[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

EMC ზვიად რატიანის საქმეს ეხმაურება

pjimage-3-2

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) პოლიციის მხრიდან ზვიად რატიანის შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტს და ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „“ ქვეპუნქტით - უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების სავარაუდო ფაქტზე თბილისის პროკურატურის მიერ მიმდინარეობს. ზვიად რატიანის ინტერესებს გამოძიების პროცესში EMC-ის წარმომადგენლები იცავენ.

როგორც ცნობილია, 2017 წლის 23 დეკემბერს, საღამოს საათებში ზვიად რატიანი მარტო იმყოფებოდა თამარ მეფის გამზირზე, როდესაც ის სპეციალური საპოლიციო კონტროლის ფარგლებში შეაჩერა ძველი თბილისის სამმართველოს მეხუთე განყოფილების რამდენიმე თანამშრომელმა. პოლიციელთა ირონიული კომენტარები ზვიად რატიანის ჩაცმულობის თაობაზე, კითხვები, იმყოფებოდა თუ არა ის ნასვამ მდგომარეობაში მისი გაღიზიანებისა და შეპასუხების და პოლიციელებთან არაეთიკური ქცევის მიზეზი გახდა, რის შემდეგაც ზვიად რატიანის განმარტებით, მას ხელებზე და ფეხებზე დაადეს ბორკილები და ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში, სადაც მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ზვიად რატიანის დაკავების მიზეზად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში მითითებულია წვრილმანი ხულიგნობა - მისი მხრიდან თამარ მეფის გამზირზე უმისამართო ლანძღვა-გინება და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად.

ზვიად რატიანი დაკავების შემდგომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მასზე ძალადობის რამდენიმე ეპიზოდზე საუბრობს, მათ შორის: თამარ მეფის გამზირზე დაკავების შემდეგომ ავტომანქანაში, ძველი თბილისის სამმართველოს მეხუთე განყოფილებიდან დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისას მტკვრის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე და დროებითი მოთავსების იზოლატორთან საათზე მეტი ხნის განმავლობაში ავტომანქანაში დაყოვნების პერიოდში.

დროებითი მოთავსების იზოლატორში მიღებისას ზვიად რატიანის სამედიცინო შემოწმების, ასევე იზოლატორის დატოვების შემდეგ ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევებით, ზვიად რატიანს სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები, მას ასევე დაუდგინდა ტვინის შერყევა. რატიანის ფიზიკურ დაზიანებებს პოლიციის თანამშრომლები დაკავების დროს დაკავებულის წინააღმდეგობის საპასუხოდ მათ მიერ პროპორციული ძალის გამოყენებით ხსნიან, თუმცა დაზიანებების რაოდენობა და ინტენსივობა, ტვინის შერყევის სამედიცინო დიაგნოზი, ასევე გარკვეული წინააღმდეგობა პოლიციის მიერ შედგენილ საქმის მასალებში, არადამაჯერებელს ხდის პოლიციელთა ამ ვერსიას.

  • რეიდის ჩატარების წესების დაუცველობა

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ აბსტრაქტული საფუძვლებით, დანაშაულის ზოგადი პრევენციის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო კონტროლის განხორციელება, რა დროსაც ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირი შეიძლება დაექვემდებაროს პოლიციის მხრიდან შემოწმებას, წარმოადგენს არაპროპორციულ და არათანაზომიერ ჩარევას მოქალაქეთა უფლებებში. რეიდის ფარგლებში ზვიად რატიანის შეჩერებასთან დაკავშირებით იკვეთება ამ საპოლიციო ღონისძიების კანონით დადგენილი წესის დაუცველად ჩატარებაც. რეიდის განხორციელებისას სავალდებულოა, პოლიციელი აღჭურვილი იყოს სამხრე ვიდეო-კამერით, რომელიც ჩართულ მდგომარეობაში უნდა იყოს მოქალაქესთან კონტაქტის დროს და სრულად აფიქსირებდეს მოქალაქესთან კომუნიკაციის ყველა ეპიზოდს. ზვიად რატიანის ახსნა-განმარტების მიხედვით, მისი დაკავების შემდგომ პოლიცია გარკვეულ ეპიზოდებს აფიქსირებდა მობილური ტელეფონით და არა სამხრე ვიდეო-კამერით. ცხადია, ფრაგმენტულად მობილური ტელეფონით გადაღებული კადრები ინციდენტის სრულად აღბეჭდვის საშუალებას არ ქმნის.

  • საქმის ბუნდოვანი გარემოებები

ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, თამარ მეფის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეჩერებული იქნა ზვიად რატიანი, რომელიც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და იგინებოდა უმისამართოდ. თუმცა, პოლიციელთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მიხედვით, რატიანის შეჩერება მოხდა რეიდის ფარგლებში, რომ დადგენილიყო მისი ვინაობა. ოქმების თანახმად, რატიანის გაღიზიანება და გინება დაიწყო მას შემდეგ, რაც პოლიციამ მას პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენა სთხოვა. შესაბამისად, ბუნდოვანია რა ვერსიაზე საუბრობს პოლიცია და რა გახდა რეალურად ინციდენტის პროვოცირების საფუძველი. ამ საკითხის დასადგენად საჭიროა, სასამართლო განხილვის დროს, პოლიციამ წარმოადგენს სრული ვიდეო ჩანაწერი, რომელიც უწყვეტ რეჟიმში აღწერს პოლიციის კონტაქტს ზვიად რატიანთან.

  • სავარაუდო არასათანადო მოპყრობის საქმის გამოძიება

პოლიციის კონტროლის ქვეშ მყოფი ზვიად რატიანის ცემის თაობაზე დაწყებული გამოძიების დროულად და ეფექტიანად წარმართვისთვის მნიშვნელოვანია გამოძიების პროცესში მისი ჩართულობის უზრუნველყოფა და მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება. მის სხეულზე არსებული დაზიანებების სამედიცინო გამოკვლევის შედეგები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და დაკავების ოქმში აღნიშნული ინფორმაცია ამ ფიზიკური დაზიანებების თაობაზე საკმარის საფუძველს ქმნის ზ. რატიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებისთვის.

აქვე უნდა ითქვას, რომ საწყის ეტაპზევე გამოძიების სწორად და ეფექტურად წარმართვისთვის მნიშვნელოვანია ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასება და სათანადო კვალიფიკაცია. მოცემულ შემთხვევაში, ზვიად რატიანი უთითებს პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მისი დაკავების შემდგომ ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, რის გამოც გამოძიების დაწყება სსკ-ის 333-ე მუხლით არ შეესაბამება საქმეში არსებულ გარემოებებს, მათ შორის, მიღებული დაზიანებების სიმძიმეს. ამასთან, ყურადღების მიღმა რჩება პოლიციის ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი პირის წინააღმდეგ განზრახ დამამცირებელი მოპყრობა ფიზიკური ტკივილის გამოწვევით. ამდენად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია აღნიშნული საქმე გადაკვალიფიცირდეს და შეფასდეს სსკ-ის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებად - მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობად.

გამოძიების ეფექტიანობისთვის ასევე მნიშვნელოვანია, საგამოძიებო ორგანომ მოიძიოს პოლიციის თანამშრომელთა და ზვიად რატიანის კონტაქტის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები. როგორც რატიანი უთითებს, თავდაპირველად თამარ მეფის გამზირზე დაწყებული მისი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა გაგრძელდა აღმაშენებლის გამზირზე არსებული პოლიციის განყოფილებიდან დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანის დროს მანქანაში და გზაზე, ასევე დროებითი მოთავსების იზოლატორის შესასვლელთან ავტომანქანაში. საგამოძიებო ორგანომ უნდა დაადგინოს პოლიციის თანამშრომელთა სამსახურებრივი მანქანებით ზვიად რატიანის გადაადგილების ტრაექტორია, და ამოიღოს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები კერძო თუ საჯარო დაწესებულებებიდან, ვინაიდან ისინი შესაძლოა ასახავდეს პოლიციის თანამშრომელთა და ზვიად რატიანს შორის მომხდარი ინციდენტის დეტალებს.

პოლიციის რამდენიმე თანამშრომლის მიერ ზვიად რატიანზე განხორციელებული ძალადობის თაობაზე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში რატიანი მიუთითებს, რომ მას შეუძლია იმ პოლიციელთა ამოცნობა, რომლებიც მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. აქედან გამომდინარე, დროულად უნდა დადგინდეს ყველა იმ პოლიციელის ვინაობა, რომლებიც ზვიად რატიანის დაკავებისას და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანის დროს მის ცემაში მონაწილეობდნენ და ჩატარდეს პირის ამოსაცნობად წარდგენის საგამოძიებო მოქმედება.

გამოძიების ფარგლებში ასევე მნიშვნელოვანია იმ ავტომანქანების იდენტიფიცირება, რომლებიც 2017 წლის 23 დეკემბრის საღამოს გამოიყენებოდა პოლიციის თანამშრომელთა მიერ ზვიად რატიანის დაკავებისა და ჯერ ძველი თბილისის სამმართველოს მეხუთე განყოფილებაში გადაყვანის, შემდეგ კი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისთვის. ზვიად რატიანი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტავს, რომ პოლიციელები მასზე ყველაზე ინტენსიურად ფიზიკურად ძალადობდნენ სწორედ მისი ავტომანქანაში მოთავსების დროს. შესაბამისად, შესაძლოა აღნიშნულ ავტომანქანებში მოიპოვებოდეს ზვიად რატიანზე ძალადობის ამსახველი მტკიცებულებები, რის გამოც მიზანშეწონილია სათანადო ექსპერტიზის დანიშვნა.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ:

  1. თბილისის პროკურატურას:

ზვიად რატიანის გამოძიების პროცესში ჩართულობის მიზნით მიენიჭოს მას დაზარალებულის სტატუსი;

გამოძიება საქმეზე წარიმართოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;

გამოძიების ეფექტიანად წარმართვის მიზნით დროულად იქნეს ამოღებული ვიდეოკამერების ჩანაწერები რატიანის დაკავებიდან დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანამდე პერიოდში პოლიციის თანამშრომელთა ავტომანქანით გადაადგილების ტერიტორიებიდან;

ჩატარდეს ზვიად რატიანის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში მონაწილე პოლიციელთა ამოცნობა;

ჩატარდეს ზვიად რატიანის პოლიციის განყოფილებასა და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისთვის გამოყენებული ავტომანქანების ექსპერტიზა.

  1. შინაგან საქმეთა სამინისტროს:

შემუშავდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ძალის გადამეტების პრევენციის ერთიანი სტრატეგია და დაიგეგმოს სისტემური რეფორმა საპოლიციო დანაყოფებში;

  1. საქართველოს პარლამენტს და მთავრობას:

პოლიციის მიმართ ნდობის გაზრდის და დაუსჯელობის პრობლემის დაძლევის მიზნით, შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელსაც ექნება მსგავსი შემთხვევების გამოძიების და სისხლისსამართლებრივი დევნის კომპეტენცია.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“