[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი 10-11 დეკემბერს მიმდინარე მშვიდობიანი დემონსტრაციის ძირითად ეპიზოდებს აჯამებს

 

მე-13 დღეა ქვეყნის მასშტაბით უწყვეტად მიმდინარეობს მშვიდობიანი საპროტესტო აქციები „ქართული ოცნების“ მიერ კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის დამყარებისა და საქართველოს ევროპული კურსიდან გადახვევის საწინააღმდეგოდ. მოქალაქეების მშვიდობიან პროტესტსა და წინააღმდეგობას ხელისუფლება ჭარბი საპოლიციო ძალით, მოქალაქეთა ტერორისა და დაშინების ახალი ფორმებით პასუხობს. ქართული ოცნების მიერ მოქმედების სტრატეგიების განახლება განსაკუთრებით შესამჩნევია 7 დეკემბრის შემდეგ, როცა სპეციალური საშუალებებით აქციის დემონსტრაციულად დაშლის ნაცვლად, ხელისუფლება პროტესტს მოქალაქეთა დაშინების, კერძო ჯგუფების ხელით ძალადობის ორგანიზების მეთოდებითა და ფორმალურ-სამართლებრივი პროცესების წამოწყებით ებრძვის.

10 დეკემბერს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები თბილისის გარდა, ქუთაისში, ბათუმში  და ევროპის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 10-11 დეკემბერს პროტესტის მიმდინარეობისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის შემდეგი ტენდენციები გამოკვეთა:

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

10 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის ფაქტზე დაწყებულ საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, დესტრუქციული ძალები გეგმავენ, 2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს და ყველა გზით ხელი შეუშალონ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევას.[1]

სუს-ი ჯერ კიდევ გასული წლის  სექტემბერში ამტკიცებდა, რომ 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის“ მოწყობა და „ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა“ იგეგმებოდა,[2] თუმცა მათი პროგნოზი არ გამართლდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე კვლავ აგრძელებს  ცალკეული ჯგუფების, მათ შორის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში დადანაშაულებას, გარდა ამისა, უწყება კვლავ ცდილობს ამ კონსპირაციაში ჩაითრიოს ის დასავლური ორგანიზაციები, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ როგორც ქვეყნის დემოკრატიის, სახელმწიფო ინსტიტუტების და ადამიანის უფლებებისმხარდაჭერას.[3]

სუს-ის ამ საფრთხეებზე მხრიდან მტკიცებულებების გარეშე აპელირება ცალკეული ჯგუფებისა და მთლიანად მიმდინარე საპროტესტო აქციების დისკრედიტაციის გარდა, დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებების გზით კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის გამართლებასაც შეიძლება ემსახურებოდეს.  2023 წლის სექტემბერში სუს-ის განცხადებას მოჰყვა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონპროექტების ინიციირება. საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სუს-ის განცხადებაში მითითებული საფრთხეების განეიტრალების საჭიროებით ხსნიდნენ.[4] შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ამჯერადაც ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებული ინიციატივები, მათ შორის, ნიღბების ტარების აკრძალვა, „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ სუს-ის განცხადებებსა და დესტაბილიზაციის საფრთხეებს დაუკავშიროს.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოხმაურება „პოლიციის შესახებ“ კანონში დაანონსებულ ცვლილებებზე

რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა პარლამენტში დააინიცირეს ცვლილებები "პოლიციის შესახებ" კანონში. კანონპროექტი ითვალისწინებს პოლიციის სისტემაში თანამშრომლების მიღებას სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.[5]

10 დეკემბერს შსს-მ განცხადება გაავრცელა და განმარტა მოსალოდნელი ცვლილებების შინაარსი.[6] შსს-ის განცხადებაში წარმოდგენილი მსჯელობა კანონპროექტის განმარტებითი ბარათის იდენტურია. განცხადების თანახმად, პოლიციაში არსებობს ასევე გასამხედროებული დანაყოფები, სადაც სამსახურის გავლის განსხვავებული რეჟიმი მოქმედებს. აღნიშნულ სამსახურებში მსახურობენ სამხედრო წოდების მქონე პირები. 2025 წლის 1 იანვრიდან სამხედრო სამსახური იარსებებს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, შესაბამისად, გასამხედროებული დანაყოფების საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, საჭიროა პოლიციაში სამსახურის მიღების გარკვეული წესები მოდიფიცირდეს და პოლიციაში არსებულ პოზიციებზე მათი სპეციფიკის გათვალისწინებით დადგინდეს მიღების განსხვავებული წესები.

განმარტების შემდეგ, მოსალოდნელი ცვლილებები კვლავ ბუნდოვანი რჩება ორი მიზეზით:

  • კანონპროექტი არ ითვალისწინებს სპეციალური წესით თანამშრომლების აყვანას მხოლოდ გასამხედროებულ დეპარტამენტში. მართალია, შსს-მ განცხადებაში მიუთითა, რომ აღნიშნული ცვლილება არ შეეხება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, გამომძიებლებს, მართლწესრიგის ოფიცრებსა და ადმინისტრაციული ფუნქციების შემსრულებელ მოსამსახურეებს, თუმცა კანონპროექტი ამ დანაყოფებზე სპეციალური წესის გავრცელებას არ გამორიცხავს. შესაბამისად, შესაძლებელია, მინისტრის ბრძანების თავდაპირველი ვერსიით სპეციალური წესი ამ დანაყოფებზე ნამდვილად არ ვრცელდებოდეს, თუმცა სამომავლოდ ამ ბრძანების მოქმედებების გაფართოებას საკანონმდებლო ჩანაწერი ვერ დააზღვევს.
  • იმ დაშვებითაც კი, რომ სპეციალური წესი გავრცელდება მხოლოდ იმ დანაყოფებზე, სადაც სამხედრო წოდების თანამშრომლები მსახურობენ, მოსალოდნელი ცვლილება რჩება პრობლემურად. შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დებულებების მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეები გაწევრიანებული არიან სამინისტროს სამ ქვედანაყოფში - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში (გდდ), ობიექტების დაცვისა და სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტებში. გდდ-ის დებულების თანახმად, დეპარტამენტში დასაქმებული არიან სახელმწიფო სპეციალური/სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეები, ასევე სხვა საჯარო მოხელეები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.[7] გამოდის, რომ სპეციალური წესი შესაძლოა, გავრცელდეს არამხოლოდ სამხედრო წოდების მქონე პირებზე, არამედ გდდ-ში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზეც, მაშინ როდესაც მათ მიმართ განსაკუთრებული წესის არსებობის საჭიროებას ვერც განმარტებითი ბარათი და ვერც შსს-ის განცხადება ვერ ასაბუთებს.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ერთ-ერთი ფუნქცია შეკრებების,  მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაა.[8] შესაბამისად, მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში სამინისტროს რეპრესიული მიზნების განმახორციელებელი, უპირველესად, სწორედ ეს დანაყოფია. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შსს-ის თანამშრომლები (მათ შორის გდდ-ის თანამშრომლებიპროტესტის ნიშნად ტოვებენ სამსახურს. სწორედ ამიტომ, ჩნდება ეჭვი, რომ  საკანონმდებლო ცვლილებები ამ თანამდებობებზე გამარტივებული და სპეციალური წესით თანამშრომლების მიღებას შეიძლება ისახავდეს მიზნად.

  • პროტესტის ჩახშობის სტრატეგიების ცვლილება

28 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე შსს საპროტესტო აქციებს ჭარბი საპოლიციო ძალითა და სპეციალური საშუალებების (წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი) ინტენსიური გამოყენებით შლიდა. 7 დეკემბრიდან  პროტესტის ჩახშობის სტრატეგიები იცვლება და ხელისუფლება პროტესტს მოქალაქეთა დაშინების, კერძო ჯგუფების ხელით ძალადობის ორგანიზების მეთოდებითა და ფორმალურ-სამართლებრივი პროცესების წამოწყებით ებრძვის. ამას სავარაუდოდ ორი მიზეზი აქვს:

  1. საპოლიციო საშუალებებით აქციის დაშლისთვის კანონიერი ფორმის მიცემის მცდელობა - რამდენიმე დღის წინ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განმარტა, რომ შსს მხოლოდ იმ შემთხვევაში შლის აქციას, თუ მან მასობრივად ძალადობრივი ხასიათი მიიღო და ამიტომ არ გამოუყენებია ბოლო დღეებში საპოლიციო ძალა სამინისტროს. სინამდვილეში, აქციის მასობრივი დაშლის საფუძველი არც 7 დეკემბრამდე არსებობდა. მასობრივ დარბევას რომ ყოველდღიური ფორმა მიეცეს, ეს შსს-ს გაურთულებს ღონისძიებების გამოყენების პროპორციულობის თუნდაც ფორმალურ დასაბუთებას.
  2. პასუხისმგებლობის გადატანის მცდელობა ხელისუფლებიდან კერძო ჯგუფებზე - „ქართული ოცნება“ ცდილობს საპროტესტო აქციებისთვის ძალადობრივი სარჩულის მიკერებასა და პროვოკაციების მოწყობის საფუძვლით პასუხისმგებლობის გადატანას აქციის მონაწილეებსა და სხვა ჯგუფებზე, მათ შორის ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებზე. სწორედ ამით უნდა აიხსნას „ტიტუშკების“ ჯგუფის მობილიზება, სატელეფონო ზარებით მუქარა და პროტესტის ადგილისგან მოშორებით, სხვა საზოგადოებრივ სივრცეებსა და კერძო საკუთრებაში აქციის მონაწილეების დაკავების ტენდენცია. პროტესტთან ბრძოლის ეს ფორმა ძალადობას კიდევ უფრო საშიშ და უკონტროლო ბუნებას სძენს, ზრდის ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების რისკებს და არღვევს სოციალურ მშვიდობას.
  • განახლებული მონაცემები დაკავებული და დაშავებული მომიტინგეების შესახებ

სახალხო დამცველმა 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით 327 დაკავებული პირი მოინახულა. სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე 327 პირიდან 225 მიუთითებდა, ხოლო ხილული  ფიზიკური დაზიანება აღენიშნებოდა 157 პირს.[9]

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც, თავის მხრივ, სამოქალაქო ორგანიზაციების იურიდიული დახმარების ქსელის მონაცემებს ეყრდნობა,  28 ნოემბრიდან საპროტესტო აქციებზე 460-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათგან 430 - ადმინისტრაციული წესით, სისხლის სამართლის ბრალდებით კი - 31. ამავე მონაცემებით, 300-ზე მეტი ადამიანია ნაცემი, წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი.[10]

სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობისა და სასტიკი ძალადობის ამსახველი არაერთი მტკიცებულების მიუხედავად, ამ დრომდე სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა  არცერთი სამართალდამცავის მიმართ, აგრეთვე,  ასობით შემთხვევიდან არცერთ საქმეში მომიტინგის მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობა არ უარუყვია  სასამართლოს, რაც ცხადყოფს რომ აქციის საქმეები  პრაქტიკულად არ განიხილება ინდივიდუალურად და უწყებები პოლიტიკური დავალებების შემსრულებლის როლში არიან.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, 10.12.2024. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/geC2zSKO

[2] სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, 18.09.2023. ვიდეო ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/7eC2cJXz

[3] სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადება - სუს-ის მხრიდან ტოტალური კონტროლი გრძელდება. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/8eC2vNDH

[4] სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადება - სახელმწიფოს პოლიტიკა აქტივისტების მიმართ კიდევ უფრო რეპრესიული ხდება. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/yeC9SWaD

[5] კანონპროექტი ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/FeC9DsD6

[6] შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/DeC33Zfp

[7] „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის N30 ბრძანება, მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი.

[8] იქვე, მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნტი.

[9] სახალხო დამცველის სტატისტიკა. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/leC309Pq

[10]საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს სტატისტიკა. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/6eC39idN

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“