[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

თსუ-ს სტუდენტის ნიკოლოზ მანაგაძის ჯგუფური ძალადობის საქმის გამოძიება ფორმალური და არაეფექტიანია

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, ნიკოლოზ მანაგაძის მიმართ 7 ივნისს მომხდარი ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს,  სწრაფად, ობიექტურად და ეფექტიანად გამოიძიოს ეს საქმე.

შემთხვევიდან თვენახევარზე მეტის გასვლის შემდეგ, საქმის მასალების გაცნობის საფუძველზე, ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე ჩატარებული არ არის და არაა გადადგმული ყველა გონივრული ნაბიჯი დამნაშავეების დასადგენად და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომების გასატარებლად.  საქმის მასალებიდან ჩანს, რომ ამ დრომდე არ მომხდარა ნიკოლოზ მანაგაძის ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილე პირების იდენტიფიცირება, არ არის გამოთხოვილი შსს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - 112-დან ინციდენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები, არ ჩატარებულა ბიოლოგიური ექსპერტიზა ნიკოლოზ მანაგაძისგან ამოღებულ სისხლიან ტანსაცმელზე, რომელიც დაზარალებულს ინციდენტის დროს ეცვა. გამოძიების ფარგლებში დათვალიერებულია ერთადერთი ვიდეო მასალა, რომელიც ,,იუთუბ” არხზეა განთავსებული.

ამ დრომდე გამოძიება არ დაწყებულა ნიკო მანაგაძის მიმართ 20 აპრილს განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, რასთან დაკავშირებითაც შსს-ს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 2024 წლის 13 მაისს მიმართა.[1] რეაგირების გარეშე დატოვა სამინისტრომ სოციალური სამართლიანობის ცენტრის 6 ივნისის განცხადებაც, რომელიც შეეხებოდა 2024 წლის 19 მაისს, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ნიკოლოზ მანაგაძის სახლთან ნიღბიანი პირების მობილიზებას.  სავარაუდოა, რომ ჩასაფრებულმა პირებმა იცოდნენ, როდის აპირებდა ნიკო მანაგაძე სახლის დატოვებას,  რადგან ის  ერთ-ერთ გადაცემაში იყო მიწვეული.

ნიშანდობლივია, რომ დაზარალებულად ცნობიდან 1.5 თვის განმავლობაში სხვადასხვა საფუძვლით ჭიანურდებოდა დაზარალებულისთვის საქმის მასალების გაცნობის საკითხი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა (კოდექსის 57-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "თ" ქვეპუნქტი) დაზარალებულს აძლევს უფლებას, მიიღოს საქმის მასალები. ამ უფლების მიუხედავად, საქმის მასალების გაცნობის საშუალება მხოლოდ 23 ივლისს მოგვეცა, თუმცა არა ასლების გადმოცემის, არამედ საგამოძიებო უწყებაში გაცნობის გზით.  

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ნათელია, რომ საქმეზე გამოძიება არსებითი ხარვეზებით მიმდინარეობს და მნიშვნელოვანი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები ამ დრომდე არ ჩატარებულა, რაზეც ასევე არ გვაქვს დასაბუთებული პასუხები საგამოძიებო უწყებისგან. ამის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს ყოველმხრივ, სრული, ობიექტური გამოძიების წარმოება და ამ პროცესში განუხრელად დაიცვას დაზარალებულის სამართლებრივი ინტერესები.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს გამოძიების პროცესში ნიკოლოზ მანაგაძის ინტერესების დაცვას.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1]  სოციალური სამართლიანობის ცენტრი - “თსუს სტუდენტის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე შსს გამოძიებას არ იწყებს.” ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/nekOU1Sa

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“