საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63


17 ნოემბერს, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტში დაინიციირდა განახლებული საარჩევნო კოდექსის კანონპროექტი, რომელშიც ყველაზე მძიმე ცვლილება უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლების ფაქტობრივ ჩამორთმევას უკავშირდება.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, არაფერი იცვლება ამ პირების საარჩევნო უფლებაში, იქნება ეს აქტიური თუ პასიური, თუმცა იცვლება „ხმის მიცემის პროცედურა“. კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, საპარლამენტო არჩევნებშიც ხმის მიცემას მოქალაქეები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში შეძლებენ. საკანონმდებლო ცვლილებების მიღების ოფიციალურ მიზეზად “ქართული ოცნების” მიერ ქართველ ემიგრანტებზე „უცხო იურისდიქციის და პოლიტიკური გარემოს გავლენის”, “საინფორმაციო მანიპულირების” რისკები დაასახელა, რადგან საზღვარგარეთ “სახელმწიფო ვერ ახორციელებს ჩარევის პრევენციას”[1].
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ერთ-ერთი უმძიმესი ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიული უკუსვლისა და ქვეყანაში ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის პროცესში, რომელიც კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგოდ და „ქართული ოცნების“ კონსპირაციული და ანტიდასავლური პროპაგანდისტული ნარატივების საფუძველზე, ფაქტობრივად, აუქმებს უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ აქტიური საარჩევნო უფლებით სარგებლობას. ეს ინიციატივა უარყოფს ემიგრაციაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების უმნიშვნელოვანეს ჩართულობას საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში და კიდევ ერთ უმძიმეს დარტყმას აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს.
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფო მმართველობის ფორმად განსაზღვრავს დემოკრატიულ რესპუბლიკას, სადაც სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. ის ამ ძალაუფლებას ახორციელებს როგორც უშუალო (მაგ. რეფერენდუმის), ასევე წარმომადგენლობითი დემოკრატიის მეშვეობით[2]. წარმომადგენლობითი დემოკრატია კი, უპირველესად, საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი გზით ქვეყნის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს - პარლამენტის არჩევას გულისხმობს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, არჩევნები არის ერთგვარი ინსტიტუციური მექანიზმი, რომელსაც მოქმედებაში მოჰყავს დემოკრატია. იმისათვის, რომ შედგეს „ხალხის მმართველობა“, ხალხმა უნდა მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკაში და ამის საუკეთესო გზა არჩევნებია. არჩევნები თავისთავად აჩენს განცდას და რწმენას ადამიანებში, რომ ისინი უშუალოდ იღებენ მონაწილეობას სახელმწიფოს მართვაში. მხოლოდ აქედან გამომდინარეობს დემოკრატიული სისტემის სხვა ნიშან-თვისებები[3]. ამავდროულად, არჩევნებს შეუძლია, გააძლიეროს დემოკრატია, ქვეყნის განვითარება, ადამიანის უფლებები და უსაფრთხოება, ან პირიქით – არათანასწორ და უსამართლო არჩევნებს შეუძლია ძირი გამოუთხაროს მას. ხელისუფალს იმ შემთხვევაში გააჩნია ლეგიტიმაცია, როდესაც გადაწყვეტილებათა მიმღებები აირჩევიან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საშუალებით. არჩევნები უნდა უზრუნველყოფდეს შესაბამისი სუბიექტების მიერ სახელმწიფო თანამდებობის დაკავებას ხალხის ნების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, არჩევნები რომ კონსტიტუციის შესაბამისად ჩაითვალოს, მან უნდა უზრუნველყოს ამომრჩევლის ნების ადეკვატური ასახვა[4].
იმავდროულად, მოქალაქეთა ნების ნათელი გამოვლინების უზრუნველსაყოფად, დემოკრატიულ სახელმწიფოებში არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არჩევნების საყოველთაობაა. ამ პრინციპის რეალიზებისთვის კი საკმარისი არ არის ამომრჩეველს, საარჩევნო უბნის გახსნის გზით, ფორმალურად მიეცეს ხმის მიცემის საშუალება. აუცილებელია, უფლების რეალიზება მოხდეს გაუმართლებელი დაბრკოლებების გარეშე, ანუ სახელმწიფომ მიიღოს ყველა ქმედითი ზომა, იმისათვის, რომ მოქალაქემ დემოკრატიულ სახელმწიფოში საკუთარი უმნიშვნელოვანესი სამოქალაქო პოლიტიკური უფლებით სარგებლობა შეძლოს. მხოლოდ ამომრჩეველთა ხმების ადეკვატური ასახვა საპარლამენტო მანდატებში უზრუნველყოფს ქმედითი და ეფექტიანი დემოკრატიის არსებობას. “ხელისუფლებას იმიტომ მორჩილებენ, რომ ის საერთო, აღიარებული წესების მიხედვით მოიპოვებს გამარჯვებას. საარჩევნო უფლების სათანადო რეალიზაცია ქმნის მართვის გრძელვადიან პერსპექტივას, სტაბილურ, ლეგიტიმურ დემოკრატიულ სისტემას”[5].
ცხადია, კონსტიტუციით გარანტირებული აქტიური საარჩევნო უფლება აბსოლუტური არ არის და მისი შეზღუდვა შესაძლებელია კონსტიტუციითვე განსაზღვრული შინაარსობრივი (არჩევნებში ვერ მონაწილეობს მძიმე დანაშაულისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირი, ასევე პირი, რომელიც სასამართლოს მიერ ცნობილია მხარდამჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის დაწესებულებაში) და არჩევნების ორგანიზებასთან და ნამდვილი ნების გამოვლენასთან დაკავშირებულ ტექნიკური, არაშინაარსობრივი (არჩევნების დღეს დროის წინასწარ განსაზღვრულ შუალედში ხმის მიცემა, მონაწილეობის მისაღებად საიდენტიფიკაციო დოკუმენტის წარდგენა და სხვ.) პირობების არსებობისას. თუმცა ამგვარი შეზღუდვები იმთავითვე უკიდურესად სკრუპულოზურად უნდა შემოწმდეს თანაზომიერების პრინციპზე დაყრდნობით. ამასთან მას უნდა ჰქონდეს სათანადო ლეგიტიმური მიზანი, იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული. რაც მთავარია, კანონმდებლობით საარჩევნო უფლებაზე დადგენილმა ე.წ. „პროცედურულმა“ შეზღუდვამ არ უნდა მიაღწიოს იმგვარ ზღვარს, რომელიც პრაქტიკაში ამ უფლებით სარგებლობას პრაქტიკულად გამორიცხავს და უფლების არსებობას აყენებს საერთოდ ეჭვქვეშ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუცია 18 წელს მიღწეულ ყველა საქართველოს მოქალაქეს ანიჭებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას და პირდაპირ აკონკრეტებს იმ ჯგუფებს, რომლებიც ასეთი უფლებიდან გამორიცხული არიან. ეს კონსტიტუციაში საარჩევნო უფლების გარანტირების ფართო, ინკლუზიურ ბუნებაზე მიუთითებს, რომელიც ახალი ჯგუფების უფლებიდან ფაქტობრივად გამორიცხვას მხოლოდ კონსტიტუციური ცვლილებებით გამონაკლისი ჯგუფების გაფართოებით დაუშვებს. შესაბამისად, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების გატარების გზით, კონსტიტუციით გარანტირებული უფლების პრაქტიკული ჩამორთმევა ასიათასობით მოქალაქისთვის არაკონსტიტუციურია.
„ქართული ოცნების“ მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების დროს ასევე უგულებელყოფილია სოციალური სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპიც, რომელიც მისივე მმართველობის პერიოდში სახელდებით ჩაიწერა კონსტიტუციაში და რომელიც, მათ შორის, სახელმწიფოსთვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვის ვალდებულებას ადგენს. ცხადია, ეს პრინციპი პირველ რიგში, საარჩევნო უფლების განუხრელ დაცვაში უნდა გამოიხატებოდეს, რაც სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკაში მოქალაქეების მონაწილეობის და გავლენის მოხდენის ყველაზე ქმედითი გზაა.
„ქართული ოცნების“ მიერ საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის დაშვება მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიულ საზღვრებში, ტერიტორიული ნიშნით საარჩევნო უფლების ცალსახა შეზღუდვას წარმოადგენს, რომელსაც არ გააჩნია სათანადო ლეგიტიმური მიზანი. გარე ჩარევების შესახებ აბსტრაქტული მითითებები “ოცნების” მხრიდან დაუსაბუთებელია და არ ეფუძნება ხელშესახებ ემპირიულ არგუმენტსა და მონაცემს ასეთი ინტერვენციების შესახებ. ინფორმაციულ გავლენებზე მითითება კი ბუნდოვანია და ის მოქალაქეების აზროვნებაში და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის ინტერესს ატარებს. ამასთან, გაუგებარია თანამედროვე ტექნოლოგიების, სოციალური ქსელებისა და ინტერნეტის საშუალებით მედიის ხელმისაწვდომობის ეპოქაში რატომ არის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი მოქალაქე ნაკლებად ინფორმირებული და ჩართული ქვეყანაში არსებულ მნიშვნელოვან პროცესებსა და დისკუსიებში და რატომ შეიცვლება ეს მოცემულობა რადიკალურად ამ ინდივიდის წინასაარჩევნოდ, რამდენიმე დღით ქვეყნის ტერიტორიაზე ფიზიკურად შემოსვლის შემთხვევაში.
ხმის უფლების ბლანკეტური ჩამორთმევა ემიგრანტების არაინფორმირებული არჩევანის პრევენციის საბაბით ეწინააღმდეგება ევროპული სასამართლოს შედარებით უფრო კონსერვატიულ სტანდარტსაც, რომელიც საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების (ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი) ლეგიტიმური მიზნით პროპორციული შეზღუდვისთვის სივრცეს ტოვებს, თუ ის უფლების არსს არ ეწინააღმდეგება, არ ერევა საარჩევნო ნების თავისუფალ გამოვლენაში, არ აქვს ავტომატური ან/და ბლანკეტური ფორმა[6]. სასამართლო ითხოვს, რომ ამ უფლების შეზღუდვა არ უნდა ატარებდეს ბლანკეტური შეზღუდვის ფორმას.[7] მაგალითად, სასამართლო დარღვევად მიიჩნევს არჩევნებში მონაწილეობის უფლების ბლანკეტურ ყველა ტიპის მსჯავრდებულებისა[8] და მხარდაჭერის მიმღები პირებისთვის შეზღუდვასაც[9].
ამ სტანდარტების საპირისპიროდ, საარჩევნო უფლების ბლანკეტური ჩამორთმევის დასაბუთებისას „ქართული ოცნება“ ემიგრანტების ინფორმირებულობის ხარისხზე უთითებს და ამით, არჩევანის შინაარსის განხილვაში შედის, რაც საარჩევნო უფლების არსსა და ნების თავისუფალ გამოვლენაში ჩაურევლობის პრინციპს ეწინააღმდეგება. არჩევნებში გარე ჩარევის აცილების მიზნით ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა აბსურდულია იმიტომაც, რომ სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტები უზრუნველყოფენ არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და ფარულ პირობებში ჩატარებას.
მართალია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თეორიულად უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ საფუძვლად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ემიგრანტებზე ნაკლები გავლენა აქვს სახელმწიფოს მიერ გატარებულ პოლიტიკებს[10], თუმცა საქართველოს შემთხვევაში ხელისუფლება ვერც ამ არგუმენტზე მიუთითებს კეთილსინდისიერად, რადგან უცხოეთში მყოფი ქართველების უმრავლესობა ქვეყანაში არსებული დასაქმების პრობლემებიდან გამომდინარე იძულებითი ეკონომიკური მიგრანტია, რომლებსაც მასპინძელი ქვეყნის მოქალაქეობის მიღების მიზანი და ძირითად შემთხვევებში, შესაძლებლობა არც აქვთ და საქართველოში დატოვებული ოჯახების რჩენის ინტერესი ამოძრავებთ.
შესაბამისად, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის ტერიტორიული ნიშნით განსაზღვრა, რომელიც არსებულ სამართლებრივ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ კონტექსტში მათ ჩამორთმევას უთანაბრდება, „უცხოური ზეგავლენისგან“ დაცვის აბსურდული მიზეზით, ვერ იქნება შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ სტანდარტებთან. ამ პირობებში ასიათასობით ადამიანისთვის ფუნდამენტური პოლიტიკური უფლების ფართომასშტაბიანი ფაქტობრივი ჩამორთმევა აშკარა თვითნებობად შეიძლება შეფასდეს, რომელიც მკაფიოდ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დოქტრინას, რომ უფლებებში ჩარევის დროს სახელმწიფოს არ უნდა ამოძრავებდეს არაკონსტიტუციური, “ფარული” მიზნები და ის არ უნდა აზიანებდეს თავად დემოკრატიის და უფლების არსს.
განსახილველ შემთხვევაში კი აშკარაა, ამ ინიციატივის უკან მდგარი პოლიტიკური, არაკონსტიტუციური განზრახვები და მოტივები (იხ. ქვემოთ).
საარჩევნო უფლების შეზღუდვა საქართველოს კონტექსტში არ შემოიფარგლება მხოლოდ სამართლებრივი ცვლილებებით და ის აშკარად ატარებს პოლიტიკურ მიზნებს. აშკარაა, რომ საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების ფაქტობრივი ჩამორთმევა, ბოლო არჩევნების შედეგების მიხედვით, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის გამორიცხვას ემსახურება და მომავალი საპარლამენტო არჩევნებზე ორიენტირებულ პოლიტიკურ მანიპულაციას წარმოადგენს. უფრო ზუსტად, 2024 წლის არჩევნების შედეგები აჩვენებს[11], რომ “ქართულმა ოცნებამ” სრული საარჩევნო მარცხი განიცხადა საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე[12].
კვლევები აჩვენებენ, რომ მიგრაცია არ ამცირებს მოქალაქეების კავშირს სახელმწიფოსთან, პირიქით, დიასპორა ხშირად რჩება ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და ჩართულ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ჯგუფად. ემიგრანტები ინარჩუნებენ ოჯახურ, ეკონომიკურ და სოციალურ კავშირებს, აგზავნიან ფულს, მონაწილეობენ პოლიტიკურ აქციებში და ხშირად უფრო აქტიურ პოლიტიკურ ინტერესს გამოხატავენ, ვიდრე შიდა მოსახლეობა. ეს ტენდენცია აშკარად ჩანს ქართულ რეალობაშიც. ემიგრანტები აქტიურად მობილიზდებიან არჩევნების დროს, ისინი ასევე აქტიურად ეხმარებიან და აფინანსებენ პოლიტიკურ და სოციალურ აქტივიზმს საქართველოში. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საზღვარგარეთ მცხოვრებმა ადამიანებმა ძალიან დიდი მზაობა, მობილიზაციის ხარისხი აჩვენეს და ბევრ მათგანს ასობით კილომეტრის გავლაც კი მოუწია იმისათვის, რომ საკუთარი საარჩევნო უფლებით ესარგებლა და მისულიყო ხელისუფლების მიერ საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე, რომლებიც მოქალაქეთა და სამოქალაქო სექტორის აქტიური მოთხოვნის მიუხედავად, არ იყო საკმარისი რაოდენობის[13].
ამასთან ემიგრანტები აქტიურად არიან ჩართულები ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. რამდენიმე ძირითადი მონაცემიც კი საკმარისია იმის საჩვენებლად, თუ რა გავლენას აქვს ემიგრაციას ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ რეალობაზე. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წელს ფულადი გზავნილების მოცულობამ 9.1 მილიარდ ლარს მიაღწია[14], რაც ფაქტობრივად ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს უტოლდება. გზავნილების უდიდესი ნაწილი აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან მოდის. 2024 წელს ერთი მოქალაქეზე ფულადი გზავნილების რაოდენობის მიხედვით საქართველო მსოფლიო მასშტაბით მე-12 ადგილზე იყო[15]. უფრო მეტიც, საქართველოს რეზიდენტებისთვის განხორციელებული ფულადი გზავნილების წილი მშპ-ში ბოლო წლებში მუდმივად იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ მშპ თავადაც წლიურად დაახლოებით 10%-ით მატულობს. თუ 2016 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 10% იყო, 2023 წლისთვის უკვე 14%-ს მიაღწია[16]. ცხადია, რომ ეს მონაცემები ამავდროულად აჩვენებს ქვეყანაში არსებული სიღარიბის და ეკონომიკური უთანასწორობის სიღრმეს, რაც მიგრაციის თავდაპირველი მიზეზია.
„ქართული ოცნების“ განცხადებები, რომ ემიგრანტებს საარჩევნო უფლებების განხორციელებისთვის არჩევნების დღეს საქართველოში დაბრუნება შეეძლებათ, სრული უსამართლობაა და უგულებელყოფს იმ სირთულეებს, რომელიც ემიგრანტებს სხვა ქვეყანაში ცხოვრების დროს აქვთ მათ სამართლებრივ და საიმიგრაციო სტატუსთან, შრომის პირობებთან და ფინანსურ ლიმიტებთან დაკავშირებით. ძალიან ხშირად ემიგრანტები საქართველოში პირადი მიზნებით, მძიმე ტრაგედიების დროსაც კი ვერ ჩამოდიან. ამ პირობებში მოქმედი ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების დიდ ნაწილს პრაქტიკულად სრულად ართმევს პოლიტიკურ უფლებებს და მას მასშტაბური გავლენა ექნება ასიათასობთ მოქალაქეზე.
სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი მიდგომების გამოყენებას პოლიტიკური მეცნიერების თეორიებში შერჩევით ხმის უფლების ჩამორთმევას („selective disenfranchisement“) უწოდებენ, რაც პოლიტიკური ელიტების სასარგებლოდ ერთი ან რამდენიმე ჯგუფისთვის უფლებებისა და პოლიტიკური ძალაუფლების განზრახ ჩამორთმევას გულისხმობს. ეს მოქალაქეობისა და ქვეყნის პოლიტიკური სხეულიდან დაუმორჩილებელი, კრიტიკული და მიუღებელი მოქალაქეების გამორიცხვის ავტორიტარული მექანიზმია, რომელიც გაუცხოებასა და კონფლიქტს აღრმავებს. უფრო მეტიც, ეს პრაქტიკა ქმნის ე.წ. “ხალხის შემცირების” /„დემოსის შემცირება“/ ფენომენს, როცა მმართველი ელიტები ზემოდან „ხალხის“ ხელახალ განსაზღვრას ახდენენ და ამ გზით პრაქტიკულად ანადგურებენ პოლიტიკურ და იდეოლოგიურ [ასევე, სადაც რელევანტურია ეთნიკურ, რელიგიურ, კულტურულ] პლურალიზმს, რომელიც საზოგადოებებში ისტორიულად არსებობს.
ამდენად, ქვეყანაში არსებული უმწვავესი პოლიტიკური კრიზისისა და ავტორიტარიზმის აღზევების პირობებში, როდესაც ყოველდღიურად მძიმდება ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა, ქვეყანას ასზე მეტი „პოლიტიკური პატიმარი“ ჰყავს, დევნიან ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერებს და პოლიტიკურ პარტიებს კონსტიტუციურ აკრძალვას უპირებენ, ანადგურებენ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუციურ ნაწილს და მუდმივად ავიწროებენ მოსახლეობის საზოგადოებრივად აქტიურ ნაწილს, აშკარაა, რომ საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების აქტიური საარჩევნო უფლების შეზღუდვა ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის მორიგი უმძიმესი ნაბიჯია. როგორც ჩანს, პოლიტიკური რეჟიმი ძალაუფლების გრძელვადიანი სტაბილიზაციისთვის საჭირო ზომებს მიმართავს და კიდევ უფრო ასუსტებს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პლურალიზმს და სახელმწიფოზე მოქალაქეების კონტროლისა და გავლენის მოხდენის შესაძლებლობებს.
განსაკუთრებით კრიტიკული და უსამართლოა, რომ ამ პროცესში სახელმწიფო სამიზნედ ხდის სწორედ იმ მოქალაქეებს, რომლებიც თავიანთი მძიმე შრომით, მსხვერპლით და ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფენ ქვეყნის ეკონომიკურ არსებობას და რომელთა ემიგრაციაც სტრუქტურულად სახელმწიფოს მხრიდან საკუთარი სოციალური ვალდებულებების შეუსრულებლობით არის წარმოებული და განპირობებული.
[1] შალვა პაპუაშვილის განცხადების სრული ტექსტი: „ეს გადაწყვეტილება არსებითად ემყარება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით სახელმწიფოსთვის დადგენილ ვალდებულებას, უზრუნველყოს ნების თავისუფალი გამოვლენა, რაც თავის თავში ნების გარე ჩარევისგან თავისუფლად გამოვლენასაც მოიაზრებს... ზოგადად, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ გარემოზე, საზოგადოებრივ საჭიროებებზე ადამიანი ორი წყაროდან იღებს ინფორმაციას - ერთი ეს არის მედია, საიდანაც ადამიანი ინფორმაციას უფრო გაფილტრულად, სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისი ინტერპრეტაციით იღებს, და ე.წ. გაუფილტრავი ინფორმაცია, რომელსაც ადამიანი პირადად, საზოგადოებასთან თუ სახელმწიფოსთან ინტერაქციაში იღებს. დეზინფორმაციისა და ცრუ ნარატივების ეპოქაში ამ ორი წყაროდან მიღებული ინფორმაცია შესაძლოა რადიკალურად ურთიერთსაპირისპირო იყოს. ეს გარემოება ზრდის ქვეყანას ფიზიკურად მოწყვეტილი მოქალაქის მხრიდან არაინფორმირებული არჩევანის გაკეთების რისკს. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის წესის დამკვიდრება ზრდის არჩევნების მედეგობას, ამცირებს გარე მოთამაშეების გავლენას და უზრუნველყოფს უფრო ადეკვატურ, ინფორმირებულ არჩევანს. ეს მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ირლანდია, მალტა, ისრაელი, სომხეთი. როგორც აქამდე, საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება არჩევნებში ხმის მიცემის სრული უფლება და შესაძლებლობა. ერთადერთი პირობა არის ოთხ წელიწადში ერთხელ, სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა საქართველოში“.
[2] საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლი.
[3] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8.
[4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე„საქართველოს მოქალაქეები - სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10.
[5] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 29 ნოემბრის №3/7/1848,1849 განჩინებასთან დაკავშირებით, II- 50.
[6] Shindler v. the United Kingdom, §100-103; ემიგრაციიდან 15 წლის შემდგომ საარჩევნო უფლების შეზღუდვის პროპორციულად ცნობისას სასამართლომ გაითვალისწინა საპარლამენტო და საკომიტეტო განხილვების მაღალი ხარისხიც, რაც საკითხის გადაწყვეტისას უფლებრივი ინტერესების გათვალისწინებაზე მიუთითებდა, იხ. §103, 117.
[7] იგივე, §103; Hirst v. the United Kingdom (no. 2) [GC], no. 74025/01, § 62, 82, ECHR 2005-IX; Ždanoka v. Latvia [GC], no. 58278/00, §105, ECHR 2006-IV
[8] Hirst v. the United Kingdom (no. 2) [GC].
[9] Alajos Kiss v. Hungary, no. 38832/06, § 43, 20 May 2010; Strøbye and Rosenlind v. Denmark, nos. 25802/18 and 27338/18, § 113, 2 February 2021
[10] Shindler v. the United Kingdom, § 105.
[11] საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები საზღვარგარეთის უბნებზე, ხელმისაწვდომია: https://archiveresults.cec.gov.ge/results/20241026/#/ka-ge/election_57/tr/prop/unit/0
[12] ვინ რამდენი ხმა მიიღო საზღვარგარეთ გახსნილ უბნებში, Netgazeti, 2024, ხელმისაწვდომია: https://netgazeti.ge/news/748677/
[13] 60 უბანი საზღვარგარეთ - რომელ ქალაქებში შეძლებენ ხმის მიცემას ემიგრანტები, რადიო თავისუფლება, 2024, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%AB%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9C-%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/33137847.html
[14] საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემები ფულად გზავნილებზე, ხელმისაწვდომია: https://nbg.gov.ge/page/puladi-gzavnilebi
[15] Forbes Georgia, ერთ მოსახლეზე ფულადი გზავნილებით საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილზეა, სექტემბერი 24, 2025, მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, ხელმისაწვდომია: https://forbes.ge/blogs/erth-mosakhleze-phuladi-gzavnilebith-saqarthvelo-msophlioshi-me-12-adgilzea/
[16] პოტიომკინის ზრდა: რატომ ჩქარობენ საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის დატოვებას მზარდი მშპ-ს, მზარდი ექსპორტისა და შემცირებული უმუშევრობის ფონზე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 2025 წელი, ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/ka/products/potemkinis-zrda-ratom-chkaroben-sakartvelos-mokalakeebi-kveqnis-datovebas-mzardi-mshp-s-mzardi-eksportisa-da-shemtsirebuli-umushevrobis-fonze
ინსტრუქცია