[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / განცხადება

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 4 წელი გავიდა - ეს მოვლენა ჩვენს რეგიონში დრამატული ცვლილებებისა და კრიზისების მიზეზი გახდა

დღეს, 2026 წლის 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 4 წელი შესრულდა. რუსეთის ამ იმპერიალისტური და უკანონო აგრესიის შედეგად, ბოლო 4 წლის განმავლობაში დაიღუპა და დაიჭრა ასობით ათასი უკრაინელი ჯარისკაცი (მათ შორის უკრაინის დაცვას შეეწირა 100-ზე მეტი ქართველი მოხალისე) და სულ მცირე 55 660 მშვიდობიანი მოქალაქე (14 999 მოკლული, 40 601 დაჭრილი)[1], ხოლო დაახლოებით 6 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი ქვეყანა[2], ამათგან 29 230 უკრაინელი ლტოლვილი საქართველოში აფარებს თავს.[3] თავის მხრივ, ქვეყნის შიგნით ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულია დაახლოებით 3.8 მილიონი უკრაინელი.[4] აღსანიშნავია, რომ  ომის შედეგად გამოწვეული ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური ტიპის დესტრუქციაც, რაც უკრაინელი საზოგადოების კეთილდღეობაზე დამატებით და განგრძობად უარყოფით გავლენას ახდენს.

ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, წინ უძღოდა რუსეთის მიერ ფორმალურად ომის გამოცხადების გარეშე 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია და ანექსია, შემდეგ კი, ჰიბრიდული ომის მეთოდების გამოყენებით, დონეცკისა და ლუჰანსკის მხარეების სეპარატისტული მოძრაობების მხარდაჭერა და ამ მხარეების ოკუპაცია.

უდავოა, რომ მიმდინარე ომის უპირველესი მსხვერპლი თავდაცვაში მყოფი უკრაინელი ხალხია, თუმცა როგორც ყველა სხვა იმპერიალისტური ომის შემთხვევაში,  მსხვერპლი იმპერიალისტურ, ამ შემთხვევაში კი რუსულ მხარესაც უკიდურესად დიდია. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ბრძოლის ველებზე ასობით ათასი ჯარისკაცი დაკარგა.[5] სამხედრო დანაკარგების დისპროპორციულად მაღალი რაოდენობა მოდის სოციალურად მოწყვლად ჯგუფებსა და რუსეთის ფედერაციის შემადგენელ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რესპუბლიკებზე.[6] თავის მხრივ, რუსეთის ეს ხანგრძლივი იმპერიალისტური ომი, რომელიც უკრაინელების პარალელურად საკუთარ მოქალაქეებსაც ანადგურებს, შესაძლებელი, ბოლო 15 წლის განმავლობაში ქვეყანაში ვლადიმერ პუტინის ავტოკრატიული მმართველობის გამყარებით გახდა. უკრაინის მიმართ განხორციელებულ სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს,  უძღვოდა პუტინის რეჟიმის მიერ რუსული დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო სექტორისა და ორგანიზებული ოპოზიციური ძალების განადგურება დისკრედიტაციის კამპანიებისა და შემზღუდავ კანონმდებლობაზე დაფუძნებული რეპრესიების საშუალებით. თუნდაც საბაზისო დემოკრატიული ინსტიტუტების, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებების პირობებში, თითქმის შეუძლებელი იქნებოდა ასეთი ხანგრძლივი და თვითდესტრუქციული თავდასხმითი ომის წარმოება, რომელიც მხოლოდ მმართველი ელიტის ვიწრო ინტერესებს ემსახურება. ავტოკრატიული მმართველობის ეს თვითდესტრუქციული ტენდენციები, მაგალითი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვისაც. 

ამ დღეებში, ჟენევაში, აშშ-ის მედიაციით უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ვიმედოვნებთ, რომ ნებისმიერი მიმდინარე და მომავალი მოლაპარაკება, საერთაშორისო სამართლის პრინციპების სრული დაცვით წარიმართება და ადგილი არ ექნება უკრაინულ მხარეზე არალეგიტიმურ ზეწოლას ოპონენტებისა და მით უფრო მოკავშირეების მხრიდან. გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა, რომელიც უკრაინელ ერს შესაძლებლობას მისცეს დაბრუნდეს დევნილობიდან,  ხელახლა ააშენოს ქვეყანა ომის ნანგრევებიდან და მიაღწიოს სოციო-ეკონომიკურ კეთილდღეობას, მხოლოდ საერთაშორისო სამართლის და არა „დიდი ძალების“ ინტერესებს მიერ ნაკარნახები მშვიდობით შეიძლება მიიღწეს. უკრაინის იძულება, ხელი მოაწეროს ქვეყნის სუვერენიტეტის ხელმყოფ და დამამცირებელ, თუ ქვეყნის ეკონომიკური რესურსების მშვიდობის სანაცვლოდ დათმობაზე, არამარტო უსამართლო, არამედ დამანგრეველიც იქნება ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის. თავის მხრივ, აღსანიშნავია, რომ არსებული წესრიგის მრავალი ნაკლოვანებისა და დამახასიათებელი სტრუქტურული უსამართლობის მიუხედავად, მეორე მსოფლიო ომის შედეგად ჩამოყალიბებული წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის, „სიკეთესა და ბოროტების მიღმა“, მორალურად ნიჰილისტური რეალპოლიტიკით ჩანაცვლება, მხოლოდ დიდი ეკონომიკური და სამხედრო ძალის სახელმწიფოებს აწყობს და არავითარ შემთხვევაში არ შედის უკრაინისა და საქართველოს მსგავსი ქვეყნების, ისევე როგორც სხვა მოწყვლადი სახელმწიფოებისა და ხალხების ინტერესებში.

რაც შეეხება საქართველოს როლს მიმდინარე ომის კონტექსტში. ქვეყნის პრიორიტეტად უნდა დარჩეს მის ტერიტორიაზე მყოფი უკრაინელი ლტოლვილების საერთაშორისო დაცვის სტანდარტების სრული უზრუნველყოფა. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს დაცვის ქვეშ მყოფ პირთა ეფექტიანი წვდომა საბაზისო სოციალურ, ჯანდაცვის, განათლებისა და შრომით სერვისებზე, რაც შეესაბამება როგორც საერთაშორისო ჰუმანიტარულ ვალდებულებებს, ისე საქართველოს კონსტიტუციურ პრინციპებს.

უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგები საქართველოსთვის არა მხოლოდ ჰუმანიტარულ, არამედ მკაფიო უსაფრთხოების განზომილებასაც ატარებს. რუსეთის სამხედრო წარმატება ან მარცხი განსაზღვრავს პოსტსაბჭოთა სივრცეში რევიზიონისტული პოლიტიკის ინტენსივობასა და მასშტაბს. აგრესიის დაუსჯელობა ქმნის პრეცედენტს, რომელიც ზრდის ზეწოლისა და დესტაბილიზაციის რისკებს იმ ქვეყნებისთვის, სადაც რუსეთის სამხედრო ან პოლიტიკური გავლენა უკვე ფიქსირდება, მათ შორის საქართველოსთვის, რომლის ტერიტორიების ნაწილი 2008 წლიდან ოკუპირებულია.

ამასთან რუსეთის სტრატეგიული მიზნები უკრაინაში მნიშვნელოვნად უკავშირდება შავი ზღვის რეგიონში სამხედრო და გეოპოლიტიკური დომინირების დამყარებას. ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ენერგეტიკულ და სატრანზიტო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის იმ დერეფნებზე, რომლებიც საქართველოს გავლით აკავშირებს ევროპასა და აზიას. შესაბამისად, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგები განსაზღვრავს საქართველოს როგორც სატრანზიტო და ენერგეტიკული ჰაბის სტრატეგიულ პერსპექტივას.

სამწუხაროდ, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ბოლო წლების ტრაექტორია შემაშფოთებელია და ის ჩვენს საზოგადოებაში მწვავე დისკუსიას და კონფლიქტებს იწვევს. სწორედ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ გამოჩნდა საქართველოში დასავლურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის ტემპის შენელება და რიტორიკის რადიკალური ცვლილება, რამაც მკვეთრად დაასუსტა ქვეყნის პოზიციონირება რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურაში. ცალსახაა, რომ იზოლაციონისტური ტენდენციების გაძლიერება და სტრატეგიული პარტნიორებთან ურთიერთობის დაძაბვა, გრძელვადიან პერსპექტივაში, უარყოფითად აისახება ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებზე.

ამ პერიოდში კიდევ უფრო მკაფიო გახდა, რომ დისკურსი „ომში ჩათრევის საფრთხის“ შესახებ, რომელსაც “ქართული ოცნება” აწარმოებს ყალბი და მოჩვენებითია. რეგიონში არსებობენ სახელმწიფოები, რომლებიც უსაფრთხოების მხრივ მაღალი მოწყვლადობის მიუხედავად, ცდილობენ ევროკავშირთან და დასავლურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის გაძლიერებას. მაგალითად, მოლდოვამ და სომხეთმა ბოლო წლებში გადადგეს ნაბიჯები ევროპული პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით, მიუხედავად არსებული უსაფრთხოების გამოწვევებისა და რუსეთისგან დამოკიდებულების სხვადასხვა ხარისხისა. ამ ფონზე საქართველოში მიმდინარე აგრესიული დეევროპეიზაციის პოლიტიკა და ინტეგრაციის პროცესის ფაქტობრივი შეჩერება, შეუძლებელია აიხსნას ლეგიტიმური მიზნებით.

ამავე კონტექტსში ჩანს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების, პირველ რიგში კი სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ტრანსფორმაცია და ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების ინიცირება. აღნიშნულ პროცესებში დასავლური აქტორების, მათ შორის აშშ-ის, გაზრდილი ჩართულობა მიუთითებს ძალთა გადანაწილების ახალ ეტაპზე. საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ დინამიკაში აქტიური და კონსტრუქციული როლი შეინარჩუნოს, რათა არ აღმოჩნდეს რეგიონული ტრანსფორმაციების პერიფერიაზე. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ამ პროცესებიდანაც სრულად გამორიცხული აღმოჩნდა, რაც ქართული ოცნების იზოლაციონისტური პოლიტიკის მძიმე შედეგია.

მნიშვნელოვანია, იმის გააზრება, რომ  ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები მოითხოვს საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ პოზიციონირებას, დემოკრატიის ინსტიტუციური მდგრადობის გაძლიერებას და რეგიონულ უსაფრთხოების არქიტექტურაში აქტიურ მონაწილეობას და სანამ ანტიევროპულ და იზოლაციონისტურ პოლიტიკას კიდევ უფრო მძიმე შედეგები არ გამოუღია ქვეყნისთვის, ის დროულად უნდა შეიცვალოს.

სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და ვუსურვებთ ომის სწრაფად, სამართლიანად და გამარჯვებით დასრულებას!

(CSIS) ის მიხედვით, რუსეთმა დაკარგა 1.2 მილიონი ჯარისკაცი, მათ შორის დაიღუპა 350,000. ხელმისაწვდომია: https://www.csis.org/analysis/russias-grinding-war-ukraine BBC- რუსეთის მხარეს დაღუპულთა დაოდენობას 243,000 და 352,000 შორის აფასებს 2025 წლის დეკემბრის ბოლოსთვის. ხელმისაწვდომია: https://www.bbc.com/news/articles/c62n922dnw7o

[6]Mediazona, რუსული დანაკარგები უკრაინის ომში, მედიაზონა, განახლებული[ინგ.]. წვდომა 21 თებერვალი, 2026. ხელმისაწვდომია: https://en.zona.media/article/2026/02/13/casualties_eng-trl

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი, უკრაინა,მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვნა შეიარაღებულ კონფლიქტებში, 2025 წლის დეკემბრის განახლება[ინგ.]. ხელმისაწვდომია: https://ukraine.ohchr.org/sites/default/files/2026-01/Ukraine%20-%20protection%20of%20civilians%20in%20armed%20conflict%20%28December%202025%29_ENG.pdf

[2] მონაცემების შეგროვების თარიღი - 30 ივნისი 2025. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, უკრაინის ლტოლვილთა სიტუაცია[ინგ.]. ხელმისაწვდომია: https://data.unhcr.org/en/situations/ukraine

[3] იქვე.

[4] გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი, გაძლიერებული თავდასხმების ფონზე უკრაინის ომი აღრმავებს ჰუმანიტარულ კრიზისს[ინგ.]. ხელმისაწვდომია: https://www.unhcr.org/emergencies/ukraine-emergency?utm_source=chatgpt.com

[5] სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“