საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
“ქართული ოცნების” მიერ ევროპული კურსის ოფიციალური ცვლილებასა და კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის დამყარების მცდელობას ჩვენი მოქალაქეების მასობრივი და უწყვეტი, თვითორგანიზებული პროტესტი მოჰყვა. პროტესტმა მოიცვა არა მხოლოდ თბილისი, არამედ სხვა 40-მდე ქალაქიც. მოქალაქეების თვითორგანიზებულ პროტესტს “ქართულმა ოცნებამ” სასტიკი და ფართომასშტაბიანი საპოლიციო ძალადობით უპასუხა, რომელიც ჩვენი შეფასებით, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება და საერთაშორისო სამართლით აბსოლუტურად დაცული უფლებებისა და იმპერატიული ნორმების (jus cogens) სისტემურ დარღვევას წარმოადგენს. “ქართული ოცნების” ლიდერების მიერ ღიად მხარდაჭერილი სისტემური ძალადობის ეს პრაქტიკა ძალოვანი სისტემის მაღალჩინოსნებისა და მმართველი პარტიის ლიდერების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს ქმნის და დროულ და ქმედით სამართლებრივ და საერთაშორისო რეაგირებას ითხოვს.
გარდა იმისა, რომ ამ დღეების განმავლობაში, საპოლიციო ძალები სრულად უკანონოდ და უსაფუძვლოდ შლიან და არბევენ მშვიდობიან შეკრებებს, ამ პროცესში, ისევე როგორც შეკრების მონაწილეების დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაყვანისას, ჩანს ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობის უმძიმესი და მასშტაბური პრაქტიკა.
როგორც საჯაროდ გავრცელებული ვიდეოჩანაწერებიდან ჩანს, პოლიცია და სპეცრაზმი დაუნდობლად, ხშირ შემთხვევაში ჯგუფურად უსწორდება აქციის მონაწილეებს შეკრების ადგილას, დაკავებისას და პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის დროს. 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, საპროტესტო აქციებზე 400-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, მათ შორის 350-ზე მეტი ადმინისტრაციული, ხოლო 28 პირი სისხლის სამართლის წესით.[1] ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, 300-ზე მეტი დაკავებული გახდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, თუმცა, ჯერჯერობით არც ერთი სამართალდამცავის პასუხისმგებლობა არ დამდგარა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს საგამოძიებო უწყებების სისტემურ უმოქმედობაზე და აჩვენებს, რომ სახელმწიფო აპარატი და ინსტიტუციები სრულად პარტიულ ვერტიკალურ კონტროლს ექვემდებარება.
სახალხო დამცველი და სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატები ასობით მოქალაქეს შეხვდნენ იზოლატორებსა და კლინიკებში. დაკავებული პირების უმეტესობა სასტიკადაა ნაცემი - მათ მთელს სხეულზე აღენიშნებათ სისხლჩაქცევები, აქვთ დაზიანებები სახის არეში, ცხვირისა და ყბის მოტეხილობები.[2] ხშირია ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებიც. სახალხო დამცველის განცხადებით, სახის არეში დაზიანებები იმთავითვე პრაქტიკულად გამორიცხავს იმის ალბათობასაც კი, რომ პოლიცია, ყველა ჯერზე, მათ მიმართ საჭირო, პროპორციულ ძალას იყენებდა.[3]
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაზარალებულები ჰყვებიან, რომ დაკავების შემდეგ ისინი მოათავსეს მიკროავტობუსში, რათა მათზე ძალადობა მედიასაშუალებებს არ დაეფიქსირებინათ. სატრანსპორტო საშუალებაში დაკავებულებს აშიშვლებდნენ, აიძულებდნენ ფეხსაცმლის გახდასა და იზოლატორში ფეხსაცმლის გარეშე შესვლას. პოლიციის განყოფილებაში მიყვანამდე ამავე მიკროავტობუსში, სადაც ერთდროულად, ბევრი დაკავებული პირი იყო, კარსა და ფანჯრებს კეტავდნენ და შიგნით უშვებდნენ მხუთავ საშუალებებს. მაშინ, როდესაც დახურულ სივრცეში უკვე შეყვანილია ხელბორკილიანი პირი და მისი გაქცევისა თუ ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის შანსი ფაქტობრივად არ არსებობს, სპეციალური საშუალებების გამოყენება გაუმართლებელია და დასჯის მიზნით მათ წამებას უტოლდება. ამასთან, ძალადობა პოლიციის სატრანსპორტო საშუალებებსა და დაკავების იზოლატორებში, რომელიც სრულად ხვდება პოლიციის ექსკლუზიური კონტროლის ქვეშ და რომელსაც თან ახლავს ზემდგომის მიერ ძალადობის შემთხვევის მეთვალყურეობა და შეწყნარება, აჩვენებს, რომ ძალადობა არის არა სპონტანური, არამედ წინასწარ განზრახული და კარგად ორგანიზებული.
როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჰყვება, რომ დარბევის დროს ხალხის დახმარებას ცდილობდა, როცა სამართალდამცავებმა დააკავეს. დაკავების დროს პოლიციელების კორიდორში გაატარეს, დაუწყეს გინება, ცემა და ასე მიიყვანეს მიკროავტობუსამდე, სადაც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა დახვდა. სამართალდამცავებმა დახურეს ტრანსპორტის კარი. შემოვარდნენ სპეცრაზმის თანამშრომლები და სასტიკად გაუსწორდნენ თითოეულ დაკავებულს, დააგდეს ძირს, ურტყამდნენ წიხლებს სახეში, ცხვირში, თავსა და ნეკნებში. ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის მონაცვლეობით შემოდიოდა 5-5 კაცი და ჯამში დაახლოებით 50 ადამიანი ძალადობდა თითოეულზე. როგორც აქციის მონაწილე ჰყვება, მიკროავტობუსში მისი ფეხსაცმელი მოეწონათ, ამიტომ გახადეს და წაართვეს.[4] განსაკუთრებით მძიმეა ის, რომ ძალადობის ამგვარი ფორმები არ გამოვლენილა მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში და ათობით ადამიანი მსგავსი გამოცდილების შესახებ ჰყვება.[5]
დაფიქსირდა წამების მუქარის მძიმე შემთხვევებიც. მაგალითად, ისტორიკოსი ნოდარ აროშინაძე, რომელიც 2 დეკემბრის ღამით დააკავეს, იხსენებს: “გვირტყამდნენ თავში, მანქანა არ დაგვისვაროთო და უსასტიკეს სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით, ოჯახის დაწიოკებით.”
ძალოვნების მიერ ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებას განსაკუთრებით მკაფიოდ ააშკარავებს შშმ პირზე, არასრულწლოვანებსა და ორსულ ქალზე განხორციელებული სასტიკი ძალადობის ფაქტები. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, სმენის არმქონე პირი, რომელიც აქციის მონაწილე არ იყო და სახლში მიდიოდა, ნიღბიანი ძალოვნების თავდასხმის მსხვერპლი გახდა. გარდა ფიზიკური ძალადობისა, მას აგრეთვე წაართვეს პირადი ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონი, რომელიც მისთვის ერთადერთი საკომუნიკაციო საშუალება იყო.[6] შემაშფოთებელია აგრეთვე ქუთაისის საპროტესტო აქციაზე პოლიციის მხრიდან 14 წლის არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი.[7]
28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციები აგრეთვე გამოირჩევა ჟურნალისტებზე ძალადობისა და მათთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტების სიმრავლით. მედიაჩეკერის ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან დღემდე მშვიდობიანი აქციების გაშუქებისას მედიისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის 80-ზე მეტ შემთხვევა დაფიქსირდა. განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა გურამ როგავას,[8] მარიამ გაფრინდაშვილის,[9] ალექსანდრე ქეშელაშვილის,[10] მინდია გაბოძის[11], გიორგი ჩაგელიშვილის[12] და მარიამ ნიკურაძის[13] მიმართ განხორციელებული ძალადობის შემთხვევები.
მოქალაქეების მიმართ სახელმწიფოს ძალადობის მასშტაბი და სისტემურობა აჩვენებს, რომ ხელისუფლება სრულად არის გასული კონსტიტუციური წესრიგიდან და უხეშად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. აშკარაა ისიც, რომ ინსტიტუციონალიზებული და სისტემური ძალადობის მიზანი არა სამართლებრივი წესრიგის დაცვა, არამედ მოქალაქეების დასჯა, დაშინება და პოლიტიკური შურისძიებაა.
იმ ფონზე, როდესაც პოლიტიკური თანამდებობის პირები მადლობას უხდიან პოლიციას აქციის სასტიკი დარბევისთვის და სპეციალური საგამოძიებო სამსახური კი მკაფიო მოწოდებასაც კი არ ავრცელებს სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობის დაუშვებლობის შესახებ, აშკარაა, რომ პოლიციელთა დანაშაულებრივი ქმედებები ხელისუფლების პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.
უკვე წლებია ქართული ოცნების ხელისუფლება უარს ამბობს ისეთი ინსტიტუციური და საკანონმდებლო ზომების გატარებაზე, რომლებიც სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტების პრევენციასა და სათანადო რეაგირებას უზრუნველყოფს.[14] შსს-ს არ გააჩნია სამართალდამცავი პირების მხრიდან ძალის გადამეტების პრევენციის ერთიანი სახელმძღვანელო დოკუმენტიც კი. გარდა ამისა, მოქალაქის დაკავების დროს სამართალდამცავებს არ აქვთ სამხრე ვიდეოკამერების ჩართვის ვალდებულება. ამასთან მათ სამსახურებრივ უნიფორმებზე არ არის დატანილი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები,[15] რაც შეუძლებელს ხდის დამნაშავე პოლიციელის იდენტიფიცირებას. ეს სისტემური ფაქტორები საპოლიციო ძალადობის სათანადო გამოძიებას ართულებს და საბოლოოდ დაუსჯელობის გარემოს ქმნის.
წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით აბსოლუტურად დაცული უფლებაა. მისი რომელიმე ლეგიტიმური საფუძვლით გამართლება, გამონაკლისის დაშვება ან გადახვევა დაუშვებელია. ამგვარი ქმედებები განსაკუთრებით მიუღებელია, როცა მას სახელმწიფო მოხელეები ჩადიან. სახელმწიფომ ამგვარი ქმედებების დროული და ეფექტიანი გამოძიება და დამნაშავე პირების დასჯა უნდა უზრუნველყოს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 (1), 144 (2) და 144 (3) მუხლები მკაცრ სასჯელებს ითვალისწინებს წამების, წამების მუქარისა და დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის დროს.
მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებისა და დაკავებულების მიმართ ძალოვნების მიერ განხორციელებული ქმედებები წამებისა და არაადამიანური მოპყრობის დანაშაულის შემადგენლობის ყველა ელემენტს აკმაყოფილებს. ძალადობის მასობრივი პრაქტიკები აჩვენებს, რომ ძალიან ხშირად ძალადობის მიზანი მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების დასჯა და დაშინებაა, რაც წამების კვალიფიკაციისთვის საჭირო აუცილებელი ნიშნების არსებობს აჩვენებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადების თანახმად,[16] ძალოვნების მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე გამოძიება დაწყებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, ეს კვალიფიკაცია არასწორია და მნიშვნელოვანია საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს წამების, წამებისა მუქარის, ასევე არაადამიანური მოპყრობის მუხლებით და დამნაშავე პირები სამართლიანად დაისაჯონ.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს:
“ქართულ ოცნებას”
სახალხო დამცველს
[1] საერთაშორისო გამჭირვალობა, სტატისტიკა, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/ueX0gRmF
[2] სახალხო დამცველის განცხადებით, მონახულებული 268 პირიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 191 პირი, ხოლო ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა 138 პირს.
[3] სახალხო დამცველის განცხადება ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/7eXOb6CV
[4] ტაბულა- როგორ აწამა ივანიშვილის რეჟიმმა დემონსტრანტები - დაკავებულთა ისტორიები, დავით ჯალიაშვილის ისტორია. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/0eXDoeYZ
[5] იქვე.
[6] TV პირველი, “ვიდეოჩანაწერი შშმ პირზე ძალადობის დეტალების შესახებ." ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/aeXF5c0w
[7]ქუთაისში არასრუწლოვან ბავშვზე პოლიციამ ფიზიკურად იძალადა. ვიდეო ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/LeXGiV7W
[8] რადიო თავისუფლება - ჟურნალისტ გურამ როგავას სახის ძვლები და კისრის მალა აქვს მოტეხილი. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/CeX9gCFc
[9] რუსთაველის გამზირზე, აქციის დროს, ტვ პირველის ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი მძიმედ დაშავდა. ვიდეო ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/peX9kDW7
[10] 64 Project მოსაყოლი ამბავი | ალექსანდრე ქეშელაშვილი. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/4eXS5Rxc
[11]პუბლიკა- ცისფერ გალერეასთან საპროტესტო აქციის გაშუქების დროს „პუბლიკის" ჟურნალისტ მინდია გაბაძეს „ქართული ოცნების" „ტიტუშკა" ფიზიკურად გაუსწორდა. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/XeX9xt0E
[12] "მაუწყებლის" ჟურნალისტი გიორგი ჩაგელიშვილი დააკავეს. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/LeX9bsI2
[13] რადიო თავისუფლება - ჟურნალისტების სია: ვინ და როგორ დაშავდა აქციის დარბევისას. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/leX9n8Vg
[14] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, არასათანადო მოპყრობის პრევენცია პოლიციის საქმიანობაში, 2019. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/weXOT8Zm
[15]სოციალური სამართლიანობის ცენტრი - განცხადება: „აქციებზე სამართალდამცავების იდენტიფიცირების შეუძლებლობა საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება“. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/geXOU3T3
[16] სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/reXDZrtE
ინსტრუქცია