საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2025 წლის 30 ივნისს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა რიგგარეშე სესიაზე, დაჩქარებული წესით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (შემდგომში,"ასკ") შესატანი ცვლილებების პროექტი დააინიცირეს.[1] მეორე დღესვე, 1 ივლისს, კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა მხარი.
ინიციირებული ცვლილებები სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებთან ერთად, შეკრებისა და მანიფესტაციების ფარგლებში ხშირად გამოყენებულ მუხლებს შეეხება. კანონპროექტით, ერთი მხრივ, იცვლება საქმის წარმოების წესები და იზღუდება საპროცესო გარანტიები, მეორე მხრივ კი, კიდევ უფრო მკაცრდება მიდგომა პასუხისმგებლობის ზომებთან დაკავშირებით.
კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებებს შემდეგი მიმართულებებით:
დაგეგმილი ცვლილებებით, წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე მუხლი), პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის (ასკ-ის 173-ე მუხლი), თანამდებობის პირის შეურაცხყოფისა (ას-ის 17316-ე მუხლი) და შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევის (ასკ-ის 1741) ჩადენისთვის სახდელდადებული პირს, ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, ავტომატურად ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება. მოქმედი კანონმდებლობით, ყველა აღნიშნულ შემთხვევაში მოსამართლეს ჯარიმასა და პატიმრობას შორის შეუძლია სახდელის შერჩევა. ინიცირებული კანონპროექტით არა მხოლოდ, ჯარიმის შეფარდების შესაძლებლობა უქმდება, არამედ ასევე არსებითად იზრდება პატიმრობის ქვედა ზღვარი. მაგალითად, თუ მოქმედი კანონმდებლობით წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენა 3 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ჯარიმით ან 5 დღიდან 60 დღემდე პატიმრობით ისჯება, ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში პირს მინიმუმ 30 დღიანი პატიმრობა ემუქრება. პატიმრობა, ზოგადი წესით, არ შეეფარდება მხოლოდ ორსულ ქალს, დედას, რომელსაც ჰყავს 12 წლამდე ასაკის ბავშვი, 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს, აგრეთვე მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს.[2]
კანონპროექტის მიხედვით, უქმდება ზემდგომი ორგანოსთვის მიმართვის მექანიზმი და ჯარიმის დაკისრების დადგენილება პირდაპირ სასამართლოში გასაჩივრდება. ეს არ ეხება მხოლოდ კანონის ამოქმედების შემდეგ გამოტანილ დადგენილებებს. კანონპროექტი აგრეთვე ითვალისწინებს მის გავრცელებას უკვე წარმოებაში არსებულ საჩივრებზეც. კანონის ამოქმედებამდე ზემდგომ ორგანოში (მაგ. შინაგან საქმეთა სამინისტროში) შეტანილი საჩივარი, რომელთან დაკავშირებითაც არ არის მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება, კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში სასამართლოს გადაეცემა. კანონპროექტი ასევე არეგულირებს დადგენილების აღსრულების საკითხს. ინიცირებული ცვლილებებით, სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება ძალაში შევა დადგენილების გამოტანისთანავე და მისი გასაჩივრება არ შეაჩერებს მის აღსრულებას.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათი[3] ფაქტობრივად არაფერს ამბობს ცვლილების საჭიროებასა და მოსალოდნელ შედეგებზე. როგორც უკვე აღინიშნა, გარდა შეკრებისა და გამოხატვასთან დაკავშირებული მუხლებისა, პროექტი ითვალისწინებს ცვლილებებს საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით. განმარტებითი ბარათი, უმეტესწილად, ამ სატრანსპორტო სამართალდარღვევებზე აკეთებს აქცენტს და ფაქტობრივად ახსნის გარეშე ტოვებს პასუხისმგებლობის გამკაცრების მიზეზებს. მაგალითად, განმარტებითი ბარათის პირველივე პუნქტი (პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი) მხოლოდ ერთი წინადადებით ეხება ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ცვლილებას და მიუთითებს მხოლოდ იმას, რომ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საქმის წარმოების პროცედურები საჭიროებს დახვეწას.
მიმდინარე უწყვეტი პროტესტის ფარგლებში, გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული, "ქართული ოცნება" აქტიურად იყენებს რეპრესიული საკანონმდებლო მექანიზმების შემოღებისა და პასუხისმგებლობის გამკაცრების მექანიზმებს. შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვისა და პროტესტის ჩახშობისთვის ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი წარმოადგენს. უკანასკნელი 8 თვის განმავლობაში კოდექსში რამდენიმე ნაწილად შევიდა რეპრესიული ცვლილებები. 2024 წლის დეკემბრისა[4] და 2025 წლის თებერვლის[5] ცვლილებებით, "ქართული ოცნების" პარლამენტმა არსებითად გაამკაცრა ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები, გააფართოვა საპოლიციო ძალაუფლება და შემოიღო შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების შემზღუდველი არაერთი მექანიზმი. ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა მკაფიოდ გააკრიტიკეს როგორც ცვლილებების შინაარსი და მათი არაპროპორციული გავლენა ფუნდამენტური უფლებების რეალიზებაზე, ისე უშუალოდ საკანონმდებლო ცვლილებების მიღების პროცესი და მისი ლეგიტიმაცია.[6] ამ შეფასებებიდან რამდენიმე თვეში "ქართულმა ოცნებამ" კვლავ დაჩქარებული წესით დააინიცირა შეკრებისა და გამოხატვის უფლების შემზღუდველი ინიციატივა.
ბოლო რამდენიმე თვეა, პროტესტთან ბრძოლის მთავარი სტრატეგია "ქართული ოცნებისთვის" ფინანსური მექანიზმების მასობრივი გამოყენებაა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ყოველდღიურად ასობით ჯარიმის გამოწერა და საჩივრების განხილვის პროცესის წარმოება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დიდ ადმინისტრაციულ რესურსთან არის დაკავშირებული. ამიტომ, კანონპროექტით პროტესტის მონაწილეების დასჯისა და დაჯარიმების გამარტივებული პროცედურა და პირობები იქმნება, რაც შსს-ის განტვირთვასა და მოქალაქეების საპროცესო გარანტიების შეზღუდვაში გამოიხატება. ეს განსაკუთრებით აისახება იმ პირებზე, რომლებსაც ადმინისტრაციული ჯარიმა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის აქვთ შეფარდებული.
მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული ჯარიმის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასამართლოში გასაჩივრების მექანიზმი არც აქამდე ყოფილა ეფექტიანი,[7] ცვლილებების შედეგად ფორმალურადაც (ერთი საპროცესო ეტაპით) მცირდება უფლებების დაცვის გარანტიები. გარდა ამისა, ცვლილებების მიღების შემდეგ პროტესტის მონაწილეების უფრო მყისიერად დასჯის შესაძლებლობა შეიქმნება, რადგან დადგენილების გასაჩივრება არ შეაჩერებს ჯარიმის გადახდის ვალდებულებას.
კიდევ უფრო პრობლემურია კანონპროექტის ის ნაწილი, რომელიც ჯარიმის გადაუხდელობისა და ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში პირისთვის ავტომატურად პატიმრობის შეფარდებას ითვალისწინებს. ეს ჩანაწერი ფაქტობრივად უგულებელყოფს პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციის ფუნდამენტურ საპროცესო პრინციპსა და პატიმრობის, როგორც უკიდურესი ღონისძიების, ბუნებას. კანონპროექტი კიდევ ერთხელ ააშკარავებს, რომ "ქართული ოცნების" რეალური მიზანი პროტესტის ჩახშობა და პოლიტიკურად მიუღებელი პირების დევნაა და რადგან ამ მიზანს ჯარიმების ოდენობის გაზრდით ვერ მიაღწია, პატიმრობის მასობრივი გამოყენება დაანანონსა.
ინიციატივის შინაარსის მიღმა, აღსანიშნავია აგრეთვე საკანონმდებლო ცვლილების მიღების პროცესი. ერთპარტიულ პარლამენტში, დაჩქარებულად და ყოველგვარი საკონსულტაციო პროცესების გარეშე უფლებების შემზღუდველი კანონების მიღება დემოკრატიული სამართალშემოქმედების საწინააღმდეგოა. სრულად მიტაცებული და პარტიულ დღის წესრიგს დაქვემდებარებული სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, პირველ რიგში კი, სასამართლო ხელისუფლების პირობებში, რომლებსაც შეკავების და გაწონასწორების ფუნქციას ვერ ასრულებენ, რეპრესიული კანონები კიდევ უფრო მძიმე შედეგებით ემუქრება წინააღმდეგობაში ჩართულ მოქალაქეებს.
[1] „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/HrTFX6m2
[2] ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 32-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
[3] განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/ErTFCMPn
[4] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, პროტესტების წინააღმდეგ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების სისტემური ანალიზი, 27.12.2024. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/vrTFK0Dh
[5] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, „ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების კრიტიკული ანალიზი, 13.02.2025. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/nrTFJIER
[6] IDFI - ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის შეფასებები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების შემზღუდველ რეპრესიულ ცვლილებებზე, 20.03.2025. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/lrTF2Avu
[7] ვრცლად იხ. სოციალური სამართლიანობის ცენტრი - პროტესტის „კრიმინალიზება“ საქართველოში არაეფექტიანი სასამართლო კონტროლი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე, 2025. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/xrTGlcUy
ინსტრუქცია