საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
მეორე წელია, მსოფლიო მოწმეა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის და უსამართლო და იმპერიული ომის, რომელსაც ათასობით უკრაინელის სიცოცხლე ეწირება. ამ დროისთვის უკრაინის ომში დაიღუპა 10 582 მშვიდობიანი მოქალაქე და 19 875 მოქალაქე დაიჭრა. უკრაინიდან ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონ ადამიანს მიაღწია, ქვეყნის შიგნით დევნილების რაოდენობა 3,7 მილიონია, 14 მილიონი უკრაინელი კი მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში ცხოვრობს. საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც კარგად ვიცით რუსულ იმპერიასთან ბრძოლის ზიანი და სიმძიმე, სრულად ვართ სოლიდარულები უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ გვწამს, რომ თავისუფლებისა და სუვერენიტეტისათვის უკრაინელი ხალხის ამ ბრძოლაში წყდება ჩვენი ქვეყნის და რეგიონის პოლიტიკური მომავალიც.
ბოლო თვეებია, ომის ფრონტზე არ ჩანს მნიშვნელოვანი დინამიკა, რომელიც ომის ბედს გადაწყვეტდა. ამის მიუხედავად აშკარაა, რომ უკრაინამ არ დაუშვა რუსეთის გამარჯვება და შეაკავა ქვეყნის ტერიტორიების შემდგომი დაპყრობა. ამასთან რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა გამოიწვია დასავლეთის ქვეყნების კონსოლიდაცია რუსული აგრესიის შესაკავებლად და თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის გაძლიერება ევროპაში.
ამის მიუხედავად, აშკარაა ისიც, რომ რუსეთი არ აპირებს გაჩერებას, რადგან მისი მიზანი არა მხოლოდ კონკრეტული ტერიტორიების დაკავებაა, არამედ მის მეზობლად დამოუკიდებელი სახელმწიფოების დამოუკიდებელი და სუვერენული განვითარების არ დაშვება და მათი მოსკოვის დაქვემდებარებაში შეკავება.
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ იმპერიული დაქვემდებარების ამ ინსტინქტს არა მხოლოდ უკრაინის მთავრობა დაუპირისპირდა, არამედ თავად უკრაინელი ხალხი, რომელიც თავისუფლებისთვის და ღირსებისთვის ამ ბრძოლას მედეგად წარმართავს. ხშირად უკრაინის თემაზე მსჯელობის დროს მათ, ვინც ამ ომს მეტწილად დასავლეთსა და რუსეთს შორის კონფლიქტის პერსპექტივიდან ხედავს, ავიწყდებათ, რომ ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვან აქტორს და შემოქმედს სწორედ უკრაინელი ხალხი წარმოადგენს. სწორედ უკრაინელი ხალხი საკუთარი არჩევანით, საკუთარი სხეულებით და ძალით იბრძვის, აკავებს და მსხვერპლად ეწირება რუსეთისგან გათავისუფლების იდეას.
ამ ომში ბუნდოვანი და უსაფუძვლოა რუსეთის მიზნები და პოზიციები. ომის დაწყებიდან 2 წლის შემდეგაც პუტინის რეჟიმს არ აქვს ახსნა, რა შეიძლება ამართლებდეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობაში ჩარევას და მის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებას. ომის თემაზე გაკეთებულ ყველა განცხადებაში ის მეზობელი ქვეყნებისგან დაქვემდებარებას და მორჩილებას ითხოვს, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში აგრესიული იმპერიული ლოგიკის და იერარქიების გატარებას ისახავს მიზნად. რუსეთი ღიად შედის კონფლიქტში არსებულ საერთაშორისო სისტემასთან, რომელიც სახელმწიფოების თანასწორობასა და დამოუკიდებლობის პრინციპზე დგას და გლობალურ წესრიგს ანგრევს.
ომის პოლიტიკამ პუტინის პოლიტიკური რეჟიმი კიდევ უფრო რეპრესიული, ავტორიტარული და უკონტროლო გახადა. პუტინის მმართველობაში ამ შემობრუნებამ თავად რუსულ პოლიტიკურ სივრცეში შეუძლებელი გახადა დემოკრატიული წინააღმდეგობა და მომავალი. პუტინის მიერ დაწყებულ ომს, რომელსაც ის სწორედ საკუთარი მოსახლეობის, როგორც ბიო მასის რაოდენობრივი უპირატესობით წარმართავს, მოსახლეობის ყველაზე მარგინალური, ღარიბი წარმომადგენელი ნაწილი ეწირება. ომის შემდეგ რუსეთი მასობრივმა მიგრაციამ მოიცვა და განსაკუთრებით დიდი ქალაქებიდან საშუალო კლასმა, რომელსაც ჰქონდა რეჟიმთან დაპირისპირების რესურსი, ქვეყანა მასობრივად დატოვა. რამდენიმე დღის წინ ყველაზე გავლენიანი რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაღუპვამ ციხეში კი, კიდევ უფრო ცხადი გახადა სისტემის სისასტიკე და ავტორიტარიზმის აღზევების შეუქცევადობა.
პოსტსაბჭოთა სივრცეში ამგვარი იმპერიული და არადემოკრატიული სახელმწიფოს ფაქტორი მძიმე დაღს ასვამს მეზობელი სახელმწიფოების დემოკრატიას და განვითარების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ, უკრაინაში ფრონტის ხაზზე გადის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ჩვენი რეგიონის მომავალიც.
ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ და მათ ომის დროულ დასრულებას და გამარჯვებას ვუსურვებთ!
ინსტრუქცია