საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63


სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება 27 მაისს, პოლიციის მხრიდან პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას და მივიჩნევთ, რომ ეს შემთხვევა დაკავებულების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ნორმალიზებულ პრაქტიკად დამკვიდრების მორიგი მკაფიო დადასტურებაა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელებმა ჯგუფურად იძალადეს დაკავებულზე, პაპუნა ლოცულაშვილზე. 2026 წლის 27 მაისს გამოცემა „ქართლის ამბებმა“ გორის კომბინატში ჟურნალისტის მიერ გადაღებული კადრები გაავრცელა. ვიდეო მასალა ჟურნალისტებმა ლადო ბიჭაშვილმა და გიორგი ახალკაცმა გადაიღეს, სადაც ჩანს როგორ გაუსწორდა ათზე მეტი პოლიციელი ფიზიკურად ორ მოქალაქეს - პაპუნა ლოცულაშვილსა და ლაშა აბისონაშვილს. ჯგუფური ძალადობის შედეგად დაზარალებულს ნეკნი აქვს გატეხილი, ასევე დაზიანებები აღენიშნება სისხლნაჟღენთების, ნაკაწრების, ზედაპირული თავის ტრავმისა და სხივ მაჯის სახსრის დაჟეჟილობის სახით. პოლიციელებისგან ძალადობის მსხვერპლი გახდა დაკავებულის მეგობარიც, ლაშა აბისონაშვილი, რომელიც, როგორც თავად ამბობს, სიტუაციის გასარკვევად და გასანეიტრალებლად მივიდა. საქართველოს პროკურატურის 2026 წლის 28 მაისს გავრცელებული განცხადებით, პროკურატურამ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი პირი დააკავა.
მიგვაჩნია, რომ დაკავებულის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის მძიმე კადრები პოლიციის უკონტროლო თვითნებობის მორიგი გამოვლინებაა და გამოძიების ფარგლებში პროკურატურის მიღებული გადაწყვეტილება ძალადობის კადრების გავრცელების რეაქციული შედეგია. ასეთ პირობებში, ცხადია, რომ ძალადობის ცალკეული ეპიზოდების იზოლირებულად შეფასება სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ინსტიტუციური, სისტემური პრობლემების რეალურ გადაწყვეტას.
როგორც აღინიშნა, 28 მაისს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქმეზე 6 პოლიციელია დაკავებული. ბუნდოვანია, რის საფუძველზე დააკავეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლებიდან მხოლოდ 6 პირი, დანარჩენები კი ამ დრომდე სამართლებრივი რეაგირების გარეშე რჩებიან. პროკურატურის გადაწყვეტილებაში პრობლემურია თავად დანაშაულის კვალიფიკაციის საკითხიც. ექვსივე დაკავებულს ბრალდება შედარებით მსუბუქი, ზოგადი სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით მოხდა და პროკურატურამ არ გამოიყენა სპეციალური (წამება, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა კვალიფიკაციები, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით არის განსაზღვრული.) მიმდინარე გამოძიების სათანადო მუხლით კვალიფიკაცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული საქმის ეფექტიანი გამოძიების კუთხით ადამიანის უფლებათა სამართლის პრიზმიდან, არამედ ასევე არსებითია სასჯელის როგორც სპეციალური, ისე გენერალური პრევენციის მიღწევის მიზნებისთვის და მნიშვნელოვან როლს ასრულებს წამების აკრძალვის პრინციპის რეალური და ქმედითი აღსრულებისთვის.
აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სამართალდამცავი სისტემა სრულად არის მოწყვეტილი სამართლის უზენაესობის, მართლწესრიგისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიზნებსა და საპოლიციო ძალადობა სისტემის ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილია. სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილი ძალადობის გამეორების პირობებს კი დაუსჯელობის ის გარემო ქმნის, როდესაც დღემდე არ იკვეთება სახელმწიფოს პოლიტიკური ნება, აღიაროს დარღვევების სისტემური ხასიათი. ამის საპირისპიროდ, ხელისუფლების წარმომადგენლების საჯარო განცხადებები ხშირად მიმართული იყო ძალადობის მსხვერპლთა დისკრედიტაციისა და საპოლიციო მოქმედებების ლეგიტიმაციისკენ, რაც დამატებით აძლიერებს დაუსჯელობის გარემოს. უფრო მეტიც, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძალადობაში ჩართული შსს-ს მაღალჩინოსნები მალევე, 2025 წლის 30 იანვარს ღირსების მედლებით დააჯილდოვეს. ამასთან ”ქართულმა ოცნებამ გააუქმა ”სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რითაც სამართალდამცავი ორგანოების უფრო დამოუკიდებელი, ობიექტური და ჯეროვანი გამოძიების ინსტიტუციური საფუძვლები განზრახ მოშალა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 7 მაისს გავრცელებული განცხადებით თბილისის პროკურატურამ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 5 პირი დააკავა. ამ შემთხვევაშიც, ეს გადაწყვეტილება ჟურნალისტურ გამოძიებაზე პასუხად, მოულოდნელად და დაჩქარებულად იყო მიღებული, რაც მისი პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო მიღების ეჭვებს აჩენდა. ამასთან, საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია, ვინ იღებდა კონკრეტულ ოპერატიულ გადაწყვეტილებებს გამოვლენილი სისტემური სასტიკი ძალადობის დროს სპეციალური საშუალებების გამოყენების, შეკრების დაშლისა და სპეცრაზმის მოქმედებების შესახებ. არ არის გამოკვეთილი არც პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ამ მასშტაბის და ინტენსივობის საპოლიციო ოპერაციები ვერ განხორციელდებოდა მაღალი პოლიტიკური თანხმობისა და კოორდინაციის გარეშე. ასევე, საზოგადოებას კარგად ახსოვს ჯერ კიდევ 2022 წლის იანვარში, თბილისში სამართალდამცავი უწყების მხრიდან გამოვლენილი ფიზიკური ძალადობა მხედველობის და სმენის შეფერხების მქონე არასრულწლოვანის მიმართ. ამ საქმეზეც სამართალდამცავის პასუხისგებაში მიცემა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ინციდენტის შემსწრე მოწმემ შემთხვევით გადაღებული ვიდეო-ჩანაწერი გაასაჯაროვა.
ამდენად, არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ გამოძიება, როგორც წესი, რეაგირებს მხოლოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და მტკიცებულებების საჯარო გავრცელების შემდეგ, ხოლო სისტემური პასუხისმგებლობის საკითხს კვლავ უგულებელყოფს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურამ ძალადობის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს არა მხოლოდ მედიაში ძალადობის კადრების საჯაროდ გავრცელების შემდეგ, არამედ ასევე დააყენოს ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხიც იმ სისტემურ, დაუსჯელ ძალადობაზე, რისი თანმდევი შედეგიც არის პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობა.
ინსტრუქცია