[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

საპოლიციო რეჟიმი აგრძელებს მოქალაქეების ტერორს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება ადამიანის უფლებების დამცველების, აქტივისტების და ფონდების წარმომადგენლების სახლებში დღეს ჩატარებულ ჩხრეკას და მივიჩნევთ, რომ ფონდების დაყადაღების შემდეგ, მათი ხელმძღვანელი პირების და აქტივისტების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა მოქალაქეების სოლიდარობის წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი აგრესიული აქტია, რომელიც პროტესტის მონაწილეების დაშინებასა და ტერორს ემსახურება.

დღეს, 29 აპრილს, დილიდან, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია საქველმოქმედო ფონდების წარმომადგენლების, ადამიანის უფლებების დამცველების და აქტივისტების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკის მიმდინარეობის შესახებ. კერძოდ, დილის 8-9 საათიდან, ჩხრეკა ტარდებოდა “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის, “ნანუკას ფონდის” დამფუძნებელისა და ჟურნალისტის, ნანუკა ჟორჟოლიანის, მისი შვილის, მარიამ გეგუჩაძის, ასევე, მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთი დამფუძნებლის მარიამ ბაჯელიძისა და ფონდის “ერთმანეთისთვის” ხელმძღვანელის, გუგა ხელაიას სახლებში.

როგორც მოგვიანებით საქართველოს პროკურატურამ ოფიციალური განცხადებით განმარტა, ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარეობს. ამავე გამოძიების ფარგლებში, 2025 წლის 17 მარტს პროკურატურამ დააყადაღა რამდენიმე ფონდი, რომლებიც პატიმრებს, აქციის მონაწილეებსა და გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს ფინანსურად ეხმარებოდა. მითითებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს პროკურატურამ 2025 წლის 8 თებერვალს, საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" განცხადების საფუძველზე დაიწყო.

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ პოლიტიკურად და სოციალურად აქტიური პირების პირად ცხოვრებაში ჩარევა მკაცრ დასაბუთებას საჭიროებს. ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, სახელმწიფოს ქმედებები, რომლებიც ზღუდავს პოლიტიკურ აქტივობას, მაღალი დონის აუცილებლობის და პროპორციულობის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ამასთან, ჩხრეკა უნდა ჩატარდეს ისეთი ფორმით, რომელიც არ იქნება შემაშინებელი. ამის საპირისპიროდ, რამდენიმე ადგილას ჩხრეკა ჩატარდა არასრულწლოვნების თანდასწრებით, ისე რომ მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის ინტერესები საპოლიციო ორგანოების მხრიდან გათვალისწინებული არ ყოფილა. ამასთან, ის ფაქტი, რომ სხვადასხვა ფონდის დამფუძნებლების ბინებში ჩატარებულ ჩხრეკებს არ დაასწრეს მათი ადვოკატები, სწორედ დამაშინებელი და დაუცველი გარემოს შექმნას ემსახურება, რაც ზეწოლის კიდევ ერთ ბერკეტად უნდა იყოს აღქმული.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი მოვლენები საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული პირების ბინებისა და ოფისების ჩხრეკის პირველი შემთხვევა არ არის. რამდენიმე დღის წინ, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები ჩხრეკის მიზნით შევიდნენ დამოუკიდებელ პროფკავშირ “ლაბორის” ოფისში. გარდა ამისა, საგამოძიებო ორგანოები ჩხრეკის მიზნით ორჯერ შევიდნენ ჯგუფ “დაიტოვეს” დამფუძნებლების, სამოქალაქო აქტივისტების, ქრისტინე ბოტკოველისა და ილია ღლონტის საცხოვრებელ ბინებში, საიდანაც მობილური ტელეფონი და ლეპტოპი ამოიღეს. დეკემბრის თვეში, ასევე გაჩხრიკეს საპროტესტო აქციებში აქტიურად ჩართული პირის, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის, დოდი ხარხელის საცხოვრებელი სახლი.

ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო აქტივისტების სახლებიდან ყოველთვის ხორციელდება ელექტრონულ მოწყობილობების ამოღება. ასევე, აღსანიშნავია, რომ აქამდე, არც ერთ მსგავს ფაქტზე გამოძიების კონკრეტული შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი არ გამხდარა. მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვება აჩვენებს, რომ სისხლის სამართლის მექანიზმები თვითნებურად, მმართველი პარტიის ინტერესების შესაბამისად გამოიყენება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართული პირების წინააღმდეგ, რაც სამოქალაქო პოზიციის გამო მოქალაქეებზე ზეწოლისა და აქტივიზმში ხელშეშლის მკაფიო ნიშნებს შეიცავს და მათი საზოგადოებრივი პროცესებიდან ჩამოშორების მიზნებს ემსახურება. მიმდინარე გამოძიება კი “ქართული ოცნების” მიერ რეპრესიებისა და პოლიტიკური მართლმსაჯულების გზით ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის გაგრძელებაა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურასა და საგამოძიებო ორგანოებს, შეწყვიტონ სამოქალაქო პროცესებში აქტიურად ჩართულ პირებზე ზეწოლისა და სისხლისსამართლებრივი ინსტრუმენტების პოლიტიზების უკანონო პრაქტიკა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“