[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / განცხადება

ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად რატიანის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება

 

ხვალ, 2025 წლის 14 აგვისტოს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამორჩეული თანამედროვე ქართველი პოეტის ზვიად რატიანის სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება.  ზვიად რატიანის ინტერესებს სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს.

სასამართლო განიხილავს მხარეთა მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს, ასევე 23 ივნისს დაკავებული ზვიად რატიანისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმის - პატიმრობის ძალაში დატოვების მიზანშეწონილობას.

25 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა ზვიად რატიანს პატიმრობა შეუფარდა იმ საფუძვლით, რომ სახეზე იყო ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

ზვიად რატიანის დაპატიმრება აღკვეთის ღონისძიების სადამსჯელო ფორმით გამოყენების კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია, ვინაიდან გირაოს გამოყენება სრულად უზრუნველყოფდა ბრალდებულის მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის პრევენციას. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატები დაკავებულის პატიმრობიდან გათავისუფლებისა და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს ხვალაც მიმართავენ.

ბრალდების მხარე პატიმრობის გამოყენების მიზანშეწონილობას, მათ შორის, იმ ფაქტით ასაბუთებდა, რომ ზვიად რატიანს 19-ჯერ ჰქონდა გადაკეტილი გზა რუსთაველის გამზირზე, რაც სისხლის სამართლის საქმესთან კავშირში არ არის. გარდა ამისა, უსაფუძვლოა მოწმეზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების რისკებზე მითითებაც, იმის გათვალისწინებით, რომ ამ საქმეში ძირითადი მტკიცებულებები უკვე არის წარდგენილი სასამართლოში - საქმეში მტკიცებულებად დევს ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი და გამოკითხულები არიან პოლიციელები, რომელთა მიმართაც, ბრალდების მხარის პოზიციით, არსებობდა ზემოქმედების საფრთხე.  შესაბამისად, პროკურორს უნდა მიეთითებინა დამატებით რა სახის მტკიცებულების მოპოვებას შეუქმნიდა საფრთხეს ზვიად რატიანის მიმართ არასაპატიმრო ღონისძიების (გირაოს) შეფარდება. აღკვეთის ღონისძიების საფუძვლების ასეთი შაბლონური განმარტება, პატიმრობის, როგორც უკიდურესი ღონისძიების ბუნებას ეწინააღმდეგება და ფაქტობრივად, ნებისმიერ პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეში იძლევა ბრალდებულის დაპატიმრების შესაძლებლობას.

ზვიად რატიანს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531[1]ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიგვაჩნია, რომ განსახილველი ქმედების პოლიციელზე თავდასხმად  კვალიფიკაცია აშკარად დაუსაბუთებელია. ზვიად რატიანის ქმედება არ იყო იმ ინტენსივობის, რომ მისი სისხლისსამართლებრივი დასჯა გამართლებულიყო, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა სისხლის სამართლის მექანიზმები უკიდურესი ზომა უნდა იყოს. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა ცალსახად არ არის ჩამოყალიბებული განჭვრეტადი ფორმით, რაც პრაქტიკაში არაერთგვაროვანი განმარტებებისა და არაკეთილსინდისიერი გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

ზვიად რატიანი ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ გამხდარა პოლიციის მხრიდან დევნისა და ძალადობის სამიზნე. პირველად ზვიად რატიანი 2017 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მის დაკავებას წინ უძღოდა პოლიციელების მხრიდან ირონიული და არაეთიკური კომენტარები ჩაცმულობასთან დაკავშირებით. პოლიციის განყოფილებაში მიყვანამდე ის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა. მოგვიანებით კი, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მისი დისკრედიტაციის მიზნით გაავრცელა დაკავებული და ნაცემი ზვიად რატიანის კადრები.

ზვიად რატიანი ძალოვნების სამიზნე 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ დაწყებულ აქციებზეც გახდა. 29 ნოემბრის ღამეს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ის ადმინისტრაციული წესით (წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით) დააკავეს. დაკავებისას სამართალდამცავებმა პოეტი გრძელ კორდონში გაატარეს და ფიზიკურად სასტიკად უსწორდებოდნენ, რის შედეგადაც ზვიად რატიანს მეხუთე მალის, ცხვირის ძვლისა და ძგიდის მოტეხილობა,  აგრეთვე თავსა და მთელ სხეულზე სხვადასხვა სიმძიმის ჰემატომები, დაჟეჟილობები აღენიშნებოდა. დაკავებიდან 2 კვირაში, 12 დეკემბერს, საპროტესტო აქციაზე მიმავალ რატიანს საკუთარ სახლთან შავფორმიანი ე.წ. ტიტუშკები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს ზვიად რატიანის ინტერესების დაცვას. სასამართლო განხილვის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით განახლებულ ინფორმაციას.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს პასუხსიმგებლობას პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმისთვის.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“