[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ქალთა უფლებები / ინფოგრაფიკა

ქალებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობა 2024 წლის არჩევნებში

საარჩევნო სუბიექტებმა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის განკუთვნილი საარჩევნო სიები ოფიციალურად წარადგინეს. სამწუხაროდ, ქართული ოცნებისა და 4 მსხვილი ოპოზიციური პარტიის სიებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები კატასტროფულად მცირე რაოდენობით არიან წარმოდგენილი. ქალების წარმომადგენლობა კი უკეთესია ოპოზიციური პარტიების სიებში, თუმცა მკვეთრად დაბალი და უსამართლო “ქართული ოცნების” სიაში. ეს რეალობა დემოკრატიული სახელმწიფოს ლოგიკასთან მოდის წინააღმდეგობაში, რომელიც პოლიტიკურ სისტემას ავალდებულებს ხელი შეუწყობს სხვადასხვა სოციალური ჯგუფის სამართლიან რეპრეზენტაციას, ძალაუფლების გადანაწილებასა და ნამდვილ მონაწილეობას.

სრული განცხადება - https://cutt.ly/beOtvTLG

ქართული ოცნების წლევანდელი სია 2020 წლის არჩევნებისი სიასთან შედარებით მკვეთრად გაუარესებულია ქალთა წარმომადგენლობის კუთხით. თუკი 2020 წლის არჩევნებში, ქართული ოცნების პროპორციული სიის პირველ 60-ეულში 15 ქალი იყო (25%), მმართველი პარტიის მიერ მიმდინარე წლის არჩევნებისთვის (რომელიც სრულად პროპორციული წესით ჩატარდება) წარდგენილი სიის პირველ 60-ეულში მხოლოდ 8 ქალი კანდიდატია (13.3%). ეს ნაწილობრივ გენდერული კვოტირების მექანიზმის გაუქმებით იხსნება. გენდერული კვოტირება, რომლის მიხედვითაც პარტიების პროპორციულ საარჩევნო სიებში ყოველი მეოთხე კანდიდატი სავალდებულოდ ქალი უნდა ყოფილიყო, მიმდინარე წლის აპრილში გირჩისა და ქართული ოცნების ხმებით გაუქმდა. კვოტირების მექანიზმით გათვალისწინებული ვალდბეულების გაუქმების შედეგად, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის განკუთვნილი საარჩევნო სიის პირველ 60-ეულში, წინა არჩევნებთან შედარებით ქართულმა ოცნებამ 7-ით ნაკლები ქალი შეიყვანა.

ამ მხრივ შედარებით უკეთესი, თუმცა არა იდეალური, მდგომარეობაა ოპოზიციურ პარტიებსა და გაერთიანებებში. გაერთიანებებმა - “ძლიერი საქართველოსთვის - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” და “კოალიცია ცვლილებებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა” საკუთარი სიის პირველ 20-ეულებში შესაბამისად 9 და 8 ქალი წარადგინეს (45% და 40%), ხოლო “ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობისა” და “გახარია საქართველოსთვის” პირველ 20-ეულებში 6-6 ქალია (30%). ცხადია, რომ მისასალმებელია, რომ სავალდებულო გენდერული კვოტების გაუქმების პირობებში, ოპოზიტიურმა პარტიებმა ქალების წარმომადგენლობა არ შეამცირეს.

ქართული ოცნების სიის პირველ 60-ეულში მხოლოდ 2 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია (ნ.25 ზაურ დარგალი; ნ.36 სამველ მანუკიან). დანარჩენი მსხვილი ოპოზიციურ გაერთიანებებისა და პარტიების სიებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები გარანტირებულად „გამსვლელი“ ადგილებით არ არიან წარმოდგენილი.

საქართველოს მოსახლეობის 13.2%-ს ეთნიკური უმცირესობები შეადგენენ. ბოლო ათი წლის განმავლობაში, ასეულობით ეთნიკური უმცირესობის წევრმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება ქართულ უნივერსიტეტებში და ბევრი მათგანი აქტიურადაა ჩართული სამოქალაქო აქტივიზმში. ამის და მიუხედავად, პოლიტიკური პარტიების მიერ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების უგულებელყოფისა და პარტიების შიდა მექანიზმებში დამკვიდრებული არაინკლუზიური გარემოს გამო, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს არ ეძლევათ აქტიურ პოლიტიკაში მონაწილეობის შესაძლებლობა.

ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, პოლიტიკური პარტიები ან სტატისტიკურად უმცირესობაში მყოფი ეთნიკურად ქართული მოსახლეობიდან ირჩევენ კანდიდატს, ან უპირატესობას ეთნიკური უმცირესობების წევრ ადგილობრივ ოლიგარქებსა და კლანთა ლიდერებს ანიჭებენ. ეს ეგრეთწოდებული „მდუმარე“ დეპუტატები, პარტიების მიერ გამოიყენებიან ადგილობრივი მოსახლეობის ხმების მობილიზაციისთვის და მხოლოდ ფორმალურად წარმოადგენენ ამა თუ იმ ეთნიკურ უმცირესობას, რადგან არც სიტყვის და არც საკანონმდებლო ინიციატივების უფლებას არ იყენებენ საპარლამენტო მოღვაწეობისას.

აღსანიშნავია, რომ 5 მსხვილი საარჩევნო სუბიექტის სიებში წარდგენილი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიდან, ყველა კაცია, რაც ეთნიკური უმცირესობების წევრი ქალების პოლიტიკური ხმის სრულ უგულებელყოფაზე მიუთითებს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“