საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63


დღეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღების დღეა. 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული კონსტიტუცია, რუსეთის იმპერიის კოლონიური ჩაგვრისგან თავის დაღწევის და ქართველი ხალხის სუვერენული უფლებების აღიარების აქტს წარმოადგენდა.
1921 წლის კონსტიტუცია ქართული სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტია და მისი მნიშვნელობა მხოლოდ ისტორიული არ არის. მართალია, მიღების შემდეგ, იგი მხოლოდ 4 დღე მოქმედებდა, თუმცა სახელმწიფოებრიობის 70-წლიანი გაუქმების შემდეგ, სწორედ მას დაეფუძნა დამოუკიდებლობის აღდგენა. 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებულ კონსტიტუციაშიც პირდაპირ გაცხადდა, რომ იგი 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს ეფუძნება.
პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელიც იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული კონსტიტუცია იყო ევროპაში, იზიარებდა უშუალო დემოკრატიის იდეებს, ძლიერი საპარლამენტო მართვის მოდელს და ეფუძნებოდა ქმედით ადგილობრივ თვითმმართველობას და ევროპულ სოციალ-დემოკრატიულ ღირებულებებს. ის არა მხოლოდ სამოქალაქო და პოლიტიკურ თავისუფლებებს აღიარებდა, არამედ მნიშვნელოვან ადგილს უთმობდა სოციალური უფლებებისა და გენდერული, რელიგიური და ეთნიკური თანასწორობის იდეების დაცვას.
კონსტიტუციის ეს ტექსტი წარმოადგენდა არ მხოლოდ ნეიტრალურ სამართლებრივ დოკუმენტს, არამედ ძალაუფლების გადანაწილების ისეთ მოდელს, რომელიც ხალხის, მათ შორის, ეკონომიკურად არაპრივილეგირებული ჯგუფების პოლიტიკური მონაწილეობას და წარმომადგენლობას რეალურად უზრუნველყოფდა.
ეს დღე განსაკუთრებით მძიმეა დღეს, როდესაც ვიაზრებთ რომ კონსტიტუცია, რომელიც სახელმწიფო მოწყობის საფუძვლებს უნდა ქმნიდეს და ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის ძალაუფლების დაბალანსებას უზრუნველყოფდეს, დღეს სრულად ფეხქვეშ არის გათელილი.
"ქართული ოცნება" კანონშემოქმედებას ავტოკრატიული წესრიგის დასამკვიდრებლად იყენებს; იღებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც არა მხოლოდ არღვევს კონსტიტუციურ სტანდარტებს, არამედ სრულად უხვევს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან და კონსტიტუციით მინიჭებულ ძალაუფლებას საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიმართავს.
პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია ქართველი ხალხის დეკოლონიური პროცესის შედეგი იყო, რომელიც არა მხოლოდ ისტორიულად აფორმებდა ახალი და სუვერენული სახელმწიფოს იდეას იმპერიის ნანგრევებზე, არამედ საუკუნეების განმავლობაში ჩაგრული ხალხის ახალ და პროგრესულ პოლიტიკურ წარმოსახვას ქმნიდა მის მომავალზე.
დღეს კი, სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებითა და საკანონმდებლო ძალაუფლების უზურპაციით, "ქართული ოცნება" სწორედ ამ დეკოლონიურ ისტორიულ პროცესს ეწინააღმდეგება, როცა წარმოუდგენელი სისწრაფით აუქმებს მოქალაქის, თავისუფლებების და თანასწორობის იდეებს და ანგრევს ევროპეიზაციის გზას, როგორც სუვერენიტეტის დაცვის შესახებ წინა თაობებისა და ახლანდელი თაობების ეროვნულ შეთანხმებას.
იმ პირობებში, როდესაც საკანონმდებლო ძალაუფლება ავტოკრატიული წესრიგის გამყარების ინსტრუმენტად იქცევა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 1921 წლის კონსტიტუციასთან მიბრუნება და მის ღირებულებებზე რეფლექსია, რათა შესაძლებელი გახდეს ქვეყნის დემოკრატიზაციის სამომავლო პროექტის წარმოდგენა: იმგვარი სისტემისა და საზოგადოებრივი შეთანხმების შექმნა, რომელიც პატივს სცემს ადამიანის წარუვალ უფლებებს, თავისუფლებებს, სოციალურ თანასწორობასა და სოლიდარობაზე დაფუძნებულ, სამართლიან, დემოკრატიულ და ინკლუზიურ საზოგადოებას შექმნის.
ინსტრუქცია