საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63


შესავალი
2024 წლის ნოემბრის შემდეგ საჯარო სექტორში მიმდინარე პროცესები აჩვენებს ხელისუფლების მცდელობას, სრულად დაიმორჩილოს საჯარო სექტორი და ინსტიტუტები პოლიტიკურ კონტროლს დაუქვემდებაროს. ამ მიზნით, საჯარო მოხელეთა გათავისუფლების ტალღა ამ დრომდე გრძელდება; ბათუმის მერიაში ჩატარებული რეორგანიზაციის პროცესიც სწორედ ამ ტენდენციის აშკარა გაგრძელებაა.
9 იანვარს ბათუმის მერიაში რეორგანიზაცია დაიწყო, რომლის შედეგადაც 21 თანამშრომელი გათავისუფლდა. საგულისხმოა, რომ გათავისუფლებულ თანამშრომელთა აბსულუტური უმრავლესობა, იმ პირთა კატეგორიას მიეკუთვნება, ვინც, 2024 წელს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერებას საჯაროდ გაემიჯნა და საკუთარი პოზიცია პროევროპულ პეტიციაზე ხელმოწერით დააფიქსირა. აღნიშნული გარემოება ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ რეორგანიზაცია გამოყენებულ იქნა არა ინსტიტუციური ეფექტიანობის გასაზრდელად, არამედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე საჯარო მოხელეების სისტემიდან ჩამოსაშორებლად.[1]
ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს, პეტიციის ხელმომწერ თანამშრომლებს წლის ბოლოს პრემია სრულად არ ჩაურიცხეს, მაშინ როდესაც სხვა თანამშრომლებმა ხელფასის ოდენობის 100-პროცენტიანი დანამატი მიიღეს.
რეორგანიზაციის შესახებ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის განვითარების, მოქალაქეზე და მის საჭიროებებზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია მერიის სტრუქტურებში ინსტიტუციური ცვლილებების განხორციელება, სამსახურების მიზნებისა და ფუნქციების ახლებურად განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბება, ასევე შტატების გადაადგილება ან შემცირება.[2]
რეორგანიზაციის შედეგად გამოცხადებული კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე განხორციელდა წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევა, მეორე ეტაპი მოიცავდა ზეპირი დავალების შესრულებას, ხოლო მესამე ეტაპზე კანდიდატებს საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება უნდა გაევლოთ.
რეორგანიზაციის ფარგლებში ბათუმის მერიამ რამდენიმე განყოფილება გააერთიანა და სპეციალისტების კატეგორიებიც შეცვალა. მაგალითად, თუ კონკრეტულ სამსახურში მუშაობდა ორი მეორე კატეგორიის სპეციალისტი, რიგ შემთხვევებში მათი პოზიციები გადაიქცა პირველი კატეგორიის სპეციალისტის პოზიციებად, რის შედეგადაც მეორე კატეგორიის მოქმედი თანამშრომლების შტატები გაუქმდა. მეორე კატეგორიის სპეციალისტებმა მათი კატეგორიის გაუქმების შემდეგ შიდა კონკურსში პირველი კატეგორიის სპეციალისტის თანამდებობაზე მიიღეს კონკურსში მონაწილეობა, თუმცა პროევროპული პეტიციის ვერცერთმა ხელმომწერმა ბარიერი ვერ გადალახა. რამდენიმე მათგანი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა, მაგრამ აღარ გამოცხადდა. გარკვეულ შემთხვევებში კი პეტიციის ხელმომწერ თანამშრომელთა თანამდებობები საერთოდ გაუქმდა ისე, რომ მათ კონკურსში მონაწილეობაც ვერ შეძლეს. მაგალითად, შტატები გაუქმდა მერიის აუდიტის სამსახურში, ასევე განხორციელდა საფინანსო-საბიუჯეტო და ქონების მართვის სამსახურების სტრუქტურული გაერთიანება, რამაც დამატებით გამოიწვია არსებული პოზიციების გაუქმება.[3]
18 თებერვალს რიგგარეშე სხდომაზე ბათუმის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილება შეიტანეს. ამ ცვლილების მიხედვით, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის სპორტის განყოფილებაში თანამდებობების გადანაწილება დააზუსტეს და ერთი სპეციალისტის ადგილი გააუქმეს. [4]
საკონკურსო კომისიის 2026 წლის 2 მარტის სხდომის ოქმის მიხედვით, კონკურსის მეორე და მესამე ეტაპის შედეგების შეჯამების შემდეგ დადგინდა, რომ პროევროპული პეტიციის ხელმომწერმა კანდიდატებმა კონკურსის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს. თუმცა აღნიშნულ ოქმში მითითებული ქულების ანალიზი აჩვენებს, რომ გამარჯვებულ კანდიდატებსა და კონკურსის სხვა მონაწილეებს შორის ქულათა სხვაობა უმნიშვნელოა, რაც ბუნებრივად წარმოშობს კითხვებს შეფასების კრიტერიუმების ობიექტურობასთან და გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.[5]
ის გარემოება, რომ ბათუმის მერიაში რეორგანიზაციის გამოცხადებას, 2024 წლის დეკემბერში მერიის თანამშრომლების მიერ გავრცელებული განცხადება უძღოდა წინ, ადასტურებს არსებული სტატისტიკური მონაცემებიც. კერძოდ, პროევროპულ პეტიციას თავდაპირველად ხელი მოაწერა ბათუმის მერიის 28 თანამშრომელმა, თუმცა მოგვიანებით ორმა მათგანმა ხელმოწერა გაიწვია. საბოლოოდ პეტიციის ხელმომწერად დარჩენილი 26 თანამშრომლიდან 25-ს რეორგანიზაციის ფარგლებში დაკავებული შტატი გაუუქმდა, ხოლო მათგან 21 თანამშრომელი საბოლოოდ სამსახურიდან გათავისუფლდა. ამჟამად პეტიციის ხელმომწერებიდან სამსახური მხოლოდ სამ თანამშრომელს აქვს შენარჩუნებული. ერთ მათგანს სამ წლამდე ასაკის ბავშვი ჰყავს, მეორე დეკრეტულ შვებულებაში იმყოფება, რის გამოც მათი გათავისუფლება შრომითი კანონმდებლობის საფუძველზე შეუძლებელი იყო. მესამე თანამშრომლის შემთხვევაში, როგორც თავად პეტიციის ხელმომწერები აღნიშნავენ, საბიუჯეტო სამსახურმა მერს მიმართა თხოვნით, რომ აღნიშნული პირი დაკავებული თანამდებობიდან არ გაეთავისუფლებინათ. [6]
ამასთან, ბათუმის მერიის მიერ გავრცელებული მონაცემები აჩვენებს, რომ რეორგანიზაციამდე უწყებაში 162 შტატი არსებობდა, ხოლო რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ მათი რაოდენობა 135-მდე შემცირდა. შედეგად, 27 შტატი გაუქმდა, რაც თითქმის სრულად ემთხვევა პროევროპულ პეტიციას ხელმომწერი 26 თანამშრომლის რაოდენობას. ეს სტატისტიკური თანხვედრა კიდევ უფრო ამყარებს საფუძვლიან ეჭვს, რომ რეორგანიზაცია არ წარმოადგენდა მხოლოდ ადმინისტრაციულ აუცილებლობას ან სამსახურების ფუნქციური ოპტიმიზაციის პროცესს, არამედ გამოყენებულ იქნა კონკრეტული თანამშრომლების მიზანმიმართული გათავისუფლების ინსტრუმენტად, აღნიშნული გარემოება ხაზს უსვამს საჯარო სამსახურის პოლიტიზაციის და თანამდებობრივი გარანტიების სისტემური შელახვის სერიოზულ რისკს, რაც ეწინააღმდეგება როგორც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პრინციპებს, ისე კონსტიტუციით დაცულ თანასწორობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპებს.
1. რეორგანიზაციის პროცესის გამარტივება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებებით
საჯარო მოხელეთა სრული დამორჩილებისა და მასშტაბური პოლიტიკური წმენდის განსახორციელებლად, მმართველმა გუნდმა 2024 წლის ბოლოს საკანონმდებლო დონეზე მოამზადა ნიადაგი, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში რეორგანიზაციის საფუძვლების გაფართოებასა და მოხელეთა უფლებრივი გარანტიების გაუქმებაში გამოიხატა.
ცვლილებების შედეგად, დაწესებულების რეორგანიზაციისას, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების პროცესი ავტომატური გახდა, რაც გულისხმობს იმას, რომ „რეორგანიზაციის დროს თუ სტრუქტურულ ერთეულში თითოეულ დასაქმებულს ახალი ფუნქცია ემატება ან არსებული ფუნქციები ეცვლება, ან შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან სხვა ერთეულის შერწყმა ხდება, ან შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში მცირდება შტატები,“ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებული მოხელეები თავისუფლდებიან და ინიშნება კონკურსი“. რეორგანიზაციის გამო დასაქმებულ პირთა სამსახურიდან გათავისუფლებისა და ახალი კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში, დაწესებულების ხელმძღვანელს მინიჭებული აქვს დისკრეცია, თავად გადაწყვიტოს, თუ რა სახის კონკურსის საფუძველზე შეირჩეს ყველა რანგის მოხელე - ღია, დახურული თუ შიდა. სწორედ ამ ცვლილებების ფონზე დღემდე საჯარო უწყებებიდან ასობით მოხელე გაათავისუფლეს.
„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონით, რეორგანიზაციის საფუძველი შეიძლება გახდეს ისეთი მინიმალური ცვლილებები, როგორიც „სტრუქტურულ ერთეულში თითოეული დასაქმებულისათვის ახალი ფუნქციის დამატება ან არსებული ფუნქციების ცვლილებაა“. ეს მაშინ, როდესაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ძველი რედაქციით რეორგანიზაციის საფუძვლად ვერ ჩაითვლებოდა არათუ კონკრეტული თანამშრომლისთვის, არამედ საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისთვის ახალი ფუნქციის დაკისრებაც კი. [7]
კანონის ძველი რედაქციის შესაბამისად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შემთხვევაში საჯარო სამსახურის ბიუროს კანონი ავალდებულებდა მოეძიებინა ინფორმაცია საჯარო სამსახურში არსებულ შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე და შტატების შემცირებისას ხელი შეეწყო შესაბამისი მოხელეების მობილობისათვის. მობილობა, თავის მხრივ, კი გულისხმობდა მოხელის თანხმობით იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არარსებობისას - უფრო დაბალ თანამდებობაზე, კომპეტენციის გათვალისწინებით გადაყვანას.[8] კანონის ძველი რედაქციით, მოხელეს უნარჩუნდებოდა საკლასო დანამატი. რეორგანიზაციის დროს შტატების შემცირებისას კანონმდებლობა პრიორიტეტად მიიჩნევდა არსებული კადრებისა და მათ მიერ დაგროვილი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის, ინსტიტუციური მეხსიერების საჯარო სექტორში შენარჩუნებას, ახალი რედაქციით საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლებული პირის საჩივრის/სარჩელის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილება აღარ იწვევს სამსახურში მის აღდგენას. ამ შემთხვევაში მას ეძლევა მხოლოდ განაცდური თანამდებობრივი სარგო და კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. საგულისხმოა, რომ კანონმა მხოლოდ ამ უკანასკნელ შემთხვევაში გაითვალისწინა პირის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესაძლებლობა. რეორგანიზაციის შედეგად უკანონოდ გათავისუფლებულ პირს აღარ აქვს თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობა, ასევე ვეღარ ისარგებლებს საჯარო სამსახურის სისტემაში მობილობის შესაძლებლობით. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, საჯარო მოხელეს აღარ აქვს უფლება საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის გამო შტატის შემცირებისას გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას, მოხელეს ამგვარი უფლება უნარჩუნდება.[9]
რეორგანიზაციის მთლიანი პროცედურა იმგვარად არის ჩამოყალიბებული, რომ მაქსიმალურად გამარტივებული წესით მოხდეს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება.[10]
საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შექმნილი სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც მნიშვნელოვნად ამარტივებს რეორგანიზაციის საფუძვლით საჯარო მოხელეთა გათავისუფლებას და ამავე დროს ზღუდავს მათი უფლებების ეფექტიან დაცვის მექანიზმებს, ქმნის სისტემურ საფრთხეს საჯარო სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისთვის. აღნიშნული მიდგომა ასუსტებს საჯარო სამსახურის სტაბილურობას, ამცირებს პროფესიონალიზმისა და ინსტიტუციური მეხსიერების შენარჩუნების შესაძლებლობას და ზრდის საჯარო ადმინისტრაციის პოლიტიკური კონტროლისა და პარტიული გავლენის რისკს.
2. რეორგანიზაციის პროცესის შეფასება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შუქზე
ბათუმის მერიის თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლების შემთხვევა გამოხატვის თავისუფლების უფლების ფარგლებში უნდა შეფასდეს, რადგან იგი უშუალოდ უკავშირდება საჯარო მოხელეების მიერ საქართველოს პროევროპული კურსის მხარდამჭერ პეტიციაზე ხელმოწერას. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის მერიაში რეორგანიზაცია სხვა სახელმწიფო უწყებებთან შედარებით გვიან გამოცხადდა და ფორმალურად თითქოს უფრო გამართულად წარიმართა, ეჭვგარეშეა, რომ მის მთავარ მიზანს სწორედ პეტიციაზე ხელმომწერი თანამშრომლების სისტემიდან გამოდევნა წარმოადგენდა.
გამოხატვის თავისუფლება დაცულია არაერთი საერთაშორისო და რეგიონული ინსტრუმენტით. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლი იცავს გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება შეიზღუდოს კანონით დადგენილი წესით, როცა ეს აუცილებელია სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის დასაცავად ან/და სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზნეობის დასაცავად.[11] ამავდროულად, შეზღუდვები უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმებს.[12] შეზღუდვები უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ მიზნებისთვის, რომლებისთვისაც ისინი დაწესებულია და პირდაპირ კავშირში უნდა იყოს იმ კონკრეტულ საჭიროებასთან, რომელზეც ისინი დაფუძნებულია.[13] პროპორციულობის პრინციპი უნდა ითვალისწინებდეს გამოხატვის სადავო ფორმას, ასევე მისი გავრცელების საშუალებებს. მაგალითად, პაქტის მიერ შეუზღუდავი გამოხატვისთვის მინიჭებული ღირებულება განსაკუთრებით მაღალია დემოკრატიულ საზოგადოებაში, როდესაც საჯარო დისკუსიის საგანი ესა თუ ის პოლიტიკურ თანამდებობის პირია.[14]
იმავე პაქტის 25-ე მუხლის თანახმად, ყველა მოქალაქეს, ყველანაირი დისკრიმინაციის გარეშე და თანასწორობის ზოგადი პირობებით, უნდა ჰქონდეს საკუთარ ქვეყანაში საჯარო სამსახურზე წვდომის უფლება და შესაძლებლობა.[15] ადამიანის უფლებების კომიტეტის ზოგად მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ თანასწორობის ზოგადი პირობებით ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საჯარო სამსახურში დანიშვნის, დაწინაურების, ფუნქციების შეჩერებისა თუ თანამდებობიდან გათავისუფლების კრიტერიუმები და პროცესები ობიექტური და გონივრული უნდა იყოს.[16]
საერთაშორისო პაქტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თითოეული სახელმწიფო ვალდებულია, მისი იურისდიქციის ფარგლებში ყველასათვის უზრუნველყოს ნებისმიერი, მათ შორის, პოლიტიკური ნიშნით, დისკრიმინაციისაგან დაცვა პაქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობისას.[17]
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება, რომელიც გულისხმობს საკუთარი შეხედულებების ქონის, ინფორმაციისა და იდეების მიღებისა და გავრცელების თავისუფლებას საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად. ამავდროულად, კონვენციის მე-14 მუხლი კრძალავს კონვენციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობის პროცესში ნებისმიერი, მათ შორის, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას,[18] ხოლო მე-18 მუხლი - კონვენციით ნებადართული შეზღუდვების გამოყენებას იმ კონკრეტული მიზნის მიღმა, რისთვისაც ისინი იქნა დაწესებული.[19] სასამართლოს პრაქტიკით, დისკრიმინაციად ჩაითვლება არსებითად თანასწორ ან მსგავს პირობებში მყოფი ისეთი ჯგუფებისადმი განსხვავებული მოპყრობა, რომელიც ექვემდებარება ობიექტურ და გონივრულ გამართლებას - ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და წარმოადგენს ამ მიზნის მისაღწევად პროპორციულ ზომას.[20]
პოლიტიკური შეხედულების გამო საჯარო მოხელეთა მასობრივი დევნა ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებსაც. შრომის საერთო ორგანიზაციის 1958 წლის No. 111 კონვენცია, რომელიც საქართველოსთან მიმართებით ძალაშია 1993 წლიდან, კრძალავს დისკრიმინაციას დასაქმებისა და პროფესიის სფეროში და ავალდებულებს სახელმწიფოებს გაატარონ პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებსა და თანაბარ მოპყრობას სამუშაო გარემოში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მოწმობს, რომ საჯარო მოხელეები ჩვეულებრივ სარგებლობენ გამოხატვის თავისუფლებით, განსაკუთრებით ისეთ საკითხებზე, რომლებიც საზოგადოების ფართო ინტერესით სარგებლობს. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ბალანსი ინდივიდის გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებასა და დემოკრატიული სახელმწიფოს ლეგიტიმურ ინტერესს შორის. სასამართლო აღიარებს, რომ საჯარო მოსამსახურეების გარკვეული კატეგორიის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნების საჭიროება შეიძლება წარმოადგენდეს უფლებაში ჩარევის ლეგიტიმურ მიზანს, თუმცა ასეთი ღონისძიება არ უნდა იქნას გამოყენებული ზოგადი ფორმით, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დაცული უფლების არსზე. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კონკრეტული საჯარო მოსამსახურის ფუნქცია-მოვალეობები, როლი და სხვა გარემოებები.[21] გარდა ამისა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საჭიროა გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობასა და ინდივიდის სამსახურიდან გათავისუფლებას შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა.
ზემოაღნიშნული სტანდარტების გათვალისწინებით, ბათუმის მერიის თანამშრომლები, როგორც საჯარო მოხელეები, ჩვეულებრივ სარგებლობენ გამოხატვის თავისუფლებით, რომელიც მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და შესაბამისი კრიტერიუმების დაცვით შეიძლება შეიზღუდოს. ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე ქართული ოცნების პრემიერის განცხადებას ათობით საჯარო უწყებიდან ასობით საჯარო მოხელე გაემიჯნა, მათ შორის ბათუმის მერიის 26 თანამშრომელიც. მათ აღნიშნული ნაბიჯი შეაფასეს როგორც კონსტიტუციასთან შეუსაბამო და ერთგულება გამოუცხადეს საქართველოს უზენაეს კანონში დეკლარირებულ საგარეო პოლიტიკურ კურსსა და ევროკავშირთან ინტეგრაციის მიზანს,[22] რაც წარმოადგენს აზრის გამოხატვის ერთ-ერთ ფორმას მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხზე. პეტიციის ხელმომწერთა განცხადებით, მათ მიმართ რეორგანიზაციის გამოცხადებამდეც შეინიშნებოდა ერთგვარი მტრული დამოკიდებულება მენეჯმენტის მხრიდან, მათ შორის, პრემიის დაკავებისა და სხვა ზომების სახით, რომლებმაც შექმნა მათ მიმართ შემდგომი, უფრო სერიოზული რეპრესიული ზომების განხორციელების მოლოდინი. 2026 წლის იანვარში ოფიცილურად გამოცხადებული რეორგანიზაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად პეტიციის ხელმომწერ თანამშრომლებს შეეხო, ცხადს ხდის მიზეზობრივი კავშირის არსებობას მოხელეების მიერ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობასა და საჯარო სამსახურიდან მათ გათავისუფლებას შორის. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ადგილი ჰქონდა ჩარევას გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში.
რაც შეეხება უფლებაში ჩარევის კანონიერ საფუძველს, როგორც აღინიშნა, 2024 წლის დეკემბრიდან მოყოლებული საჯარო სამსახურის მასობრივი წმენდის მთავარ საშუალებას რეორგანიზაციის ინსტრუმენტი წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაშიც რეორგანიზაციის გამოცხადება დაეფუძნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონსა და ბათუმის მერის შესაბამის ბრძანებას.[23] თუმცა, აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციის პროცესის მაქსიმალურად გასამარტივებლად და გათავისუფლებული მოხელეებისათვის უფლების დაცვის მექანიზმების აღმოსაფხვრელად ნიადაგი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში გასული წლის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად განხორციელებულმა ცვლილებებმა მოამზადა.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები მნიშვნელოვნად აუარესებს რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა უფლებრივ მდგომარეობას, ართმევს მანამდე არსებულ დაცვის გარანტიებს და ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის მექანიზმებს, რაც ასევე წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედ რეგრესიის აკრძალვის პრინციპთან. ამ პრინციპის თანახმად, სახელმწიფოებმა არ უნდა მიიღონ ზომები, რომლებიც ამცირებს ადამიანის უფლებათა სფეროში უკვე მიღწეულ დაცვის სტანდარტებს, თუ ამისთვის არ არსებობს განსაკუთრებით მძლავრი და სათანადოდ დასაბუთებული საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რეორგანიზაცია, როგორც გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში ჩარევის ფორმა, თუნდაც ფორმალურად კანონის შესაბამისად წარმართულიყო, არსებობს მთელი რიგი კითხვის ნიშნები თავად ამ კანონმდებლობის კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობის კუთხით.
დამატებით, მნიშვნელოვანია შეფასდეს, რამდენად ემსახურებოდა სახელმწიფოს მხრიდან რეორგანიზაციის გამოცხადების გზით მოხელეთა გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა რაიმე ლეგიტიმურ მიზანს. „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის დაწყების შესახებ“ ბათუმის მერის 2026 წლის 9 იანვრის ბრძანების თანახმად, რეორგანიზაციის გამოცხადება ემსახურებოდა მუნიციპალიტეტის განვითარების, მოქალაქეზე და მის საჭიროებებზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების მიზანს. აღნიშნული ინტერესი, ცხადია, არ ექცევა საერთაშორისო და რეგიონული ინსტრუმენტებით გათვალისწინებულ იმ ინტერესებს შორის, რომელთა დაცვის მიზანიც ამართლებს ისეთი ფუნდამენტური უფლების შეზღუდვას, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საჯარო სამსახურების წმენდის პროცესი თავიდანვე შენიღბულად წარიმართა. ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან არც ერთ ეტაპზე არ მომხდარა უშუალოდ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპზე მითითება და ნეიტრალური საჯარო სამსახურის შენარჩუნების მოტივით უფლებაში ჩარევის გამართლება. ამ შემთხვევაში საჭირო გახდებოდა, ერთი მხრივ, ხსენებული ინტერესისა და, მეორე მხრივ, პეტიციაზე ხელმომწერ მოხელეთა გამოხატვის თავისუფლების დაცვის ინტერესის ურთიერთშეპირისპირება. ამ ალტერნატივაზე იმთავითვე უარის თქმა ინდიკატორია იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საჯარო მოხელეთა განცხადებები რეალურად არ აღიქმებოდა რაიმე მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესისთვის საფრთხის შემქმნელად, რომელიც გამოხატვის თავისუფლების დაცვის ინტერესს გადაწონიდა. შესაბამისად, რეორგანიზაციის ალტერნატივისთვის მიმართვა და მის საფუძველზე მოხელეთა გათავისუფლება ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ რეპრესიულ მოტივებს და უფრო მორჩილი საჯარო სამსახურის შექმნის იდეას. ბუნებრივია, აღნიშნული მიზანი ვერ იქნება ლეგიტიმურ მიზნად მოაზრებული გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის გასამართლებლად.
თუნდაც დავუშვათ, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებები აკმაყოფილებს კანონის „ხარისხობრივ“ მოთხოვნებს და სახელმწიფოს მართლაც გააჩნდა გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის ლეგიტიმური მიზანი (მოცემული ანალიზის მიზნებისთვის, ჩარევის აუცილებლობისა და პროპორციულობის შესაფასებლად, ლეგიტიმურ მიზნად, პირობითად, მივიჩნიოთ საჯარო სამსახურის ნეიტრალიტეტისა და საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების მიზნები), სადავოა უფლებაში მოცემული ფორმითა და ინტენსივობით ჩარევის აუცილებლობა და პროპორციულობა. როგორც ზემოთ აღინიშნა, როდესაც საქმე ეხება საჯარო მოხელეთა გამოხატვის თავისუფლებას, სახელმწიფოსათვის მინიჭებული თავისუფალი შეფასების ფარგლებში შედარებით იზრდება, რადგან მათი როლიდან და საქმიანობიდან გამომდინარე აშკარაა გამოხატვის თავისუფლების საპირწონე დაცვის ღირსი ინტერესი. თუმცა, ნებისმიერი შემთხვევაში, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ზომის სიხისტე და გრძელვადიანი შედეგები, კონკრეტული მოხელის როლი და ფუნქციების თავისებურებები, ისევე როგორც მისი კომპეტენტურობა და პროფესიონალიზმი. აღსანიშნავია, რომ განსაკურებული დაცვით სარგებლობს ისეთი აზრის გამოხატვა, რომელიც უკავშირდება მომეტებული საჯარო ინტერესის მქონე საგანს.
მოცემულ შემთხვევაში ბათუმის მერიის 21 თანამშრომლის სამსახურიდან საბოლოო გათავისუფლება მობილობის შეთავაზებისა თუ პოზიციაზე აღდგენის ყველანაირი პერსპექტივის გარეშე წარმოადგენს განსაკუთრებით ხისტ ზომას, რომელიც ვერ მიიჩნევა მიზნის მიღწევის აუცილებელ და პროპორციულ საშუალებად. თანამშრომელთა პეტიცია ეხმიანებოდა საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის ცვლილებას, რომელიც დღემდე საჯარო დისკუსიის ცენტრალურ საგანს წარმოადგენს და რომლის მიმართაც არსებობს მომეტებული საჯარო ინტერესი. საჯარო მოხელეები სწორედ ის ინდივიდები არიან, რომელთა საქმიანობა უშუალო შემხებლობაშია კონსტიტუციაში დეკლარირებული მიზნების განხორციელებასთან. შესაბამისად, ბათუმის მერიის თანამშრომლებს ჰქონდათ არათუ უფლება, არამედ ერთგვარი ეთიკური ვალდებულებაც საზოგადოების წინაშე, დაეფიქსირებინათ პოზიცია მათ კომპეტენციასთან უშუალო შემხებლობაში მყოფ საკითხზე. რაც შეეხება პეტიციის შინაარსს, მასში გაცხადებულია ერთგულება საქართველოს კონსტიტუციისა და მასში დეკლარირებული მიზნებისადმი და კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ არის მიჩნეული ხელისუფლების მიერ საგარეო-პოლიტიკური კურსის გადახედვა, რაც პოლიტიკური მოვლენების სამართლებრივ შეფასებას წარმოადგენს. განცხადება თავისუფალია ზედმეტი პოლიტიკური რიტორიკისაგან, არ მიემართება კონკრეტულ პიროვნებებს თუ მათ ქმედებებს. მერიის თანამშრომელთა გამოხატვის თავისუფლების აღნიშნული ფორმით განხორციელება საფრთხის ქვეშ არ აყენებს საჯარო სამსახურის ნეიტრალიტეტს ან სახელმწიფოს წესრიგს. მასში არ იკვეთება მიკერძოება კონკრეტული პოლიტიკური პარტიისა თუ იდეისადმი, არამედ ერთგულება კონსტიტუციაში დეკლარირებული მიზნებისადმი, რაც ისედაც ნებისმიერი საჯარო მოხელის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს. ამრიგად, მათი ქმედება საფრთხეს არ უქმნიდა რაიმე სახელმწიფოებრივ ინტერესს, რომლის დაცვის ვალდებულებაც სახელმწიფოს ქმედებას გაამართლებდა. ამავდროულად, მოხელეები დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდნენ დამაკმაყოფილებლად და სტაბილურად იღებდნენ მაღალ შეფასებებს. რეორგანიზაციის დაწყებამდე კითხვის ნიშნები არ დასმულა მათ კომპეტენციასთან ან პროფესიონალიზმთან დაკავშირებით. შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა არ განხორცელებულა აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპების შესაბამისად.
გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად, პეტიციის ხელმომწერი ბათუმის მერიის თანამშრომლების მიმართ ადგილი აქვს თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის უფლების დარღვევას, რადგან ისინი რეორგანიზაციის პროცესში არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ იმ თანამშრომლებთან შედარებით, რომლებსაც არ ჰქონდათ განხადებაზე ხელი მოწერილი.
დადგენილია, რომ პეტიციის ხელმომწერი 26 ამასთან, რეორგანიზაციამდე უწყებაში 162 შტატი არსებობდა, ხოლო რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ მათი რაოდენობა 135-მდე შემცირდა. ამრიგად, სულ გაუქმდა 27 შტატი, პეტიციის ხელმომწერ თანამშრომელთა რაოდენობა კი ბოლო მონაცემებით 26-ს შეადგენდა. ამ მონაცემების თითქმის იდენტურობა არ არის შემთხვევითი და კიდევ ერთხელ მომწობს, რომ რეორგანიზაციის სამიზნეს სწორედ პეტიციის ხელმომწერი თანამშრომლები წარმოადგენდნენ. მათი გადმოცემით, ისინი დარჩენილი შტატების შევსების მიზნით რეორგანიზაციის პარალელურად გამოცხადებულ კონკურსში დანარჩენი თანამშრომლებისაგან განსხვავებულ მოპყრობას დაექვემდებარნენ. მაგალითად, პეტიციის ხელმომწერი თანამშრომლებისა და სხვა თანამშრომლების არსებითად იდენტური ხარისხის გასაუბრების ქულებს შორის სხვაობა მინიმალურია. პირველი ჯგუფის წევრებმა ბარიერთან მიახლოებული, თუმცა კონკურსის შემდეგ ეტაპზე გამსვლელი ქულა ვერ მოიპოვეს. აღნიშნულ განსხვავებულ მოპყრობას არ ჰქონდა არანაირი ობიექტური და გონივრული გამართლება და წარმოადგენდა დისკრიმინაციას პოლიტიკური ნიშნით. რეორგანიზაციის შედეგები არაპროპორციულად და ცალსახად გავრცელდა პეტიციის ხელმომწერ მოხელეებზე. ამას მოწმობს ისიც, რომ გათავისუფლებული თანამშრომლების 100% პეტიციის ხელმომწერია. შესადარებელ ჯგუფებს შორის არ არსებობდა სხვა არსებითი განსხვავება, გარდა განცხადებაზე ხელმოწერის ფაქტისა. შესაბამისად, ბათუმის მერიის თანამშრომლები დაექვემდებარნენ დისკრიმინაციულ მოპყრობას გამოხატვის თავისუფლების უფლების განხორციელებისას.
დამატებით აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხრიდან საჯარო მოხელეთა გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით დაწესებული შემზღუდველი ზომები, რომლებიც გამოიხატა მათ უკანონო გათავისუფლებაში, ისახავდა არა ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ რომელიმე ლეგიტიმურ მიზანს, არამედ განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების მქონე მოხელეებისაგან საჯარო სამსახურის წმენდის, უფრო მორჩილი საჯარო სექტორის შენების, პეტიციაზე ხელმომწერი მოხელეების დასჯისა და მათ მაგალითზე სხვა მოხელეების დაშინების ფარულ მიზნებს, რაც ასევე ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლს მე-10 მუხლით დადგენილ მოთხოვნას.
ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ ბათუმის მერიაში განხორციელებული რეორგანიზაცია წარმოადგენს სადამსჯელო ღონისძიებას განსხვავებული აზრის მქონე საჯარო მოხელეების წინააღმდეგ. პროევროპული პეტიციის ხელმომწერთა მასობრივი გათავისუფლება, რაც წინასწარ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებებით გახდა შესაძლებელი, უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, გამოხატვის თავისუფლებასა და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს. საჯარო სამსახურის პოლიტიკური ნიშნით წმენდის ეს პრაქტიკა ანგრევს ინსტიტუციურ მეხსიერებას, აზიანებს პროფესიული ნეიტრალიტეტის პრინციპს და ქმნის საშიშ პრეცედენტს, სადაც მოხელის კარიერული სტაბილურობა დამოკიდებულია არა მის კომპეტენციაზე, არამედ მმართველი პარტიის მიმართ პოლიტიკურ ლოიალობაზე.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
[1] ბათუმელები: ბათუმის მერმა რეორგანიზაცია გამოაცხადა – ვინ დაკარგავს სამსახურს
https://batumelebi.netgazeti.ge/news/601429/
[2] ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის 9 იავრის ბრძანება ბ14. 142600915 https://batumi.gov.ge/storage/17420/რეორგანიზაციის-დაწყების-ბრძანება-(09.01.2026)-(1).pdf
[3] ბათუმელები: ბათუმის მერიამ 35 პირი გაუშვა სამსახურიდან – ევროპული კურსის მხარდამჭერები. https://batumelebi.netgazeti.ge/news/607428/
[4] იქვე
[5] ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმo N° 102-2 (04.03.2026) https://batumi.gov.ge/storage/17576/ოქმი-№-102-2--(04.03.2026)-გადარჩევის-შედეგები-(2).pdf
[6] ბათუმელები: ბათუმის მერიამ 35 პირი გაუშვა სამსახურიდან – ევროპული კურსის მხარდამჭერები. https://batumelebi.netgazeti.ge/news/607428/
[7] სოციალური სამართლიანობის ცენტრი : საჯარო სამსახურის პოლიტიზირება და მოხელეების შრომითი გარანტიების დრამატული დასუსტება საგანგაშოა - საჯარო სამსახურის შესახებ კანონში გატარებული ცვლილებების კრიტიკული ანალიზი https://socialjustice.org.ge/ka/products/sajaro-samsakhuris-politizireba-da-mokheleebis-shromiti-garantiebis-dramatuli-dasusteba-sagangashoa - _ftn11
[8] საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი. https://matsne.gov.ge/ka/document/view/3031098?publication=71
[9] საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, 101-ე მუხლი
[10] კონსტიტუციური სარჩელი: “კახი სამხარაძე, მიხეილ შარაშიძე, თამთა კაჭახიძე, გიგა სოფრომაძე და სხვები (სულ 12 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”
https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=17763
[11] საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, მუხლი 19.
[12] Velichkin v. Belarus, Communication No. 1022/2001, Views adopted on 20 October 2005.
[13] Committee’s general comment No. 22, Official Records of the General Assembly, Forty eighth Session, Supplement No. 40 (A/48/40), annex VI.
[14] Bodrozic v. Serbia and Montenegro, Communication No. 1180/2003, , Views adopted on 31 October 2005.
[15] საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, მუხლი 25 (c).
[16] Human Rights Committee, General Comment No. 25 (57), CCPR/C/21/Rev.1/Add.7, 27 August 1996, § 23.
[17] საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, მუხლი 2.1.
[18] ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მუხლი 14.
[19] ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მუხლი 18.
[20] Molla Sali v. Greece [GC], 2018, § 135; Fabris v. France [GC], 2013, § 56.
[21] Karapetyan and Others v. Armenia, Application no. 59001/08, 17 November 2016, § 48.
[22] პუბლიკა, „ბათუმის მერიის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ და „ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნებიან“, 1.12.2024 < https://publika.ge/batumis-meriis-tanamshromlebi-ganckhadebas-avrceleben-da-ocnebis-gadawyvetilebas-emijnebian/ > .
[23] იხ. აქ: https://batumi.gov.ge/storage/17420/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-(09.01.2026)-(1).pdf
[24] ბათუმელები: „ბათუმის მერიამ 35 პირი გაუშვა სამსახურიდან – ევროპული კურსის მხარდამჭერები”. < https://batumelebi.netgazeti.ge/news/607428/ >.
ინსტრუქცია