[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

რეორგანიზაციის გამარტივების მიზნით ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონში ინიციირებული ცვლილებები ადამიანის უფლებებთან  შეუსაბამოა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ კიდევ ერთ უფლებაშემზღუდველ საკანონმდებლო ინიციატივას და მივიჩნევთ, რომ რეორგანიზაციის გამარტივების მიზნით „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება შრომით უფლებრივ სტანდარტებს და იგი პოლიტიკური დევნის და საჯარო სამსახურის საკადრო წმენდის აშკარა მიზანს ემსახურება.

2024 წლის 9 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაიწყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის ოფიციალური განხილვის პროცედურა[1]. კანონპროექტი „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ არის ინიციირებული და მისი განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.

,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილებების ინიციირებას წინ უძღოდა, საჯარო მოხელეთა პროტესტი, რომელიც ხელისუფლების მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას მოჰყვა და რომელიც საჯარო სამსახურის ,,თვითწმენდის პროცესად’’  შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და ხელისუფლების მხრიდან ,,კონსტიტუციისა და კანონმდებლობის’’ შესაბამისი რეაგირება დააანონსა[2]. საჯარო მოხელეთა განცხადებები ,,საბოტაჟის გზით სახელმწიფო უწყებების ჩამოშლის მცდელობად’’  შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, და პრემიერ-მინისტრის მსგავსად, ხელისუფლების მხრიდან ,,კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში’’ მოსალოდნელ საპასუხო ნაბიჯებზე მიუთითა[3]. საჯარო მოხელეთა პროტესტზე მმართველი პარტიის საპასუხო რეაგირების ფორმა საბოლოოდ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დააკონკრეტა. მდინარაძის განცხადებით, საჯარო სექტორის გაჯანსაღების საჭიროებიდან გამომდინარე, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონში შევა ცვლილებები, რითაც რეორგანიზაციის საკითხები გამარტივდება[4]. იმავე დღეს, 9 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში დაიწყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონის პროექტის ოფიციალური განხილვის პროცედურა[5].

მოვლენათა განვითარების ქრონოლოგია, ხელისუფლების მაღალჩინოსნების საჯარო განცხადებები და ინიციირებული ცვლილებების შინაარსი ცხადყოფს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, კრიტიკული საჯარო მოხელეების რეორგანიზაციის პროცესის საფარქვეშ სამსახურიდან გათავისუფლების გამარტივებას, მეორეს მხრივ კი - საჯარო სექტორის ყველა დონეზე სრული პარტიული კონტროლის დამყარებას.

კანონპროექტის ანალიზი აჩვენებს, რომ განსაკუთრებით პრობლემურია შემდეგი ცვლილებები:

  1. რეორგანიზაციის საფუძვლების გაფართოება

ინიციირებული ცვლილებებით, ფართოვდება საჯარო დაწესებულებებში რეორგანიზაციის გამოცხადების საფუძვლები. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რეორგანიზაცია, მათ შორის, განიმარტება როგორც საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. მოქმედი კანონმდებლობით, რეორგანიზაციის საფუძველზე, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება საჯარო დაწესებულების შესაძლებელი იყო შტატების შემცირების შემთხვევაში[6]. ინიციირებული ცვლილებებით კი, ერთი მხრივ, არსებითად და დაუსაბუთებლად ფართოვდება რეორგანიზაციის ცნება, ხოლო მეორე მხრივ, რეორგანიზაციის საფუძველზე, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება ხდება გაცილებით უფრო მარტივი, ვიდრე ეს დღეს მოქმედი კანონით არის განსაზღვრული. 

უფრო ზუსტად, „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტით, რეორგანიზაციის საფუძველი შეიძლება გახდეს ისეთი მინიმალური ცვლილებები, როგორიც „სტრუქტურულ ერთეულში თითოეული დასაქმებულისათვის ახალი ფუნქციის დამატება ან არსებული ფუნქციების ცვლილებაა“. ეს მაშინ, როდესაც საჯარო სამსახურის შესახებ დღეს მოქმედი რედაქციით, რეორგანიზაციის საფუძვლად ვერ ჩაითვლება არათუ კონკრეტული თანამშრომლისთვის, არამედ საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისთვის ახალი ფუნქციის დაკისრებაც კი.[7]

  1. რეორგანიზაციის დროს საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლების გამარტივება

რეორგანიზაციის საფუძვლების აბსურდულად გაფართოების გარდა, უაღრესად საგანგაშოა, რომ ინიციირებული ცვლილებებით, დაწესებულების რეორგანიზაციისას, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება ხდება ავტომატურად, კერძოდ, „რეორგანიზაციის დროს თუ სტრუქტურულ ერთეულში თითოეულ დასაქმებულს ახალი ფუნქცია ემატება ან არსებული ფუნქციები ეცვლება, ან შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან სხვა ერთეულის შერწყმა ხდება, ან შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში მცირდება შტატები,“ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებული მოხელეები თავისუფლდებიან და ინიშნება კონკურსი“.[8] კანონპროექტის თანახმად, რეორგანიზაციის გამო დასაქმებულ პირთა სამსახურიდან გათავისუფლებისა და ახალი კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში, დაწესებულების ხელმძღვანელს მინიჭებული აქვს დისკრეცია, თავად გადაწყვიტოს, თუ რა სახის კონკურსის საფუძველზე შეირჩეს ყველა რანგის მოხელე - ღია, დახურული თუ შიდა.

  1. მოხელის ტოლფას თანამდებობაზე გადაყვანის შესაძლებლობის გაუქმება

მოქმედი კანონმდებლობით, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაძლებელი იყო შესაბამისი მოხელის გადაყვანა იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე[9]. ინიცირებული ცვლილებებით კი, რეორგანიზაციის გამო სამსახურიდან გათავისუფლებულ მოხელეებს მსგავსი შესაძლებლობა ჩამოერთვათ. იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე გადასვლის შესაძლებლობა იარსებებს მხოლოდ საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შემთხვევებში[10].

  1. რეორგანიზაციის ვადის შემცირება

იცვლება ასევე რეორგანიზაციის პროცესის ხანგრძლივობა. აქამდე არსებული კანონმდებლობით, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია მაქსიმუმ 3 თვის ვადაში უნდა განხორციელებულიყო, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა[11]. დაგეგმილი ცვლილებებით კი, რეორგანიზაციის პროცესის მაქსიმალური ხანგრძლივობა 2 თვემდე მცირდება[12].

  1. დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობების შეზღუდვა

კანონპროექტით გათვალისწინებულ პრობლემურ სიახლეებს შორის აღსანიშნავია ასევე, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების წინააღმდეგ სასამართლოში წარდგენილი საჩივრის ან კონკურსის შედეგების თაობაზე საჩივრის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილება არ იწვევს უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელის სამსახურში აღდგენას და შესაბამისი კონკურსის შედეგად თანამდებობაზე დანიშნული მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლებას[13]. დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, უკანონოდ გათავისუფლებულ მოხელეს მიეცემა განაცდური და კომპენსაცია მხოლოდ 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით[14]. აღნიშნული დებულება ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირებისათვის ზიანის სამართლიანი და სრული ანაზღაურების პრინციპს და ამ მიმართულებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს. საკონსტიტუციო სასამართლოს ერთხელ უკვე განხილული და არაკონსტიტუციურად ცნობილი აქვს მსგავსი შინაარსის ნორმა, რომლის თანახმად უკანონოდ გათავისუფლებულ მოხელეს განაცდური პერიოდისათვის შეეძლო მიეღო კომპენსაცია მაქსიმუმ 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით[15].

დასაქმების შეწყვეტის შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N158 კონვენციის თანახმად, დასაქმების შეწყვეტის ვალიდურ საფუძველს შესაძლოა, წარმოადგენდეს დაწესებულების რეორგანიზაცია იმ შემთხვევაში, თუ იგი დასაბუთდება ჩამოთვლილთაგან რომელიმე მიზეზით - ეკონომიკური, ტექნოლოგიური, სტრუქტურული ან სხვა მსგავსი ცვლილების საჭიროებით - და არა დასაქმებულ პირთა მოქმედებებთან დაკავშირებული მიზეზით[16]. საქართველოს მთავრობის ინიციირებული საჯარო დაწესებულებების რეორგანიზაციის წესი წინააღმდეგობაშია ILO-ს კონვენციით განსაზღვრულ სტანდარტებთან, რადგან დაკავშირებულია არა ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ, სტრუქტურულ ან სხვა მსგავს არსებით მიზეზებთან, არამედ, გარკვეულ შემთხვევებში, ასევე  თითოეული თანამშრომლისთვის ფუნქციის შეცვლასთან/დამატებასთან, რაც იმდენად დაბალი ზღვრული მოთხოვნაა, რომ ამ ცვლილებების ფორმალურად და თვითნებურად განხორციელების რისკები უკიდურესად მაღალია. შესაბამისად, ამგვარი უმნიშვნელო საფუძვლით რეორგანიზაციის გამოცხადება და სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებული მოხელეების სამსახურიდან ავტომატური გათავისუფლება პრაქტიკულად აუქმებს საჯარო მოხელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისგან დაცვის ყოველგვარ გარანტიას და გადაწყვეტილების მიღების სრულად თვითნებურ წესს აკანონებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლო საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის არსს შემდეგნაირად განმარტავს: ,,სტრუქტურული ან/და ფუნქციური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოჰყვეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, აგრეთვე, შტატების რაოდენობის ცვლილება’’[17]. ის, რომ საქართველოს საჯარო უწყებებში კანონპროექტის საფუძველზე გამოცხადებული რეორგანიზაციის პროცესი იქნება ფასადური და შეესაბამება სასამართლოს მიერ განმარტებულ რეორგანიზაციის რეალური არსის შეუსაბამო, დასტურდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის განმარტებითი ბარათითაც. განმარტებით ბარათში გვხვდება ზოგადი ხასიათის ჩანაწერები საჯარო სამსახურის სფეროს რეფორმის მიზნებთან დაკავშირებით, თუმცა, არავითარი მითითება საჯარო უწყებების სტრუქტურული ან/და ფუნქციური გარდაქმნის რეალურ საჭიროებებზე[18].

აღსანიშნავია, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებები შემაშფოთებლად აუარესებს საჯარო მოხელეთა შრომით უფლებრივ მდგომარეობას. აღნიშნული ცვლილებები დროში თანხვედრაშია საჯარო მოხელეების მასშტაბურ პროტესტთან, რომლითაც ისინი გაემიჯნნენ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არაერთ საჯარო უწყებაში დასაქმებულმა პირებმა გაავრცელეს ერთობლივი კრიტიკული განცხადებები, მათ შორის, საგარეო საქმეთა, თავდაცვის, განათლების, იუსტიციის სამინისტროებსა და თბილისის მერიაში. ამ მოვლენებზე ხელისუფლების მაღალჩინოსნების საჯარო გამოხმაურებები და ამის კვალდაკვალ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონში დაჩქარებულად დაინიციირებული პრობლემური ცვლილებები წარმოაჩენს, რომ ცვლილებების რეალური მიზანი კრიტიკულად განწყობილი საჯარო მოხელეების დემონსტრაციული დასჯა და საჯარო სამსახურის სრული პარტიული დამორჩილებაა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი კიდევ ერთხელ აცხადებს მზადყოფნას, დაიცვას სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელეების უფლებები და უზრუნველყოს უსასყიდლო იურიდიული წარმომადგენლობა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] საქართველოს პარლამენტი:

https://info.parliament.ge/file/1/BillPackageContent/46588.

[2] Civil.ge - ,,,,ქართული ოცნება’’ საჯარო სექტორში რეორგანიზაციის საკითხებს ამარტივებს’’ :

https://civil.ge/ka/archives/643242.

[3] რადიო თავისუფლება - ,,,,საბოტაჟის გზით სახელმწიფო უწყებების ჩამოშლის მცდელობა’’ - კალაძე ისევ ეხმაურება მერიის თანამშრომელთა განცხადებას’’’:

https://www.radiotavisupleba.ge/a/33226359.html.

[4] Civil.ge - ,,,,ქართული ოცნება’’ საჯარო სექტორში რეორგანიზაციის საკითხებს ამარტივებს’’ :

https://civil.ge/ka/archives/643242.

[5] საქართველოს პარლამენტი:

https://info.parliament.ge/file/1/BillPackageContent/46588.

[6] მუხლი 108, პუნქტი ,,ბ’’, საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ.

[7] მუხლი 103(1), საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“.

[8] პუნქტი 6, საქართველოს კანონპროექტი ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე:

https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/373191.

[9] მუხლი 52, საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ.

[10] პუნქტი 2, საქართველოს კანონპროექტი ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე:

https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/373191.

[11] მუხლი 104, პუნქტი 4, საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ.

[12] პუნქტი 4, საქართველოს კანონპროექტი ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე:

https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/373191.

[13] პუნქტი 6, საქართველოს კანონპროექტი ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე:

https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/373191.

[14] იქვე.

[15] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, გადაწყვეტილება №2/3/630, 2015 წლის 31 ივლისი.

[16] International Labour Organization - Note on Convention No. 158 and Recommendation No. 166 concerning termination of employment, page 2:

https://www.ilo.org/media/137211/download.

[17] საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება, №ბს-1016 (კ-23), მაისი, 2024 წელი.

[18] განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონპროექტზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე:

https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/373193.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“