[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / განცხადება

გამყოფი ხაზის გარშემო მდებარე სოფლების მოსახლეობა სახელმწიფოსგან საგანგებო მხარდაჭერას საჭიროებს

სოციალური სამართიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) მოუწოდებს ხელისუფლებას გამყოფი ხაზის გარშემო მდებარე სოფლების უსაფრთხოების დაცვა და მათი სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერა მის გადაუდებელ პრიორიტეტებში მოაქციოს და ომით დაზარალებული სოფლების მაცხოვრებლების ზრუნვაზე, კეთილდღეობაზე და სასიცოცხლო სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე აქტიური ძალისხმევა მიმართოს.

აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა. ომმა მნიშვნელოვანი ზიანი და დანაკლისი მოუტანა ქვეყანას და ომით დამდგარი ადამიანური, პოლიტიკური, უსაფრთხოების და სოციალური ზიანი სახელმწიფოსგან მრავალ დონეზე რეაგირებას საჭიროებს. წარმოდგენილ განცხადებაში გვსურს ყურადღება გამყოფი ხაზის გარშემო მდებარე სოფლების საჭიროებებსა და ინტერესებს დავუთმოთ.  

გამყოფი ხაზის გარშემო სოფლების (მთლიანობაში 116 სოფელი, რომელიც გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის, ონის, საჩხერის, წალენჯიხისა და ზუგდიდის  მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სოფელს მოიცავს) მდგომარეობის ანალიზი აჩვენებს, რომ ომით დაზარალებული მოსახლეობის ნაწილი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, მათ დიდ ნაწილს კი შეზღუდული აქვს წვდომა სასიცოცხლო რესურსებსა და საბაზისო  სოციალურ ინფრასტრუქტურაზე, მაგალითად როგორიცაა, სასმელი წყალი, სარწყავი წყალი, საძოვრები, ამბულატორიები, საბავშვო ბაღები.

გამყოფი ხაზის სოფლების ნაწილში პოლიციის პოსტი განთავსებული არ არის და ადგილობრივები, რომლებსაც საოკუპაციო ძალების სიახლოვეს უწევთ ცხოვრება, უსაფრთხოების მუდმივი რისკის წინაშე დგანან. მათ საკუთარ სოფელშიც კი უჭირთ თავისუფალი გადაადგილება, განსაკუთრებით ზოგიერთ მონაკვეთში. ბორდერიზაციის თვითნებური პოლიტიკის კვალდაკვალ კი ჩვენი ათეულობით მოქალაქე უკანონო პატიმრობის მსხვერპლი ხდება.[1]

იმ სოფლებში, სადაც სოფლის სივრცის ნაწილი ოკუპაციის ხაზის იქით მოექცა, მოსახლეობამ საძოვრების, ბაღების რესურსის ნაწილი დაკარგა და სახელმწიფოს სანაცვლო მიწის რესურსები მათთვის არ გადაუცია. სახელმწიფოს არ აქვს ამ სოფლებისთვის სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის დამატებითი პროგრამებიც. მოსახლეობისთვის კი, რომლისთვისაც შემოსავლის ძირითადი წყარო სოფლის მეურნეობას უკავშირდება, ეს მდგომარეობა განსაკუთრებით დამაზიანებელი ხდება.  

ომით დაზიანეული სოფლების ნაწილში პრობლემურია საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის პრობლემა და ომიდან 13 წლის შემდეგაც მათ ომის ნანგრევებში უწევთ ცხოვრება. ამ კუთხით განსაკუთრებით შემაშფოთებელია ზარდიანთკარისა და გუგუტიათკარის სოფლებში არსებული მდგომარეობა.[2] ზარდიანთკარში მოსახლეობა 2013 წელს დაბრუნდა და მათ 5 წლის განმავლობაში გავერანებული და გამხმარი ბაღების სრულყოფილ აღდგენაშიც კი არ დაეხმარა სახელმწიფო.  

დევნილი ოჯახების გარკვეული ნაწილი სხვა ჩასახლების ობიექტებში აგრძელებს ცხოვრებას და მათთვის სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზება 90-იანი და 2008 წლის ომების შემდეგაც კი სახელმწიფოს  არ მოუხდენია.

ამ სოფლებიდან მაღალია მიგრაციის ტალღა და ახალგაზრდების ძირითადი ნაწილი ტოვებს სოფელს. უნდა ითქვას, რომ ომით დაზარალებულ სოფლებში არ არსებობს ახალგაზრდული პოლიტიკა და მათზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო პროგრამები.

ჩვენთვის ბუნდოვანია თუ რა არის ამ სოფლებში სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის თვალშისაცემი სისუსტის მიზეზი. ცხადია, გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები ამ სოფლებში ბოლო წლებში ჩანს, რაც ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტების გამართვას, მთის კანონით დადგენილ შეღავათებას, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის საერთო პროგრამებს უკავშირდება, თუმცა ეს არ არის ძირეული ინტერვენციები, რომელიც ომის გამო ისედაც დაზიანებულ, მოწყვლად და ტრამვირებულ მოსახლეობას არსებით შვებას მოუტანდა. ჩვენს სრულად ვიაზრებთ, რომ ამ მხარდაჭერასა და ინტერვენციებს დიდი ოდენობით ფინანსური რესურსების მობილიზება სჭირდება, თუმცა მაინც ბუნდოვანია, ომიდან 13 წლის თავზეც რატომ გამოიყურება ეს სოფლები ასე ჩამორჩენილად, ღარიბად და მიტოვებულად. ამ მდგომარეობაზე ადგილობრივი მოსახლეობა ჩვენთან გულისტკივილით უთითებს, რომ მათ რჩებათ განცდა, რომ ამ სოფლების გამაგრების ინტერესი ხელისუფლებას არ აქვს.

აგვისტოს ომმა მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას და დღეს უკვე გაყოფილ საზოგადოებებს. ომს მოჰყვა დიდი ადამიანური მსხვერპლი, დაკარგული ტერიტორიები, დევნილობა, სიღარიბე. მან კიდევ უფრო დააშორა ერთმანეთს ოსური და ქართული საზოგადოებები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველების უფლებრივი და სოციალური მდგომარეობა გალსა და ახალგორში ორმაგად დაამძიმა. ქვეყანაში გაძლიერდა რუსეთის სამხედრო და შესაბამისად, პოლიტიკური გავლენების და მანიპულაციების შესაძლებლობები. ამ დრომდე დეოკუპაციის პოლიტიკის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები სუსტია და ის არაღიარების ტრაფარეტული დიპლომატიური მცდელობებით იფარგლება, შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკამ კი მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური ცვლილებები ჯერ კიდევ ვერ მოიტანა. კონფლიქტების მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, ისეთი მინიმალური მიღწევებიც კი, რომელიც მაგალითად, გადაადგილების თავისუფლებას, ვაჭრობას, კონფლიქტის რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების ოპერირებას,  de facto რეჟიმებთან მაღალ დონეზე დიალოგის მდგრადი ფორმატების არსებობას დაუკავშირდება, არ გვაქვს. 

თუმცა გასაკვირია, რომ რთული და კომპლექსური პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხების მიღმა, ისეთი საკითხების გადაწყვეტაც კი, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლის  ქვეშ ექცევა და გამყოფი ხაზის გარშემო სოფლების უსაფრთხოების ეფექტიან დაცვას, განვითარებასა და საბაზისო ინფრასტრუქტურაზე წვდომას უკავშირდება, კვლავ გადაუჭრელი რჩება.   

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს მთავარობას

შეიმუშავოს ქმედითი, შემჭირდოებულ დროში გაწერილი კონკრეტული გეგმა, რომელიც გამყოფი ხაზის გარშემო სოფლების სოციალურ და ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს უპასუხებს და დამატებითი და საგანგებო ძალიხმება გაწიოს აქ მცხობრები ომით დაზარალებული მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერისთვის.

გადახედოს გამყოფი ხაზის გარშემო მდებარე სოფლებში უსაფრთხოების გეგმებს და პოლიციის პუნქტების გამართვის, პატრულირებისა და უსაფრთხოების სხვა სქემები უსაფრთხოების რისკებს და აქ მცხოვრები ადამიანების შიშებს დაუახლოვოს.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] შენიშვნა: უკანონო დაკავებების რაოდენობა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით: 2009 წელი – 91 შემთხვევა; 2010 წელი -114 შემთხვევა; 2011 წელი - 84 შემთხვევა; 2012 წელი - შემთხვევა 192; 2013 წელი – 393 შემთხვევა; 2014 წელი – 375 შემთხვევა; 2015 წელი – 336 შემთხვევა; 2016 წელი - 193 შემთხვევა; 2017 წელი - 52 შემთხვევა; 2018 წელი - 28 შემთხვევა; 2019 წელი - 27 შემთხვევა; 2020 წელი - 13 შემთხვევა.

უკანონო დაკავებების რაოდენობა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით:  2009 წელი – 79 შემთხვევა; 2010 წელი -77 შემთხვევა; 2011 წელი - 140 შემთხვევა; 2012 წელი - შემთხვევა 108; 2013 წელი – 139 შემთხვევა; 2014 წელი – 142  შემთხვევა; 2015 წელი – 163 შემთხვევა; 2016 წელი - 134 შემთხვევა; 2017 წელი - 126 შემთხვევა; 2018 წელი - 100 შემთხვევა; 2019 წელი - 86 შემთხვევა; 2020 წელი - 64 შემთხვევა. ).     

[2]  შენიშვნა: მხოლოდ 2020 წლის 20 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის შესახებ სოფელ ზარდიანთკარში 2008 წლის ომის შემდეგ დაზიანებული სახლების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“