[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

პოლიტიკოსებზე და აქტივისტებზე გახშირებული თავდასხმები ხელისუფლების მხრიდან წახალისებული და კოორდინირებული კამპანიის ნაწილია

სოციალური სამართლიანობის ცენტრი კიდევ ერთხელ ეხმაურება აქტივისტებზე და პოლიტიკოსებზე გახშირებულ თავდასხმებს და მიიჩნევს, რომ პროტესტის მონაწილეებზე ფიზიკური ანგარიშსწორება ქართული ოცნების მიერ დაგეგმილი და წახალისებული კოორდინირებული ძალადობრივი ქმედებების ნაწილს წარმოადგენს.

პოლიტიკურ პირზე თავდასხმის უკანასკნელი ინციდენტის შესახებ 2025 წლის 24 მაისს გახდა ცნობილი. პოლიტიკოსისა და ოპოზიციური პარტია “ძლიერი საქართველოს” წევრის, გრიგოლ გეგელიას მიერ მედიისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მას თბილისში ავტომობილით დაედევნა უცნობი პირი, რომელიც შემდგომ თავს დაესხა. გეგელია ამბობს, რომ მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე რამდენჯერმე დაარტყეს თავის არეში. პოლიტიკოსის თქმით, მან შეძლო ავტომობილის ნომრის დამახსოვრება და შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. შესაბამისად, პოლიციისთვის ინციდენტში მონაწილე ავტომობილის დადგენა რაიმე სახის ტექნიკურ სირთულესთან დაკავშირებული არაა.

საპროტესტო აქციებში მონაწილე პირზე თავდასხმის შესახებ 2025 წლის 11 მაისსაც გახდა ცნობილი. მოქალაქე თაია ცეკვავამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას გზაში ორი უცნობი მამაკაცი დახვდა, რომელთაგან ერთმა მას ე.წ. “წიწაკის სპრეი” შეასხა, შემდგომ კი მათ ერთობლივად დააგდეს ძირს. დაზარალებულის თქმით, თავდასხმა საპროტესტო აქციებში მის მონაწილეობას უკავშირდება, ვინაიდან თავდამსხმელებმა უთხრეს, რომ თუ ის აქციებში მონაწილეობას გააგრძელებდა, უარესისთვის უნდა ყოფილიყო მზად.

ამ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, 5 მაისს, საკუთარ კორპუსში თავს დაესხნენ აქტივისტ ნუცა მახარაძეს, რომელიც თავის მეგობრებთან, ასევე საპროტესტო აქციის მონაწილეებთან, ქეთი ჯანანაშვილთან და სალომე სარიშვილთან ერთად, ლიფტით მგზავრობდა. მახარაძე ჰყვება, რომ თავდამსხმელმა ლიფტის გაჩერებისთანავე, რკინის კარში არსებული ღიობიდან, ლიფტში ჯერ ე.წ. “წიწაკის სპრეი”, შემდგომ კი ბრილიანტის მწვანე შეასხა. აღსანიშნავია, რომ ლიფტში მყოფ პირებს ჯანმრთელობის დაზიანება მიადგათ, რაც “წიწაკის სპრეით” გამოწვეულ პირველი ხარისხის დამწვრობასა და სალომე სარიშვილის თვალის რქოვანას დაზიანებაში გამოიხატა.

განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ, როგორც ჩანს, ეს ინციდენტი იზოლირებული შემთხვევა არ ყოფილა და აქტივისტები იქამდეც განგრძობითი დევნის და თვალთვალის სამიზნე იყვნენ. თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე ნუცა მახარაძეს და მის მეგობრებს სახლში დაბრუნებისას, იმავე კორპუსთან, ნიღბიანი პირი დახვდათ და სადარბაზოში შეჰყვათ. ასევე, თავდასხმამდე პერიოდში, რამდენიმე კვირის განმავლობაში, ნუცა მახარაძეს და ქეთი ჯანანაშვილს უცხო პირები უთვალთვალებდნენ, რაც სხვა ქმედებებთან ერთად, ჯანანაშვილის მანქანის დაზიანებაშიც გამოიხატა. საერთო ჯამში, აქტივისტების მიმართ განხორციელებული ქმედებები, შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის, მათ შორის ძალადობის, დევნისა და ქონების დაზიანების ნიშნებს. ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას ამ დრომდე არ გამოუვლენია პასუხისმგებელი პირები.

მაისის დასაწყისში, პოეტი ზვიად რატიანი, ძალადობის მსხვერპლი უკვე მესამედ გახდა. პოეტი ჯერ 28 ნოემბერს სცემეს ძირითადად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხოლო შემდგომ 12 დეკემბერს დახვდნენ სადარბაზოსთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ. რატიანზე კიდევ ერთი ძალადობის შესახებ ინფორმაცია მაისის დასაწყისში გავრცელდა. მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის თანახმად (პოსტი ამჟამად საჯაროდ აღარ იძებნება), მას თავს ავტობუსში დაესხნენ. რატიანი წერდა, რომ ის პოლიციისთვის მიმართვას არ აპირებდა, რადგან შესაძლოა პასუხისმგებლობა პირიქით მისთვის დაეკისრებინათ.

აქტივისტებზე თავდასხმები განსაკუთრებით 2024 წლის გაზაფხულიდან, საქართველოს პარლამენტში ე.წ. რუსული კანონის ინიცირების შემდგომ გახშირდა, რასაც ანგარიშით გამოეხმაურა ავტორიტეტული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch. ამ დრომდე გამოუძიებელია აქტივისტზე, ნიკო მანაგაძეზე 2024 წლის ივნისში განხორციელებული თავდასხმა, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანან მასზე თავდამსხმელები. იმავე პერიოდში დაესხნენ თავს აქტივისტ კოტე აბდუშელიშვილს. თავდასხმა ამ შემთხვევაშიც ხალხმრავალ ადგილზე, თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე მოხდა, სადაც დამონტაჟებულია არაერთი სამეთვალყურეო კამერა. არცერთ ზემოაღნიშნულ შემთხვევაზე გამოძიების მიერ არ დადგენილა თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირები. ასევე, დღემდე გამოუძიებელია 2024 წლის გაზაფხულის აქციებზე პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ პროცესში ჩართულ პირებზე ჩასაფრებით განხორციელებული თავდასხმის საქმეები. ყოველივე ზემოაღნიშნული წარმოშობს მყარ ვარაუდს, რომ თავდამსხმელები კოორდინირებული კამპანიის ფარგლებში, დაუსჯელობის გარანტიით ჩადიოდნენ მითითებულ დანაშაულებს.

ჟურნალისტებზე, ადამიანის უფლებების დამცველებსა და აქტივისტებზე ზეწოლამ ახალ კრიტიკულ ზღვარს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და 28 ნოემბრის შემდგომ დაწყებული საპროტესტო აქციების შემდგომ მიაღწია. მიუხედავად ამისა, საგამოძიებო ორგანოები განზრახ არ დგამენ სათანადო ნაბიჯებს იმისთვის, რომ გამოავლინონ პასუხისმგებელი პირები. აღნიშნული ქმნის განცდას, რომ სახეზეა კოორდინირებული ქმედება და მმართველ პარტიასთან დაახლოებული, ან მათ გავლენას დაქვემდებარებული პირები დაუსჯელობის გარანტიით მოქმედებენ და პოლიტიკურ დავალებებს ასრულებენ. ამ დრომდე პასუხისგებაში არ მიუციათ გორელი აქტივისტის, ვახტანგ ფიცხელაურის გატაცებასა და მასზე ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები. 2024 წლის ზამთარში დაწყებული აქციების გაშუქებისას, არაერთი ჟურნალისტიც დაზარალდა. დღემდე დაუსჯელი არიან ჟურნალისტებზე, მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულზე თავდამსხმელი პირები. თავდამსხმელთა ვინაობა არ დაადგინეს არც ისეთ შემთხვევაზე, რომელიც პოლიციის უშუალო სიახლოვეს, მათ თვალწინ მოხდა. ასეთია, მაგალითად ჟურნალისტ მინდია გაბაძეზე თავდასხმის ფაქტი. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია ინციდენტს აკვირდებოდა, ეკიპაჟი არ დაედევნა თავდამსხმელებს და არც შემდგომ მიიღო ყველა ზომა მათი იდენტიფიცირებისთვის.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აპარატი პროტესტში მონაწილე პირებს მხოლოდ ფიზიკურ ძალას არ უპირისპირებს. წინააღმდეგობაში ჩართული მოქალაქეების დასაშინებლად სისტემა მიმართავს ტერორის სხვადასხვა ფორმას. ჯერ კიდევ დეკემბრის თვიდან სამართალდამცავი ორგანოები პოლიტიკოსებისა და აქტივისტების სამუშაო და საცხოვრებელ სივრცეებს ინტენსიურად ჩხრეკენ და ძირითადად, ელექტრონული საშუალებების ამოღებას ახორციელებდნენ. ამ მიზნით, ორჯერ გაჩხრიკეს ფეისბუქ-ჯგუფ “დაიტოვეს” დამფუძნებელთა საცხოვრებელი სახლები. 17 მარტს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დაყადაღდა იმ ფონდების საბანკო ანგარიშები და ფულადი სახსრები, რომლებიც საპროტესტო აქციების კონტექსტში სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ან დაჯარიმებულ პირებს ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა. ფონდების დაყადაღება მხოლოდ და მხოლოდ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო მუხტის შემცირებას ემსახურებოდა და წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი მექანიზმების პოლიტიკური მიზნით გამოყენების მაგალითს. ტერორის იმავე პრაქტიკის გაგრძელება საზოგადოებამ 29 აპრილს იხილა, რა დროსაც გაჩხრიკეს იმავე ფონდებთან და ორგანიზაციებთან დაკავშირებული პირების, “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის, “ნანუკას ფონდის” დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის, მისი შვილის მარიამ გეგუჩაძის, ასევე მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთი დამფუძნებლის, მარიამ ბაჯელიძისა და ფონდის “ერთმანეთისთვის” ხელმძღვანელის, გუგა ხელაიას სახლები.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, აქტივისტებზე, ჟურნალისტებზე, უფლებადამცველებზე და პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესებში აქტიურად ჩართულ პირებზე ფიზიკური თავდასხმები მათი დაშინების მიზანს ემსახურება და არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ იგი წარმოადგენს ერთიანი, კოორდინირებული კამპანიის ნაწილს. ამაზე მიუთითებს, მათ შორის, ის ფაქტი, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ერთ შემთხვევაზეც კი არ მოახდინეს თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და დასჯა.

ხელშეუხებლობის გარანტიით ჩადენილ კოორდინირებულ სისტემურ ძალადობაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ აქტივისტებზე თავდასხმის ფაქტების ამსახველი ვიდეო-ჩანაწერები, პრაქტიკულად არცერთ შემთხვევაში არ არის ხელმისაწვდომი. როგორც წესი, ინციდენტის შემდგომ, ოფიციალური უწყებები განმარტავენ, რომ ადგილზე არსებული კამერები ან ხარვეზით მუშაობენ, ან არ ახორციელებენ კადრების ჩაწერასა და შენახვას. აღნიშნული დასაბუთება რა თქმა უნდა, არადამაჯერებელია, მით უმეტეს, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, სახელმწიფო თუ კერძო სუბიექტების ფასადებზე არსებული სამეთვალყურეო კამერების რაოდენობის გათვალისწინებით. ამასთან, იმ საქმეებში, სადაც სამართალდამცავი ორგანოები აქციის მონაწილეთა პასუხისმგებლობას აყენებენ, ვიდეოჩანაწერები მინიმუმ ხელმისაწვდომია და ერთვის საქმის მასალებს. აღნიშნული აჩენს ეჭვებს, რომ აქტივისტებზე განხორციელებული თავდასხმების გამოუძიებლობის რეალური მიზეზი არა მტკიცებულებების არქონა, არამედ მათი განზრახ არ მოპოვება ან განადგურებაა.

ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, მოუწოდებს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებსა და მათი მითითებით მოქმედ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, რომ შეწყვიტონ სამოქალაქო აქტივისტების დატერორება და გამოიძიონ დევნისა და მათზე ძალადობის აქამდე დოკუმენტირებული ყველა შემთხვევა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“