[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი გორელ აქტივისტზე, ვახტანგ ფიცხელაურზე თავდასხმის დროულად გამოძიებას ითხოვს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება გორელი აქტივისტის, ვახტანგ ფიცხელაურის გატაცებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სწრაფად, ობიექტურად და ეფექტიანად გამოიძიოს ეს საქმე.

26 იანვარს, დაახლოებით 21:30 საათზე, ვახტანგ ფიცხელაურს ავტომობილი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან ჰყავდა გაჩერებული, რომლის უკან მდგომი ფურგონის ტიპის მიკროავტობუსი გასვლაში ხელს უშლიდა. მიკროავტობუსიდან გადმოსულმა პირებიდან ერთ-ერთმა, ვახტანგ ფიცხელაურს მანქანის გადაგორებაში დახმარების თხოვნით მიმართა, საბარგულთან მიახლოებისას კი, შავებში ჩაცმულმა პირებმა ფურგონს ერთფრთიანი კარი ახადეს და ვახტანგ ფიცხელაური მოულოდნელად ძალის გამოყენებით გაიტაცეს. შავებში მიკროავტობუსში ფიცხელაურზე ძალადობას თან ახლდა მიმართვები, თავდამსხმელებმა აქტივისტი მისი საცხოვრებელი სახლის ახლოს, სამხედრო ბაზების მიმდებარე მცირედ დასახლებულ ტერიტორიაზე მიიყვანეს. ფურგონის გაჩერებისას, მძღოლმა საბარგულის კარი ახადა და ირონიულად მიმართა მას, რომ ტყუილად იფარავდა ხელებით სახეს, რადგან მაინც "გაულამაზებდნენ". სწორედ ამ დროს ვახტანგ ფიცხელაურმა საბარგულის ღია კარიდან სხეულით ნაწილობრივ გადმოსვლა და ყვირილი მოახერხა, რასაც უახლოეს სახლში სინათლის ანთება და ფიცხელაურის დასხლტომა მოჰყვა. ამის შემდეგ, თავდამსხმელებმა მათი კუთვნილი ავტომობილით დატოვეს ტერიტორია. თავდამსხმელებმა მას წაართვეს მობილური და სხვა პირადი ნივთები (საფულე, გასაღებები).

ვახტანგ ფიცხელაური თავდასხმას სწორედ მისი აქტივიზმის, მათ შორის, ბოლოდროინდელ დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო ანგარიშსწორებად მიიჩნევს. ვახტანგ ფიცხელაურის მიმართ ცემის ფაქტზე გამოძიება შსს გორის რაიონულ სამმართველოში ჯგუფური ძალადობის მუხლით (სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი) მიმდინარეობს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები დანაშაულის სიძულვილის მოტივით (პოლიტიკური ნიშნით) ჩადენაზე მიუთითებს, თუმცა, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ ეტაპზე, მოტივი გამოკვეთილი არ არის.  

აქტივისტებზე კერძო პირების მხრიდან ორგანიზებული თავდასხმის პრაქტიკა ჩანს სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც. კერძოდ, 2024 წლის გაზაფხულზე "რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციებიდან დღემდე სამოქალაქო აქტივისტების/პოლიტიკოსების ცემის, ჩასაფრების და გატაცების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. ყველა შემთხვევაში ადამიანებს რამდენიმე პირისგან შემდგარი ჯგუფები უპირისპირდებოდნენ, ძალადობა უმეტესად დაზარალებულების საცხოვრებელ სახლებთან, სამუშაო ადგილებზე ან სხვა საჯარო სივრცეებში დემონსტრაციულად ხდებოდა.[1] ოპოზიციონერებზე და აქტივისტებზე თავდასხმის ათეულობით შემთხვევა გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლებამ სწორედ ე.წ "ტიტუშკების" პრაქტიკა გამოიყენა. ძალადობის აღნიშნული ეპიზოდების ჩადენის დრო, სცენარები და ტაქტიკა პრაქტიკულად ემთხვეოდა ერთმანეთს და კარგად ორგანიზებულს ჰგავდა. განსაკუთრებით საეჭვო იყო ის, რომ ამ ჯგუფებმა იცოდნენ კონკრეტული პირების საცხოვრებელი მისამართები და მათი გადაადგილების ზუსტი დრო.

ცხადია, რომ ამგვარი ძალადობის წახალისებით "ქართული ოცნების" მიზანი ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული აქტივისტების დაშინება და მათი წინააღმდეგობის ჩახშობაა. ასევე ნათელია, რომ ამას ოპონენტების დამცირებისა და უფრო ფართო საზოგადოების დაშინებისა და გაჩუმების ამოცანაც აქვს.

ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი ჯგუფის მიმართ გამოხატული სამართლებრივი და პოლიტიკური ლოიალობა და მათი დაუსჯელობა შემაშფოთებელია და ზრდის ახალი ძალადობრივი შემთხვევების რისკებს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს:  

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: 

  • უზრუნველყოს ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიების წარმოება ვახტანგ ფიცხელაურის მიმართ ძალადობრივი ჯგუფის წევრების მხრიდან ჩადენილი გატაცებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე;
  • დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დამნაშავე პირების სწრაფი იდენტიფიცირება და  მათ მიმართ მყისიერი სამართლებრივი ზომების მიღება;
  • გამოძიების პროცესში განუხრელად დაიცვას დაზარალებულის სამართლებრივი ინტერესები.

საქართველოს პროკურატურას

  • უზრუნველყოს საქმეზე "პოლიტიკური და სხვა შეხედულების ქონის გამო" სიძულვილის მოტივის გამოკვეთა და გამოძიების პროცესის ჯეროვანი ზედამხედველობა;
  • მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში, შეისწავლოს პოლიტიკოსებზე და აქტივისტებზე მსგავსი თავდასხმის ორგანიზატორებსა და ჯგუფებს შორის შესაძლო კავშირები და მათი ორგანიზების, დაქირავებისა და მართვის სქემები.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ვახტანგ ფიცხელაურის ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს და გამოძიებას მიმდინარეობის  შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მივაწვდით.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“