[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური დაცვა / კვლევა

პოტიომკინის ზრდა: რატომ ჩქარობენ საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის დატოვებას მზარდი მშპ-ს, მზარდი ექსპორტისა და შემცირებული უმუშევრობის ფონზე?

Library Thumbnail Image

გვერდების რაოდენობა:  31

გამოცემის წელი:  2025

მკვლევრები: 

პოტიომკინის_ზრდა_-_GEO_1747381816.pdf

შეჯამება

  • საქართველოს აქვს ეკონომიკა, რომელშიც 600 000-ზე მეტი ადამიანი უმუშევარია, ხოლო „არასრულად გამოყენებული სამუშაო ძალის დონე“ 33%-ს შეადგენს; ანუ რეალური უმუშევრობის დონე სწორედ ამ დონეზეა;
  • იმ ტემპით, რა ტემპითაც სამუშაო ადგილები იქმნება (2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 14 000 სამუშაო ადგილი წელიწადში), ქვეყანას დასჭირდება 19 წელი, რომ დასაქმება უზრუნველყოს ამ ადამიანების, სულ მცირე, ნახევრისთვის და ევროკავშირის დასაქმების საშუალო დონეს გაუსწორდეს;
  • 2023 წლის ეკონომიკური ზრდის სამი მეოთხედი მხოლოდ თბილისსა და ბათუმზე მოდიოდა;
  • კომპანიების მფლობელები იმხელა წილს იღებენ მშპ-დან, რომ თუ საქართველოში ხელფასების წილი მშპ-ში ისეთი იქნებოდა, როგორიც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელია, თითოეული დასაქმებული წელიწადში სამი დამატებითი ხელფასის აღებას შეძლებდა;
  • ქვეყანას კვლავაც ძირითადად ნედლეული და მეორადი ავტომობილები გააქვს ექსპორტზე, ზუსტად ისე, როგორც 2010 წელს, უბრალოდ უფრო დიდი მოცულობით; ერთადერთი ტექნოლოგიურად შედარებით განვითარებული პროდუქცია, რომელიც გადის ექსპორტზე, არის მედიკამენტები, რომლის წლიური მოცულობაც ოდნავ აღემატება $100 მილიონს;
  • საქართველო მშპ-ის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს ხარჯავს კვლევასა და განვითარებაზე (R&D), ოდნავ მეტს, ვიდრე მიანმარი და პაკისტანი, მაგრამ ათჯერ ნაკლებს, ვიდრე, მაგალითად, ჩეხეთი (ისრაელზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომელიც 22-ჯერ მეტს ხარჯავს);
  • საზღვარგარეთიდან ქვეყანაში გადმორიცხული თანხები ოთხჯერ გაიზარდა 2010 წელთან შედარებით, ხოლო მათი წილი მშპ-ში (საზღვარგარეთიდან გადახდილი ხელფასების ჩათვლით) 10%-დან 14%-მდე გაიზარდა, მიუხედავად სწრაფი ეკონომიკური ზრდისა, და მაშინ, როცა ეს წილი ყველა შედარებად ქვეყანაში მცირდება;
  • ქვეყანა თითქმის ნახევარ იმპორტს ტურიზმისა და უცხოეთიდან გადმორიცხული ფულით აფინანსებს, რადგან საკმარისი ექსპორტი არ აქვს და არსებული კვლევისა და განვითარების (R&D) დონის გათვალისწინებით, ვერც ექნება;
  • საქონლისა და მომსახურების უარყოფითი სავაჭრო ბალანსით (მშპ-ის -8%) საქართველო მხოლოდ მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას უსწრებს, რომლებიც არ განიხილებიან ეკონომიკური წარმატების მაგალითებად;
  • და 2021 წლიდან საქონლის ექსპორტის ზრდის 60% დიდი ალბათობით, მხოლოდ ერთი მიზეზით არის გამოწვეული: მეორადი ავტომობილების რეექსპორტით რუსეთში ყაზახეთის, ყირგიზეთისა და სომხეთის გავლით.

ამ ყველაფრის ფონზე, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს ეკონომიკური მოდელი უმრავლესობისთვის ნაკლებად მიმზიდველია. გასაკვირი არ არის, რომ ამდენი ადამიანი ტოვებს ქვეყანას და არც ის იქნება გასაკვირი, რომ სხვებიც წავლენ, თუნდაც საქართველოში ყველაზე დემოკრატიული მმართველობა დამყარდეს.

რა თქმა უნდა, არსებობს სიტუაციის შემობრუნების გზები - ან, სულ მცირე, მცდელობის შესაძლებლობა. ბევრი წიგნი დაიწერა იმის შესახებ, თუ როგორ გააკეთეს ეს სხვა ქვეყნებმა -  მაგალითად, სამხრეთ კორეამ, ტაივანმა, ან იაპონიამ.[1] აქ მთავარი საკითხი ისაა, რაც უკვე ვახსენეთ - R&D-ის (კვლევისა და განვითარების) ღირებულება. თუ ვინმეს სურს, ისწავლოს, ვთქვათ, პლასტმასის ვარცლების წარმოება ექსპორტისთვის, ვინ დააფინანსებს იმას, რომ ამ ექსპორტზე ორიენტირებულმა მეწარმემ აწარმოოს 1 000 ცუდი ხარისხის ვარცლი, რომელიც არავის სჭირდება, სანამ არ ისწავლის ისეთი პროდუქციის შექმნას, რომელიც კონკურენციას გაუწევს, მაგალითად, თურქულ ნაწარმს, იმ ფონზე, როცა თურქულ კომპანიებს ამ საქმეში უკვე 30-წლიანი გამოცდილება აქვთ? პასუხი არის ის, რომ ეს თანხა საზოგადოებამ უნდა გამოყოს, რადგან, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მეწარმეები ამას თვითონ არ გააკეთებენ და ამის ნაცვლად აირჩევენ თბილისში უძრავ ქონებაში ფულის დაბანდებას, რადგან ეს მათთვის ინდივიდუალურად ბევრად უფრო მომგებიანია. მაგრამ, თუ საქართველო დღეს R&D-ზე (კვლევასა და განვითარებაზე) მშპ-ის მხოლოდ 0.3%-ს ხარჯავს, სად უნდა ვიპოვოთ დამატებით 1% (აუცილებელი მინიმუმი) ან 2% (რეკომენდებული დონე)? და არავინ საუბრობს ჯერ იმ ხარჯებზე, რაც, მაგალითად, ექსპორტის სწავლას და ბაზარზე საკუთარი პროდუქტის პოზიციონირებას სჭირდება. 1.6 მილიარდი ლარი (რაც 2023 წლის ნომინალური მშპ-ის, 81 მილიარდის 2%-ია) მცირე თანხა ნამდვილად არ არის. ეს უფრო მეტია, ვიდრე თავდაცვაზე გაწეული ხარჯი (1.3 მლრდ) და მხოლოდ ოდნავ ნაკლები, ვიდრე ჯანდაცვაზე დახარჯული თანხა (1.8 მლრდ), ჯამური ბიუჯეტის (24.5 მლრდ) ფარგლებში.[2] თუმცა, რომ დავაკონკრეტოთ, საუბარი არაა კიდევ ერთ 20 მილიარდ ლარიან ინვესტიციაზე - საუბარია რამდენიმე მილიარდზე. ეს მოხერხებადია. მთავარია, მართლაც არსებობდეს ამის გაკეთების სურვილი და არა იმის ლოდინი, რომ საბაზრო ეკონომიკის კეთილგანწყობილი ხელი ყველაფერს თავისთავად მოაგვარებს (რაც 30 წლის განმავლობაში არ მოუგვარებია, და არც მომდევნო 30 ან 100 წლის განმავლობაში მოაგვარებს). რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს თანხა უნდა დაიხარჯოს ისე, რომ რეალური შედეგი მოიტანოს, რისთვისაც საჭიროა სხვების გამოცდილების გათვალისწინება.

სხვათა შორის, ყველა იმ ქვეყნის გამოცდილება, რომლებმაც ინდუსტრიული განვითარება დასავლეთის შემდეგ დაიწყეს, ერთსა და იმავე სამ პრინციპზე დაყრდნობით იყო აგებული:

  1. მნიშვნელოვანი ფინანსური და ტექნიკური რესურსების მიმართვა საოჯახო ტიპის, ერთ ჰექტრამდე ზომის მეურნეობების გაძლიერებისთვის, რათა სოფლად არსებული ჭარბი სამუშაო ძალა მიიზიდოს/შეინარჩუნოს რეგიონებში და ამით გაიზარდოს როგორც ექსპორტი, ისე ადგილობრივი მოხმარება;
  2. ქვეყნის ყველაზე კვალიფიციური მეწარმეების წახალისება, რომ მათი საქმიანობა გადაერთოს წარმოებაზე (ასევე, ციფრულ სერვისებზეც) და ექსპორტზე, ნაცვლად იმისა, რომ ააშენონ საცხოვრებელი შენობები ან დააფუძნონ ბანკები; მათ უნდა მიეცეთ სუბსიდიები, რომლებიც პირდაპირ კავშირში იქნება მათ საექსპორტო შედეგებთან, რაც რეგულარულად გაკონტროლდება (და მათი დაცვა იმპორტისგან იქამდე, სანამ აღწევენ სამიზნე მაჩვენებლებს - მანამ, სანამ საკმარისად არ გაიზრდებიან იქამდე, რომ მათი დაცვა აღარ იქნება საჭირო);
  3. ქვეყნის საბანკო სექტორის გამოყენება, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური ბერკეტებით, იმისთვის, რომ ბევრად იაფი სესხით დაფინანსდეს სოფლის მეურნეობა და მრეწველობა, რომელიც ორიენტირებულია საქონლის ექსპორტზე გასატანად (ფაქტობრივად, საექსპორტო სწავლების დაფინანსება არა გადასახადებით, არამედ საპროცენტო განაკვეთებით, რომელსაც ეკონომიკის სხვა მონაწილეები იხდიან).

რა თქმა უნდა, კორეისა და იაპონიის პირობები განსხვავებული იყო. ისინი იყვნენ დიდი მოსახლეობის მქონე ქვეყნები, დიდი შიდა ბაზრებით, აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერით ცივი ომის პერიოდში და იმ დროს გლობალური ვაჭრობის წესები ბევრად უფრო ლოიალური იყო, რაც საშუალებას აძლევდა განვითარებად ქვეყნებს, გამოეყენებინათ არაერთი ღონისძიება საკუთარი ბაზრების დასაცავად. გარდა ამისა, არაა ცხადი, საქართველოს შემთხვევაში იმუშავებს თუ არა ზემოთ ნახსენები პირველი პუნქტი - საოჯახო მეურნეობების გაძლიერება. კორეასა და იაპონიაში აღნიშნულ აგრარულ რეფორმებს ახორციელებდნენ მაშინ, როცა ისინი ეკონომიკურად ბევრად უფრო სუსტები იყვნენ. მაგრამ, ამ ყველაფერს, გარკვეულწილად, არსებითი მნიშვნელობა არც აქვს - პირობები ყოველთვის განსხვავდება. თუ საქართველო არ შეეცდება, გააუმჯობესოს საკუთარი თავი იმაზე მეტად, ვიდრე არის (ქვეყანა, რომელიც დამოკიდებულია რუსეთიდან შემოსულ ტურისტებზე, ფულად გადმორიცხვებზე ევროპიდან და ავტომობილების ექსპორტზე „ყირგიზეთში“),  მაშინ შედეგიც იგივე იქნება 2044 წელს, რაც იყო 2024 წელს: პორშეები ათასებისთვის, ემიგრაცია ასიათასებისთვის და მიმზიდველი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე საუბარი ყველგან.

პოტიომკინის_ზრდა_-_GEO_1747381816.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] იხილეთ ელის ამსდენი – Asia’s Next Giant: South Korea and Late Industrialization; რობერტ უეიდი – Governing the Market: Economic Theory and the Role of Government in East Asian Industrialization; ჩალმერს ჯონსონი – MITI and the Japanese Miracle: The Growth of Industrial Policy, 1925–1975; ჰა-ჯუნ ჩანგი – Kicking Away the Ladder: Development Strategy in Historical Perspective; ერიკ რეინერტი – How Rich Countries Got Rich and Why Poor Countries Stay Poor; და მოკლე მიმოხილვისთვის (და ბევრად უფრო ხელმისაწვდომ ენაზე), ჯო სტადუელის How Asia Works.

[2] იხილეთ: https://cutt.ly/wrhf2d0Z.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“