საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
შესავალი
ბოლო წლების განმავლობაში, მასშტაბური და პერმანენტული პროტესტის ფონზე სულ უფრო აშკარა ხდება შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური უფლებების სისტემური დარღვევები. ამ პროცესში „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ საყრდენსა და ინსტრუმენტს საბჭოთა დროინდელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი წარმოადგენს. იდენტურად ხარვეზიანი და უფლებრივ სტანდარტებთან შეუსაბამო კოდექსი, ბოლო პერიოდში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, კიდევ უფრო აშკარად იქცა მასობრივი რეპრესიების ინსტრუმენტად.
შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ არსებული მდგომარეობა განსაკუთრებულად 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული უწყვეტი პროტესტისა და წინააღმდეგობის ფონზე გამწვავდა. „ქართული ოცნება“ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ფაქტობრივად ყველა ტიპის რეპრესიულ ზომას იყენებს – არაპროპორციულ ძალას, სპეციალურ საპოლიციო საშუალებებს, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ მექანიზმებს.
პროტესტის მიმდინარეობისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არაერთი ცვლილება შევიდა დაჩქარებული წესით. ეს ცვლილებები პროტესტის კრიმინალიზებასა და საპოლიციო ძალაუფლების უკონტროლო გაძლიერებას ისახავდა მიზნად. შესაბამისად, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ადამიანის ძირითადი უფლებებს და წინააღმდეგობაში მოდის როგორც საქართველოს კონსტიტციით გარანტირებულ უფლებებთან, ისე საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან.
ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, პროტესტის მონაწილეების დასჯასა და მათი უფლებების სისტემურ დარღვევებს არაეფექტიანი სასამართლო კონტროლი უმყარებს საფუძველს. მზარდი სოციალური და პოლიტიკური კრიზისის პასუხად მიმდინარე საზოგადოებრივი პროტესტები კიდევ უფრო რელევანტურსა და აშკარას ხდის სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ გამოწვევებს.
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, გაანალიზოს პროტესტის ფარგლებში ყველაზე ხშირად გამოყენებული სამართალდარღვევებისთვის რელევანტური საკანონმდებლო ხარვეზები, აგრეთვე შეისწავლოს და გამოავლინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებში სასამართლო პრაქტიკის ყველაზე პრობლემური ტენდენციები.
კვლევის პროცესში გამოიკვეთა ორი ძირითადი პრობლემა:
სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის პრობლემურობის უგულებელყოფა;
სასამართლოს, როგორც ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოს, მიერ სასამართლო კონტროლის ვალდებულების შეუსრულებლობა.
მეთოდოლოგია და წყაროები
კვლევა, ძირითადად, ეყრდნობა 2023-2025 წლებში სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ ნაწარმოებ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების საქმეებს. კერძოდ, კვლევის მიზნებისთვის გაანალიზდა აღნიშნული საქმეების ფარგლებში საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები, სასამართლოებიდან მოთხოვნილი სხდომის ოქმები და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების შესახებ.
სასამართლო პრაქტიკისა და საპროცესო დოკუმენტების გარდა, დოკუმენტში გაანალიზებულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სამუშაო გეგმები, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები და ადგილობრივი/საერთაშორისო ორგანიზაციების რელევანტური ანგარიშები.
ინსტრუქცია