საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
„ქართული ოცნების“ მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებისა და კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის დამყარების წინააღმდეგ, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ქვეყნის მასშტაბით 28 ნოემბრიდან უწყვეტად მიმდინარეობს. პროტესტის მე-11 დღეს ხელისუფლებამ მოქალაქეების ტერორისა და დაშინების ფორმები განაახლა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ოფიციალურად დაანონსეს საკანონმდებლო ცვლილებები, პროტესტის მონაწილეებისთვის შეზღუდვების დაწესების მიზნით. გარდა ამისა, გრძელდება სატელეფონო ზარების საშუალებით მოქალაქეების დაშინებისა და დევნის ტენდენცია.
საპროტესტო ტალღის სხვა დღეების მსგავსად, 8-9 დეკემბრის შეკრებაც იყო მშვიდობიანი და აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. როგორც შეუიარაღებელი თვალით დაკვირვებით ჩანდა. შეკრების ადგილზე წინა ორ ღამესთან შედარებით უფრო ბევრი ადამიანი იყო შეკრებილი, რაც, სავარაუდოდ, გახდა სპეცრაზმისა და არაფორმალური ძალადობრივი დაჯგუფებების - ე.წ. „ტიტუშკების“ პასიურობის მიზეზი. მასშტაბური საპროტესტო აქცია 8 დეკემბერს, თბილისის გარდა, ზუგდიდში ბათუმსა და ქუთაისშიც გაიმართა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 8-9 დეკემბერს მიმდინარე პროტესტებთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა დარღვევის შემდეგი ტენდენციები გამოკვეთა.
დემონსტრანტებისთვის შეზღუდვების დაწესების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების დაანონსება
ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა 7 დეკემბერს „ტვ პირველის“ წარმომადგენლებზე „ტიტუშკების“ თავდასხმას[1]. ჩვენი შეფასებით რამდენიმე შემთხვევა, რომელსაც უკვე ჰქონდა ადგილი გასული დღეების განმავლობაში განსაკუთრებით სახიფათო ტენდენციაა, რომელიც მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების მიმართ მასშტაბური ძალადობის პარალელურად, ძალადობის პრაქტიკას კიდევ უფრო უკონტროლოს და საშიშს ხდის. ძალადობაზე სახელმწიფოს მონოპოლიის კერძო პირებისთვის გადაცემა შეიცავს უზარმაზარ რისკებს ადამიანების სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის და სოციალური მშვიდობისთვის. კობახიძემ ეს შემთხვევა შეაფასა რადიკალების პროვოკაციად, რომლის ერთადერთი მიზანი ვითარების ხელოვნურად დაძაბვა შეიძლება იყოს. მამუკა მდინარაძის განცხადების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ოფიციალურად დააანონსა საპროტესტო აქციებზე ძალადობის პრევენციის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების დაინიცირება. მისი თქმით, ნიღბებს ატარებს ყველა, ვისაც არ ეზარება და ეს ხელს უშლის შსს-ის მომიტინგეების იდენტიფიცირებაში. ამ ვითარებიდან გამოსავალი კობახიძის თქმით იქნება კანონი, რომელიც შეზღუდავს შეკრების (მათ შორის კონტრშეკრების) მონაწილეების მიერ სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვას. [2]
დააანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები საპროტესტო აქციაზე დანაშაულებრივი ქმედებების პრევენციის სახელით შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად. ამას რამდენიმე გარემოება განაპირობებს:
ამ ფაქტორების გათვალისწინებით, იმთავითვე ცხადია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების რეალური მოტივაცია ქართული ოცნებისთვის, საპროტესტო ტალღის ჩახშობა და დემონსტრანტების დაშინებაა.
აღსანიშნავია ისიც, რომ დემონსტრაციებზე ნიღბების გამოყენების აკრძალვა შესაძლოა, გაუმართლებლად ერეოდეს შეკრებისა და მანიფესტაციების უფლებით დაცულ სფეროში. ამ ეტაპზე უცნობია, კერძოდ რა ნორმატიულ შინაარსს შეიძენს ხელისუფლების მიერ დაანონსებული აკრძალვა, თუმცა ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ბლანკეტური აკრძალვა დემონსტრაციებზე ყველანაირი ნიღბის გამოყენების შესახებ იქნება არაპროპორციული და გაუმართლებელი ჩარევა შეკრების უფლებით დაცულ სფეროში.[4]
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ბრიფინგი და ახალი მონაცემები დაკავებულების და დაშავებულების შესახებ
გუშინ, 8 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 28 ნოემბრიდან დღემდე გამართული აქციის ფარგლებში სისხლის სამართლებრივი წესით გამოვლენილი და შესაბამის პასუხისგებაშია მიცემული 30-ზე მეტი პირი. შსს-ს მონაცემებით ადმინისტრაციული წესით დაკავებულია და საქმისწარმოება დაწყებულია 372 პირის მიმართ, საიდანაც 62 პირის მიმართ უკვე გამოყენებულია ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო 100-ზე მეტი პირის მიმართ ჯარიმა, როგორც სახდელის სახე. დარახველიძემ ასევე განაცხადა, რომ დემონსტრაციების მიმდინარეობისას დაშავდა 150 პოლიციელი, თუმცა მას შესაბამისი მტკიცებულებები და დაზიანების ხარისხის მიხედვით დამუშავებული ინფორმაცია არ წარმოუდგენია. [5]
პოლიტიკოსების საცხოვრებელ სახლებში სამართალდამცავების შესვლა
პროტესტის წინა დღეების მსგავსად, 8-9 დეკემბერსაც გავრცელდა ინფორმაცია ოპოზიციის წარმომადგენლების საცხოვრებელში სამართალდამცავების შესვლის შესახებ. 8 დეკემბერს, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს შსს-ის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სახლში მიუტანეს უწყება, რომლის მიხედვითაც ვაშაძე დაბარებულია დეპარტამენტში მოწმის სტატუსით დასაკითხად ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე.[6] რამდენიმე საათის შემდეგ სამართალდამცველები „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის საცხოვრებელ სახლთან მივიდნენ და პერიმეტრზე არსებულ კამერებზე წვდომა ყოველგვარი საბუთის გარეშე მოითხოვეს.[7] ყოველდღიურად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და აქტივისტების ბინებში შესვლა სხვადასხვა მიზნით (ჩხრეკა, დაკავება, უწყების ჩაბარება, მოწმედ დაბარება თუ ვიდეოკამერების ჩანაწერების მოპოვება) მიზნად ისახავს ძალის დემონსტრირებასა და ადამიანების დაშინებას.
მოქალაქეები დაშინების მცდელობა სატელეფონო ზარებით
8 დეკემბერს მოქალაქეებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჟურნალისტებსა და აქტივისტებს ისევ ურეკავდნენ უცხო ნომრებიდან დაშინებისა და გინების მიზნით. მოქალაქეების ნაწილს ქართული ნომრებიდან ურეკავდნენ, რამდენიმე ადამიანმა კი აღნიშნა, რომ უცხო ქვეყნის ნომრიდან დაურეკეს.[8] სატელეფონო საშუალებებით აქციის მონაწილეებზე ზემოქმედება აქტიურად გამოიყენებოდა „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების პარალელურად, მიმდინარე წლის გაზაფხულზეც. ამ ფაქტების შესწავლა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 2024 წლის მაისში დაიწყო, თუმცა პასუხისმგებლობა არავისთვის დაუკისრებია. სამსახურის განმარტებით, სატელეფონო ზარების განხორციელება, გამოყენების, სიხშირისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით, წინასწარ განსაზღვრულ და ორგანიზებულ ხასიათს ატარებდა. დანაშაულის ნიშნების არსებობის გათვალისწინებით საქმე პროკურატურას გაეგზავნა.[9] პროკურატურას კი მაისიდან მოყოლებული არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დღეებში აქციის მონაწილეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები გახშირდა, სატელეფონო დაშინებისა და მუქარის მექანიზმის გააქტიურებაც მოსალოდნელი უნდა იყოს.
[1] „ტიტუშკები” ტვ პირველის გადამღებს ჯგუფს თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. ვიდეო ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/beCtMLY1
[2] ირაკლი კობახიძის ბრიფინგი. ვიდეო ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/BeCjnnNc
[3]სოციალური სამართლიანობის ცენტრი, განცხადება - აქციებზე სამართალდამცავების იდენტიფიცირების შეუძლებლობა საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/VeChzky7
[4] Opinion no. 686/2012 by the European Commission for Democracy through Law (Venice Commission) on Federal Law no. 65-FZ of 8 June 2012 amending Federal Law no. 54-FZ of 19 June 2004 on Assemblies, Meetings, Demonstrations, Marches and Picketing and the Code of Administrative Offences.
[5] შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის - ალექსანდრე დარახველიძის ბრიფინგი. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/
[6] რადიო თავისუფლება - გიორგი ვაშაძე დასაკითხად დაიბარეს პოლიციაში. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/NeCjcCBm
[7] IPN-ზურაბ ჯაფარიძე - ჩემს კორპუსთან არის მოსული „პოლიცია“, ყოველგვარი წინაპირობის ან საბუთის გარეშე პერიმეტრზე არსებულ კამერებზე წვდომას ითხოვენ. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/ReCjnymb
[8] ფორმულა - მოქალაქეები წერენ, რომ მათ ისევ ურეკავენ უცხო ნომრებიდან მუქარითა და გინებით. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/heCjEu9T
[9] პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უცხო სატელეფონო ნომრებიდან ზარების განხორციელების ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/6eCjYViW
ინსტრუქცია