საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63


2026 წლის 1 ივნისს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მიმდინარე უწყვეტი დემონსტრაციების აქტიური მონაწილის - ნინო კალანდიას სახელით ევროპულ სასამართლოში სარჩელი წარადგინა. სარჩელი შეეხება 2025 წლის მარტში, რუსთაველის გამზირზე პროტესტში მონაწილეობისთვის, ე.წ. გზის ხელოვნური გადაკეტვისთვის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ (5) მუხლი) დაკისრებულ ჯამში 30 000 ლარის ოდენობის ჯარიმებს, რასაც საბოლოოდ ნინო კალანდიას საბანკო ანგარიშებისა და მისი შშმ შვილის საპენსიო ანგარიშის დაყადაღება მოჰყვა.
ნინო კალანდიას საქმე, ევროპის სასამართლოში აქამდე წარდგენილ სხვა საქმეებთან ერთად, ასახავს რუსთაველის პროტესტის ჩახშობის სახელმწიფოს სისტემურ პოლიტიკას, მათ შორის, ამ პოლიტიკის განსახორციელებლად მიღებულ რეპრესიულ კანონმდებლობას. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, ნინო კალანდიას დაეკისრა 5000 ლარის ოდენობის 6 ჯარიმა, რაც მანამდე მოქმედ სანქციასთან შედარებით 10-ჯერ არის გაზრდილი და ჯამში (30 000 ლარი) ქვეყნის საშუალო წლიურ ხელფასზე მეტია. ამასთან, აღნიშნული ჯარიმების გასაჩივრების ტვირთიც, როგორც ზემდგომ ორგანოში, ისე სასამართლოში, სრულად თავად მას დაეკისრა. აღსანიშნავია, რომ რეპრესიული ცვლილებების მორიგი ტალღის შედეგად, აღნიშნული სამართალდარღვევისთვის სანქცია კიდევ უფრო გამკაცრდა და ახლა უკვე სავალდებულო ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება.
ნინო კალანდია ათასობით მოქალაქეს შორის იყო (2024-2025 წლებში შსს-მ შეკრების წესების 8 200 დარღვევა დააფიქსირა), რომლებსაც აქციის დასრულების შემდეგ, სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამოყენებით იდენტიფიცირების საფუძველზე, ინდივიდუალური ბრალეულობის შესახებ მტკიცებულებების გარეშე დაეკისრათ მნიშვნელოვანი ჯარიმები. კერძოდ, შსს-ს მიერ წარდგენილ ვიდეომასალაში ასახული იყო ნინო კალანდიას მიერ უკვე გადაკეტილ გზის სავალ ნაწილზე დგომის ფაქტი, თუმცა არ იყო ნაჩვენები, შეეწინააღმდეგა თუ არა იგი პოლიციის რაიმე მითითებას ან/და რა როლი ითამაშა მან გზის გადაკეტვაში. მეტიც, წარმოდგენილი ვიდეოებიდან იკვეთებოდა, რომ ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა დროებით დაუშვეს გზის გადაკეტვა და თავადვე მიმართეს ზომებს სატრანსპორტო მოძრაობის რეგულირების მიზნით. შსს-ს არ უცდია ალტერნატიული ვერსიის დადასტურებაც, მათ შორის, ადგილზე მყოფი პოლიციელების გამოკითხვის ან სასამართლოში მათი მოწმის სახით წარდგენის გზით.
სასამართლო პროცესზე შსს-ს ძირითადი არგუმენტაცია ეფუძნებოდა შეკრების თავისუფლების ვიწრო განმარტებას, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული თავისუფლების ფარგლებს გარეთ ექცევა ნებისმიერი შეკრება, რომელიც თუნდაც დროებით დისკომფორტს იწვევს. როგორც საქალაქო, ასევე სააპელაციო სასამართლოებმა გაიზიარეს ეს განმარტება და სამართალდარღვევად მიიჩნიეს ნინო კალანდიას მონაწილეობა რუსთაველის გამზირზე გამართულ მშვიდობიან აქციაში, იმ საფუძვლით, რომ პროტესტის გამოხატვა შესაძლებელი იყო ტროტუარიდანაც. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამართალდარღვევის დადგენისთვის არარელევანტური იყო ადგილზე მყოფი პოლიციელების ქცევა, მათ შორის, ის გარემოება, რომ პოლიციას არ მიუთითებია გზის გათავისუფლების აუცილებლობაზე ან შესაძლო პასუხისმგებლობაზე.
ევროპულ სასამართლოში კალანდია დავობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6, მე-7, მე-11 და მე-18 მუხლების დარღვევაზე, რომლებიც, შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლებას, კანონის გარეშე დასჯის აკრძალვას, შეკრების თავისუფლებას და ამ უფლებების შეზღუდვისთვის დაუშვებელი ფარული მიზნების გამოყენების აკრძალვას ითვალისწინებს.
სამართლიანი სასამართლოს უფლების ნაწილში, ნინო კალანდიას საქმეში დარღვეული იყო უდანაშაულობის პრეზუმფცია და დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, სასამართლომ იხელმძღვანელა რა ბრალის პრეზუმფციით და სამართალდარღვევის არსებობა დაადგინა ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებების გარეშე. კანონიერების პრინციპის დარღვევის კუთხით, ნინო კალანდიას პასუხისმგებლობა დაეკისრა კანონის ცალსახად არაგონივრული და განუჭვრეტელი სასამართლო განმარტების საფუძველზე, რომელიც არ ითვალისწინებდა ინდივიდუალური ბრალის აუცილებლობას.
შეკრების თავისუფლების დარღვევა გამოიხატა რამდენიმე მიმართულებით: პირველ რიგში, ინდივიდუალური პასუხისმგებლობის უგულებელყოფით; მეორე მხრივ, იმ სტანდარტის იგნორირებით, რომლის თანახმადაც, ადგილზე მყოფმა სამართალდამცავებმა შეკრების სანქცირების ნაცვლად, პროპორციული ზომები უნდა მიიღოს გზის ეტაპობრივი გახსნის უზრუნველსაყოფად, პროტესტის არჩეული ფორმით გამოხატვისთვის საკმარისი დროისა და სივრცის დათმობის შემდგომ. გარდა ამისა, სასამართლომ, პრობლემური კანონმდებლობის შეკრების თავისუფლებასთან შესაბამისი განმარტების ნაცვლად, ეს თავისუფლება ისე დაავიწროვა, რომ ნებისმიერი დისკომფორტი მისი შეზღუდვის საკმარის საფუძვლად აქცია.
ეს განმარტებები, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელისთვის დაკისრებული ჯამური ჯარიმის ოდენობა ქვეყნის საშუალო წლიურ ხელფასზე მეტია მნიშვნელოვან “მსუსხავ ეფექტს” ქმნის შეკრების თავისუფლებისთვის. რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების ინტენსიურობისა და დაჩქარებული მიღების, აგრეთვე სახის ამომცნობი ტექნოლოგიების მასშტაბური გამოყენების ფონზე, როდესაც ადგილზე სატრანსპორტო მოძრაობის უზრუნველყოფისთვის ეფექტიანი ზომებიც არ ყოფილა მიღებული, მყარდება ეჭვი, რომ შეკრების თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი გადაადგილების თავისუფლების დაცვა არ იყო და კონვენციის მე-18 მუხლთან წინააღმდეგობაში რეალურად პროტესტის ჩახშობას ემსახურებოდა.
როგორც აღინიშნა, ნინო კალანდია მხოლოდ ერთია იმ ათასობით მოქალაქეს შორის, რომლებიც მშვიდობიანი პროტესტისთვის მძიმე სანქციების გამოყენებით დაისაჯნენ. შესაბამისად, ამ საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ექნება მნიშვნელობა არა მხოლოდ კონკრეტული ინდივიდუალური დარღვევის, არამედ სახელმწიფოს მხრიდან პროტესტის სისტემური შეზღუდვის, მისი ჩახშობის მიზნის შეფასების თვალსაზრისითაც.
ინსტრუქცია