პროტესტის ჩახშობაა.[6] ადგილზე გზის გახსნის ნაცვლად, შეკრების შემდგომ მისი მონაწილეების სახის ამოცნობის ტექნოლოგიის რუტინული გამოყენებით დასჯის პრაქტიკაც იმას ადასტურებს, რომ სახელმწიფო არა გადაადგილების შეფერხების აღმოფხვრით, არამედ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი, აქტიური მოქალაქეების მიზანმიმართული დასჯით არის დაინტერესებული.
სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზი
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე ყოველღიური მშვიდობიანი შეკრებები საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესის შეჩერების გადაწყვეტილების შემდეგ დაწყებული უწყვეტი პროევროპული და ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების გაგრძელებას წარმოადგენს. რადგან პროტესტი ეხება განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხს და მშვიდობიანია, ის შეკრების თავისუფლებით დაცვის განსაკუთრებით მაღალი ხარისხით სარგებლობს.
ტროტუარის “ხელოვნურად გადაკეტვის“ ბუნდოვანი დეფინიციის შეკრების თავისუფლების საზიანოდ განმარტება და პასუხისმგებლობის ინდივიდუალური ბრალის გარეშე შეფარდება
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741-ე მუხლით განსაზღვრული შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა მმართველობის დადგენილი წესის წინააღმდეგ ჩადენილ სამართალდარღვევებს მიეკუთვნება. აღნიშნული მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 და 111 მუხლების დარღვევიდან გამომდინარე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის მე-111/4 მუხლით ,,დაუშვებელია ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა”. როგორც აღინიშნა, პირველ ჯერზე საფეხმავლო და საგზაო მოძრაობის შეფერხებისთვის (აქციის შეუტყობინებლობისა და შსს-ს მითითების შეუსრულებლობის მსგავსად) ავტომატური 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული. სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების ჩადენა კი სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლით (შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევა) 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით არის დასჯადი.
კანონის მიხედვით, პასუხისმგებლობის საფუძველი უნდა იყოს ქვეითთა გადაადგილების ხელოვნური, თვითმიზნური შეფერხება და არა ის დროებითი დისკომფორტი, რომელიც მშვიდობიან შეკრებას ბუნებრივად ახლავს. თუმცა, „ხელოვნური შეფერხების“ კრიტერიუმი კანონში მხოლოდ ფორმალურად არსებობს და შეკრების თავისუფლების დაცვის მიზანს რეალურად არ ატარებს. ნორმა არ განსაზღვრავს ობიექტურ კრიტერიუმებს შეფერხების ინტენსივობის, ხანგრძლივობის, მასშტაბის, რეალური შედეგების ან სიმძიმის შესაფასებლად და არ ავლებს ზღვარს მშვიდობიანი შეკრებისათვის დამახასიათებელ ჩვეულებრივ დისკომფორტსა და ისეთ ქმედებას შორის, რომელიც ამართლებს პირის დაკავებასა და ადმინისტრაციულ პატიმრობას. ამასთან, საფეხმავლო მოძრაობის ბუნებიდან გამომდინარე, თეორიულადაც კი განუჭვრეტელია მისი ხელოვნურად შეფერხების შემთხვევები. შეკრებამ ფეხით მოსიარულეებს მხოლოდ მინიმალური დისკომფორტი შეიძლება შეუქმნას, რომელიც მარშრუტის ცვლილებას არც გულისხმობს, მხოლოდ ოდნავ შეიძლება ზრდიდდეს დანიშნულების ადგილამდე მისვლის დროს.
სასამართლო პრაქტიკაში საფეხმავლო მოძრაობის ბუნებრივ და ხელოვნურ შეფერხებას შორის თეორიული განსხვავებაც კი წაშლილია და სანქციის დაკისრება ავტომატურად მხოლოდ ტროტუარზე მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის ფაქტის საფუძველზე, ინდივიდუალური ბრალის დადგენის გარეშე ხდება. სასამართლოები არც კი აფასებენ, რამდენი ადამიანი მონაწილეობდა კონკრეტულ შეკრებაში, რა სივრცეს იკავებდნენ ისინი, რა მეთოდით მოხდა საფეხმავლო მოძრაობის შეფერხება ან როგორი იყო ადგილზე მყოფი პოლიციელების ქცევა (დასაბუთებულობის პრობლემაზე უფრო ვრცლად იხ. ქვემოთ). ამდენად, შეკრებაში მონაწილეობის კრიმინალიზება ერთგვაროვნად ხდება სხვადასხვა დღეს პროტესტის განსხვავებული გარემოებების მიუხედავად. ამ ფორმით, სასამართლო არათუ ასწორებს კანონის ბუნდოვანების პრობლემას, არამედ უარს ამბობს ისეთ შეფასებით კატეგორიებზე მსჯელობაზეც კი, როგორიცაა გადაკვეტვის ”ხელოვნურობა”, თვითმიზნურობა და ინდივიდუალური განზრახვა, იმის მიუხედავად, რომ ამ შეფასებების კომპეტენცია სწორედ რომ სასამართლო ხელისუფლებას ეკუთვნის.
კერძოდ, სასამართლოები[7] აღნიშნავენ:
,,ეროვნული საკანონმდებლო სტანდარტით ცალსახაა, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა განზრახ არ უნდა შექმნან იმგვარი დაბრკოლება (მოცემულ შემთხვევაში ხალხის სავალი ნაწილის სრული ან ნაწილობრივი გადაკეტვის სახით), რაც შეზღუდავს მოქალაქეთა თავისუფალ გადაადგილებას, დაარღვევს საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმალურ რიტმს და გასცდება შეკრებისა და მანიფესტაციების კანონით დადგენილ ფარგლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული ქმედება ექვემდებარება კანონით დადგენილ შესაბამის პასუხისმგებლობას”.
აღნიშნული განმარტება ცხადყოფს, რომ სასამართლო პასუხისმგებლობის საფუძვლად არა მხოლოდ კანონის მიერ მოთხოვნილ ხელოვნურ და თვითმიზნურ შეფერხებას, არამედ ტროტუარის სრულ ან ნაწილობრივ დაკავებასაც მიიჩნევს, თუ ეს, მისი შეფასებით, ზღუდავს ქვეითთა გადაადგილებას. ამგვარი თვითნებური ინტერპრეტაცია პრაქტიკულად გამორიცხავს ტროტუარზე ეფექტიანი საპროტესტო შეკრების შესაძლებლობას, რადგან ნებისმიერი მშვიდობიანი დემონსტრაცია გარდაუვლად იწვევს გადაადგილების გარკვეულ შეფერხებას. ამასთან, არც ერთ შესწავლილ საქმეში სასამართლო არ ადგენს, რა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებდა შეფერხების ხელოვნურ ხასიათს ან რატომ სცდებოდა იგი მშვიდობიანი შეკრებისთვის დამახასიათებელ გარდაუვალ დისკომფორტს. სასამართლოს ეს ცალსახად არაგონივრული, შეკრების თავისუფლებასთან შეუსაბამო განმარტება, სამართალდამცავ ორგანოებს იმდენად ფართო დისკრეციას ანიჭებს, რომ შესაძლებელი ხდება მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში სხვა დემონსტრანტებთან ერთად ტროტუარზე დგომის სამართალდარღვევად შეფასება. შედეგად, ფაქტობრივად აკრძალულია საპროტესტო აქციაში ჩვეულებრივი მონაწილეობა იმ მოტივით, რომ ნებისმიერი პროტესტი გარდაუვლად იწვევს ქვეითთა გადაადგილების მინიმალურ შეფერხებას.
აღნიშნული თვითნებური განმარტება კიდევ უფრო საგანგაშოა იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, ქმედების განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლით ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთის საფუძველი შეიძლება გახდეს. შესაბამისად, ბუნდოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ნორმა პრაქტიკაში სასამართლოს თვითნებური განმარტებით სისხლისსამართლებრივი დასჯის ავტომატურ საფუძვლად იქცევა. ასეთ პირობებში პირს არ შეუძლია წინასწარ განსაზღვროს, რა ქმედება ჩაითვლება „ქვეითთა გადაადგილების ხელოვნურ შეფერხებად“ და შეკრებაში მონაწილეობის შემთხვევაში, როდის აღმოჩნდება განმეორებითი პასუხისმგებლობისა და თავისუფლების აღკვეთის რეალური საფრთხის წინაშე, შესაბამისად, ექვემდებარება დასჯას განჭვრეტადი კანონისა და განმარტებების გარეშე, რაც შეკრების თავისუფლების გარდა, სამართლის უზენაესობის მინიმალური სტანდარტსაც არღვევს (იხ. ქვემოთ). ამ დროს, კიდევ უფრო მკვეთრია „მსუსხავი ეფექტი“, რომელიც შემთხვევითი არ არის და ის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების კოორდინირებული, მიზანმიმართული მოქმედების შედეგია.
მტკიცებულებათა ფორმალური ერთობლიობა
დადგენილებების ანალიზი აჩვენებს, რომ სასამართლოები გადაწყვეტილების მიღებისას ეყრდნობიან მხოლოდ ერთი მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს-აქციაზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერებს, პირის იდენტიფიცირებისა და სამართალდარღვევის ოქმს და შსს-ს წარმომადგენლის ახსნა-განმარტებას. შსს-ს ტექნიკური დოკუმენტაცია არათუ არ აკმაყოფილებს დამაჯერებლობისა და უტყუარობის სტანდარტს ან/და ქმნის მტკიცებულებით ერთობლიობას პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის, არამედ ეს დოკუმენტები საერთოდ არ შეიძლება განხილულ იქნას რეალური მტკიცებულებითი ღირებულების მქონედ.
ტროტუარზე დგომის ამსახველი ვიდეო მტკიცებულებები და სახის ამომცნობი ტექნოლოგიის რუტინული გამოყენება
როგორც ტროტუარის ,,გადაკეტვის” ადმინისტრაციულმა საქმეებმა აჩვენა, მოქალაქეების სისტემური დასჯის პოლიტიკას შსს ახორციელებს აქციის დასრულების შემდეგ სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამოყენებით მონაწილე პირების იდენტიფიცირების საფუძველზე. კერძოდ, შსს CCTV ჩანაწერებიდან ამოღებულ ფოტოკადრებში დაფიქსირებულ სახის გამოსახულებას სავარაუდო სამართალდამრღვევის ვინაობის იდენტიფიცირების მიზნით ალგორითმული ანალიზის „სპეციალური ელექტრონული პროგრამის“ გამოყენებით ამუშავებს.
უშუალოდ ვიდეომტკიცებულებების შეფასების პრაქტიკის განხილვამდე, უნდა აღინიშნოს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეკრების თავისუფლების შეზღუდვის განსხვავებული ბუნება, რომელიც პრობლემურია პირადი ცხოვრების დაცვის უფლებიდან გამომდინარეც, თუმცა, ასევე არ იმსახურებს საერთო სასამართლოების ყურადღებას მოქალაქეებზე პასუხისმგებლობის დაკისრებისას. სახის ამომცნობი ტექნოლოგია[8] ამუშავებს სახის მახასიათებლების ბიომეტრიული მონაცემებს,[9] ისევე როგორც პოლიტიკური შეხედულებების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც სენსიტიურობის გათვალისწინებით ექცევიან განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა სიაში. როგორც გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტი სახის ამომცნობი ტექნოლოგიის შეკრების დროს გამოყენების კონტექსტში აღნიშნავს, მხოლოდ ის ფაქტი, რომ კონკრეტული შეკრება საჯაროდ ტარდება, არ ნიშნავს, რომ მონაწილეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ვერ დაირღვევა,[10] ხოლო პირის მიერ სახის დაფარვით ანონიმურობის დაცვა არ უნდა შეიზღუდოს, თუ მისი კონკრეტული ქცევა დამოუკიდებლად არ ქმნის ამის საფუძველს. [11]
შესაბამისად, შსს და სასამართლოები პირის სამართალდამრღვევად ცნობისას, მთავარი მტკიცებულების სახით ეყრდნობიან ვიდეოჩანაწერებს და იდენტიფიკაციის ოქმებს, რომლებიც შედგენილია შეკრების მონაწილის განსაკუთრებული კატეგორიისა და ბიომეტრიული მონაცემების უკანონო დამუშავების შედეგად. სასამართლო კი პირს სამართალდამრღვევად ისე ცნობს, რომ საერთოდ არ მსჯელობს მის პრეტენზიაზე, რომელიც უკანონოდ მოპოვებული ბიომეტრიული მტკიცებულებების გამოყენებას შეეხება. ამასთან, სასამართლო არ ინტერესდება შსს-ს მიერ წარდგენილ ვიდეომასალაში ასახული რაიმე ქმედებით, შეკრების მონაწილეების ტროტუარზე დგომის ფაქტის გარდა და პატიმრობას უფარდებს პირებს, რომელთა ქმედება არანაირ კონკრეტულ და რეალურ საფრთხეს არ უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს/უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, ქვეითების თავისუფალ გადაადგილებას ტროტუარზე.
შსს-ს პოზიციის დამაჯერებლობის პრეზუმცია გამამართლებელი მტკიცებულების/არგუმენტაციის განხილვის გარეშე
როგორც გზის, ისე ტროტუარის გადაკეტვის საქმეებში სასამართლოები გადაწყვეტილებებს იღებენ მხოლოდ ტექნიკური ხასიათის წერილობითი დოკუმენტების საფუძველზე, მათი გამოკვლევის გარეშე, რაც ეჭვს ქვეშ აყენებს ზოგადად ასეთი დოკუმენტების მტკიცებულებით ღირებულებას და ეწინააღმდეგება საქმის სრულყოფილი და სამართლიანი განხილვის მოთხოვნებს.
სასამართლოები არ აკმაყოფილებენ დაცვის მხარის შუამდგომლობებს და სასამართლო სხდომებზე მოწმედ არ კითხავენ შეკრების ადგილზე მყოფ პოლიციელებს, რომლებსაც რეალური გარემოებების აღწერა შეუძლიათ, და ვიდეოკამერების ჩანაწერების საფუძველზე ოქმების შემდგენელ შსს-ს თანამშრომლებს. შედეგად, პასუხისგებაში მიცემულ პირებს ფაქტობრივად ერთმევათ შესაძლებლობა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ ტექნიკურ დოკუმენტებში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები. ამგვარი სისტემური პრაქტიკა დასაბუთებულ კითხვებს აჩენს ზოგადად სასამართლოს მიუკერძოებლობის, და ობიექტურობის კუთხითაც.
სასამართლოები მტკიცებულებების დამაჯერებლობისა და სანდოობის პრობლემებს კრიტიკულად არ აფასებენ მაშინაც კი, როდესაც ერთი და იმავე ორგანოს და დავის მხარის - შსს-ს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის და იდენტიფიცირების ოქმებს და სხვა ტექნიკურ დოკუმენტაციას ტროტუარზე დგომის ამსახველ ვიდეოჩანაწერებთან ერთად მტკიცებულებების ერთობლიობად აფასებს. როგორც ავღნიშნეთ, შსს-ს ტექნიკური დოკუმენტაცია არათუ არ ქმნის მტკიცებულებათ ერთობლიობას და დამაჯერებელ და უტყუარ სტანდარტს პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის, არამედ ეს დოკუმენტები საერთოდ არ შეიძლება განხილულ იქნეს მტკიცებულებითი ღირებულების მქონედ. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის ანგარიშებში სისტემატიურად აღწერილ მსგავს პრაქტიკებთან[12] მიმართებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადგინა სტანდარტი, რომლის თანახმად მტკიცებულებათა ერთობლიობად არ უნდა განიხილებოდეს ერთი და იმავე წყაროდან/მტკიცებულებიდან ნაწარმოები, ტექნიკურად სხვადასხვაგვარად გაფორმებული დოკუმენტები.[13]
სასამართლოები დაცვის მხარის პოზიციის განუხილველად იზიარებენ შსს-ს წარმომადგენლების ძირითად არგუმენტაციას შეკრების თავისუფლების ვიწრო შინაარსზე, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული თავისუფლების ფარგლებს გარეთ ექცევა ნებისმიერი შეკრება, რომელიც თუნდაც დროებით დისკომფორტს იწვევს. ამ განმარტებას საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები იზიარებენ გადაწყვეტილებაში დაცვის მხარის პოზიციის და გამამართლებელი მტკიცებულებების გაუთვალისწინებლად, მათ შორის, იმის შესახებ, რომ ინდივიდუალური ბრალეული ქმედება არ დგინდება და ადგილზე მყოფ პოლიციელებს შეკრების მონაწილეებისთვის შეკრების კანონიერებაზე ან/და მოსალოდნელ პასუხისმგებლობაზე რაიმე ინსტრუქცია/მითითება არ გაუციათ. მეტიც, ფაქტობრივი გარემოებების აღწერისას, ისევე როგორც გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში დასაბუთებისას, საერთო სასამართლოები ფორმალურადაც არ აფასებენ დაცვის მხარის მტკიცებულებებს ან/და მსჯელობენ რატომ არ იქნა ისინი დამაჯერებლად მიჩნეული.
ამდენად, სასამართლოები ხელმძღვანელობენ დავის მხარის - შსს-ს პოზიცის დამაჯერებლობის პრეზუმციით იმ ფონზე, რომ ფორმალურადაც არ მსჯელობენ დაცვის მხარის მტკიცებულებებსა და ახნსა-განმარტებებზე.
სამოტივაციო ნაწილის დაუსაბუთებლობა/შაბლონურობა
დადგენილებების ანალიზი აშკარად აჩვენებს, რომ ათობით საქმეში სასამართლო იდენტური ფორმით იმეორებს მთელს სამოტივაციო ნაწილს და ძირითად შემთხვევებში, მხოლოდ პასუხისგებაში მიცემული პირის პირად მონაცემებს ცვლის. უმეტესად სამოტივაციო ნაწილის არცერთი აბზაცი ეხება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებსა და მის საფუძველზე განვითარებულ მსჯელობას. სწორედ ეს ქმნის სხვადასხვა საქმეში ერთი დასაბუთების უცვლელად გამოყენების შესაძლებლობას. ამგვარი დაუსაბუთებლობა კიდევ უფრო საგანგაშოა იმ ფონზე, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებებით შეკრების და გადაადგილების თავისუფლებებს შორის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი იერარქიის შემობრუნება ხდება (იხ. ქვემოთ).
როგორც ავღნიშნეთ, შაბლონური მსჯელობით სასამართლოები განუხილველად ტოვებენ, არსებობდა თუ არა რეალური და არა ჰიპოთეტური შეფერხება, რა მეთოდით შეიქმნა ის, იყო თუ არა ის ხელოვნური, რამდენად მოითხოვდა შეკრების მონაწილეთა რაოდენობა ტროტუარის ან გზის ნაწილის დაკავებას და გადააჭარბა თუ არა შეკრებამ იმ დისკომფორტის ზღვარს, რომელიც მშვიდობიან შეკრებას ბუნებრივად ახლავს. სასამართლოები თავის გადაწყვეტილებაში ჩარევის ლეგიტიმურ მიზნებად მხოლოდ აბსტრაქტული და შაბლონური ფორმულირებით უთითებენ საზოგადოებრივი წესრიგის, აგრეთვე სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე. თუმცა, არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებში არ არის მითითებული მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების ინდივიდუალური ქცევიდან გამომდინარე რაიმე კონკრეტულ საფრთხეზე, რომელიც ასეთ ჩარევას გაამართლებდა.
სასამართლოების შეფასებით, ,,საპროტესტო აქციის მონაწილეთა მცირე რაოდენობა მიზანმიმართულად განლაგებულნი არიან ხალხის სავალ ნაწილზე და ქმნიან დაბრკოლებას ქვეითად მოსიარულეთათვის. აღნიშნულის გამო მოქალაქეებს უწევთ ტრუტუარისთვის გვერდის ავლა და ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ე.წ. ბასლაინზე გადაადგილება, რაც რეალურ საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და რაც წარმოადგენს მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილებისათვის დაბრკოლების განზრახ შექმნის კლასიკურ შემთხვევას. ხოლო ის ნარატივი, რომ ზოგიერთმა ქვეითმა შეფერხებით შეძლო თავად აქციის მონაწილეთა შორის გავლა, ეს საერთო სურათს ვერ შეცვლის, ვინაიდან კანონის თანახმად, როგორც სრული, ისე ნაწილობრივ დაბრკოლების შექმნა ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ნაწილზე ქმედების კონკრეტული მუხლით კვალიფიკაციისთვის სავსებით საკმარისია. სასამართლოს შეფასებით, საპროტესტო აქციის ჩატარების დროს დაბრკოლების შექმნის ბუნებიდან გამომდინარე, აღნიშნული წარმოიქმნება ჯგუფური მოქმედებით - ადამიანთა ერთობლივად შეკრებით ან ქმედებით, ამდენად, ხსენებულთან მიმართებით საფუძველს მოკლებულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის არგუმენტი, რომ ვინაიდან უშუალოდ მის მიერ ინდივიდუალურად არავინ დაბრკოლებულა, შესაბამისად, სამართალდარღვევას ადგილი არ აქვს.” სასამართლო განმარტავს, ,,მიუხედავად იმ გარემოებისა რომ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი შესაძლოა საპროტესტო აქციის მონაწილეთა გავლით შეფერხებით გადაადგილდებოდა, აღნიშნული არ ცვლის არსებულ ვითარებას, რადგან მითითებულ ტერიტორიაზე არაერთი მოქალაქე გადავიდა საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე და ამ გზით განაგრძო მოძრაობა, შესაბამისად აღნიშნული ქმნის სადავო სამართალდარღვევის შემადგენლობას“. [14]
ეროვნული სასამართლოები ტროტუარზე დგომის საფუძვლით სამართალდარღვევის დადგენისას არარელევანტურად მიიჩნევენ ადგილზე მყოფი პოლიციელების ქცევას, მათ შორის, იმ გარემოებას, რომ პოლიცია არ მიუთითებს ტროტუარის გათავისუფლების აუცილებლობაზე ან შესაძლო პასუხისმგებლობაზე. შესაბამისად, სასამართლოები გადაწყვეტილებებს აფუძნებენ მხოლოდ აბსტრაქტულ მსჯელობას, თითქოს შეკრება ყოველდღიური ცხოვრების შეფერხებას იწვევს პირის მოქმედებით გამოწვეულ რაიმე კონკრეტულ ზიანზე მითითების გარეშე.
სასამართლოები ამ მსჯელობას ავითარებენ იმის მიუხედავად, რომ ვიდეოჩანაწერებში ქვეითები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ როგორც საპროტესტო სივრცეში, ისე მის გარშემო. ზოგიერთმა ალტერნატიული მარშრუტი საკუთარი არჩევანით გამოიყენა, სხვები კი დემონსტრანტებს შორის ყოველგვარი სირთულის გარეშე მოძრაობდნენ. შსს-ს არც ერთ საქმეში არ დაუსახელებია კონკრეტული პირი, რომლის გადაადგილებაც რეალურად შეფერხდა. მიუხედავად ამისა, სასამართლოები გადაწყვეტილებებს არა რეალურ ფაქტებზე, არამედ აბსტრაქტულ ვარაუდზე აფუძნებენ, თითქოს შეკრება ყოველდღიური ცხოვრების შეფერხების საფრთხეს ქმნის. შედეგად, პასუხისმგებლობის რეალური საფუძველი არა ქვეითთა გადაადგილების ხელოვნური შეფერხება, არამედ მშვიდობიან საპროტესტო შეკრებაში მონაწილეობა ხდება.
შსს-ს მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტების დამაჯერებლობის (იხ. ზემოთ) და შეკრების თავისუფლების საზიანო კანონის განმარტების პრეზუმციების (იხ. ზემოთ) ფონზე, არც არის გასაკვირი, რომ სასამართლო ფუნაცია ”ნოტარიული” გახდა და გადაწყვეტილებებში მხოლოდ პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შეცვლით შემოიფარგლა.
მოსამართლეები გადაწყვეტილების დასაბუთებისას ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებზე დართული განმარტებითი ბარათის არგუმენტაციაზე უთითებენ:
,,ნიშანდობლივია 2025 წლის 12 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებების განმარტებით ბარათში აღნიშნული კანონპროექტის მიზანი, რომ შეკრებებისა და გამოხატვის მიზანია შეკრებების ან მანიფესტაციების ჩატარების დროს ეფექტიანად იქნეს უზრუნველყოფილი სამართლიანი ბალანსის დაცვა, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გათვალისწინებულ შეკრების თავისუფლებას და მეორე მხრივ, ადამიანის სხვა კონსტიტუციურ უფლებებს შორის, რამდენადაც კანონმდებელმა მიიჩნია, რომ საქართველოს წინანდელი კანონმდებლობა შეკრების და მანიფესტაციის დროს, რიგ შემთხვევაში სხვა ადამიანების უფლებებისა და თავისუფლებების არასამართლიანი შეზღუდვის ხარჯზე შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებისთვის უპირობო უპირატესობის მინიჭებას ითვალისწინებდა, რასაც აღნიშნული სხვა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა შეეძლო გამოწევია.”[15]
განმარტებითი ბარათის ეს ფორმულირება, ისევე როგორც სასამართლოს დაყრდნობა მასზე, ანტიკონსტიტუციურია, რადგან კონსტიტუციური უმრავლესობის გარეშე გადაადგილების თავისუფლების სასარგებლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დადგენილი იერარქიის შემობრუნებას (იხ. ქვემოთ) გულისხმობს. თუმცა, თავად ”სამართლიანი ბალანსის” აღდგენაზე მითითებაც თვალთმაქცურია, როგორც ამას შემზღუდველი კანონმდებლობის მიღებისას ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების („უცხო ძალების მიერ კარგად გაწვრთნილი აგენტურული ბირთვის“) წინააღმდეგ ბრძოლის ინტერესზე „ქართული ოცნების” საჯარო განცხადებები აჩვენებს.[16]
არა „სამართლიანი ბალანსის“ აღდგენაში, არამედ საჯარო პროტესტის ჩახშობის მიზანში თანამონაწილეობას ავლენს სასამართლო, როდესაც რადიკალურად ცვლის მიდგომას ტროტუარზე პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობასთან მიმართებით შემზღუდველი კანონმდებლობის მორიგი ტალღის კვალდაკვალ. 2025 წლის დეკემბრის ცვლილებებამდე, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის საქმეებში სასამართლოები სწორედ იმით ასაბუთებდნენ პასუხისმგებლობას, რომ პროტესტის გამოხატვა ტროტუარიდანაც შესაძლებელი იყო. სასამართლოების ამჟამინდელი მიდგომა, ავტომატურად სამართალდარღვევად ცნონ ტროტუარზე დგომის ფაქტი, წინააღმდეგობაშია მათივე ადრინდელ პრაქტიკასთან. ამგვარად, ურთიერთსაწინააღმდეგო მიდგომებით პრაქტიკულად გაუქმდა პროტესტის საჯაროდ გამოხატვის ორივე სივრცე - ჯერ გზა, შემდეგ კი ტროტუარი, რაც რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებებით შეკრების ჩახშობაში სასამართლო ხელისუფლების უპრინციპო თანამონაწილეობას ცხადყოფს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 8 ივლისის დადგენილებით, შეკრების მონაწილეს 30 000 (6 სხვადასხვა ეპიზოდი) ლარიანი ჯარიმა დააკისრა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვისთვის და საქმეში გზის ხელოვნურად ბლოკირების ელემენტი მხოლოდ იმის დაასაბუთა, რომ „პასუხისგებაში მიცემული პირის გზის სავალ ნაწილზე ყოფნის დროს პროტესტის გამოხატვა შესაძლებელი იყო ტროტუარზეც. დადგენილებაში აღნიშნულია: ,,საგულისხმოა, რომ გზის გადაკეტვის დასრულებების შემდეგ ექვსივე ეპიზოდთან მიმართებით ნათლად ჩანს ის გარემოება, რომ ფეხით მავალთა გზის ორივე მხარე პრაქტიკულად თავისუფალია, ანუ აქციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვდა ტრანსპორტის გზის სავალი ნაწილის დაკავებასაც”.[17]
ამავე მიზეზით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 3 ნოემბრის დადგენილებით, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის საფუძვლით პატიმრობა შეუფერდა შეკრების მონაწილეს სადაც მოსამართლემ განმარტა: ,,სამართლოს მიაჩნია, რომ მ.ჩ საპროტესტო აქციაზე მონაწილეობას იღებდა ნიღბით და მოცემულ შემთხვევაში, ტროტუარზე არსებული სივრცისა და აქციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით არ არსებობდა გზის სავალი ნაწლის გადაკეტვის აუცილებლობა“.[18] ამავე სასამართლოს 2026 წლის 23 იანვრის დადგენილებაში[19] კი ვკითხულობთ:
სქრინი 1

უკიდურესად მკაცრი სასჯელის დაუსაბუთებელი გამოყენება
ადმინისტრაციული საქმეების განმხილველი სასამართლოები საერთოდ არ ახდენენ პროპორციულობის ინდივიდუალურ შეფასებას. კერძოდ, არ მსჯელობენ, რატომ გახდა კონკრეტული ქმედებისთვის სასჯელის არჩევის სასამართლო დისკრეციის გაუქმება ან/და არაძალადობრივი ქმედებით ფეხით მოსიარულეებისთვის მინიმალური დისკომფორტის შექმნის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრი ფორმით - ადმინისტრაციული პატიმრობით - დასჯა აუცილებელი. როგორც კანონის ბუნდოვანებასთან მიმართებით, აქაც სასამართლო სასჯელის უკიდურესი არაპროპორციულობის პრობლემის მოგვარებას არ ცდილობს, მაგალითად, ასკ-ის 22 მუხლის საფუძველზე სიტყვიერი შენიშვნის გამოყენებით. სასამართლოები არც კი განმარტავენ, სასჯელის დადგენისთვის რელევანტური რომელი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნიეს დადგენილად, რატომ ჩათვალეს ადმინისტრაციული პატიმრობა აუცილებელ და პროპორციულ ღონისძიებად, ან რა კრიტერიუმებით განსაზღვრეს პატიმრობის კონკრეტული ვადა.
ადმინისტრაციული პატიმრობის სახით თავისუფლების შეზღუდვა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებში ჩარევის განსაკუთრებით ინტენსიური ფორმაა, რის გამოც კანონმდებლობა პირდაპირ მიუთითებს, რომ ის უკიდურეს ღონისძიებას უნდა წარმოადგენდეს და შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან, ამ სახდელის დაკისრებას თან უნდა ახლდეს შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული არგუმენტაცია, მისი აუცილებლობისა და მიზანშეწონილობის თაობაზე. თუმცა, დადგენილებების ანალიზი აჩვენებს, რომ სასამართლო სახდელის ყველაზე მკაცრ ზომას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იყენებს.
სასამართლოები დადგენილებებში მხოლოდ ფორმალურად უთითებენ იმ გარემოებებზე, რომლებიც სახდელის შეფარდებისას უნდა შეფასდეს - სამართალდამრღვევის პიროვნება, სამართალდარღვევის ხასიათი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, თუმცა ეს მითითებები, დასაბუთების სხვა ნაწილების მსგავსად შაბლონურია და მხოლოდ კანონის ნორმის მექანიკურ გამეორებას წარმოადგენს.
კრიმინალიზება პროცესუალური გარანტიების გარეშე
სიხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფრთხის წინაშე მყოფი პირების უფლებრივ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სათანადო პროცესუალური გარანტიების ზოგადი არარსებობა იმის მიუხედავად, რომ მასში გათვალისწინებული სანქციები, განსაკუთრებით კი თავისუფლების აღკვეთა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის სიმძიმეს აღწევს.[20] ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს არ გააჩნია ის პროცესუალური გარანტიები, რომლებიც სისხლის სამართლის პროცესში ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლების აუცილებელ ელემენტებს წარმოადგენს. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ადგენს უდანაშაულობის პრეზუმფციას, არ მოითხოვს სამართალდარღვევის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებას და არ უზრუნველყოფს მტკიცების ტვირთის სახელმწიფოზე სრულად დაკისრებას. ამასთან, სამართალდარღვევის განხილვის პროცედურა გამარტივებული და შეკვეცილია, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს პირის შესაძლებლობას, ეფექტიანად დაიცვას თავი, მოითხოვოს მტკიცებულებების სრულყოფილი გამოკვლევა, დაკითხოს მოწმეები ან ეფექტიანად გაასაჩივროს მიღებული გადაწყვეტილება.
2025 წლის თებერვლის საკანონმდებლო ცვლილებებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატა საქმის განხილვისა და მტკიცებულებების შეფასების რამდენიმე წესი. კერძოდ, განისაზღვრა, რომ სასამართლოს დადგენილება უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, ხოლო არცერთ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ გააჩნია. თუმცა, ეს ცვლილებები მხოლოდ დეკლარაციულ ხასიათს ატარებს და მათ საქმის განხილვის ხარისხზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია. გამკაცრებული სანქციების მიუხედავად, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირები კვლავ ეფექტიანი პროცედურული გარანტიების გარეშე რჩებიან.
ამგვარად, კანონმდებლობა ქმნის პარადოქსულ ვითარებას, როდესაც პირი ტროტუარზე დგომის გამო ექვემდებარება უპირობო პატიმრობას და შემდგომში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის რეალურ საფრთხეს, თუმცა ამავე დროს მოკლებულია ფუნდამენტურ საპროცესო გარანტიებს.
საქართველოს საკონსტიტუციო და ევროპული სასამართლოების პრაქტიკის მანიპულაციური ციტირება
სასამართლო პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან ციტატები ფორმალურად და მანიპულაციურად - კონტექსტიდან ამოგლეჯილად და შერჩევითად არის მითითებული.
ერთი მხრივ, სასამართლოები ციტირებენ ევროპული სასამართლოს ზოგად, საბაზისო განმარტებებს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების შესახებ, თუმცა ეს ციტატები განსახილველი საქმის კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შეფასებაზე რეალურ გავლენას არ ახდენს. მეორე მხრივ, სასამართლოები ეყრდნობიან გადაწყვეტილებების ისეთ ცალკეულ ფრაგმენტებს, რომლებიც განსახილველი საქმეების ფაქტობრივი გარემოებებისგან არსებითად განსხვავდება ან კონტექსტიდან ამოგლეჯილად არის გამოყენებული, გადაწყვეტილების საერთო მსჯელობისა და დასკვნების უგულებელყოფით.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის ასეთი გამოყენება ემსახურება არა კონვენციის სტანდარტების კეთილსინდისიერ ინტერპრეტაციასა, რომლებიც ეჭვს არ ტოვებენ ტროტუარზე, ისევე როგორც გზაზე შეკრების ბლანკეტური შეზღუდვის დაუშვებლობაზე (იხ. ქვემოთ), არამედ სათანადო დასაბუთების იმიტაციას.
მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებებში,[21] რომლითაც აქციის მონაწილეს ტროტუარზე დგომის გამო პატიმრობა შეეფარდა, გამოყენებულია განმარტება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან საქმეზე ბალჩიკი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ[22]. დადგენილებაში ციტირებული განმარტება შეეხება შეკრების უფლების ფარგლებს. მასში აღნიშნულია, რომ: ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების მიერ ყოველდღიური ცხოვრების რითმის განზრახ სერიოზული დარღვევა და სხვათა კანონიერ საქმიანობაში განზრახ სერიოზული ხელშეშლა, როცა ასეთი დარღვევა და ხელშეშლა მნიშვნელოვნად აჭარბებს იმ მასშტაბს, რასაც შეკრების თავისუფლებით დასაშვები ფარგლებით სარგებლობა გამოიწვევდა, სამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით „გასაკიცხ ქმედებად“ უნდა შეფასდეს. ასეთი ქმედებების ჩადენის შემთხვევში შესაძლოა გამართლებული იყოს სანქციის, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი ბუნების მქონე სანქციის დაწესება. ამასთან, მათ ვინც აორგანიზებენ და მონაწილეობენ საპროტესტო აქციებში, როგორც დემოკრატიულ პროცესებში მოქმედმა პირებმა პატივი უნდა სცენ პროცესის მარეგულირებელ წესებს, მოქმედი რეგულაციების შესრულებით. (იხ. Balçık and Others v. Turkey, no. 25/02, § 49, 29 ნოემბერი 2007)“.
თუმცა სასამართლო მთლიანად უგულებელყოფს ამავე გადაწყვეტილების ძირითად სამართლებრივ დასკვნას, რომლის თანახმად სახელმწიფომ არა მარტო უნდა დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება, არამედ თავი უნდა შეიკავოს ამ უფლების არაგონივრული, თვითნებური შეზღუდვისგან. ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლომ აღნიშნა, რომ როდესაც დემონსტრანტები არ მიმართავენ ძალადობას, სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა გამოიჩინონ შემწყნარებლობა/თმენა მშვიდობიანი მანიფესტანტების მიმართ იმისათვის, რომ კონვენციის მე-11 მუხლით გარანტირებულმა უფლებამ მშვიდობიან შეკრებაზე თავისი შინაარსი არ დაკარგოს.[23]
შეკრებისთვის ბუნებრივად დამახასიათებელი შეფერხების თმენის სწორედ ამ ვალდებულების უგულებელყოფა ხდება ეროვნულ სასამართლო პრაქტიკაში, რომელიც ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების მხოლოდ იმ ფრაგმენტებს ეხება, რომლებიც შეზღუდვის ლეგიტიმაციისთვის არის ხელსაყრელი. შესაბამისად, ევროპული სასამართლოს პრეცედენტები გადაწყვეტილებებში გამოიყენება არა მათი რეალური შინაარსის გადმოსაცემად, არამედ შერჩევითად, რაც სასამართლო დასაბუთების ფორმალურობის კიდევ ერთი ნიშანია.
ეროვნული სასამართლოები მანიპულაციურად ციტირებენ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სახდელის გამოყენების გასამართლებლადაც.
სქრინი 2
მანიპულაციურად იყენებენ სასამართლოები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასაც.[24] დადგენილებებში არაერთხელ არის ციტირებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 14 ნოემბრის №2/6/1511 გადაწყვეტილება საქმეზე ბონდო თედორაძე, ანზორ გუბაევი და ხათუნა ბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, როგორც შეკრების თავისუფლებაში ჩარევის ლეგიტიმურობის დამადასტურებელი საფუძველი. კერძოდ, სასამართლოები ციტირებენ: ,,მანიფესტაციის მონაწილეებს უნდა მიეცეთ მაქსიმალური შესაძლებლობა, შეიკრიბონ მათთვის ხელსაყრელ ადგილას და მათ მიერ არჩეული ფორმით ეფექტიანად გამოხატონ პროტესტი პოლიტიკოსების მიმართ. თუმცა ცხადია, რომ საზოგადოებას ვერ დაეკისრება შეკრების უფლებით დასაცავი სიკეთეების ხარჯზე საკუთარი უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვის უსასრულო თმენის ვალდებულება.”
სინამდვილეში როგორ ეწინააღმდეგება ტროტუარზე შეკრების შეზღუდვა და სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა საქართველოს კონსტიტუციასა და ევროპულ კონვენციას
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს კონკრეტულად ტროტუარზე შეკრების შეზღუდვის შესახებ საქმე არ განუხილავს, რადგან ასეთი ბლანკეტური საკანონმდებლო შეზღუდვა საქართველოში და ევროსაბჭოს რომელიმე ქვეყანაში აქამდე არ არსებულა. მეტიც, როგორც ზემოთ ვაჩვენეთ, საერთო სასამართლოები, პირიქით, გზაზე პროტესტის დასჯისას, საჯარო პროტესტის ტროტუარზე გამოხატვისკენ მოუწოდებდნენ პირებს.
თუმცა, გზის გადაკეტვის კონტექსტში ორივე სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები მკაფიოდ გამორიხავს საფეხმავლო მოძრაობის შეფერხების საბაბით ტროტუარზე შეკრების შეზღუდვას. ორივე სასამართლო გარკვეულ შეფერხებას შეკრების თავისუფლებით სარგებლობის თანმდევ შედეგად მიიჩნევს და ამ საბაბით, უფლების შეზღუდვას დაუშვებლად მიიჩნევს. ეს სტანდარტი კიდევ უფრო მკაცრია ისეთი საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროტესტის დროს, რომელიც ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას ეხება.[25]
ამაზე ყველაზე მკაფიოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ის განმარტება მიუთითებს, რომელიც გადაადგილებისა (მათ შორის სასწრაფო და სახანძრო მანქანების გადაადგილების კონტექსტში[26]) და შეკრების თავისუფლებას შორის მყარ იერარქიას აწესებს თუ ამ უკანასკნელით სარგებლობა “სხვათა უფლებების შეზღუდვის გარეშე შეუძლებელია, როდესაც გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა ობიექტურ აუცილებლობას წარმოადგენს”.[27] სასამართლო ასაბუთებს ამ სტანდარტის ლოგიკასაც, კერძოდ, თუ შეკრების დროისა და ადგილის შეცვლით შეიძლება მან სრულად დაკარგოს მნიშვნელობა, მოძრაობის შეფერხება მხოლოდ გარკვეული დროით ხდება ‘შეკრების დასრულებამდე ან ვიდრე სახელმწიფო არ დაარეგულირებს ალტერნატიული სავალი გზის და მასთან დაკავშირებულ გადაუდებელ საკითხებს’’.[28] ეს სტანდარტი თავისთავად გულისხმობს, რომ საფეხმავლო მოძრაობისთვის შეკრებით შექმნილი უმნიშვნელო დისკომფორტი, რომელიც მარშრუტის შეცვლას არც საჭიროებს, შეკრების თავისუფლების საპირწონე მნიშვნელობას ვერ დაიმსახურებს.
შეკრების ადგილის შერჩევის მნიშვნელობაზე საუბრისას, სასამართლო მოძრაობით ნაკლებად დატვირთულ ადგილებში შეკრების გამართვასაც არ მიიჩნევს შეკრების ორგანიზატორებისთვის შეთავაზებულ ადეკვატურ ალტერნატივად. სასამართლოს სიტყვებით “მონაწილეთათვის არასასურველ ადგილას ან არასასურველ დროს შეკრების/მანიფესტაციის ჩატარებამ შეიძლება […] საერთოდ აზრი დაუკარგოს მის ჩატარებას.”[29] სასამართლო შეკრების თავისუფლებით დაცულ სფეროში აქცევს შეკრების მონაწილეების მცდელობას “მიიპყრონ რაც შეიძლება მეტი ადამიანის ყურადღება”, რისთვისაც ირჩევენ ხალხმრავალ ადგილებს, ქალაქის მთავარ ქუჩებსა თუ მოედნებს, კონკრეტული ორგანოებისა თუ დაწესებულებების ახლომდებარე ტერიტორიებს.[30]
მეტიც, საკონსტიტუციო სასამართლო არაპროპორციულ შეზღუდვად მიიჩნევს შეკრების შეწყვეტის მოთხოვნას მაშინაც, თუ შეკრების მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა აუცილებელი არ არის და ნაცვლად ამისა, ევროპული სასამართლოს მსგავსად (იხ. ქვემოთ), ემხრობა ადგილზე მყოფი სამართალდამცავების მიერ შეკრების კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.[31]
ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც დაუშვებლად მიიჩნევს საჯარო პროტესტისთვის დამახასიათებელი შეფერხების საბაბით შეკრების თავისუფლების შეზღუდვას.[32] მეტიც, თვითმიზნური შეფერხების შემთხვევაშიც უფლების შეზღუდვას მხოლოდ თანაზომიერების დაცვით უშვებს. ევროპული სასამართლო თმენის ვალდებულებაზე[33] საუბრობს ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გზის ბლოკირების,[34] ორი დღის განმავლობაში სამი მაგისტრალის ერთდროულ გადაკეტვის[35] შემთხვევაშიც, და ასეთ შეკრებაში ჩარევას სახელმწიფოს მხრიდან გარვკეული თმენის ვალდებულების გამოჩენის შემდეგ უშვებს.
ამასთან, უკანონობის შემთხვევაშიც, დასჯის ნაცვლად ევროპული სასამართლო შეკრების და გადაადგილების თავისუფლებებს შორის ბალანსის ადგილზე შერჩეული ღონისძიებებით[36] - მაგალითად, ალტერნატიული სავალი გზის შეთავაზებით - დაცვას ემხრობა.[37]
მეტიც, ევროპული სასამართლოს თანახმად, „მსუსხავი ეფექტის“[38] გათვალისწინებით, საერთოდ არ უნდა იქნეს გამოყენებული სისხლისსამართლებრივი სანქცია [ევროპული კონვენციის მიზნებისთვის ეს მოიცავს ადმინისტრაციულ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, მათ შორის, ჯარიმებსაც[39]], მით უფრო, თავისუფლების აღკვეთა, არაძალადობრივ ქმედებაზე საპასუხოდ, თუნდაც ის არღვევდეს შეკრების ამა თუ იმ წესს. [40]
აღსანიშნავია, რომ შეკრების დროს სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენება პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვასთან ერთად, ისედაც იწვევს „მსუსხავ ეფექტს“,[41] რაც უკიდურესაც ინტენსიურია საქართველოში მისი რუტინულად, სადამსჯელო მიზნებით გამოყენებისას, როდესაც შეკრების განმეორებითი შემთხვევა უკვე 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ექვემდებარება.
როგორ უგულებელყოფს სასამართლო უფლების თვითნებური შეზღუდვის კონტროლის ფუნქციას
შეკრების თავისუფლების ამ შინაარსობრივი სტანდარტების დაცვა ხელისუფლების სხვა შტოებთან ერთად, ცხადია, სასამართლოსაც ეკისრება. ამას გარდა, სასამართლომ უნდა შეასრულოს კანონის უზენაესობისა და პროცესუალური სამართლიანობის მინიმალური სტანდარტები, მათ შორის, სასამართლო ვალდებულია:
ინდივიდუალური ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის დაკისრება ევროპული სასამართლოს მიერ კანონის ცალსახად არაგონივრულ [manifestly unreasonable] განმარტებად ჩაითვლება, რაც ასეთ პასუხისმგებლობას საკანონმდებლო საფუძველს გამოაცლის. ეს კი შეკრების თავისუფლებასთან ერთად, ევროპული კონვენციის მე-7 მუხლით დაცული კანონის გარეშე დასჯის აკრძალვის (nulla poena sine lege) აბსოლუტურ გარანტიასაც დაარღვევს.[48]
შინაარსობრივი, კანონის უზენაესობისა და პროცესუალური სამართლიანობის ამ სტანდარტების დარღვევით ხელისუფლების შტოების კოორდინირებული მოქმედება - ტროტუარზე მშვიდობიანი პროტესტის ავტომატურად თავისუფლების აღკვეთით რუტინული დასჯა (განმეორების შემთხვევაში, 1 წლამდე ვადით), მხოლოდ კანონის დაშინების მექანიზმად გამოყენებისა და საჯარო სივრციდან კრიტიკული ხმის ჩახშობის მიზნით შეიძლება აიხსნას. მსგავსი, შეფარული[49] არაკეთილსინდისიერი მოტივებით ხელისუფლების შტოების მოქმედება არამარტო კონვენციით დაცული რომელიმე უფლების, არამედ ზოგადად ქვეყანაში სამართლის უზენაესობის დაცვას აყენებს ეჭვ ქვეშ.
უფრო კონკრეტულად, შეკრების მარეგულირებელი კანონმდებლობის უწყვეტი დამძიმება, განსაკუთრებით, ტროტუარზე შეკრების კრიმინალიზება და მისი სასამართლო განმარტებები ცალსახად მიემართება პირთა განსაზღვრულ წრეს - სახელმწიფოს მიმართ კრიტიკულად განწყობილ მოსახლეობას; აქვს სერიოზული ბუნდოვანების პრობლემები, შემოჰყავს რა საფეხმავლო მოძრაობის ხელოვნურად შეფერხების დეფინიცია, ბუნებრივი და ხელოვნური შეფერხების გასასხვავებლად სასამართლო პრაქტიკაში დადგენილი რაიმე ობიექტური კრიტერიუმის გარეშე; წინააღმდეგობრივია, რადგან სასამართლოს მიერ აქამდე წახალისებულ ტროტუარზე პროტესტის გამოხატვის კრიმინალიზებულს ხდის; არასტაბილურია კანონმდებლობის მუდმივი დამძიმების და ცვლილებების ტალღების კვალდაკვალ სასამართლო პრაქტიკის წინააღმდეგობრივი განვითარების გამო.
შეჯამება
საერთო სასამართლოების გადაწყვეტილების ანალიზი კანონის დაშინების მექანიზმად ინსტრუმენტალიზებასა და საჯარო სივრციდან კრიტიკული ხმის ჩახშობაში სასამართლოს თანამონაწილეობას ავლენს. თანამონაწილეობა სახეზეა, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს:
შემზღუდველი კანონმდებლობის კვალდაკვალ სასამართლოს ასეთმა ცხადად არაგონივრულმა [manifestly unreasonable] განმარტებებმა, ეტაპობრივად დამძიმებული ”მსუსხავი ეფექტით”, შეუძლებელი გახადა შეკრების თავისუფლებით სარგებლობა: თავდაპირველად, ავტომატურ კრიმინალიზებას დაექვემდებარა შეკრებისას გზის სავალი ნაწილის გამოყენება, ხოლო შემდგომ - ტროტუარზე ხანმოკლე მშვიდობიანი დგომაც. ამგვარად, მოქალაქეებს პრაქტიკულად აღარ რჩებათ საჯარო სივრცე, სადაც პროტესტის გამოხატვა შესაძლებელი იქნება ადმინისტრაციული პატიმრობისა და, განმეორების შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი წესით ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთის რეალური საფრთხის გარეშე.
ხელისუფლების შტოების ამგვარი კოორდინირებული ქმედება შეკრების, გამოხატვის და პირადი ცხოვრების თავისუფლებასთან ერთად ეწინააღმედეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს და ისეთ აბსოლუტურ გარანტიებსაც, როგორიცაა კანონისა და ინდივიდუალური ბრალის გარეშე დასჯის აკრძალვა.[50]
სამართლის უზენაესობის თითქმის თითოეული მინიმალური მოთხოვნის დარღვევა მხოლოდ იმით შეიძლება აიხსნას, რომ სამართალი ავტოკრატიზაციის დაჩქარებულ გზაზე მყოფ საქართველოში მხოლოდ ძალის გამოყენების ხელოვნური ლეგიტიმაციის ინსტრუმენტია და აღარ ემსახურება მის თავდაპირველ მორალურ ფუნქციას - სახელმწიფოს მხრიდან ძალაუფლების თვითნებურად, მიკერძოებულად გამოყენებისგან დაიცვას მოქალაქეები (და არა პირიქით).[51] ამ პრინციპების სისტემური, მიზანმიმართული და არაკეთილსინდისიერი დარღვევა და ამაში სასამართლო ხელისუფლების თანამონაწილეობა ძირს უთხრის სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის არსებულ ყოველგვარ ნდობასა და შეთანხმებას.
[1] წყარო ხელმოსაწვდომია: https://samartali.ge/administratsiuli-patimroba/
[2] საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 14/12/2023, პ. 38-41. https://matsne.gov.ge/ka/document/view/6004741?publication=0.
[3] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, პროტესტების წინააღმდეგ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების სისტემური ანალიზი. ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/ka/products/protestebis-tsinaaghmdeg-mighebuli-sakanonmdeblo-tsvlilebebis-sistemuri-analizi
[4] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, „ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების კრიტიკული ანალიზი. ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/ka/products/kartuli-otsnebis-mier-dachkarebuli-tsesit-mighebuli-sakanonmdeblo-tsvlilebebis-kritikuli-analizi-1
[5] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი რეპრესიული ცვლილებებით, "ქართული ოცნება" მოქალაქეთა დასჯისა და ტერორისთვის კიდევ უფრო გამარტივებულ პირობებს ქმნის, ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/ka/products/administratsiul-samartaldarghvevata-kodeksshi-shesatani-represiuli-tsvlilebebit-kartuli-otsneba-mokalaketa-dasjisa-da-teroristvis-kidev-ufro-gamartivebul-pirobebs-kmnis
[6] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, პროტესტის „კრიმინალიზება“ საქართველოში, ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/uploads/products/pdf/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%96%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90_%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97_1747984670.pdf
[7] თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2026 წლის 10 თებერვლის დადგენილება-საქმე 4/13445-25
[8] სახის ამოცნობის ტექნოლოგია (FRT) ორეტაპიან პროცესს აერთიანებს. პირველ ეტაპზე სახის გამოსახულების შეგროვება და მისი თარგად გარდაქმნა ხდება, შემდეგ კი ამ თარგის შედარება მონაცემთა ბაზაში არსებულ თარგებთან პირის იდენტიფიცირების ან ავთენტიფიკაციის მიზნით. პერსონალური მონაცემების ამ მასშტაბით დამუშავება ქმნის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში არაპროპორციული ჩარევის რისკებს, რომელიც ხშირად საკვანძო წინაპირობაა სხვა ფუნდამენტური უფლებების (შეკრების, გამოხატვის, გაერთიანების, გადაადგილების თავისუფლება, დისკრიმინაციის აკრძალვა, იხ. European Data Protection Board - Guidelines 05/2022 on the use of facial recognition technology in the area of law enforcement. გვ. 9.
[9] ევროსაბჭოს 108-ე კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, სახის მახასიათებლები, როგორც ბიომეტრიული მონაცემი, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემია და შესაბამისად, დაცვის მაღალი სტანდარტით სარგებლობს.
[10] გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტის ზოგადი კომენტარი 37, CCPR/C/GC/37, პარა 62.
[11] იგივე, პარა 60.
[12] საქართველოს სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიში, გვ. 92. 2020 წლის ანგარიში, გვ. 145-146; 2019 წლის ანგარიში, გვ. 157-159; 2018 წლის ანგარიში, გვ. 103-106.
[13] გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 25/12/2020, პარა 57.
[14] თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2026 წლის 23 იანვრის დადგენილება - საქმე N4/11314-25, საქმე- 13457-25;
[15] თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2026 წლის 23 იანვრის დადგენილება- საქმე 4/12456-25
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2026 წლის 10 თებერვლის დადგენილება-საქმე 4/13445-25
[16] 2025 წლის 6 თებერვალს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ემსახურებოდა „უცხო ძალების მიერ კარგად გაწვრთნილი აგენტურული ბირთვის“ წინააღმდეგ ბრძოლას, პოლიციელების, საჯარო მოხელეების და ხელისუფლების დაცვას და აღჭურვას ამ ბრძოლისთვის სათანადო ბერკეტებით. მისი განცხადებით, პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ამ გეგმის მხოლოდ პირველი ნაწილი იყო. - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი, 03.02.2024 https://www.facebook.com/@GDMamukaMdinaradze/?locale=ka_GE
[17] თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2025 წლის 3 ნოემბერის დადგენილება - საქმე N4/11314-25
[18] თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2025 წლის 8 ივლისის დადგენილება- N4/3340-25
[19] თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2026 წლის 23 იანვრის დადგენილება - საქმე N4/13436
[20] Matchavariani v. Georgia, 72312/01, §75, 6 July 2006.
[21] თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2026 წლის 23 იანვრის დადგენილება- საქმე 4/12456-25
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2026 წლის 10 თებერვლის დადგენილება-საქმე 4/13445-25
[22] Balcik and Others v. Turkey, ECHR, no. 25/02, 29.02.2008;
[23] იქვე, პარა. 52;
[24] თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2026 წლის 23 იანვრის დადგენილება - საქმე N4/13406-25
[25] Mzhavanadze and Rukhadze v. Georgia, nos. 29760/21 and 33931/21, §77, 15 July 2025.
[26] პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 24/06/2014, პ. 39.
[27] იგივე, პ. 38, ასევე 41.
[28] იგივე, პ. 39.
[29] იგივე პ. 34.
[30] იგივე პ. 35, ასევე 40.
[31] პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ 24/06/2014, პ. 47, 48.
[32] Körtvélyessy v. Hungary, 7871/10, §§28-30, 5 April 2016.
[33] Oya Ataman v. Turkey, 74552/01, §§ 41-42, 5 December 2006; Navalnyy and Yashin v. Russia, 76204/11, 4 December 2014, § 63.
[34] Barraco v. France, 31684/05, 5 March 2009, §§ 43, 46-47.
[35] Kudrevičius and Others v. Lithuania [GC], 37553/05, 15 October 2015, §§ 97-98, 150.
[36] Ashughyan v. Armenia, 33268/03, § 92, 93, 17 July 2008, Galstyan v. Armenia, 26986/03, § 116, 117, 15 November 2007
[37] Kablis v. Russia, nos. 48310/16 and 59663/17, §56, 87 30 April 2019.
[38] Navalnyy v. Russia [GC], 29580/12 and 4 others, §152, 15 November 2018.
[39] Matchavariani v. Georgia, 72312/01, §75, 6 July 2006.
[40] Gün and Others v. Turkey, no. 8029/07, §83, 18 June 2013; Akgöl and Göl v. Turkey, nos. 28495/06 and 28516/06, §43, 17 May 2011; Peradze and Others v. Georgia, no. 5631/16, §35, 15 December 2022; Lashmankin and Others v. Russia, 57818/09 and 14 others, §§ 462-463, 7 February 2017; Kudrevičius and Others v. Lithuania [GC], § 146.
[41] Glukhin v. Russia, 11519/20, §88, 4 July 2023.
[42] Lashmankin and Others v. Russia, §410-411.
[43] Kablis v. Russia, §56, 87; Navalnyy v. Russia [GC], §137.
[44] Butkevich v. Russia, 5865/07, §§ 102, 13 February 2018; Sytnyk v. Ukraine, 16497/20, §§74–82, 24 April 2025.
[45] გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 25/12/2020, პარა 57.
[46] დასაბუთების ვალდებულებაზე შეკრების თავისუფლების კონტექსტში, იხ. Annenkov and Others v. Russia, 31475/10, § 138, 25 July 2017; Makarashvili and Others v. Georgia, nos. 23158/20 and 2 others, §105, 1 September 2022; Navalnyy and Gunko v. Russia, 75186/12, § 69, 10 November 2020; Chumak v. Ukraine, no. 44529/09, §51, 6 March 2018; დასაბუთების ვალდებულებაზე ზოგადად სამართლიანი სასამართლოს უფლებიდან გამომდინარე, იხ. Yüksel Yalçınkaya v. Türkiye [GC], 15669/20, § 304-305, 340-341, 26 September 2023; Tchankotadze v. Georgia, 15256/05, §103, 107-108, 21 June 2016; Lobzhanidze and Peradze v. Georgia, 21447/11 and 35839/11, §66, 70, 27 February 2020; Rostomashvili v. Georgia, 13185/07, §59, 8 November 2018.
[47] Moreira Ferreira v. Portugal (no. 2) [GC], 19867/12, §84, 11 July 2017.
[48] Yüksel Yalçınkaya v. Türkiye [GC], §242, 268; Navalnyy and Gunko v. Russia, § 69.
[49] Samüt Karabulut v. Turkey, 16999/04, § 35, 27 January 2009, Berladir and Others v. Russia, 34202/06, § 39, 10 July 2012.
[50]სამართლის უზენაესობის ყველაზე მინიმალისტური გაგებით კანონი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ის უნდა იყოს ზოგადი იმ გაგებით, რომ ის პირთა წინასწარ განუსაზღვრელ წრეს მიემართება (მიუკერძოებელი და არა ტარგეტირებული ad hominem); საჯაროდ მიღებული; მომავალ ქმედებაზე ორიენტირებული; განჭვრეტადი; წინააღმდეგობრივი შინაარსისგან დაცლილი; შედარებით სტაბილური (მაგ. ყოველდღიურად არ უნდა იცვლებოდეს); მისი შესრულება შესაძლებელი უნდა იყოს; აღსრულება გამოკვეთილად არ უნდა დაშორდეს კანონის კეთილსინდისიერ განმარტებას. იხ. L. L. Fuller, The Morality of Law: Revised Edition (Yale University Press, 1969).
[51] M. Krygier, „Illiberalism and the Rule of Law,“ in A. Sajó, R. Uitz and S. Holmes (eds), Routledge Handbook of Illiberalism (Routledge, 2021), pp. 533-553; A. Sajó, R. Uitz, The Constitution of Freedom. An Introduction to Legal Constitutionalism (Cambridge University Press, 2017) 309; T. Ginsburg and M. Versteeg, “Constitutional Correlates of the Rule of Law,” in M. Adams, A. Meuwese, and E. H. Ballin (eds), Constitutionalism and the Rule of Law (Cambridge University Press, 2017), pp. 506–25.
ინსტრუქცია