საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სხვადასხვა ფონდებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღების შესახებ გადაწყვეტილებებს და მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი პოლიტიკურად მოტივირებული ჩანს, გაუმართლებლად აჩერებს კონკრეტული სამოქალაქო ორგანიზაციების მუშაობას და საბოლოოდ მიზნად ისახავს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო მუხტის შემცირებასა და საპროტესტო აქციების მონაწილეთა დასჯას.
2025 წლის 17 მარტს, საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის თანახმად, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ყადაღა დაადო ა(ა)იპ "ნანუკას ფონდი"-ს , ა(ა)იპ "ფროსფერითი"-ს, ა(ა)იპ "ფონდი ერთმანეთისთვის 24/7"-ს, ა(ა)იპ "სირცხვილია"-ს და ა(ა)იპ "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი"-ს საბანკო ანგარიშებს და მათზე არსებულ ფულადი სახსრებს. თითოეულმა ფონდმა ყადაღის დადების თაობაზე მოულოდნელად სამუშაო პროცესში შეიტყო და მათ ამ დრომდე არ ჩაბარებიათ სასამართლოს განჩინებები.
პროკურატურის ინფორმაციით, ყადაღის დადების საფუძველს წარმოადგენს საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება, რომელიც ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებს.[1] პროკურატურის ინფორმაციით, მითითებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ ზემოთ დასახელებული ფონდები მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ახორციელებდნენ სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო და ცალკეულ შემთხვევებში, დანაშაულებრივი ქმედებების მატერიალურ მხარდაჭერას. აგრეთვე დასახელებული ორგანიზაციები წარმართავენ თანხებს სამართალდამრღვევი პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის მატერიალური დახმარების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, უზრუნველყოფენ სამართალდამრღვევი პირებისთვის დაკისრებული ჯარიმების გადახდას. პროკურატურას არ დაუზუსტებია ყადაღის დადების სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის, ის, თუ საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რომელი საფუძვლით განხორციელდა ფონდების საბანკო ანგარიშების დაყადაღება.
აღსანიშნავია, რომ მითითებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს პროკურატურამ 2025 წლის 8 თებერვალს, საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელსაც, მათ შორის, ნანა კაკაბაძე და ვატო შაქარაშვილი წარმოადგენენ.
ყადაღასთან დაკავშირებულ საკითხებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე და 152 მუხლები აწესრიგებს. ამ მუხლებით დადგენილი ძირითადი სამართლებრივი სტანდარტები შემდეგია:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ყადაღის დადების მექანიზმის გამოყენების კონსტიტუციურობაზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ. საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა სახელმწიფოს გააჩნდეს აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გამოყენების ლეგიტიმური საჯარო მიზანი, კერძოდ, ქონების ჩამორთმევის უზრუნველყოფის გზით მართლმსაჯულების ჯეროვანი განხორციელების, ნივთიერი მტკიცებულებების დაზიანებისგან დაცვის და ახალი დანაშაულის პრევენციის მიზნები, აღნიშნული მიზნების მიღწევა სახელმწიფომ შესაძლოა უზრუნველყოს საკუთრების მზღუდველი სხვა რეგულაციებით და არა ავტომატურად ქონებაზე ყადაღის დადებით, რომელიც როგორც უკანასკნელი საშუალება უნდა იყოს განხილული. ამდენად, იმისათვის რომ საერთო სასამართლოებმა მიიღონ გადაწყვეტილება ქონებაზე ყადაღის დადების საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენებაზე მნიშვნელოვანია შეფასდეს ყადაღის დადების მიზნობრიობა, ქონების მესაკუთრის შემხებლობა ქონების მიმართ ჩადენილ შესაძლო დანაშაულთან და გამოყენებული მექანიზმის პროპორციულობა.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღნიშნული ფონდებისათვის ყადაღის დადების საქმეზე ამ დრომდე უცნობია კონკრეტულად რომელი სამართლებრივი საფუძვლით და რა შინაარსით არის ყადაღა დადებული, პროკურატურის მსჯელობაში უკვე ჩანს რამდენიმე ძირეული სამართლებრივი პრობლემა: 1. პოლიტიკური პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის მატერიალური დახმარება, ისევე როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევებზე მოქალაქეებისთვის არაპროპორციული ჯარიმების გადახდა საზოგადოებრივი ფონდების მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ წარმოადგენს უკანონო საქმიანობას და ის არ შეიძლება კონკრეტული პირების დევნის საფუძველი გახდეს. ზემოთ განხილული ფონდების მიზანი "ქართული ოცნების" ავტორიტარული და რეპრესიული პრაქტიკების შედეგად საქართველოს მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანის შემცირებაა და სრულად ექცევა კანონით დადგენილ ფარგლებში; 2. პროკურატურის მიერ დასახელებული საგნები, რომელთა შეძენასაც ფონდები აქციებთან კავშირში ახდენდნენ (პიროტექნიკა, რესპირატორები, აირწინაღები, ჩაფხუტები) არ წარმოადგენს/არ წარმოადგენდა უკანონო საგნებს და შესაბამისად, მათი შეძენის გამო ფონდებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება აშკარად თვითნებური და უკანონოა; 3. პროკურატურის განცხადებაში არ ხდება ფონდების დიფერენცირება, მათი პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზება და დასაბუთება, თუ კონკრეტულ ფონდებს რაზე ედავებიან. მათ შორის, მიღებული გადაწყვეტილებით არ არის გათვალისწინებული ის განუზომელი და შეუქცევადი ზიანი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის (მაგ. ადამიანის უფლებათა სახლი) ყადაღის დადებას შეიძლება მოჰყვეს და უხეშად დაარღვიოს მათი გაერთიანების თავისუფლება.
ჩვენი შეფასებით, ფონდებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მშვიდობიანი უწყვეტი პროტესტის რეპრესირებისა და კრიმინალიზების კიდევ ერთი უხეში მცდელობაა, რომელიც ხელყოფს ქვეყანაში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცულობას და "ქართული ოცნების" მხრიდან ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის აგრესიულ მცდელობას წარმოადგენს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს საკითხის შესწავლას და ფონდებისათვის სასამართლოს განჩინებების ჩაბარებისა და ანალიზის შემდგომ, საზოგადოებას დეტალურ სამართლებრივ ანალიზს დამატებით წარვუდგენთ.
[1] შენიშვნა: პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 3211 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
ინსტრუქცია