[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

თსუ-ს სტუდენტის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე შსს გამოძიებას არ იწყებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის მიმართ  ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ სატელეფონო ზარებით მუქარისა და სახლთან დახვედრით დაშინების ფაქტებს და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება.

2024 წლის 13 მაისს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის - ნიკო მანაგაძის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.[1] განცხადებას ერთვის ვიდეოჩანაწერი, რომელიც ნიკო მანაგაძეზე შემთხვევის ადგილას მყოფი პირების, სავარაუდოდ ქართული ოცნების პარტაქტივის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევას ასახავს. ვიდეოჩანაწერით დგინდება ისიც, რომ ნიკო მანაგაძეს  შეურაცხყოფა არ მიუყენებია კობახიძის თანმხლები პირებისთვის. მან პრემიერ-მინისტრს მიმართა შეკითხვით; „ბატონო, რუსეთის მონავ, შეგვხვდებით სტუდენტებს?“, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე  ვითარება დაიძაბა და 10 კაციანმა ჯგუფმა მიზანმიმართულად იძალადა ნიკო მანაგაძეზე.[2] 

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ გამოხატვის ფარგლები ფართოა და ასეთი შინაარსის გამონათქვამზე სამართლებრივი რეაგირების განხორციელების არანაირი საფუძველი არ არსებობს. კიდევ უფრო პრობლემურია ასეთ ქმედებაზე ძალადობრივი პასუხი, ან ძალადობის წახალისება.

კანონმდებლობა საგამოძიებო ორგანოებს დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამოძიების დაწყებას ავალდებულებს,[3] თუმცა,  შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე რეაგირება ამ დრომდე არ ჰქონია. ყურადღება უნდა გამახვილდეს გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყების ვალდებულებაზე, რადგან, ხშირ შემთხვევაში, სწორედ გამოძიების დაწყებისა და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების დროულობა განსაზღვრავს მტკიცებულებების მოპოვებასა და ეფექტიან გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეზე. განცხადებით მიმართვის გარეშეც კი, მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, აბსოლუტურად საკმარისი იყო დანაშაულის ნიშნების იდენტიფიცირებისა და გამოძიების საკუთარი ინიციატივით დაწყებისთვის, თუმცა,  

ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ ნიკო მანაგაძეზე კვლავ გრძელდება მუქარა და დაშინების მცდელობები. 19 მაისს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია მის სახლთან, სავარაუდოდ, მმართველი გუნდის მიერ ნიღბიანი პირების მობილიზების შესახებ. სავარაუდოა, რომ ჩასაფრებულმა პირებმა იცოდნენ, როდის აპირებდა ნიკო მანაგაძე სახლის დატოვებას,  რადგან ის  ერთ-ერთ გადაცემაში იყო მიწვეული.[4]

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ ნიკო მანაგაძის მობილური ტელეფონის ნომერსა და სოციალურ ქსელებში უცხო ნომრებიდან უწყვეტად შემოდის შეურაცხყოფისა და მუქარის შემცველი ზარები. ბოლო პერიოდში სატელეფონო ზარების მასშტაბურობა ცალსახად მიუთითებს, რომ ის კოორდინირებული და კარგად დაგეგმილი დაშინების ოპერაციების ნაწილია.

მასთან ერთად, ამ საქმეზე ასამდე პირი უკვე დაიკითხა სასამართლოში.

კანონის უზენაესობის დაცვის და ბაზისური საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად აუცილებელია, სამართალდამცავმა ორგანოებმა რეალურად შეასრულონ კანონის მოთხოვნები და სწორედ იმ ქმედებებზე ჰქონდეთ აქტიური რეაგირება, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეების მშვიდობას და ჯანმრთელობას.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] სოციალური სამართლიანობის ცენტრის 2024 წლის 13 მაისის Nგ01/187 განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს.

[2]მთავარი არხი - თსუ-ში რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტებს "ოცნების" "ტიტუშკები" ფიზიკურად გაუსწორდნენ |ახალგაზრდებზე ძალადობას კობახიძე კვლავ დუმილით შეხვდა. ხელმისაწვდომია:  https://cutt.ly/VeijfWyx 

[3] სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლი.

[4] TV პირველი - ნიკო მანაგაძეს სახლთან ნიღბიანები ჩაუსაფრდნენ - ფაქტის ამსახველი კადრები "პირველებმა" გადაიღო. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/peih5ngj

ასევე გირჩევთ

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“