საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63


სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება ზურა მენთეშაშვილისთვის სასჯელის სახით 9-თვიანი პატიმრობის შეფარდებას და მიგვაჩნია, რომ მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობისთვის პირის სისხლის სამართლის წესით მსჯავრდება უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და წარმოადგენს ადამიანის უფლებების საბაზისო პრინციპების იმგვარ უგულებელყოფას, რომელიც აუცილებლად უნდა გახდეს საქმეში მონაწილე პირების სამომავლო პასუხისმგებლობის საფუძველი.
გუშინ 29 მაისს, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გზის გადაკეტვის გამო 9-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა 61 წლის აქტივისტს, ზურაბ მენთეშაშვილს. მენთეშაშვილს 1 ნოემბრიდან აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, შესაბამისად, ის საპატიმროს მიმდინარე წლის 1 აგვისტოს დატოვებს.
ზურაბ მენთეშაშვილის 31 ოქტომბერს დააკავეს და მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს. უფრო ზუსტად, პროკურატურა მენთეშაშვილს გზის ხელახლა გადაკეტვას ედავებოდა, რაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი „ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით გახდა შესაძლებელი.
2025 წლის 16 ოქტომბრის საკანონმდებლო ცვლილებებით, სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლით ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯადი გახადა შსს-ის მიერ დაშლილ აქციაში მონაწილეობა, გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, ნიღბით სახის დაფარვა, დროებითი კონსტრუქციის მოწყობა ან ცრემლსადენი საშუალების ტარება იმავე ქმედებებისთვის სახდელდადებული პირის მიერ.
საქართველოს საკონსტიტუციო და ევროპულ სასამართლოების პოზიციით, მოძრაობის შეფერხების გამო ამგვარი შეზღუდვები შეკრების თავისუფლების არსს ეწინააღმდეგება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, თუ შეკრება სხვათა გადაადგილების შეზღუდვის გარეშე შეუძლებელია, მაშინ უპირატესობა მას უნდა მიენიჭოს. სასამართლო ასაბუთებს ამ სტანდარტის ლოგიკასაც. კერძოდ, თუ შეკრების კონკრეტულ დროსა და ადგილის ჩატარების შეუძლებლობამ მას სრულად შეიძლება დააკარგვინოს მნიშვნელობა, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა დროებითია, და მათ შორის, გადაუდებელი სერვისების შემთხვევაშიც კი, მათი მიწოდება ალტერნატიული სავალი გზის საშუალებითაც არის შესაძლებელი.[1] ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლო შეკრების თავისუფლებით დაცულ სფეროში აქცევს შეკრების მონაწილეების მცდელობას "მიიპყრონ რაც შეიძლება მეტი ადამიანის ყურადღება", რისთვისაც ირჩევენ ხალხმრავალ ადგილებს, ქალაქის მთავარ ქუჩებსა თუ მოედნებს, კონკრეტული ორგანოებისა თუ დაწესებულებების ახლომდებარე ტერიტორიებს.
რაც მთავარია, ზომები, როგორიცაა დაკავების ან/და პატიმრობის ზომები, მათი მსუსხავი ეფექტიდან გამომდინარე, არ უნდა იქნეს გამოყენებული არაძალადობრივი ქმედების პასუხად, როგორიცაა გზის გადაკეტვით მოძრაობის შეფერხება იმ შემთხვევაშიც თუ ის შეკრების წესებს არღვევს, ასეთი ზომების გამოყენებისას კი აუცილებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის უფრო სერიოზული რისკების დასაბუთება.[2] ევროპული სასამართლოს სიტყვებით, "სისხლის სამართლებრივი ღონისძიებების [რაც ევროპული კონვენციის მიზნებისთვის მოიცავს ადმინისტრაციულ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, მათ შორის, ჯარიმებსაც] პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენება ყოველთვის განსაკუთრებულ დასაბუთებას საჭიროებს და მშვიდობიანი პროტესტი, პრინციპის დონეზე, არ უნდა იწვევდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების რისკებს". [3]
შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული ქმედებებისთვის პასუხისმგებლობის დამძიმების რამდენიმე ტალღა მკაცრად გააკრიტიკა ვენეციის კომისიამ და ეუთო-ოდირმა, რომლებმაც ისინი "შეკრების მშვიდობიან მონაწილეებზე" სისტემური რეპრესიების ჭრილში განიხილა და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, ისევე როგორც სამართლის უზენაესობის პრინციპებთან შეუსაბამოდ მიიჩნია.[4] ეუთო-ოდირის ბოლო დასკვნაში ბუნდოვნად ფორმულირებული სამართალდარღვევებისთვის დამძიმებული სანქციები ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის [strict liability] ფორმად და პრევენციულ შეზღუდვად [prior restraint], უალტერნატივო/ავტომატური თავისუფლების აღკვეთის ზომები კი, განსაკუთრებით სახის ამომცნობ ტექნოლოგიებთან კომბინაციაში რუტინული გამოყენების გამო, სერიოზულ "მსუსხავ ეფექტის" მატარებლად იქნა შეფასებული. მეტიც, ეუთო-ოდირმა პირდაპირ მიუთითა სახელმწიფოს მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნების არაავთენტურობაზე და რეალური მიზნებისა და აღსრულების პრაქტიკების უფლებრივ სტანდარტებთან შეუსაბამობაზეც.[5]
საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა საქართველოს სახალხო დამცველმაც.[6] კერძოდ, კონსტიტუციური სარჩელით, მათ შორის, სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დაწესებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენისათვის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის, მათ შორის, არასრულწლოვანისა და ორგანიზატორის მიმართ დაწესებული თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამდენად, მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის გამო ზურა მენთეშაშვილისთვის სისხსისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება ქვეყანაში არსებული ადამიანის უფლებების უმწვავესი კრიზისის და სამართლის უზენაესობის პრინციპის რღვევის გამოვლინებაა. სისხლისსამართლებრივი ზომების გამოყენება ისეთი ქმედებაზე პასუხად, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით შეკრების თავისუფლებით დაცულ სფეროში ექცევა, თავისუფლების თვითნებურ აღკვეთად უნდა მივიჩნიოთ.
[1] საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 14/12/2023, პ. 38-41. https://matsne.gov.ge/ka/document/view/6004741?publication=0.
[2] Navalnyy v. Russia [GC], 2018, § 136-137; Peradze and Others v. Georgia, §35; Gün and Others v. Turkey, no. 8029/07, §83, 18 June 2013; Akgöl and Göl v. Turkey, nos. 28495/06 and 28516/06, §43, 17 May 2011.
[3] ] Peradze and Others v. Georgia, §35.
[4] ვენეციის კომისიის დასკვნა (03.03.2025), §§ 52, 55.
[5] ეუთო-იდირის დასკვნა (14.03.2025), §35, 93-99.
ინსტრუქცია