[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სახელით მოვითხოვთ პროკურატურისგან შსს-ს მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა თანამშრომლების მხრიდან გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, შსს-ს ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება ოფიციალურად მოითხოვა.

როგორც ცნობილია, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით თბილისში გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან გამოვლენილი ძალადობრივი ქმედებების ირგვლივ გამოძიება დაიწყო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე (უფლებამოსილების გადამეტება) და 154-ე (ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლა) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. 2024 წლის 1 ივლისიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების შემდგომ, ამ საქმეზე გამოძიებას თბილისის პროკურატურა აგრძელებს.

გამოძიების ფარგლებში სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს 60-მდე დაზარალებული პირის ინტერესებს და აქვს წვდომა სისხლის სამართლის ("სს") საქმის მასალებზე 2025 წლის იანვრის მდგომარეობით. სს საქმის მასალების გაცნობის შემდგომ, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამოძიების ფარგლებში წარადგინა არაერთი შუამდგომლობა საქმეზე ჩასატარებელი მნიშვნელოვანი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებების შესახებ.

კერძოდ:

  • საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლის აუცილებლობა: სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მოითხოვა საქმეზე სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციის შეცვლა და გამოძიების გაგრძელება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე, 1443-ე, 178-ე მუხლებით (რაც წამებას, დამამცირებელ, არაადამიანურ მოპყრობას და ძარცვას გულისხმობს), ვინაიდან სს სამართლის საქმის მასალების მიხედვით, შსს გდდ-ს თანამშრომლებმა აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ უფლებამოსილების გადამეტების მიღმა წამება, არაადამიანური მოპყრობა და ძარცვა ჩაიდინეს;
  • შეკრებების დაშლის ოპერაციების დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესების სისტემური შესწავლისა და რელევანტური მაღალჩინოსნების გამოკითხვის აუცილებლობა გამოძიების ფარგლებში. სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციის შეცვლის გარდა, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამოძიების ფარგლებში მოითხოვა ცალკეული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარება, რაც უმთავრესად უკავშირდება საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას აქციის დაშლის სამოქმედო გეგმების გამოთხოვას, შესწავლას, აქციის დაშლაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებას და ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე პირების იდენტიფიცირების მიზნით შსს-ს ხელმძღვანელი პირების გამოკითხვას. ამასთან ერთად, მოთხოვნილია შსს-ს მაღალი მენეჯერული რგოლის და უშუალოდ საპროტესტო აქციების მართვაზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, გდდ-ს დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის ზვიად ხარაზიშვილის გამოკითხვა, მათი კუთვნილი მობილური ტელეფონების, კომპიუტერული ტექნიკის გამოღება და ელექტრონული ფორმით განხორციელებული კომუნიკაციის შესწავლა;
  • რაციების სისტემაზე კომპიუტერულ-ტექნოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებისა და ოტო-დან შესაბამისი პირების გამოკითხვის აუცილებლობა: სს საქმის მასალებით დგინდება, რომ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას შსს-ს თანამშრომლები იყენებდნენ ხელის რადიოსადგურებს ე.წ. "რაციებს", რომელთა ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო. გამოძიების ფარგლებში არსებული სააგენტოს წერილის სააგენტოში არსებული სისტემა, რომელიც პასუხისმგებელია ხელის რადიოსადგურების მეშვეობით კომუნიკაციის გადაცემაზე და ჩაწერაზე 2024 წლის 28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით ხარვეზებით ფუნქციონირებდა, რის გამოც შეუძლებელი გახდა განხორციელებული კომუნიკაციის ჩაწერა და შენახვა. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური შინაარსის წერილი იძებნება 2024 წლის გაზაფხულზე გამართული საპროტესტო აქციების დროს გამოვლენილი არასათანადო მოპყრობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რის გამოც ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მნიშვნელოვანი მტკიცებულების განადგურებას ან დამალვას, რაც წარმოადგენს დანაშაულს. შესაბამისად, აღნიშნული საკითხების დადგენის მიზნით სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მოითხოვა ოტო-ს იმ სისტემებზე კომპიუტერულ-ტექნოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნა, რომელიც პასუხისმგებელია რაციებით გადაცემული კომუნიკაციის ჩაწერაზე და აგრეთვე ამ საკითხებზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და გამოკითხვა;
  • ვიდეო ჩანაწერების ამოღების აუცილებლობა დაკავებული პირების გადასაყვანი სატრანსპორტო საშუალებებიდან: სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამოძიების ფარგლებში აგრეთვე მოითხოვა საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების გადასაყვანი სატრანსპორტო საშუალებებიდან მონაცემების გამოთხოვა, ვინაიდან გამოძიების ფარგლებში გამოკითხული არაერთი პირი უთითებდა, რომ დაკავების შემდგომ გდდ-ს თანამშრომლებმა მათზე ფიზიკური ძალადობა ავტომობილებში გააგრძელეს;
  • გდდ-ს ყოფილი თანამშრომლის, ირაკლი შაიშმელაშვილის გამოკითხვის აუცილებლობა: აღსანიშნავია, რომ გამოძიების ფარგლებში სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აგრეთვე წარადგინა შსს გდდ-ს ყოფილი თანამშრომლის ირაკლი შაიშმელაშვილის ახსნა-განმარტება და ითხოვა მისი გამოკითხვა, რადგან შაიშმელაშვილი მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ფლობს მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც უკავშირდება საპროტესტო აქციების დაშლის დროს გადაწყვეტილებების მიღებას, აქციის მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენების უკანონობას, შსს-ს მაღალჩინოსნების მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას.

წარდგენილი შუამდგომლობებთან დაკავშირებით, საგამოძიებო ორგანომ და პროკურატურამ ფორმალურად გვაცნობეს, რომ გამოძიების მიმდინარეობისას ჩატარდებოდა ყველა რელევანტური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და მათი შედეგების გათვალისწინებით დაზუსტდებოდა სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაცია. ამ განმარტების მიუხედავად, ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია, ჩატარდა თუ არა მოთხოვნილი საგამოძიებო მოქმედებები, ვინაიდან საგამოძიებო ორგანო 2025 წლის იანვრის შემდგომ შეზღუდული გვაქვს წვდომა სამართლის საქმის მასალებზე.

ზემოთ მითითებული გარემოებების და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სს საქმის მასალებით ჩნდება დასაბუთებული ვარაუდი შსს-ს მაღალჩინოსნების მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის თაობაზე, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა პროკურატურას მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით მიმართა.

კერძოდ, საქმეში არსებული გარემოებებით დასტურდება, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირების მიმართ წამებასა და არასათანადო მოპყრობას ადგილი ჰქონდა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან როგორც შეკრების დაშლის ეპიზოდებში, როცა ხდებოდა სპეციალური საშუალებების უკანონო და არაპროპორციული გამოყენება, ისე ქუჩაში დაკავების დროსა და დაკავების შემდეგ, და საბოლოოდ, დაკავების შემდგომ შსს-ს კუთვნილ ავტომობილებში. აშკარაა, რომ დაკავებული პირების გადასაყვან სატრანსპორტო საშუალებებში მოქალაქეების მიმართ ძალადობა სისტემურ და წინასწარ ორგანიზებულ ხასიათს ატარებდა, რასაც მოქალაქეებისთვის მიყენებული დაზიანებების ხელწერა, პოლიციელების ქცევისა და გამოყენებული ენის განმეორებადი პატერნი ადასტურებს. მითითებულ პერიოდში, შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა ზვიად ხარაზიშვილი (იგივე "ხარება"). საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, ცალკეულ პირთა გამოკითხვის ოქმები აჩვენებს, რომ 2024 წლის 30 ნოემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე სრული ინფორმაცია ჰქონდა ხარაზიშვილის და, როგორც მინიმუმ, არ მოახდინა სათანადო რეაგირება დანაშაულის აღკვეთის მიზნით, რაც სამოხელეო დანაშაულს წარმოადგენს.

ამასთან ერთად, ხარაზიშვილის დანაშაულებრივი ქმედებები იკვეთება არამხოლოდ 2024 წლის 30 ნოემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეებზე ძალადობისა და მათ მიმართ სპეციალური საშუალებების უკანონოდ გამოყენების ნაწილში, არამედ იმ კუთხითაც, რომ ხარაზიშვილი სათანადოდ არ ასრულებდა, მასზე, როგორც გდდ-ს დირექტორზე დაკისრებულ მოვალეობებს. კერძოდ, ცნობილია, რომ სპეციალური ეკიპირების მქონე, გდდ-ს ნიღბიანი თანამშრომლები არ იყვნენ (და არიან) აღჭურვილნი სპეციალური ამოსაცნობი ნიშნებით, რის გამოც მათი მხრიდან ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები, მათ შორის 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტების მიმართ გამოვლენილი ქმედებები, ფაქტობრივად დაუსჯელი რჩება, რადგან ვერ ხერხდება გდდ-ს თანამშრომლების იდენტიფიცირება. გდდ-ს თანამშრომლების სათანადო ეკიპირებით აღჭურვის მონიტორინგი და მასზე დაქვემდებარებული პირების მხრიდან მოვალეობების ჯეროვნად შესრულებაზე პასუხისმგებლობა სწორედ ზვიად ხარაზიშვილს ეკისრებოდა, შესაბამისად, გამოძიების ფარგლებში აგრეთვე უნდა შეფასდეს, მისი მხრიდან ადგილი ხომ არ ჰქონდა განზრახ ქმედებას, რაც გდდ-ს თანამშრომლების მაიდენტიფიცირებელი ნიშნების განზრახ არ ქონასა და ძალადობის განზრახ შეწყნარებასა და დაუსჯელობის გარანტიის მიცემას უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ სს საქმის მასალები ხარაზიშვილის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გარდა, შსს-ს სხვა ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასაც ავლენს. მათ შორის, შსს-ს ყოფილი მინისტრის ვახტანგ გომელაურის, რომელიც იღებდა შეკრებების დაშლის ბრძანებებსა და ამ პროცესის სათანადო წარმართვაზე იყო პასუხისმგებელი. ამასთან, მედია საშუალებებით გავრცელებული კადრებით, დგინდება, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული აქციების დროს მოქალაქეთა მიმართ შსს-ს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ ძალადობას მუდმივად თვალს ადევნებდნენ საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მის მოადგილეები ალექსანდრე დარახველიძე, იოსებ ჭელიძე, გიორგი ბუთხუზი, შალვა ბედოიძე და გდდ-ს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები მირზა კეზევაძე და მილერი ლაგაზაური. დასახელებული პირების მონაწილეობას დანაშაულებრივ ქმედებებში ადასტურებს ირაკლი შაიშმელაშვილის ახსნა-განმარტებაც, სადაც მითითებულია, რომ შსს-ს მაღალჩინოსნებს აქვთ ინფორმაცია ძალადობის თაობაზე, თუმცა არაფერი გააკეთეს აშკარად დანაშაულებრივი ქმედებების აღსაკვეთად. უფრო მეტიც, ირაკლი შაიშმელაშვილის განცხადებით, ზოგიერთ შემთხვევებში ისინი თავადაც უშუალოდ იყვნენ ჩართულები დანაშაულებრივ პროცესებში.

სისტემური დაუსჯელობა, რაც გამოძიების დაწყებიდან თითქმის 8 თვის შემდეგ კვლავ აშკარად ჩანს, არღვევს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებს, რომლის შესრულება მას ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული და უნივერსალური მექანიზმებით, მათ შორის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით (ECHR) აკისრია. ეს რეალობა ეწინააღმდეგება წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის აბსოლუტურ ხასიათს და არღვევს სახელმწიფოს ვალდებულებას, ჩაატაროს ეფექტიანი, სწრაფი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება. გარდა ამისა, დაუსჯელობა ძირს უთხრის სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის მექანიზმის არსებობის აუცილებლობას, რაც სახელმწიფოს ავალებს არა მხოლოდ უზრუნველყოს ფორმალური ხელმისაწვდომობა სასამართლოზე, არამედ მისცეს რეალური შესაძლებლობა დაზარალებულებს დაიცვან თავიანთი უფლებები და მიიღონ ადეკვატური რეპარაცია. დაუსჯელობის კლიმატი სტრუქტურული გამოწვევაა, რომელიც ქმნის ძალადობის გამეორების პირობებს, ხელს უწყობს სახელმწიფოს ძალაუფლების ჭარბ კონცენტრაციას და ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რაც საბოლოოდ, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მოქალაქეებს, არამედ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს მთლიანობაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს თბილისის პროკურატურას განიხილოს წარდგენილი შუამდგომლობა და უზრუნველყოს ზ. ხარაზიშვილისა და შსს-ს სხვა მაღალჩინოსნების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“