საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება 2025 წლის 30 მაისს, აქტივისტებისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემთხვევებს და მიიჩნევს, რომ აქტივისტებისთვის, მათ შორის, ახალგაზრდებისთვის და ქალებისთვის, ყველაზე მძიმე სანქციის დაკისრება მათ სამაგალითო და საჩვენებელ დასჯას ისახავს მიზნად.
საქმე ეხება 2025 წლის 17 მაისს, თბილისის ერთ-ერთ კაფეში მომხდარ ინციდენტს, სადაც ქართული ოცნების პარლამენტის დეპუტატი, მარიამ ლაშხი თანხმლებ პირებთან, მათ შორის, მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა. მითითებულ დღეს, აქტივისტები, თათია აფრიამაშვილი და მაგდა მამუკაშვილი მარიამ ლაშხის უშუალო სიახლოვეს და მის მიმართ, გამოხატავდნენ თავის პოზიციას ფრაზებით: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, ძირს რუსეთის მონები, არა რუსეთის მონებს”. აღნიშნულ სცენას შემთხვევით შეესწრო მოქალაქე ლიკა ლორთქიფანიძე, რომელმაც ქართული ოცნების დეპუტატის მისამართით ასევე გამოხატა თავისი პოზიცია სიტყვებით “ძირს რუსეთის მონები, “ქოცი” მონები”. აქტივისტ თათია აფრიამაშვილს მოსამართლე დავით თეთრაულმა, ხოლო ლიკა ლორთქიფანიძეს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ, 12-12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხება მაგდა მამუკაშვილს, მას სასამართლომ 4000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, სავარაუდოდ იმიტომ, რომ მას 12 წელს მიუღწეველი შვილი ჰყავს, რაც მის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას გამორიცხავს.
30 მაისს, აქტივისტი ქალებისთვის მძიმე ადმინისტრაციული სანქციის დაკისრებით, ადმინისტრაციული სახდელების დაუსაბუთებელი შეფარდების პრაქტიკა არ ამოწურულა. დღესვე, მოსამართლე ნინო ენუქიძემ 5 დღიანი პატიმრობა შეუფარდა ზამთრის აქციების კონტექსტში დაკავებული საბა სხვიტარიძის ძმას, თორნიკე სხვიტარიძეს. ინციდენტში მონაწილე მეორე პირს, ანი ქავთარაძეს, იმავე მოსამართლემ 5000 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა. განსახილველ საქმეში, სასამართლოს მიერ სამართალდამრღვევად მიჩნეულმა პირებმა, სისხლის სამართლის საქმის მონაწილე ერთ-ერთი პოლიციელის, მირიან ქავთარაძეს მიმართეს სიტყვებით “მონა” და “ქავთარაძეების გვარის სირცხვილი”.
ნორმა, რომლის საფუძველზეც აქტივისტებს პატიმრობა შეეფარდათ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2025 წლის თებერვალში შესული დაჩქარებული ცვლილებების შედეგად გაჩნდა და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის, ლანძღვა-გინების ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. აღნიშნული ცვლილება, იმ პერიოდში მიღებული სხვა ცვლილებების მსგავსად, პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროტესტში ჩართული პირების დასჯასა და გამოხატვის თავისუფლების ტოტალურ შეზღუდვას ემსახურება. ნორმის მსგავსად გამოყენება, ქართულმა ოცნებამ ჯერ კიდევ თეა წულუკიანის სახლთან გამართული აქციის დროს დაიწყო.
აქტივისტების მიმართ ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და სახდელის სახით პატიმრობის გამოყენება არღვევს საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას. ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, დასაშვები კრიტიკის ფარგლები საჯარო პირების მიმართ უფრო ფართოა, ვიდრე კერძო პირების მიმართ. განსხვავებით სხვა ინდივიდებისგან, პოლიტიკოსი გარდაუვლად და გაცნობიერებულად აქცევს საკუთარ თავს საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რის გამოც მას თმენის უფრო მაღალი ვალდებულება აქვს.[1] ძლიერი ენის გამოყენება, მათ შორის შესაძლო შეურაცხმყოფელი გამონათქვამები დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკური დებატის ნაწილია ან წარმოადგენს პირის შეფასებას.[2]
გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება არა მხოლოდ იმ “ინფორმაციასა” და “იდეებზე”, რომლებიც აღიქმება დადებითად, უვნებლად ან უწყინრად, არამედ ისეთებზეც, რომლებიც შეიძლება იყოს შეურაცხმყოფელი, შოკისმომგვრელი ან შემაწუხებელი. ასეთი გამოხატვა წარმოადგენს პლურალისტური საზოგადოების აუცილებელ საფუძველს.[3] სასამართლო მკაფიო ზღვარს ავლებს ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებასა და ისეთ განცხადებებს შორის, რომლებიც უბრალოდ შეურაცხყოფს, შოკს იწვევს ან არასასიამოვნოა ადრესატისთვის.[4]
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთხელ, მათ შორის საქართველოს კონტექსტში იმსჯელა სამართალდამცავთა მიმართ სიტყვა “მონის” დაძახების შესახებ. საქმეზე ჩხარტიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-11 მუხლისა (შეკრების თავისუფლება) და მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) დარღვევა და განაცხადა, რომ არაძალადობრივი ქმედებების დროს, მით უმეტეს დაუსაბუთებელია საპატიმრო სახდელის გამოყენება და ადგილობრივ სასამართლოს აქვს ვალდებულება, რომ სათანადოდ დაასაბუთოს ყველაზე მზღუდავი ღონისძიების, პატიმრობის გამოყენება.[5]
ქართული ოცნება აგრძელებს საპროტესტო აქციების მონაწილეების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას სხვადასხვა მექანიზმებით, მათ შორის, ყველაზე მძიმე - პატიმრობის სანქციის გამოყენებით, რაც პროტესტის კრიმინალიზებას ემსახურება. მართლმსაჯულების სისტემის მხრიდან მსგავსი პრაქტიკის დამკვიდრება ცენზურის დაკანონებაა, რაც საბოლოო ჯამში, აქტივისტების დაშინებასა და პროტესტის დათრგუნვას ემსახურება.
[1] ECtHR, Lingens v. Austria (application no. 9815/82), 1986, para 42.
[2] ECtHR, Francesco Minorini Mori v. Italy (application no. 53767/00), 2007, para. 58.
[3] ECtHR, Oberschlick v. Austria (application no. 11662/85), 1991, para. 63.
[4] ECtHR, Perinçek v. Switzerland (application no. №27510/08), 2015, para 197.
[5] ECtHR, Chkhartishvili v. Georgia (Application No. 31349/20, 2023, para. 59-60.
ინსტრუქცია