საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63


სოციალური სამართლიანობის ცენტრი აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის დაპატიმრების შემთხვევას ეხმიანება და მიუთითებს, რომ ჟურნალისტის წინააღმდეგ მიმდინარე მოვლენები საქართველოსა და აზერბაიჯანის მხრიდან ტრანსნაციონალური რეპრესიისა და კოორდინირებული პოლიტიკური დევნის უმძიმეს გამოცდილებს აჩვენებს.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ, 8 ივნისს, აფგან სადიგოვის მეუღლემ, სევინჩ სადიგოვამ, გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი მეუღლე, აზერბაიჯანული მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი, აფგან სადიგოვი, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა რამდენიმე ნიღბიანმა პირმა დააკავა. ამავე დღეს, აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის ადვოკატისგან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი პროკურატურაში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი მის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელმაც მას 30 ივლისამდე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ აფგან სადიგოვის დაკავება მოხდა იმავე სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც თავის დროზე საქართველოდან აზერბაიჯანში მისი ექსტრადიციის დაწყების საფუძველი გახდა და რომელზეც თითქოსდა შეწყდა წარმოება 2026 წლის 1 აპრილს, რაც თავის მხრივ, აზერბაიჯანისთვის, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მისი გადაცემის საფუძველი გახდა.
საქმის კონტექსტისა და ფაქტობრივი გარემოებების მიმოხილვა
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2024 წლის 3 აგვისტოს ქართველმა სამართალდამცავებმა აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში ექსტრადიციის მიზნით დააკავეს. საექსტრადიციო მასალების მიხედვით მას ბრალად ედებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 182.2.2 და 182.2.4 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
კერძოდ, საქმის მასალებში მითითებული იყო, რომ აფგან სადიგოვმა 2023 წლის აგვისტოს დასაწყისში whatsapp-ის მეშვეობით დაურეკა ნეფთჭალის სოფელ კურკანდის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის აღმასრულებელი ხელისუფლების უფროსის წარმომადგენელს დაემუქრა და მისგან მოითხოვა 3000 მანათი, სანაცვლოდ კი შეპირდა, რომ სოციალურ ქსელებში არ გაავრცელებდა ვიდეოს, სადაც ასახული იყო, თუ როგორ ჭრიდა ის დაბადების დღეზე ტორტს, რომელზეც გამოსახული იყო რვაქიმიანი ვარსკვლავი. ამასთან ერთად, 2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში აფგან სადიგოვი დაუკავშირდა ხაზარკენდის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეს და მისგან მოითხოვა 6000 მანათი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების გასაჯაროებით.
მიუხედავა იმისა, რომ აღნიშნულ საქმეში არ მოიპოვებოდა არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა აფგან სადიგოვის მხრიდან დანაშაულის ჩადენას, ქართულმა სასამართლოებმა უსაფუძვლოდ გაიზიარეს აზერბაიჯანის მოთხოვნა და გასულ წელს მისი ექსტრადირება დაუშვეს, რომელიც მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიერ დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე შეჩერდა.
მოგვიანებით, 2026 წლის 1 აპრილს აზერბაიჯანის პროკურატურამ აფაგნ სადიგოვის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა. სწორედ აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე 3 აპრილს, საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და ჟურნალისტის მიმართ გამოყენებული გირაოსა და სხვა დროებითი ღონისძიებების, მათ შორის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის, გაუქმება მოითხოვა, რაც სასამართლომ იმავე დღეს დააკმაყოფილა. 4 აპრილს, პრაქტიკულად მეორე დღეს აფგან სადიგოვი დაახლოებით 22:00 საათზე, საცხოვრებელ ბინაში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამაშველო ჯგუფის ათობით თანამშრომელმა დააკავა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიმართ შეურაცხყოფის საბაბით. [1]
იმავე დღეს დაახლოებით 04:00 საათზე მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, რისი აღსრულებაც შესაბამისმა უწყებებმა იმავე წუთებში დაიწყეს და ჟურნალისტი სახმელეთო საზღვარზე რამდენიმე საათში აზერბაიჯანს გადასცეს.[2]
აზერბაიჯანში დაბრუნების შემდეგ, აფგან სადიგოვის რამდენჯერმე დააკავეს, სწორედ იმ მიზეზით, რომ ბაზაში მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყვეტილი არ იყო და ტექნიკური ხარვეზი ფიქსირდებოდა, რაც ჯერ არ იყო გამოსწორებული.
მოგვიანებით, 2026 წლის 26 მაისს, მას შემდეგ, რაც აფგან სადიგოვმა პასპორტის აღება შეძლო, ჟურნალისტმა ქვეყნის დატოვება და ოჯახთან გაერთიანება სცადა, თუმცა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მას ამის საშუალება არ მისცა. ადგილზე სამართალდამცველებმა აფგან სადიგოვს განუმარტეს, რომ მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე საბოლოოდ შეწყვეტილი არ იყო, მაშინ როდესაც ოფიციალური დოკუმენტებით დასტურდება, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ ეს საქმე 1 აპრილს შეწყვიტა.
8 ივნისს კი მოულოდნელად აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ჟურნალისტი დააკავა და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა განაახლა. უფრო ზუსტად, აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის ადვოკატის განმარტებით, აზერბაიჯანის სასამართლომ ძველ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც 1 აპრილს აზერბაიჯანმა ოფიციალურად შეწყვიტა გამოძიება, სავარაუდო დაზარალებული საჩივრის საფუძველზე ხელახლა იმსჯელა და პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის განახლება და საქმის გადასინჯვა დაავალა. ამ გზით განახლებული გამოძიების ფარგლებში კი პროკურატურის მხრიდან აფგან სადიგოვის მყისიერი დაკავება მოხდა.
საქმის სამართლებრივი შეფასება და მოწოდებები
აფგან სადიგოვის იმავე საქმეზე დაპატიმრება ცხადია, რომ ქმნის გონივრულ ეჭვს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს შორის ტრანსნაციონალური რეპრესიის მიზნით მაღალი დონის კოორდინაციისა და სამართლებრივი პროცედურების ბოროტად გამოყენების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ტრანსნაციონალური რეპრესია თანამედროვე ავტორიტარული რეჟიმების ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო პრაქტიკად მიიჩნევა და მოიცავს შემთხვევებს, როდესაც სახელმწიფოები საკუთარი საზღვრების მიღმაც ცდილობენ კრიტიკული ჟურნალისტების, უფლებადამცველებისა და პოლიტიკური ოპონენტების გადაადგილების, საქმიანობისა და უსაფრთხოების კონტროლს. აფგან სადიგოვის საქმე სწორედ ასეთი პრაქტიკის მკაფიო მაგალითს წარმოადგენს, რადგან მისი დევნა აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი სახელმწიფოს იურისდიქციით და მოიცავს სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის თანმიმდევრულ მოქმედებებს, რომელთა საბოლოო შედეგი ჟურნალისტის თავისუფლების აღკვეთა გახდა.
განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ საქმე ეხება იმავე სისხლის სამართლის ბრალდებებს, რომელთა საფუძველზეც წარსულში მისი ექსტრადიცია მოითხოვებოდა, მოგვიანებით კი თავად აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დევნის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამ პირობებში სისხლის სამართლის საქმის ხელახალი გააქტიურება და ჟურნალისტის დაპატიმრება აჩენს სერიოზულ კითხვებს სისხლის სამართლის მექანიზმების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების და კონვენციური ვალდებულებების უხეში და მიზანმიმართული დარღვევის შესახებ.
ამ ეჭვებს ჯერ კიდევ აპრილის თვეში ამძაფრებდა ის გარემოება, რომ აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევება დაემთხვა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თბილისში ვიზიტს და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას. ამასთან, მიმდინარე წლის მაისში, ასევე ცნობილი გახდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლის შესახებ, რომლის თანახმადაც სრულ ექსპლუატაციაში შევიდა ბაქო–თბილისი–ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი. ამასთან, გაფორმდა 20-წლიანი მთავრობათაშორისი შეთანხმება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითადი პირობების შესახებ.
მოვლენათა ქრონოლოგია ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სისხლის სამართლის პროცედურები გამოყენებული იქნა წინასწარ განსაზღვრული პოლიტიკური შედეგის მისაღწევად. თავდაპირველად სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამ შესაძლებელი გახადა საქართველოდან აფგან სადიგოვის მიმართ მოქმედი სამართლებრივი შეზღუდვების მოხსნა და მისი ქვეყნიდან გაძევება, ხოლო შემდგომ იმავე საქმის ხელახალმა გააქტიურებამ აზერბაიჯანის ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივი დაკავების შესაძლებლობა მისცა. ასეთი თანმიმდევრობა კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს, რომ სამართლებრივი მექანიზმები გამოყენებული იყო არა მართლმსაჯულების ინტერესებისთვის, არამედ კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
სამწუხაროდ, საქართველო უკვე მრავალი წელია აზერბაიჯანის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას ავლენს და, მათ შორის, არ ერიდება ადამიანის უფლებათა დაცვის აბსოლუტური პრინციპების უგულებელყოფას. აფგან სადიგოვის საქმეში კი საქართველომ პირველად უახლოეს ისტორიაში ღიად და დემონსტრაციულად დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ სავალდებულო გადაწყვეტილების მიუხედავად, დევნილი ჟურნალისტი აზერბაიჯანს გადასცა.
აფგან სადიგოვის დაკავების შესახებ ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი უმოკლეს ვადაში მიაწვდის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც 10 აპრილს მხარეებს ასევე მიმართა კითხვით, დროებითი ღონისძიების არსებობის მიუხედავად, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გადაცემა არღვევდა თუ არა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას მისთვის. დღეს აფგან სადიგოვის ხელახალი დაკავება აზერბაიჯანში იმავე საქმის საფუძველზე პრაქტიკულად ადასტურებს, აზერბაიჯანში მის დეპორტაციასთან დაკავშირებულ იმ საფრთხეებსა და არგუმენტებს, რომლებზეც ჩვენ და არა ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია უთითებდა.
ამავდროულად, აფგან სადიგოვის საქმე ქმნის სახიფათო პრეცედენტს რეგიონში მყოფი სხვა დევნილი ჟურნალისტებისა და უფლებადამცველებისთვის. თუ სახელმწიფოებს შეუძლიათ საერთაშორისო დაცვის მექანიზმების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დროებითი ღონისძიებების პრაქტიკული უგულებელყოფით, უზრუნველყონ კრიტიკული პირების დაბრუნება და შემდგომ მათი ხელახალი დაპატიმრება, ეს მნიშვნელოვნად აზიანებს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემის ეფექტიანობასა და სანდოობას.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი კიდევ ერთხელ გამოთქვამს შეშფოთებას აფგან სადიგოვის უფლებების დარღვევის გამო აზერბაიჯანში, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც არსებობს თვითნებური პოლიტიკური დევნისა და ციხეში მის მიმართ წამებისა და არასათანადო მოპყრობის მაღალი რისკები. ამ პირობებში, ჩვენ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აფგან სადიგოვი და არ დაუშვას მის მიმართ წამება ან/და არაადამიანური მოპყრობა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს აფგან სადიგოვის ინტერესებს დაცვას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ის ასევე გამოიყენებს სხვა უფლებადაცვით მექანიზმებს დევნილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის უფლებების დასაცავად.
[1] სოციალური სამართლიანობის ცენტრის გამოხმაურება: "აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევებით საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება დაარღვია", 6 აპრილი, 2026, ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/ka/products/afgan-sadigovis-azerbaijanshi-gadzevebit-sakartvelom-adamianis-uflebata-evropuli-sasamartlos-gadatsqvetileba-daarghvia
[2] იქვე
ინსტრუქცია