საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2024 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემები გააანალიზა. ამჯერად, ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს მდებარე დასახლებებზე გამახვილდა.
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში მდებარეობს. სოფლების სრული სია სახელმწიფოს მხრიდან საჯაროდ არ არის გამოქვეყნებული, შესაბამისად, მონაცემების ანალიზისას ორგანიზაცია გაეროს ქალთა ფონდის კვლევაში მითითებულ 116 დასახლებას დაეყრდნო.
მონაცემთა ანალიზისას იკვეთება, რომ დასახლებებში გვხვდება როგორც მოსახლეობის მატების, ისე კლების ტენდენციები. ცალკეულ დასახლებებში კი კლება დრამატულია.
მოსახლეობა რაოდენობრივად ყველაზე მეტად რუხში (482 ადამიანით), დირბში (297-ით), ხურჩაში (295-ით), განმუხურსა (279-ით) და ორსანტიაში (258-ით) შემცირდა. მონაცემებით ასევე იკვეთება, რომ, სულ მცირე, 21 დასახლებაში (მათ შორის, გუგუტიანთკარი, ციცაგიანთკარი, ზადიანთკარი, ქალაღალი და ხურჩა) მოსახლეობა წინა აღწერასთან შედარებით 20%-ით მაინც შემცირდა. ამ დასახლებების ნაწილში (მაგ., გაღმა ხაიში (-69.7%), ხურჩა (-55.1%), ქვემო შუახევი (-42.9%), ზადიანთკარი (-40.5%)) კლება კიდევ უფრო დიდია და 40%-საც აღემატება.
სტატისტიკის მიხედვით, გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა 2024 წელს (დაახლ. 44 ათასი ადამიანი) 2014 წელთან (დაახლ. 47 ათასი ადამიანი) შედარებით დაახლოებით 6%-ით შემცირდა. კლება თვალშისაცემია აფხაზეთთან გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის შემთხვევაში - მაცხოვრებელთა რაოდენობა დაახლოებით 12%-ით შემცირდა.
მოსახლეობის რაოდენობის კლება უფრო დრამატულია იმ შემთხვევაში, თუ მონაცემებს უფრო ადრეულ სტატისტიკას, კერძოდ, 2002 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებს შევადარებთ. როგორც მაჩვენებლებიდან იკვეთება, 2002 წლის შემდგომ, სოფლებში მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 37%-ით შემცირდა. აფხაზეთთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისთვის ეს მაჩვენებელი 53%-ზე მეტია, ხოლო სამხრეთ ოსეთთან/ცხინვალის რეგიონთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისთვის - 23%-ზე მეტი. ამასთან, უნდა აღინიშნოს მონაცემების სიზუსტესთან დაკავშირებული გამოწვევები - როგორც 2002, ისე 2014 წლებში ცალკეული სოფლები გაერთიანდა ან გაიყო, ყოველივე ეს კი მნიშვნელოვნად ართულებს ზუსტი მაჩვენებლების გამოთვლის შესაძლებლობას. შესაბამისად, აუცილებელია, მოცემული მონაცემების ინტერპრეტაცია ზემოაღნიშნული დათქმით განხორციელდეს.
წლების განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა უმძიმეს პირობებში აგრძელებს მათი უსაფრთხოება მუდმივი რისკის ქვეშაა - მოსახლეობა ექვემდებარება თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ხშირია რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ მოქალაქეთა გატაცების შემთხვევები.
უსაფრთხოების გამოწვევების პარალელურად, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის შეზღუდულია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სიკეთეებზე წვდომა, მათ შორისაა, ჯანდაცვა და ღირსეული სოციალური დაცვა, სასმელი და სარწყავი წყალი, სამუშაო ადგილები, სასოფლო-სამეურნეო მიწა, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ჯერ კიდევ წლების წინ მოუწოდებდა მთავრობას, მოსახლეობის სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად ქმედითი ღონისძიებები მიეღო. მიუხედავად გარკვეული ნაბიჯებისა, უახლესი ანგარიშებიც კვლავ უთითებს ადგილობრივთა მძიმე უფლებრივ მდგომარეობაზე. მოსახლეობის რეალური მხარდაჭერის არასაკმარისობის პირობებში, დემოგრაფიული მდგომარეობის კიდევ უფრო მეტად გაუარესება გარდაუვალი გახდება.




ინსტრუქცია