[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

აფგან სადიგოვის მიმართ შესაძლოა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობის გამო

გუშინ, 16 იანვარს, აფგან სადიგოვს ჩაბარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, ნინო ენუქიძის, დადგენილება, რომლის თანახმადაც სასამართლომ მის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა მის ქმედებაში შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო და საქმე შემდგომი რეაგირებისთვის თბილისის პოლიციის დეპარტამენტს გადასცა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აფგან სადიგოვი შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2025 წლის 22 ოქტომბერს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გადაკეტვის საფუძვლით დააკავა და სასამართლომ მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით, უკვე 19-21 ოქტომბრის ეპიზოდთან დაკავშირებით, იმავე საფუძვლით სასამართლომ მას დამატებით 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ამჯერად, შინაგან საქმეთა სამინისტრო აფგან სადიგოვს 2025 წლის 17-18 დეკემბერს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას ედავება, რაც ტრანსპორტის ან/და ხალხის (ქვეითთა) გადაადგილების შეფერხებისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან აფგან სადიგოვი, აქამდე იმავე საფუძვლით უკვე იყო სახდელდადებული, მისი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს  შეიცავს.

"ქართულმა ოცნებამ" 16 ოქტომბერს, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შეიტანა და  სსკ-ის 347-ე მუხლითერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯადი გახადა შსს-ის მიერ დაშლილ აქციაში მონაწილეობა, გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, ნიღბით სახის დაფარვა, დროებითი კონსტრუქციის მოწყობა ან ცრემლსადენი საშუალების ტარება იმავე ქმედებებისთვის სახდელდადებული პირის მიერ.

მოგვიანებით, 12 დეკემბერს ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებებით, "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-5, მე-10, მე-111, მე-112 და მე-13 მუხლების რედაქცია შეიცვალა იმგვარად, რომ ახლა უკვე აიკრძალა ხალხის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლებების შექმნაც და განმეორებით ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ჩადენა, კვლავ სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი დარჩა.

აღნიშნული საფუძვლით, ბოლო კვირებში სასამართლომ რამდენიმე აქტივისტის საქმეზე ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა და საქმე რეაგირებისთვის შსს-ს გადაუგზავნა.

ამ ეტაპისთვის უცნობია, როდის დაიწყებს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას და წაუყენებს თუ არა ბრალს მშვიდობიანი პროტესტის აქტივისტებს. ამასთან, გზის გადაკეტვის საფუძვლით უკვე რამდენიმე თვეა წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული ერთ-ერთ აქტივისტს, რომელსაც, პროკურატურა, სწორედ სსკ-ის 347-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავება.

საქართველოს საკონსტიტუციო და ევროპულ სასამართლოებს ცალსახა პოზიცია აქვთ, რომ მოძრაობის შეფერხების გამო ამგვარი შეზღუდვები შეკრების თავისუფლების არსს ეწინააღმდეგება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, თუ შეკრება სხვათა გადაადგილების შეზღუდვის გარეშე შეუძლებელია, მაშინ უპირატესობა მას უნდა მიენიჭოს. სასამართლო ასაბუთებს ამ სტანდარტის ლოგიკასაც. კერძოდ, თუ შეკრების კონკრეტულ დროსა და ადგილის ჩატარების შეუძლებლობამ მას სრულად შეიძლება დააკარგვინოს მნიშვნელობა, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა დროებითია, და მათ შორის, გადაუდებელი სერვისების შემთხვევაშიც კი, მათი მიწოდება ალტერნატიული სავალი გზის საშუალებითაც არის შესაძლებელი.[1] ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლო შეკრების თავისუფლებით დაცულ სფეროში აქცევს შეკრების მონაწილეების მცდელობას "მიიპყრონ რაც შეიძლება მეტი ადამიანის ყურადღება", რისთვისაც ირჩევენ ხალხმრავალ ადგილებს, ქალაქის მთავარ ქუჩებსა თუ მოედნებს, კონკრეტული ორგანოებისა თუ დაწესებულებების ახლომდებარე ტერიტორიებს.[2]

ევროპული სასამართლო იმეორებს და ავსებს ამ სტანდარტებს, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებში, და ადგენს სამართალდამცავი უწყებების თმენის ვალდებულებას.[3] მეტიც, ასეთი თმენის ვალდებულება არსებობს თვითმიზნური შეფერხების შემთხვევაშიც. მაგალითად, ევროპული სასამართლო სამართალდამცავი ორგანოების თმენის ვალდებულების ფარგლებში აქცევს რამდენიმე საათით ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გზის ბლოკირებას,[4] ორი დღის განმავლობაში სამი მაგისტრალის ერთდროულ გადაკეტვას[5] და შეკრებაში შემდგომ ჩარევას სახელმწიფოს მხრიდან ასეთი თმენის ვალდებულების შესრულების გათვალისწინებით უშვებს.[6] რაც მთავარია, ზომები, როგორიცაა დაკავების ან/და პატიმრობის ზომები, მათი მსუსხავი ეფექტიდან გამომდინარე, არ უნდა იქნეს გამოყენებული არაძალადობრივი ქმედების პასუხად, როგორიცაა გზის გადაკეტვით მოძრაობის შეფერხება იმ შემთხვევაშიც თუ ის შეკრების წესებს არღვევს, ასეთი ზომების გამოყენებისას კი აუცილებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის უფრო სერიოზული რისკების დასაბუთება.[7] ევროპული სასამართლოს სიტყვებით, "სისხლის სამართლებრივი ღონისძიებების [რაც ევროპული კონვენციის მიზნებისთვის მოიცავს ადმინისტრაციულ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, მათ შორის, ჯარიმებსაც] პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენება ყოველთვის განსაკუთრებულ დასაბუთებას საჭიროებს და მშვიდობიანი პროტესტი, პრინციპის დონეზე, არ უნდა იწვევდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების რისკებს". [8]

აღსანიშნავია, რომ ეროვნული სასამართლოები შეფერხების "ხელოვნურობის" დასადგენად რაიმე განჭვრეტად სტანდარტს არ ეყრდნობიან და არც კი მსჯელობენ, თუ შეკრების მონაწილეების რა რაოდენობაა საკმარისი სატრანსპორტო მოძრაობის კანონიერი შეფერხებისთვის. შეკრების მონაწილეების დასჯის ამგვარი პრაქტიკა არღვევს კანონის გარეშე დასჯის აკრძალვის საბაზისო და აბსოლუტურ პრინციპსაც, რომელიც ევროპული სასამართლოს თანახმად, მოიცავს ინდივიდუალური ბრალის (mens rea) გარეშე დასჯის აკრძალვასაც.[9] ამასთან, მსგავსი ქმედებისთვის პასუხისმგებლობის დამდგენ კანონმდებლობაში ცვლილებების სიხშირიდან და ვიწრო მიზნებიდან გამომდინარე, დარღვეულია სამართლის უზენაესობის სხვა - კანონის სტაბილურობისა და ზოგადი ბუნების შესახებ - პრინციპებიც. [10]

რამდენიმე ტალღად დამძიმებული ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრად გააკრიტიკა ვენეციის კომისიამ[11] და ეუთო-ოდირმა, რომლებმაც ისინი "შეკრების მშვიდობიან მონაწილეებზე"  სისტემური რეპრესიების ჭრილში განიხილა და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, ისევე როგორც სამართლის უზენაესობის პრინციპებთან შეუსაბამოდ მიიჩნია. ეუთო-ოდირის ბოლო დასკვნაში ბუნდოვნად ფორმულირებული სამართალდარღვევებისთვის დამძიმებული სანქციები ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის [strict liability] ფორმად და პრევენციულ შეზღუდვად [prior restraint], უალტერნატივო/ავტომატური თავისუფლების აღკვეთის ზომები კი, განსაკუთრებით სახის ამოცნობის ტექნოლოგიებთან კომბინაციაში რუტინული გამოყენების გამო, სერიოზულ "მსუსხავ ეფექტის" მატარებლად იქნა შეფასებული. მეტიც, ეუთო-ოდირმა პირდაპირ მიუთითა სახელმწიფოს მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნების არაავთენტურობაზე და რეალური მიზნებისა და აღსრულების პრაქტიკების უფლებრივ სტანდარტებთან შეუსაბამისობაზეც.[12]

ეუთო-ოდირის შეფასებით, სისხლის სამართლის სანქციების დაწესება იმ ქცევის საპასუხოდ, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით შეიძლება ლეგიტიმური და კანონიერი იყოს, გამოიწვევს თვითნებურ თავისუფლების აღკვეთას.

მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რომ "ქართული ოცნება" ყველა შესაძლო საშუალებით ებრძვის მშვიდობიან პროტესტს და შეკრების მონაწილეების მიმართ ფაქტობრივად სრულად საპატიმრო სანქციებზე ორიენტირებულ დასჯის მეთოდებს ირჩევს. განსაკუთრებით პრობლემურია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ინსტრუმენტალიზების შემდეგ "ქართული ოცნება" სულ უფრო აქტიურად იყენებს სისხლისსამართლებრივ მექანიზმებს პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ.

ამ ეტაპისთვის აფგან სადიგოვისთვის გამოძიების დაწყების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს აფგან სადიგოვის ინტერესების დაცვას და საზოგადოებას საქმესთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას მიაწვდის.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 14/12/2023, პ. 38-41. https://matsne.gov.ge/ka/document/view/6004741?publication=0

[2] იგივე, პ. 35, ასევე 40.

[3] Oya Ataman v. Turkey, 2006, §§ 41-42; Bukta and Others v. Hungary, 2007, § 34; Navalnyy and Yashin v. Russia, 2014, § 63; Makarashvili and Others v. Georgia, 23158/20, §85, 1 September 2022; Peradze and Others v. Georgia, no. 5631/16, §36, 15 December 2022; Mzhavanadze and Rukhadze v. Georgia, nos. 29760/21 and 33931/21, §69, 15 July 2025

[4] Barraco v. France, 2009, no. 31684/05, 5 March 2009, პარა 43, 46-47.

[5] Kudrevičius and Others v. Lithuania [GC], 2015, პარა 97-98, 150.

[6] Primov and Others v. Russia, 2014, § 119, Kudrevičius and Others v. Lithuania [GC], 2015, § 155; Malofeyeva, 2013, §§ 136-37; Navalnyy v. Russia [GC], 2018, § 131-133; see also Mzhavanadze and Rukhadze v. Georgia, 2025, § 77; Frumkin v. Russia, 2016, § 97.

[7] Navalnyy v. Russia [GC], 2018, § 136-137; Peradze and Others v. Georgia, §35; Gün and Others v. Turkey, no. 8029/07, §83, 18 June 2013; Akgöl and Göl v. Turkey, nos. 28495/06 and 28516/06, §43, 17 May 2011

[8] Peradze and Others v. Georgia, §35.

[9] Yüksel Yalçınkaya v. Türkiye [GC], 2023, §242, 268.

[10] სამართლის უზენაესობის ყველაზე მინიმალისტური გაგებით კანონი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ის უნდა იყოს ზოგადი იმ გაგებით, რომ ის პირთა წინასწარ განუსაზღვრელ წრეს მიემართება (მიუკერძოებელი და არა ტარგეტირებული ad hominem); საჯაროდ მიღებული; მომავალ ქმედებაზე ორიენტირებული; განჭვრეტადი; წინააღმდეგობრივი შინაარსისგან დაცლილი; შედარებით სტაბილური (მაგ. ყოველდღიურად არ უნდა იცვლებოდეს); მისი შესრულება შესაძლებელი უნდა იყოს; აღსრულება გამოკვეთილად არ უნდა დაშორდეს კანონის კეთილსინდისიერ განმარტებას. იხ. L. L. Fuller, The Morality of Law: Revised Edition (Yale University Press, 1969).

[11] ვენეციის კომისიის დასკვნა (03.03.2025), §§ 52, 55.

[12] ეუთო-იდირის დასკვნა (14.03.2025), §35, 93-99.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“