საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
გუშინ, 30 იანვარს, ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტი და ზუგდიდის აქციების მედროშე - შალვა ესართია დააკავეს. მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, ის პოლიციის განყოფილებაში ნიღბის ტარების სამართალდარღვევის ოქმის ჩასაბარებლად დაიბარეს და ადგილზე მისული პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით დააკავეს. [1]ამჟამად, შალვა ესართია ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. რამდენიმე საათის განმავლობაში, მასთან არ უშვებდნენ ადვოკატსა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს, აგრეთვე ოჯახის წევრებისთვის უცნობი იყო მისი დაკავების საფუძველი და ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
შალვა ესართია ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან მიმდინარე პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეა. 29 იანვარს მან აქციაზე პერფორმანსი მოაწყო და ბიძინა ივანიშვილის ფიტული დაწვა. შალვა ესართიას დაკავება დროში საეჭვოდ ემთხვევა ამ სიმბოლურ აქტს და აჩენს ეჭვებს, სავარაუდო პოლიტიკური შურისძიების შესახებ.
საპროტესტო აქციებზე სახის დაფარვის და ნიღბების აკრძალვის რეპრესიული კანონი "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გასული წლის დეკემბერში მიიღო.[2] ამ ცვლილებებით, შეკრებებზე ბლანკეტურად აიკრძალა ნიღბისა და სახის დაფარვის სხვა საშუალებების ტარება შეზღუდვის მიზნის დაკონკრეტებისა და საგამონაკლისო შემთხვევების გათვალისწინების გარეშე. კანონის ინიციატორი დეპუტატები აცხადებდნენ, ცვლილება აქციაზე დანაშაულებრივი ქმედებების პრევენციას ემსახურებოდა, თუმცა იმთავითვე ცხადი იყო, რომ ის პროტესტში ჩართული მოქალაქეების დასჯის, დაშინებისა და შეკრების მონაწილეების დაკავების მასობრივი საფუძველი გახდებოდა.
საპროტესტო აქციებზე ნიღბის ტარებისთვის არაპროპორციულად მაღალი ჯარიმაა (2000 ლარი) გათვალისწინებული. განსაკუთრებულად პრობლემურია ის, რომ სამართალდარღვევა ბლანკეტურ პირობას ადგენს და სამართალდარღვევის ჩადენას არ უკავშირებს ლეგიტიმურ მიზნებსა და მყისიერი ძალადობის საფრთხის, და შესაბამისად, იდენტიფიცირების აუცილებლობის სტანდარტს. ამავდროულად ამ სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული სახდელი არ ადგენს ჯარიმის ზედა და ქვედა ოდენობას და სასამართლოს ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებისა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას არ უტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ ნიღბის ტარება ისედაც მაღალ ჯარიმას ითვალისწინებს, პოლიცია პროტესტის იმ მონაწილეებს, რომელთა დასჯა განსაკუთრებული სიმკაცრით სურს, სხვადასხვა ფორმალური საფუძვლით ნიღბის ტარების სამართალდარღვევას პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლსაც უფარდებს, რაც პასუხისმგებლობის გამკაცრების საფუძველი ხდება. შალვა ესართიას საქმე სწორედ ამ მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებაა. პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა უფრო მაღალ ჯარიმას და ნიღბის ტარებისგან განსხვავებით, ადმინისტრაციულ პატიმრობასაც ითვალისწინებს.
2024 წლის 28 ნოემბრიდან პროტესტი უწყვეტად თბილისის გარდა რეგიონებშიც მიმდინარეობს. 2 თვეზე მეტია მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეები თავდადებისა და მშვიდობიანი წინააღმდეგობის უნიკალური გამოცდილებებს აჩვენებენ. შალვა ესართიას დაკავებამდე, ზუგდიდში ახალი, რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე რამდენიმე აქტივისტის მიმართ გამოიყენეს სადამსჯელო მექანიზმები. 16 იანვარს აქციაზე პიროტექნიკის გამოყენებისთვის სამი ქალი აქტივისტი - მარიამ სიჭინავა, კერენ ესებუა და მასწავლებელი მანანა (მიკო) მიქავა დააკავეს, თუმცა თვითნებურმა დაკავებებმა ზუგდიდში მშვიდობიანი საპროტესტო წინააღმდეგობის მუხტი პირიქით გააძლიერა.
ბოლო პერიოდია, თვითნებური დაკავებები და საპოლიციო რეპრესიები განსაკუთრებით გააქტიურდა რეგიონებში. ქართული ოცნება მთელი ქვეყნის მასშტაბით ცდილობს პროტესტის ჩახშობას და მოქალაქეების მიმართ სადამსჯელო ფორმით იყენებს ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ მექანიზმებს, რაც ავტორიტარული მმართველობის გაფორმების უმძიმეს ტენდენციას აჩვენებს. სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზირება და მასობრივი ძალადობის პრაქტიკა მოქალაქეებს სრულიად შიშველს და დაუცველს ტოვებს რეპრესიული აპარატის წინაშე. უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტისა და უპრეცედენტო საერთაშორისო წნეხის ფონზე კი აშკარაა, რომ "ქართულ ოცნებას" არ გააჩნია არსებული ღრმა კრიზისის დაძლევის პოლიტიკური სტრატეგია. ამ რეალობას ქვეყანა შეჰყავს ჩიხში, რომელსაც უმძიმესი და გრძელვადიანი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ქვეყნის განვითარებასა და მომავალზე.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
[1]რადიო თავისუფლება - ზუგდიდში დააკავეს აქტივისტი შალვა ესართია. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/fe7as9ST
[2] რადიო თავისუფლება - მომიტინგეები უნიღბოდ, პოლიცია ნიღბით - "ოცნება" აქციის მონაწილეებს ნიღბის ტარების უფლებას ართმევს https://cutt.ly/Ze3lA9LU
ინსტრუქცია