[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / სტატია

"მე არ ვარ მჭევრმეტყველი" - ბიძინა ივანიშვილის მოკრძალებული ტონი და აფექტის პოლიტიკის ანალიზი

შესავალი

2011 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენა არ წარმოადგენდა მხოლოდ ახალ ამბავს ქვეყნის შიგნით - ეს იყო მძლავრი სიმბოლური ცვლილება, რომელმაც არსებითად გადაალაგა ქართულ პოლიტიკაში მოქმედი აფექტური და დისკურსული წესრიგი. იმ პერიოდის საზოგადოებრივ განწყობებში გროვდებოდა სოციალური დაძაბულობა, უკმაყოფილება და პოლიტიკური გაუცხოება. სწორედ ამ ფონზე გამოჩნდა ივანიშვილი, როგორც არატიპური ფიგურა, რომლის რიტორიკული პოზიციონირება მკვეთრად განსხვავდებოდა მაშინდელი ხელისუფლების დომინანტური ენობრივი ფორმებისგან. იგი ცდილობდა თავი  დაემკვიდრებინა არა როგორც პროფესიონალ პოლიტიკოსს, არამედ - როგორც გარე დამკვირვებელს, რომელიც გარდაუვალი აუცილებლობის გამო მოვიდა. იგი პოზიციონირებდა, როგორც „ხალხის ხმა“, რომელიც ხელისუფლებას უნდა მოესმინა. ამ ფორმით იგი თითქოს ხალხს უბრუნებდა ძალაუფლებას.

ხელისუფლებაში მოსვლიდან 13 წლის შემდეგ საინტერესოა დავსვათ კითხვები: როგორ მოახერხა ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლა? რა კონკრეტული ემოციების და აფექტების მობილიზება მოახერხა გამარჯვებისათვის რუსეთთან აფილირებულმა ოლიგარქმა და უჩინარმა ქველმოქმედმა? ამ კითხვაზე პასუხები დაგვეხმარება გავაანალიზოთ, ერთი მხრივ, ის სისუსტეები, რომლებზე ზემოქმედებითაც მან მოიპოვა ხალხის მხარდაჭერა და მეორე მხრივ,  დავინახავთ საკუთარ თავს პოლიტიკის მრუდე სარკეში. 

თანამედროვე პოლიტიკის ანალიზში სულ უფრო მძლავრად იკვეთება აზრი, რომ პოლიტიკას განსაზღვრავს არა მხოლოდ რაციონალური არგუმენტები და ინსტიტუციური სტრუქტურები, არამედ ემოციები, განცდები და კოლექტიური განწყობები. ემოციები, როგორც ლორენ ბერლანტი აღნიშნავს, არ წარმოადგენენ მხოლოდ ინდივიდუალური ფსიქოლოგიის ელემენტებს, არამედ ისინი "ცხოვრების დაპირებას ქმნიან" და პოლიტიკაში ჩართულ სხეულთა კოლექტიურ გამოცდილებას განსაზღვრავენ (Berlant 1997). პოლიტიკა, ამ კუთხით, არ არის უბრალოდ მმართველობის ან კონკურენციის სივრცე, არამედ - აფექტური რეჟიმი, რომელშიც კოლექტიური იმედები, შიშები, ბრაზი და სამართლიანობის განცდა იწარმოება.

აფექტი განსხვავდება ემოციისგან იმით, რომ ის არ არის მხოლოდ გადმოცემადი ან გასიტყვებადი განცდა. როგორც ბრაიან მასუმი აღნიშნავს, აფექტები პრეკოგნიტურ დონეზე მოქმედებენ, ე.ი. ისინი ხდებიან ქმედების მოტივატორები მანამ, სანამ გონებრივ რეფლექსიამდე მივაღწევთ (Massumi 2002). პოლიტიკური ლიდერის ძალა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია წვდომა ჰქონდეს კოლექტიური განწყობის ამ კვანძებზე.

სარა აჰმედი აფექტის პოლიტიკას განიხილავს როგორც "ემოციური ეკონომიკის“ მოქმედებას, სადაც ემოციები არა მხოლოდ აღწერენ, არამედ აწარმოებენ საზოგადოებრივ კავშირებსა და საზღვრებს (Ahmed, 2004). ემოციების პოლიტიკური ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავინახოთ, როგორ იგება სხვადასხვა ჯგუფებს შორის კავშირები, საზღვრები და დაპირისპირების ხაზები; როგორ შეიძლება შიში, იმედი, დამცირება, ან განრისხება სოციალური მობილიზაციის ძირითადი ინსტრუმენტი გახდეს.

საქართველოში, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა გარდამავალი პერიოდის პოლიტიკურ ლანდშაფტში, აფექტებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. აქ საზოგადოებრივ მეხსიერებაში ღრმად აქვს ფესვები გადგმული ძალადობის, უსამართლობის და კოლექტიური იმედგაცრუების გამოცდილებას. ამიტომაც პოლიტიკური ლიდერები ხშირად მიმართავენ ნარატივებს, რომლებიც კოლექტიურ ემოციურ სტრუქტურებზეა მორგებული - იქნება ეს ეროვნული თავმოყვარეობის აღდგენა, სამართლიანობის დაბრუნება, თუ მშვიდობის უზრუნველყოფა.

2011 წელს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენა შეიძლება განვიხილოთ, როგორც აფექტური რეპერტუარის გადახალისება. ივანიშვილი, რომელიც პოლიტიკაში არასისტემური მოთამაშის სტატუსით შემოვიდა, ცდილობდა საზოგადოებისათვის შეეთავაზებინა არა მხოლოდ ალტერნატიული პოლიტიკური პროგრამა, არამედ ემოციური პოლიტიკის ახალი ფორმები. რიტორიკის ეს მოდელი მკვეთრად განსხვავდებოდა მიხეილ სააკაშვილის პათოსისა და საზოგადოების მობილიზაციის მოდელისგან. მის პირველ პრესკონფერენციებში უკვე მკაფიოდ იკვეთება ისეთი აფექტური კვანძები, როგორებიცაა: დამცირებულობის განცდა, სიმართლისთვის ბრძოლის მორალური იმპერატივი, სოლიდარობა „უბრალო ხალხთან“, ავტორიტარიზმის საფრთხე და სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობა.

წარმოდგენილი კვლევა ემყარება იმ თეორიულ წინაპირობას, რომ პოლიტიკა არ არის მხოლოდ რაციონალური ინტერესების ან იდეოლოგიური პოზიციების გამოხატულება, არამედ, ის ემოციური მობილიზაციის სტრუქტურაცაა. ბიძინა ივანიშვილის რიტორიკის ანალიზი აფექტის თეორიის პრიზმაში გვაძლევს შესაძლებლობას, გავიგოთ, როგორ ყალიბდება პოლიტიკაში ნდობა არა დისკურსული არგუმენტების, არამედ აფექტური იდენტიფიკაციის გზით. ამ ფორმით პოლიტიკა გვევლინება არა როგორც იდეათა კონკურენცია, არამედ როგორც ემოციური და სხეულებრივი გამოცდილების სივრცე, სადაც გამარჯვება იმით განისაზღვრება, თუ ვინ შეძლებს უფრო ეფექტურად იმედის, შიშის, სამართლიანობის ან დამცირებულობის გრძნობების მობილიზებას.

წარმოდგენილი კვლევის მეთოდოლოგია ეფუძნება კრიტიკული დისკურსის ანალიზს, რომელიც ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ ტექსტის შინაარსზე, არამედ მის ტონალობაზე, სტილსა და სიმბოლურ სტრატეგიებზე. გაანალიზებულია ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო გამოსვლები (2011–2012), მისი საჯარო განცხადებები, 2011 წლის 7 და 12 ოქტომბრის, ასევე რადიო თავისუფლების დღიურები (2011), სადაც ივანიშვილი საკუთარი ყოველდღიური რუტინის საშუალებით, „ზომიერებისა“ და „სხვათა მსმენელის“ იმიჯის კონსტრუირებას ცდილობდა. ამ პირველწყაროების წაკითხვა ხდება არა მხოლოდ რაციონალური დაპირებების, არამედ იმ ემოციური კოდების კუთხითაც, რომლებიც ერთდროულად ნდობისა და მადლიერების მობილიზებას იწვევს.

დამატებით, ანალიზში გამოყენებულია შედარებითი პერსპექტივა - ივანიშვილის რიტორიკის შეპირისპირება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ სტილთან. უნდა აღინიშნოს, რომ აფექტური მობილიზაცია ივანიშვილთან არ ჩნდება „ცარიელ ადგილას“, არამედ ფორმირდება როგორც ალტერნატიული ხმა უკვე არსებულ დომინანტურ ნარატივთან/ სტილთან მიმართებით. ამგვარად, დისკურსის და აფექტის ერთობლივი ანალიზი საშუალებას იძლევა შევაფასოთ ის, თუ როგორ იქმნება პოლიტიკური ლეგიტიმაცია ემოციური ეკონომიკისა და მორალური დისკურსის საშუალებით.

ბიძინა ივანიშვილის რიტორიკული პოზიციონირება და ემოციური ტაქტიკა

ივანიშვილის პირველი პრესკონფერენციები და სატელევიზიო ინტერვიუები გამოირჩეოდა გარკვეული ემოციური თავშეკავებით - ფრთხილი, ნაკლებად ექსპრესიული ტონით, რომელსაც თან ახლდა სიტყვათა ეკონომიურობა და „გაურკვევლობის პოლიტიკა“. მისი განცხადებები ხშირად არ იძლეოდა ცხად პასუხებს კონკრეტულ პოლიტიკურ გეგმებზე, მაგრამ სწორედ ამ გაურკვევლობაში იმალებოდა მნიშვნელოვანი აფექტური სიგნალი: ეს იყო რიტორიკა, რომელიც ზუსტად ასახავდა იმედგაცრუებულ და გადაღლილ ამომრჩეველთან ემოციური თანაგანცდის ფორმას.

ივანიშვილი თავს არ წარმოადგენდა, როგორც ახალი ლიდერი ძველი სტილით. პირიქით - მისი უპირატესობა და პოლიტიკური გამოუცდელობა ხდებოდა არა დისკვალიფიკაციის, არამედ მორალური უპირატესობის ინსტრუმენტი. არაპოლიტიკურობა თავად იქცა პოლიტიკურ კაპიტალად. ის პოზიციონირებდა როგორც გარედან მოსული, „მომთმენი“ და „შინაგანად თავმდაბალი“ ფიგურა, რომელსაც არ სურს ძალაუფლება, არამედ იძულებულია დადგეს ხალხის გვერდით.

ივანიშვილის მიერ არჩეული რიტორიკული ტაქტიკა მიზანმიმართულად წყვეტდა არსებულ დისკურსულ დინებას. სააკაშვილის ხელისუფლების მახასიათებელი რიტორიკა იყო სწრაფი მობილიზაციისკენ მიმართული, ხშირად აგრესიული და დომინანტურად ნაციონალისტური. ივანიშვილმა ამის საპასუხოდ შექმნა „დაბალი ტონალობის“ პოლიტიკა - რაც არა მხოლოდ მის პიროვნულ სტილს, არამედ მის მიერ შეთავაზებულ აფექტურ რეჟიმს გამოხატავდა.

„მე არ ვარ მჭევრმეტყველი“ - ეს ფრაზა არაერთხელ გაისმა მისი ინტერვიუებიდან. მაგრამ ეს არა უბრალოდ თავმდაბალი განცხადებაა, ეს არის საჯარო ენის მიმართ უნდობლობის დეკლარაცია. სწორედ ამ გზით ცდილობდა ივანიშვილი დაერღვია პოლიტიკური ენის ჩვეული კოდები - ის არ ცდილობდა „დაერწმუნებინა“ მსმენელი ლოგიკური არგუმენტებით, არამედ სხვა რეგისტრს მიმართავდა: ემოციური თანაგანცდის და პასიურობის ძალის სფეროს.

პერსონალიზებული ძალაუფლება და პოლიტიკური კონტრასტი

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლა მკაფიო კონტრასტს წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის სტილთან და რიტორიკასთან. თუ სააკაშვილი საკუთარი პოლიტიკური პროექტის საფუძვლად მოდერნიზაციის იდეას, მომავალზე ორიენტირებულ რეფორმებს, გარღვევებსა თუ სიახლეებს მიიჩნევდა, ივანიშვილმა პირიქით, წარსულზე, ტრადიციულობაზე და სტაბილურობაზე გააკეთა აქცენტი. თვალში საცემია აფექტურ დონეზე განსხვავებულობა. სააკაშვილი საზოგადოებას მიმართავდა დრამატული, ენერგიული და ხშირად დაძაბული რიტორიკით, ხოლო ივანიშვილი ცდილობდა მშვიდი, მოკრძალებული და ერთგვარი „გლეხური“ ენით დამკვიდრებულიყო. ამას ემატებოდა ივანიშვილის მხრიდან მოწესრიგებულობის დემონსტრირება. საილუსტრაციოდ მისი დღიურები გამოდგება („რადიო თავისუფლების დღიურები“, 2011), სადაც აღწერილი აქვს მისი ყოველდღიური რუტინა, დილის ვარჯიში, ჯანსაღი კვება, სტაფილოს წვენი და ზომიერების ფეტიში. აქვე კარგად აჩვენებს ოჯახის წევრებს შორის ნატიფ დამოკიდებულებას, რაც ასევე მისი იმიჯის ნაწილად იქცა. ამგვარი ნარატივი სრულიად განსხვავებულ პოლიტიკურ სურათს ქმნიდა: თუ სააკაშვილი წარმოგვიდგებოდა, როგორც დაძაბული ლიდერი, რომელიც არავის უსმენს, ივანიშვილი საკუთარ თავს მოწესრიგებულ და მოზომილ ფიგურად გვიხატავდა, რომელიც სხვების აზრს ითვალისწინებს.

საგულისხმოა, რომ აფექტური სტრატეგიის პოლიტიკაში შემოტანა ივანიშვილის „გამოგონება“ არ ყოფილა. ემოციურ მობილიზაციას მანამდე სააკაშვილიც მიმართავდა, რომლის რიტორიკაც პროგრესისა და გარღვევის პათოსს ეფუძნებოდა. თუმცა ივანიშვილმა შეგნებულად სხვა გზა აირჩია: სწორედ სააკაშვილი იქცა მისთვის მთავარ სამიზნედ, რომლისგან განსხვავებულიც უნდა ყოფილიყო. მისი პოლიტიკური გზავნილი, არსობრივად, იყო შემდეგი: „მე ისეთი არ ვარ, როგორიც სააკაშვილია“. ამ განსხვავების ხაზგასმას იგი დაბალი ტონით და მოკრძალებული სტილით ცდილობდა. 2011 წლის 7 ოქტომბრის პირველ საჯარო განცხადებას იგი სწორედ სააკაშვილის ხსენებითა და მისი დახასიათებით იწყებს, რაც საბოლოოდ მის გრძელვადიან სტრატეგიად გადაიქცევა.

სააკაშვილისგან დისტანცირებასა და მისი, როგორც ქვეყნისთვის მთავარი საფრთხის წარმოჩენას ხანგრძლივი პოლიტიკური სიცოცხლე აღმოაჩნდა. ივანიშვილის პოლიტიკურმა რიტორიკამ არა მხოლოდ ერთჯერადად მოახდინა ამ აფექტის მობილიზება, არამედ შექმნა მისი მუდმივი კვლავწარმოების შესაძლებლობა სხვადასხვა ფორმებით. ამგვარად, სააკაშვილის წინააღმდეგობის აფექტი დღემდე ძლიერ ემოციურ ძალად რჩება, რომელიც ქართულ პოლიტიკურ პროცესებს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს და ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენას უზრუნველყოფს.

საჩუქრების პოლიტიკა და „ქართული ოცნების“ ილუზია

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩენამდე საზოგადოებაში უკვე ცნობილი იყო, როგორც ქველმოქმედი და ბიზნესმენი. მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ იშვიათად ჩნდებოდა, მისი საქმიანობის შესახებ ყველგან საუბრობდნენ. პოლიტიკაში გამოჩენამდე, საჩხერის რაიონში მან ააშენა თანამედროვე საავადმყოფო, სადაც სამედიცინო მომსახურება ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო იყო; სოფლებში გაიყვანა გაზი და ნაწილობრივ თავად უხდიდა სოფლის მაცხოვრებლებს კომუნალურ გადასახადებს. ასევე, მთელ რაიონს სახლების სახურავები შეუცვალა. ყველა ოჯახს საჩუქრად გადასცა გაზქურა და გამათბობელი. საქართველოს მასშტაბით კი, ხელოვნების სფეროდან ცნობილ ადამიანებს  სოლიდურ ხელფასებს უხდიდა. იგი აფინანსებდა სიწმინდეების, მათ შორის, სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობას.

ამ ქველმოქმედების ხანგრძლივმა ისტორიამ მოგვიანებით პოლიტიკურ ველში გადმოინაცვლა. წინასაარჩევნო კამპანიისას ივანიშვილი დაპირებებს უხვად არიგებდა: უფასო ფული, დაბალპროცენტიანი და უპროცენტო სესხები; ყოველი სოფლისთვის ერთი მილიონი ლარის მხარდაჭერა; კომუნალური გადასახადების განახევრება (ან კიდევ უფრო მეტად შემცირება); საწვავის ფასის მნიშვნელოვნად დაწევა; მუშებისთვის ღირსეული სამუშაო პირობებისა და ანაზღაურების უზრუნველყოფა. ასევე, მისი გზავნილი იყო, რომ ცვლილებები მოკლე დროშივე საგრძნობი გახდებოდა. ფრაზას “ამას მალე ყველა იგრძნობს” ივანიშვილი შეხვედრებზე ხშირად იმეორებდა.

ეს პრაქტიკა შეგვიძლია დავუკავშიროთ სარა აჰმედის „ემოციური ეკონომიკის“ იდეას, რომლის მიხედვითაც ემოციები იქცევა სოციალური კავშირების ჩამოყალიბებისა და ლეგიტიმაციის ინსტრუმენტად (Ahmed, 2004). ივანიშვილის შემთხვევაში საჩუქრები და დაპირებები მხოლოდ მატერიალური აქტები არ იყო - ისინი ამყარებდნენ პირად, ემოციურ ურთიერთობას ლიდერსა და საზოგადოებას შორის. მოქალაქე წარმოდგენილი იყო როგორც მადლიერი მიმღები, ხოლო ივანიშვილი, როგორც მფარველი და კეთილისმყოფელი. სწორედ ასეთი „მორალური ეკონომიკა“ ქმნიდა ერთგულებისა და “ვალში ყოფნის” განცდას, რაც პოლიტიკურ ლეგიტიმაციას ემსახურებოდა (Ahmed, 2004).

ამავე დროს, ივანიშვილის სტრატეგია ორგანულად ერწყმოდა პოსტსაბჭოთა პატრონაჟის ტრადიციას. როგორც ვერდერი (Verdery, 1996) და ლედენევა (Ledeneva, 1998)  გვიჩვენებენ, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საზოგადოებებში რესურსების განაწილება ხშირად ხდებოდა არა ინსტიტუციური წესების, არამედ პირადი მფარველობისა და კლიენტელური კავშირების მეშვეობით. ივანიშვილის ქველმოქმედება და შემდგომი დაპირებები სწორედ ამ ლოგიკას აგრძელებდა: მოქალაქე არ იყო სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი, არამედ დამოკიდებული იყო პირადად ლიდერის კეთილგანწყობაზე. ამით ივანიშვილის საჩუქრების პოლიტიკა არა მხოლოდ ახალ რეალობას ქმნიდა, არამედ კარგად ეხმიანებოდა ნაცნობ პატრონაჟულ მექანიზმებს, რომელიც მას ემოციურ-პოლიტიკურ დონეზე კიდევ უფრო ეფექტიანს ხდიდა.

სიმბოლურად მნიშვნელოვანია ისიც, რომ საკუთარი პარტიისთვის ივანიშვილმა თვისობრივად ახალი სახელი შეარჩია - „ქართული ოცნება“. ეს სახელი არა მხოლოდ პოლიტიკურ დაჯგუფებას აღნიშნავდა, არამედ ქმნიდა მოლოდინს, რომ თავად ივანიშვილი იქნებოდა იმედებისა და ოცნებების მთავარი შემსრულებელი. ქველმოქმედებისა და საჩუქრების პოლიტიკა აქცენტს აკეთებდა არა ინსტიტუციურ გარანტიებზე, არამედ პირად სოლიდარობასა და პატრონაჟის მოდელზე, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ემოციური ლოიალობის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ წყაროდ იქცა.

პოზიციონირება როგორც "ხალხის ხმა"

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი საკუთარ თავს წარმოსახავდა  როგორც პიროვნებას, რომელიც არ უკავშირდება პოლიტიკას, იგი მიზანმიმართულად იყენებდა იმ ენას, რომელიც მას „ხალხის ნამდვილ ხმად“ წარმოაჩენდა. იგი საუბრობდა „უბრალო ხალხის“ ინტერესებზე, საკუთარ ქმედებებს განიხილავდა როგორც „შესაძლებლობას ხალხისთვის“, მის მიერ შექმნილი კოალიცია კი პოზიციონირდებოდა, როგორც „სისტემის ალტერნატივა“ და არა უბრალოდ მმართველი პარტიის კონკურენტი.

ამ გზით ივანიშვილმა შეძლო დისტანცირებაზე ორიენტირებული აფექტური სტრატეგიის შექმნა, რომელიც ერთდროულად წყვეტდა კავშირს პოლიტიკის დისკრედიტირებულ ენასთან და ამავე დროს აყალიბებდა მორალურ ურთიერთობას საზოგადოებასთან. სწორედ ამ რიტორიკაში უნდა ვეძებოთ ივანიშვილის იმ დროის ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ იარაღს - სწრაფი ემოციური ლეგიტიმაციის უნარს.

დამცირებულობის და დაჩაგრულობის გრძნობა: პოლიტიკის აფექტური ინვესტირება

ბიძინა ივანიშვილის რიტორიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ასპექტი იყო მისი საზოგადოებრივ განცდებთან მიმართება, რომლებიც დაკავშირებული იყო დამცირებულობასთან, ჩაგვრასთან და მორალურ დაბეჩავებასთან. ეს იყო არა კონკრეტული სოციალური ჯგუფების ჩაგვრის შესახებ ზედაპირული განცხადებები, არამედ ზოგადი, განზოგადებული განცდა იმისა, რომ ქართველი ამომრჩეველი იყო შეურაცხყოფილი. სწორედ ამ განცდაზე მოხდა აფექტური ინვესტირება, რაც პოლიტიკის სივრცეში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ეს სტრატეგია ეფუძნებოდა იმ მორალურ დისკურსს, რომელიც აჩვენებდა, რომ ხალხს წართმეული ჰქონდა არა მხოლოდ ეკონომიკური რესურსები, არამედ ღირსება - საზოგადოებრივი არსებობის უფლება თანასწორ პირობებში. ივანიშვილის ხშირად განმეორებადი ფრაზები, როგორიცაა:მათ არ აინტერესებთ უბრალო ადამიანი“, „ყველაფერი კორუფციაზეა აწყობილი“, „ჩამორჩენილი რეგიონები უპატრონოდაა მიტოვებული- იმედგაცრუებული მოქალაქის ხმას იმეორებდა და მმართველი ძალაუფლების ენას ანაცვლებდა, რომელიც სამომავლო გეგმებით იყო დატვირთული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ივანიშვილი მიმართავდა იმ განცდას, რასაც ლორენ ბერლანტი უწოდებს მოსმენილი ტანჯვის უფლებას, როცა პოლიტიკა მოსმენის შესაძლებლობად იქცევა არა ტექნიკური, არამედ უფრო მეტად ემოციური გაგებით (Berlant, 2011).

„ხალხი დაჩაგრული, მაგრამ ღირსეულია“: რეზონანსი ღირსების პოლიტიკასთან

ივანიშვილის რიტორიკაში ხშირად მეორდებოდა ის ნარატივი, რომ ქართველი ხალხი დაჩაგრულია, მაგრამ ღირსებას არ დაკარგავს. ეს იმგვარად ფორმულირებული მორალური კომპოზიციაა, რომელიც ქმნის შინაგან აფექტურ დაძაბულობას - საზოგადოება მორალურად მაღლა დგას ძალაუფლებაზე, მაგრამ მას თავად არ შესწევს ძალა ეს მდგომარეობა შეცვალოს.

ამგვარი აფექტური დაძაბულობა გვახსენებს ჯუდიტ ბატლერის იდეას „დამორჩილების პარადოქსზე“, როდესაც სუბიექტი იძულებულია იმოქმედოს იმ რეჟიმის ენით, რომელიც მასვე ახშობს (Butler, 1997). თუმცა ივანიშვილის რიტორიკა ახდენს ამ პარადოქსის გახსნას მოსმენის გზით - ის თავს არ თვლის ძალაუფლების ნაწილად და სწორედ ამით ცდილობს ამ ხმის დამაბრუნებლად პოზიციონირებას.

ემოციური თანაგანცდის არქიტექტურა

დამცირებულობის თემა გადადის ისეთ თემებში, როგორებიცაა პოლიციის ძალადობა, სოფლების დაცარიელება, სამუშაოს არარსებობა, ან სიღარიბე. თუმცა ივანიშვილი იშვიათად ახმოვანებს ამას ტექნიკური ან ანალიტიკური ენით. ამის ნაცვლად იგი იყენებს ზოგად-ემოციურ მეტაფორებს:

ეს ქვეყანა ხალხს აღარ ეკუთვნის“; „ისინი ხალხს ფეხქვეშ თელავენ“; „ყველაფერი ერთ წრეზეა აკეტილი“.

ეს ფრაზები ქმნის მორალურ რუკას, რომელშიც მოქალაქე თავს გრძნობს დაკარგულად, დაჩაგრულად, მაგრამ არა განადგურებულად. მისი რიტორიკა მიმართულია არა ტრაგიკული ფატალიზმისკენ, არამედ იმგვარ თავსმოხვეულ შიშისკენ, რომელიც მობილიზების საშუალებას იძლევა არა ბრაზით ან სიძულვილით, არამედ ღრმა მორალური შეურაცხყოფით.

ამ გზით ივანიშვილი თანდათან აყალიბებს პასიურ სუბიექტს, რომელიც შეიძლება არ მონაწილეობდეს აქტიურ პოლიტიკურ ბრძოლაში, მაგრამ მისი ემოციური ყოფნა პოლიტიკურ ველს გარდაქმნის. ის, რაც აქამდე განდევნილად და მარგინალურად მიიჩნეოდა, ხდება მთავარი პოლიტიკური რესურსი - ჩაგვრის მდგომარეობისგან მიღებული მორალური უპირატესობა.

დაბრუნების დაპირება და მორალური თანასწორობის ლოგიკა

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ენაში სამართლიანობას იშვიათად ეძლეოდა სამართლებრივი მნიშვნელობები და კატეგორიები. ის წარმოდგენილი იყო უფრო როგორც ემოციური მდგომარეობა, როგორც წართმეული მდგომარეობის დაბრუნების იმედი, და რაც მთავარია - როგორც მორალური თანასწორობის მოთხოვნა. ივანიშვილის რიტორიკაში სამართლიანობა წარსულის დაკარგულ ღირებულებად იყო წარმოდგენილი, რომელიც უნდა აღდგეს არა კანონით ან მექანიზმებით, არამედ სამართლიანი მმართველის მოსვლით.

ადამიანს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ სახელმწიფო მის გვერდით დგას“,
ვინც შრომობს, უნდა ხედავდეს შედეგს, დღეს კი პირიქითაა“,
სამართლიანობა არ არსებობს, სასამართლო აღარ არის სამართლიანი“.

ამ ტიპის განცხადებები ასახავდა არამხოლოდ სოციალურ უკმაყოფილებას, არამედ აყალიბებდა ძლიერ ემოციურ ტონალობას - სირცხვილისა და მოტყუებულობის ნარატივს, რომელიც მორალურად დაზარალებული მოქალაქისთვის იყო განკუთვნილი.

სამართლიანობის აფექტის აქტივაცია

ივანიშვილის მიერ ხშირად გამოყენებული სიტყვა იყო აღდგენა - არამხოლოდ ეკონომიკური, არამედ მორალური წესრიგის. ამ ტერმინს თან ახლდა სხვადასხვა სიმბოლური ჟესტი: გაფრთხილება ე.წ. „დამნაშავეების“ მიმართ, ხალხისთვის ქონების დაბრუნების დაპირება, სასამართლო რეფორმის იდეა და სხვ. მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი იყო არა ზუსტი გეგმა, არამედ ემოციური გარანტია, რომელსაც ის სთავაზობდა.

თუ გავიხსენებთ ბერლანტის იდეას „კარგი ცხოვრების დაპირებაზე“ (cruel optimism), ივანიშვილის რიტორიკა სწორედ იმგვარ აფექტურ დაპირებას ქმნიდა, რომელიც მოქალაქეს უბრუნებდა განცდას, რომ სამართლიანობა რეალურად შეიძლება დაუბრუნდეს საზოგადოებას. ეს პოზიციონირება ემყარებოდა არა სისტემურ კრიტიკას, არამედ დაფარული იმედის ემოციურ  მობილიზაციას (Berlant, 2011).

ამ კონტექსტში სამართლიანობა იქცეოდა ერთდროულად მორალურ კრიტიკად, მოლოდინად და სასწაულის შესაძლებლობად - კატეგორიად, რომელიც აფექტურად აერთიანებდა განსხვავებული სოციალური წრეების უკმაყოფილებას ერთ ემოციურ სვლაში.

ივანიშვილის სამართლიანობის იდეა ემყარებოდა არა აბსტრაქტულ კანონიერებას, არამედ მარტივ მორალურ ლოგიკას: შრომა უნდა ანაზღაურდეს, ხალხი არ უნდა იტანჯებოდეს, სახელმწიფომ უნდა მოისმინოს. ეს გვახსენებს ფუკოსეულ იდეას სამართლებრივი აპარატების ფუნქციის გადანაცვლებაზე, სადაც მმართველობის ლეგიტიმაცია მხოლოდ სამართლის ენით კი არა, მორალური თანაგანცდითაც განისაზღვრება (Foucault, 1995).

ამ თვალსაზრისით, სამართლიანობის აფექტი ივანიშვილის რიტორიკაში რეფლექსურად პოლიტიკურია, რადგან ის თავის თავში მოიცავს ძალაუფლების კრიტიკას, კოლექტიური ტრავმის სიმბოლიზებას და ალტერნატიული სახელმწიფოს ემოციურ პროექციას.

გამოძახილი პოსტსაბჭოთა გამოცდილებასთან

ზოგადად სამართლიანობის საკითხი პოსტ-საბჭოთა სივრცეში დაუკავშირდა პრივატიზაციას, დაკარგულ ქონებას და სოციალური დაუცველობის განცდას. ივანიშვილის რიტორიკა ზუსტად ამ მეხსიერებაზეა აგებული: მისი მორალური ეკონომიკა მიმართულია არა მხოლოდ კონკრეტული მმართველი პარტიის, არამედ მთელი იმ გარდამავალი პროცესის წინააღმდეგ, რომელმაც ადამიანს თავი დაუცველად აგრძნობინა.

ადამიანმა იცის, რომ შრომობს და არაფერი მიაქვს, ეს ხომ სამართლიანობა არ არის“,
ეს ქვეყანა ცოტას ეკუთვნის, სამართლიანობა სწორედ ესაა - ყველას ეკუთვნოდეს“.

ამ გზით სამართლიანობა იქცევა არა იურიდიულ პროცედურად, არამედ საზოგადოებრივი ურთიერთობების აფექტურ მდგომარეობად - ტკივილის, მოლოდინისა და მორალური წესრიგის ენობრივ აღდგენად.

ოჯახური და ტრადიციული ღირებულებების აფექტური კონსტიტუცია ბიძინა ივანიშვილის რიტორიკაში

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ რიტორიკაში ოჯახს და ტრადიციულ ღირებულებებს წარმოაჩენს, როგორც მძლავრ ემოციურ რეფერენტებს, რომლებსაც სოციუმის კონსოლიდაციის და პოლიტიკური ლეგიტიმაციის ინსტრუმენტის ფუნქცია აკისრია.

ამონარიდი 2011 წლის 12 ოქტომბრის წერილიდან:

„... ოჯახის წევრებმა, ჩემმა მეუღლემ და ჩემმა ვაჟებმა მითხრეს - შენ შეგიძლია წახვიდე, ეს შენი ნებაა, მაგრამ ჩვენ აქ ვრჩებითო. ჩემმა უფროსმა ვაჟმა, უტამ მითხრა, თუ შენ არ წახვალ პოლიტიკაში, მაშინ მე წავალო“.

ამ თხრობის საშუალებით ივანიშვილი ოჯახს არა მხოლოდ პირად სივრცედ, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილების ემოციურ და მორალურ საყრდენად წარმოაჩენს. ოჯახი აქ არის ტრადიციული ერთეულის სიმბოლო, რომელიც ეფუძნება ერთგულებას, მსხვერპლშეწირვას და ქმედით პასუხისმგებლობას როგორც პირად, ისე კოლექტიურ დონეზე.

აფექტის თეორიის კუთხით (Massumi, 2002) ოჯახური დისკურსი ახდენს პრეკოგნიტურ ემოციურ მობილიზაციას. ის ქმნის ძლიერ აფექტურ „პულსირებას“, რომელიც აღიქმება არა როგორც გამოკვეთილი, არამედ როგორც კოლექტიური შეგრძნების აღმძვრელი ემოცია. ივანიშვილის მიერ გამოტანილი ოჯახის ერთიანობის სურათი ქმნის სოლიდარობისა და ნდობის განცდას, რომელიც ინდივიდუალურ საზღვრებს გადის და პოლიტიკურ სფეროში ვლინდება.

სარა აჰმედის მიერ აღწერილი ემოციური ეკონომიკის კონცეფცია (Ahmed, 2004) ხელს უწყობს ამ ურთიერთობების გააზრებას, სადაც ოჯახი მოქმედებს, როგორც ემოციური კავშირების და სოციალური სიმტკიცის ცენტრი. ტრადიციული ოჯახური ღირებულებების აღნიშვნა ივანიშვილის რიტორიკაში არა მხოლოდ პიროვნულ ემოციებზე აგებს პასუხს, არამედ ქმნის კულტურულ თანხმობასა და მორალურ ჩარჩოს, რომელშიც პოლიტიკა არა მხოლოდ ინსტიტუციური პროცესი, არამედ ემოციურად დატვირთული სოციალური პრაქტიკა გახდება.

ასეთი რიტორიკა მიმართულია ფართო აუდიტორიის ემოციურ განწყობებზე, განსაკუთრებით მათზე, ვინც აფასებს ოჯახურ სიმტკიცეს, ტრადიციებს და ეროვნულ ერთობას. ამიტომაც, ოჯახური და ტრადიციული ღირებულებები ივანიშვილის რიტორიკაში მოქმედებს როგორც მნიშვნელოვანი აფექტური რესურსი, რომელიც აძლიერებს მის პოლიტიკურ ნარატივის და უნივერსალურ შინაარსს სძენს.

გამარჯვება, როგორც წარსულის გადალახვის ემოციური ჟესტი

ივანიშვილის კამპანიის ენობრივი სტრუქტურა ხშირად მიმართავდა წარსულზე დაფუძნებულ ემოციურ ტკივილს, მაგრამ არასდროს ჩერდებოდა მხოლოდ კრიტიკაზე. ის ქმნიდა განცდას, რომ ახლა კი დადგა დრო, რომ ტკივილი დასრულდეს. ეს ხაზგასმული იყო ფრაზებით, როგორიცაა:

სასამართლოს ხელში ჩაგდება დასრულდება“,
გადავარჩენთ სოფელს“,
დავუბრუნებთ ხალხს მათ ღირსებას“.

ეს განცხადებები მიმართული იყო იმ ადამიანებისთვის, ვისაც წლების განმავლობაში დაკარგვის, დამცირების, მიტოვების განცდა ჰქონდა, და ახლა მათ სთავაზობდნენ ამ განცდის პათოსურ ტრანსფორმაციას - პოლიტიკურ ქმედებად, რომელიც პირველად გრძნობით იწყება.

ივანიშვილის კამპანია ოსტატურად იყენებდა „ჩვენებისა“ და „სხვის“ ხაზგასმულ დაპირისპირებას. „ისინი“ იყო ელიტა, ძალაუფლების მქონე, გაუცხოებული და მორალურად დაცემული კლასი, მაშინ როცა „ჩვენ“ იყო ღირსეული, მაგრამ დაჩაგრული საზოგადოება, რომელიც აღიარებას იმსახურებდა. ეს აფექტური დაყოფა ემყარებოდა არა კლასობრივ ან იდეოლოგიურ დაყოფას, არამედ პირდაპირ განცდას:

ისინი ვერ ხვდებიან, როგორ ცხოვრობს ხალხი“,
ჩვენ ერთად უნდა მოვახდინოთ ცვლილება“,
ისინი არაფერს აკეთებენ ხალხისთვის“.

ეს მეტაფორული და რიტორიკული ხაზი ქმნიდა იმგვარ ერთობას, რომელიც არა პოლიტიკური პროგრამით, არამედ ერთად ტანჯული წარსულით და მოსალოდნელი მომავლით იკვრებოდა.

აფექტური ტექნოლოგიები: სხეული, ხმის ტონი, ვიზუალური ეთიკა

ივანიშვილის კამპანიის წარმატება განპირობებული იყო არა მხოლოდ ენით, არამედ იმითაც, რასაც ჯუდით ბატლერი „სხეულებრივი ქორეოგრაფიის პოლიტიკას“ უწოდებს (Butler, 1997). მისი საუბრის მანერა, დაყოვნებები, ნელი ტემპი, ღიმილი, შიშველ ფონზე ქმნიდა ემოციური სიმშვიდის, უბრალოებისა და არამონოპოლიზებული ძალაუფლების სახეს. სააკაშვილისგან განსხვავებით, რომლის რიტორიკა ხშირად სიჩქარის, საგანგაშო წერტილების და ლიდერული დემონსტრაციის ჟანრს მიეკუთვნებოდა, ივანიშვილი ალტერნატივის მშვიდ ფიგურას ქმნიდა.

ამ ფორმით პოლიტიკა ხდება აფექტური ტექნოლოგია - სცენაზე წარმოდგენილი ჟესტი, ხმა, ტონი და ტემპი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე პროგრამა ან პლატფორმა.

პოლიტიკა, როგორც „გრძნობების პარალელური არხი“

ბერლანტის მიხედვით, თანამედროვე დემოკრატიებში ხშირად ხდება გრძნობების გათიშვა - საზოგადოება ვერ ხედავს პოლიტიკაში საკუთარ ემოციურ მდგომარეობას. ივანიშვილის პოლიტიკურმა სვლამ სწორედ ეს გათიშულობა აღადგინა. ის იქცა იმ პარალელურ არხად, სადაც დაჭიმული და შეუმსუბუქებელი ემოციები - გაჭირვება, შიში, ცინიზმი, იმედგაცრუება - პოლიტიკურ მნიშვნელობას იძენდა.

ამიტომაც მისი გამარჯვება არ იყო მხოლოდ პოლიტიკური ცვლილება; ეს იყო საზოგადოებრივი ემოციური ციკლის გადატრიალება - განცდის, რომ შენ აღარ ხარ მარტოდ მორალურ ველზე, რომ ვიღაცამ შენს მდგომარეობას აფექტურად უპასუხა.

პოპულიზმი და აფექტის მობილიზება

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ სცენაზე გამოჩენა მკაფიოდ აჩვენებს, თუ როგორ მუშაობს აფექტის მობილიზება, როგორც პოპულიზმის ძირითადი სტრატეგია. პოპულიზმის თანამედროვე თეორიების მიხედვით (Laclau, 2005; Mouffe, 2018), იგი არ არის მიმართული სახელმწიფოს ინსტიტუციური სტაბილურობისა და გრძელვადიანი მშენებლობისკენ, არამედ ეფუძნება ემოციური ერთიანობისა და მტრის წინააღმდეგ მობილიზების ლოგიკას. ძალაუფლება კონცენტრირდება არა ინსტიტუტების, არამედ კონკრეტული ლიდერის ირგვლივ, რომლის ფიგურაც ემოციური ინტერპელაციის შედეგად პოლიტიკის მთავარ ცენტრად იქცევა.

ივანიშვილის შემთხვევაში, აფექტის მობილიზება ორმაგი ხასიათისაა. ერთი მხრივ, იგი მიმართულია პოზიტიური ემოციების გაღვივებისკენ; ქველმოქმედებისა და საჩუქრების პოლიტიკა ქმნის იმას, რასაც სარა აჰმედი „ემოციურ ეკონომიკას“ უწოდებს (Ahmed, 2004). ემოციები სოციალურ კავშირებს ლეგიტიმაციის წყაროდ აქცევს. მოქალაქე თავს ხედავს როგორც მადლიერი მიმღები, ხოლო ივანიშვილი, როგორც მფარველი და კეთილისმყოფელი. ამგვარი „მორალური ეკონომიკა“ მოქალაქეს სახელმწიფო ინსტიტუტებიდან პიროვნული ლიდერისკენ მიმართავს. ეს პრაქტიკა ორგანულად ებმება იმ პატრონაჟულ ლოგიკას, რომელსაც ვერდერი (Verdery, 1996) და ლედენევა (Ledeneva, 1998) აღწერენ პოსტსაბჭოთა სივრცესთან მიმართებით: რესურსების განაწილება ინსტიტუტების ნაცვლად პირადი მფარველობისა და კლიენტელური ქსელების მეშვეობით.

მეორე მხრივ, ივანიშვილის სტრატეგია ეფუძნება ნეგატიური ემოციების მობილიზებას. მიხეილ სააკაშვილი იქცა მის მთავარ სამიზნედ, რომლის დრამატული და დაძაბული სტილი საზოგადოებაში საფრთხის განცდას უკავშირებდა. ამ გზით იქმნებოდა „წარმოსახვითი მტრის“ ხატი (Laclau, 2005), რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკურ კონკურენციას განსაზღვრავდა, არამედ მუდმივად აწარმოებდა შიშსა და დაძაბულობას, რითაც საზოგადოება ემოციურად მობილიზებული რჩებოდა.

ამგვარად, ივანიშვილის პოპულიზმი აფექტის ორმაგ მობილიზებას ეფუძნება - ერთ მხრივ, მადლიერებასა და იმედს, მერე მხრივ შიშსა და წინააღმდეგობას. ეს კომბინაცია აყალიბებს პერსონალიზებულ ძალაუფლებას, რომელიც მდგრადობას ინსტიტუციური წესრიგის მიღმა ინარჩუნებს.

დასკვნა

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენა, 2011 წელს, აფექტური რეპერტუარის მნიშვნელოვან გადაადგილებას წარმოადგენს. მისი რიტორიკა, წინამორბედების პათოსისა და ემოციური მობილიზაციის სტილის საპირისპიროა. ივანიშვილი მნიშვნელოვანწილად ეყრდნობა დამცირებულობის განცდას, სამართლიანობის მორალურ იმპერატივს და „ხალხთან“  სოლიდარობას - ყოველივე ეს ქმნის ემოციურ ველს, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკურ პროგრამას, არამედ კოლექტიურ გამოცდილებას აყალიბებს. მაგალითად, მისი 2011 წლის პრესკონფერენციები შეიცავს ფრაზებს, როგორიცაა „ჩვენი ხალხი აღარ უნდა განიცდიდეს უსამართლობას“, რაც აშკარად მიმართულია კოლექტიური იმედგაცრუების აფექტის აღძვრაზე და მეორე მხრივ, იმედის გაჩენაზე.

ივანიშვილის პოლიტიკა ორ ძირითად სტრატეგიაზე იყო აგებული: 1) საჩუქრებისა და დაპირებების პირადი დიფუზია, რითაც საზოგადოებასთან უშუალო კავშირს ამყარებდა; 2) სააკაშვილთან მუდმივი შეპირისპირება, რომელიც მას ისე წარმოაჩენდა, როგორც ქვეყანაში არსებულისგან განსხვავებულ და გაწონასწორებულ პოლიტიკოსს. მიუხედავად იმისა, რომ აფექტური სტრატეგია ახალი არ იყო ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილმა საკუთარი სტილი შეიმუშავა  და მიზანმიმართულად გამოიყენა. რეტროსპექტიულად, მედიის საშუალებით საზოგადოების ცნობიერებაში სააკაშვილთან შედარების ნარატივის მუდმივი განმტკიცება, მისი მდგრადობის საფუძველს ქმნის. ამ გზით 2012 წლიდან დღემდე, პოლიტიკური სცენიდან წამოსული აფექტი ძლიერ ეფექტს კვლავ ინარჩუნებს. ივანიშვილის მაგალითი გვიჩვენებს, რომ საქართველოში პოპულიზმი მჭიდროდ არის დაკავშირებული აფექტის მობილიზებასთან. ემოციები აქ პოლიტიკის ენერგიის მთავარი წყაროა. სწორედ აფექტები განსაზღვრავენ პოლიტიკური ლოიალობის ფორმებს და საზოგადოებას სახელმწიფოს ინსტიტუციური განვითარების ნაცვლად, პიროვნულ ლიდერზე დამოკიდებულ „მიმღებად“ აქცევენ.

ივანიშვილის აფექტური პოლიტიკის მეორე ღერძი სწორედ დაჯილდოების და დაპირების ლოგიკაა – „საჩუქრების პოლიტიკა“, რომელიც არა მხოლოდ მატერიალური განზომილებით, არამედ სიმბოლურადაც მოქმედებს. საჩუქარი აქ პოლიტიკური კონტრაქტის ჩანაცვლებაა: ის აღიქმება როგორც მადლი, რომელსაც ლიდერი არათანასწორ ურთიერთობაში ანიჭებს „ხალხს“. ამ მექანიზმით, სამართლიანობის და მორალური ვალის ნარატივი თანდათან დაუმარცხებლობის განცდად გადაიქცა – იმ განცდად, რომ ივანიშვილი იმდენად ძლიერია, რომ ვერავინ დაამარცხებს, რადგან თავად არის რესურსების წყარო და საზომი. როდესაც მისი საჯარო აქტიურობა მცირდება, საჩუქრების დაპირებასთან ერთად, სწორედ ეს „დაუმარცხებლობის“ იმიჯი განაგრძობს ფუნქციონირებას. „საჩუქრების გამცემი ლიდერიდან“ იგი “ბრძენი კაცის” ფიგურად ტრანსფორმირდება, რომელიც პოლიტიკურ არენაზე აქტიურ ყოფნას აღარ საჭიროებს – საკმარისია მისი წარმოდგენა, როგორც უძლეველისა. ამგვარად, ივანიშვილის მაგალითი გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება პოპულიზმის აფექტური ენერგია პირადი კავშირის პოლიტიკიდან – მისტიკური უძლეველობის პოლიტიკაში გადაითარგმნოს.

ამ მიდგომებით, მოცემული კვლევა ადასტურებს, რომ თანამედროვე ქართული პოლიტიკა უკვე აღარ შემოიფარგლება მხოლოდ დისკურსული არგუმენტებით ან რაციონალური ინტერესებით. ლიდერის ძალაუფლება განისაზღვრება მისი უნარითაც, მიაღწიოს და დაარღვიოს კოლექტიური ემოციური კვანძები. პოლიტიკა ამ შემთხვევაში აღიქმება როგორც ემოციური და სხეულებრივი რეაქციების ველი, სადაც გამარჯვება დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ უფრო ეფექტურად შეძლებს სხვადასხვა ემოციების მობილიზებას. 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის მაგალითზე კარგად ჩანს, თუ როგორ იქცევა საზოგადოებაში არსებული შიში, უსამართლობის განცდა და დაღლა პოლიტიკურ კაპიტალად.

აღნიშნული მოცემულობა ბადებს არსებით კითხვას: თუ აფექტური ველის ძალაუფლება ემოციების მობილიზაციის უნარზეა აგებული, მაშინ ივანიშვილის პოლიტიკური ჰეგემონიის დაძლევა არის თუ არა მხოლოდ ახალი, ალტერნატიული აფექტის გენერირებით შესაძლებელი? ისეთი ემოციური ჩარჩოს ფორმირებით, რომელიც სამოქალაქო ენერგიას პიროვნულ მორჩილებად კი არა, პოლიტიკურ იმედად და კოლექტიურ მოქმედებად გადააქცევს.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

ბიბლიოგრაფია:

ივანიშვილი, ბ. (2011, 12 ოქტომბერი). ივანიშვილის ღია წერილი ხელისუფლებას, პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს, მასმედიის წარმომადგენლებს, საქართველოს მოქალაქეებს. Civil.ge.

ივანიშვილი, ბ. (2012, May 30). ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის 7 ოქტომბრის განცხადება. Batumelebi. https://batumelebi.netgazeti.ge/news/5515/

ივანიშვილი, ბ. (2011, 30 ოქტომბერი). თავისუფლების დღიურები. რადიო თავისუფლება. https://www.radiotavisupleba.ge/a/24383689.html

შეხვედრა მარნეულში. (2012, 13 სექტემბერი). Shekhvedra Marneulshi 13.09.2012.mpg – წინასაარჩევნო შეხვედრა მარნეულში [ვიდეო]. YouTube. https://www.youtube.com/watch?v=asT5cF2ErAA&t=2607s

ივანიშვილი, ბ. (2011, 1 ნოემბერი). ივანიშვილის პირველი პრესკონფერენცია. Civil.ge. https://civil.ge/ka/archives/149680

ივანიშვილი, ბ. (2012). ბიძინა ივანიშვილის დაპირებები 2012 წლის არჩევნებამდე [ვიდეო]. YouTube. https://www.youtube.com/watch?v=eNzzL8ZPlxc

Ahmed, S. (2004). The cultural politics of emotion. Edinburgh University Press.

Berlant, L. (1997). The queen of America goes to Washington city: Essays on sex and citizenship. Duke University Press.

Berlant, L. (2011). Cruel optimism. Duke University Press.

Butler, J. (1997). The psychic life of power: Theories in subjection. Stanford University Press.

Foucault, M. (1995). Discipline and punish: The birth of the prison (A. Sheridan, Trans.). New York, NY: Vintage Books. (Original work published 1975)

Laclau, E. (2005). On populist reason. Verso.

Ledeneva, A. V. (1998). Russia’s economy of favours: Blat, networking and informal exchange. Cambridge University Press.

Massumi, B. (2002). Parables for the virtual: Movement, affect, sensation. Duke University Press.

Mouffe, C. (2018). For a left populism. Verso.

Verdery, K. (1996). What was socialism, and what comes next? Princeton University Press.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“