[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / კვლევა

საკონსტიტუციო კონტროლის ბოროტად გამოყენება საქართველოში

Library Thumbnail Image

გვერდების რაოდენობა:  96

გამოცემის წელი:  2025

მკვლევრები:  ანა პაპუაშვილი

საკონსტიტუციო_კონტროლის_ბოროტად_გამოყენება_საქართველოში_1748937620.pdf

შესავალი

კონსტიტუციური დემოკრატია საფრთხეშია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რიგი ქვეყნების ლიდერები ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ამგვარ წესრიგს. დემოკრატიაზე ბოლოდროინდელი თავდასხმების მთავარი განმასხვავებელი ნიშანია მათი თითქოსდა კანონიერი ელფერი. ჩვენი დროის ავტორიტარები მეტწილად ფორმალურ და არაფორმალურ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ჩვეულებრივ სამართლებრივ საშუალებებს მიმართავენ კონსტიტუციური წესრიგის იმგვარად გადასაკეთებლად, რომ საარჩევნო თამაში საკუთარ ინტერესებს მოარგონ.

თანამედროვე ავტორიტარების ხელთ არსებული საშუალებებიდან ერთ-ერთია სასამართლო ხელისუფლების ბოროტად გამოყენება, რაც მართლმსაჯულებას რეჟიმის მნიშვნელოვან იარაღად, მის განმახორციელებელ ორგანოებს კი - ავტორიტარების შორსმიმავალი გეგმის არსებით ნაწილად მოიაზრებს.

თანამედროვე აკადემიურ ლიტერატურაში სულ უფრო ხშირად გვხვდება სასამართლო სისტემის კონკრეტული აქტორების - საკონსტიტუციო სასამართლოების და მათ მიერ განხორციელებული საკონსტიტუციო კონტროლის ბოროტად გამოყენების შემთხვევების ანალიზი, რომლის თეორიული კონცეპტუალიზება დევიდ ლანდაუმ და როზალინდ დიქსონმა შემოგვთავაზეს 2020 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში - „სასამართლო კონტროლის ბოროტად გამოყენება: სასამართლოების წინააღმდეგ“.[1]. თეორიული ჩარჩო მკითხველს სთავაზობს „საკონსტიტუციო კონტროლის ბოროტად გამოყენების“ განმარტებას, ვრცლად აანალიზებს სასამართლო კონტროლის ბოროტად გამოყენების, როგორც ავტორიტარული რეჟიმების სტრატეგიის ლოგიკას - რატომ და როგორ მიმართავენ რეჟიმები სასამართლოს დახმარებას, და მის ტიპოლოგიას - „ძლიერი“ და „სუსტი“ ფორმების სახით. სუსტ შემთხვევებს ადგილი აქვს, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოები საკუთარი დუმილით ან სტრატეგიული დათმობით მხარს უჭერენ ან ხელს უწყობენ პოლიტიკური ხელისუფლებების ავტორიტარულ მიდრეკილებებს, ძლიერი ფორმის დროს კი, ისინი აქტიურად მონაწილეობენ რეჟიმის მიერ დემოკრატიული და კონსტიტუციური წესრიგის ჩამოშლის პროცესში. საბოლოოდ, საკონსტიტუციო კონტროლის ბოროტად გამოყენება ავტორიტარული მმართველობების, როგორც არსებითად ლეგიტიმაციანაკლული რეჟიმების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოების ნდობასა და ლეგიტიმაციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პარაზიტირების შემთხვევაა, რომელიც რეჟიმის მხრიდან დროსა და სათანადო მოხერხებით გამოყენებას საჭიროებს. თუმცა გეგმის წარუმატებლობის შემთხვევაში ასეთი სასამართლოები ვერც რეჟიმებისთვის ასრულებენ სასურველ როლს და ამ პროცესში საკუთარ ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასა და საზოგადოებრივ ნდობასაც კარგავენ. ეს მოცემულობა დემოკრატიული ცვლილებების შანსის შემთხვევაში, საბოლოოდ, მათ რეჟიმის ნანგრევების ქვეშ აქცევს. ამ მდგომარეობიდან გამოსვლა კი სასამართლოს სრულად რეფორმირებით და დაკარგული ლეგიტიმაციის წლობით თავიდან შენებით არის შესაძლებელი.

წინამდებარე დოკუმენტი ამ თეორიული ჩარჩოს საფუძველზე განიხილავს საკონსტიტუციო კონტროლის ბოროტად გამოყენების ქართულ მოდელს, რომელიც მისი უნიკალური მახასიათებლების მიუხედავად, სამწუხაროდ, სრულად ჯდება ამ ჩარჩოში. დოკუმენტი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მთელი არსებობის მანძილზე განხორციელებული ინსტიტუციური, საკანონმდებლო და პერსონალური ცვლილებების, ასევე ამ სასამართლოს მიერ ბოლო წლებში მიღებული, ქვეყნის კონსტიტუციური წყობილებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების კრიტიკული ანალიზის ფონზე განიხილავს, როგორ იქცა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული და საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი ინსტიტუცია ჯერ ავტორიტარული მიდრეკილებების მქონე პოლიტიკური ხელისუფლების მდუმარე მოკავშირედ, შემდეგ კი ავტორიტარული კონსოლიდაციის გზაზე შემდგარი რეჟიმის აქტიურ აპოლოგეტად, რომლის გადაწყვეტილებების სავალალო შედეგები დღემდე უმძიმეს გავლენას ახდენს საქართველოში ბოლო წლებში მუდმივად მზარდ პოლიტიკურ, საზოგადოებრივ  და კონსტიტუციურ კრიზისზე.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ამგვარი კრიტიკა დღეს არსებულ სამართლებრივ თუ პოლიტიკურ კონტექსტში აუცილებელი, თუმცა ნაწილობრივ დაგვიანებულიცაა. „ქართული ოცნების“ მმართველობის რთულ და წინააღმდეგობებით სავსე პერიოდში სამოქალაქო სექტორს და ფართო საზოგადოებას წლები დასჭირდა იმისათვის, რათა ამ სასამართლოს პოლიტიკური დამორჩილების სამწუხარო ფაქტისთვის თვალი გაესწორებინა, მიუხედავად იმისა, რომ რეტროსპექტივაში ეს პროცესი ჯერ კიდევ 2016 წელს დასრულდა და არა შემდგომ პერიოდში, პოლიტიკური ხელისუფლებისათვის მისაღები პირების მოსამართლეებად გამწესების, მნიშვნელოვან საქმეთა წლობით გაჭიანურებისა და მოგვიანებით უკვე საკონსტიტუციო კონტროლის ბოროტად გამოყენების ძლიერი ფორმების დამკვიდრების შედეგად. ეს პროცესი ასევე მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა საერთო სასამართლოების სისტემის და მისი ჩავარდნილი რეფორმის კრიტიკისაგან, რომელზეც კონსენსუსი უკვე წლებია არსებობს და რომელმაც არსებითი გავლენა მოახდინა, მათ შორის, სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციურ ჩამოშლაზე.

ამის მიუხედავად, დღეს, როდესაც ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოვლენების ფონზე დემოკრატიული რეფორმების ჩავარდნა და ინსტიტუტების მიტაცება აშკარაა, ამ შედეგების სისტემური ანალიზი და კრიტიკა მაინც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დემოკრატიული ცვლილებების შესაძლებლობის შემთხვევაში მხოლოდ პრობლემის სწორად მოხელთებითაა შესაძლებელი მისი გრძელვადიანად გადაწყვეტა. წინამდებარე დოკუმენტიც სწორედ ასეთი მცდელობაა და ვიმედოვნებთ, საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს მომავალზე მიმდინარე საზოგადოებრივ დისკუსიასა და დემოკრატიული ცვლილებების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს საფუძვლიან გაჯანსაღებასა და მის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის მშენებლობის საქმეში.

საკონსტიტუციო_კონტროლის_ბოროტად_გამოყენება_საქართველოში_1748937620.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] დევიდ ლანდაუ, როზალინდ დიქსონი, „სასამართლო კონტროლის ბოროტად გამოყენება: სასამართლოები დემოკრატიის წინააღმდეგ“, UC Davis Law Review, Vo. 53, 2020, ქართული თარგმანი ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/zrcEGzLi ; წვდომის თარიღი: 27.05.2025.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“