[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / კვლევა

ინსტიტუციური გამოწვევები პროკურატურის სისტემაში

Library Thumbnail Image

გვერდების რაოდენობა:  25

გამოცემის წელი:  2025

მკვლევრები:  ანა პაპუაშვილი

ინსტიტუციური_გამოწვევები_geo_1748505885.pdf

შესავალი

დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში პროკურატურა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელებაში. საკუთარი ფუნქციების სრულფასოვნად და სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებით შესრულებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ინსტიტუციის გამართულ ინსტიტუციურ მოწყობას, არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისთვის კი პროკურატურის ინსტიტუციური სისტემის სწორ ანალიზს. დღეისთვის, განვითარებულ დემოკრატიებში პროკურატურის, როგორც ინსტიტუციის რამდენიმე ძირითადი მოწყობა არსებობს, რაც ქვეყნების პოლიტიკურ და სამართლებრივ სისტემებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ინსტიტუტის საქმიანობა დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულების ურთიერთშემავსებელ პრინციპებზეა დაფუძნებული.

საქართველოში დღეს პროკურატურის სისტემა ცენტრალიზებულია და შიდა იერარქიით ხასიათდება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში მის საქმიანობასა და მოწყობასთან დაკავშირებით არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, მათ შორის კონსტიტუციურ დონეზეც, რის შედეგადაც პროკურატურის ინსტიტუციური სტატუსი და მოწყობა რამდენჯერმე არსებითად შეიცვალა. საბოლოოდ, პროკურატურას დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს სტატუსი მიანიჭა, თუმცა მხოლოდ საკანონმდებლო-ინსტიტუციურმა რეფორმებმა ვერ უზრუნველყო სისტემის რეალური დამოუკიდებლობა, რაც თავისი არსით მართლმსაჯულების სისტემის მრავალწლიანი, თუმცა ფასადური ინსტიტუციური რეფორმის სავალალო შედეგებს ემგვანება. სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემების განვითარების ნაცვლად, ხელისუფლება, წლებია, პროკურატურაზე გავლენის შენარჩუნებისა და გაზრდის ინტერესს ავლენს, შესაბამისად, სისტემური რეფორმა და პროკურატურის დამოუკიდებლობისთვის ქმედითი მექანიზმების შექმნა საკანონმდებლო რეფორმების მიზანი არასდროს ყოფილა.

ბოლო პერიოდში, საქართველოში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური და საზოგადოებრივი კრიზისის ფონზე, სულ უფრო იზრდება პოლიტიკური და პარტიული გავლენები პროკურატურაზე, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე. ეს ტენდენცია განსაკუთრებით საგრძნობია პოლიტიკურად სენსიტიურ სისხლის სამართლის საქმეებში, სადაც ინდივიდუალური პროკურორების სახელითა და სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით უხეშად ირღვევა ადამიანის თავისუფლების, გამოხატვისა და სხვა ფუნდამენტური უფლებები. ამიტომაც, შესაძლო სამომავლო დემოკრატიული ცვლილებების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა დადგეს დღის წესრიგში როგორც მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის, ასევე პროკურატურის ფუნდამენტური რეფორმის საკითხი, რომელიც, თავის მხრივ, არსებულ მდგომარეობაზე დაკვირვებას და მის კრიტიკულ ანალიზს უნდა დაემყაროს.

წინამდებარე დოკუმენტი, რომელიც მოკლედ და კრიტიკულად მიმოიხილავს საქართველოს პროკურატურის სისტემაში დღეისათვის არსებულ ძირითად ინსტიტუციურ გამოწვევებს, სწორედ ასეთი მცდელობაა. დოკუმენტი კრიტიკულად მიმოიხილავს პროკურატურის სისტემის ძირითადი ორგანოების, გენერალური პროკურატურისა და საპროკურორო საბჭოს ხელთ თავმოყრილ უფლებამოსილებებს, ცალკე თავი კი სისტემის დემოკრატიულ ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებული ხარვეზების ანალიზს ეთმობა.

პროკურატურის სისტემის ინსტიტუციურ-სამართლებრივი მოწყობის ანალიზი ცხადყოფს, რომ

  • სისტემის მართვისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დომინანტური როლი ცენტრალურ ორგანოს - გენერალურ პროკურატურას აქვს მინიჭებული და მას გენერალური პროკურორი ხელმძღვანელობს. გენერალური პროკურორის ხელში ჭარბი ძალაუფლებაა კონცენტრირებული. ამასთან, თანამდებობაზე მისი შერჩევა-დანიშვნის წესები ვერ უზრუნველყოფს მიუკერძოებლობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით პირის განმწესებას;
  • 2015 წლიდან პროკურატურის სისტემაში არსებობს დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო - საპროკურორო საბჭო, რომელიც სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით შეიქმნა, თუმცა მას შეზღუდული უფლებამოსილებები აქვს და ქმედით ინსტიტუტად ვერ ჩამოყალიბდა. გამოწვევას წარმოადგენს საბჭოს დაკომპლექტების წესიც, რომელიც არ შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს;
  • პროკურატურის სისტემის ინსტიტუციური და ფუნქციური გამოწვევები არსებითად აზიანებს უწყების ანგარიშვალდებულებას, მის მიმართ საზოგადოებრივ ნდობას და აფერხებს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელებას.

ინსტიტუციური_გამოწვევები_geo_1748505885.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“