[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სისხლის სამართლის მართლმსაჯულება / შეფასება

საქართველოში ბავშვთა უფლებები საფრთხეშია - “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების ანალიზი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი “ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს ეხმაურება, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი 14 წლამდე ასაკის ბავშვების მიმართ სპეციალური ღონისძიებების შემუშავებას ითვალისწინებს. სხვა საკითხებთან ერთად, კანონპროექტი ითვალისწინებს ბავშვების განთავსებას სპეციალიზებულ დაწესებულებაში, რომელიც პრაქტიკულად თავისუფლების შეზღუდვის რეჟიმს უტოლდება. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებები მისი გაცხადებული მიზნის - არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ნაცვლად, ბავშვთა უფლებების უხეშ დარღვევასა და მათი დაცვის კუთხით მდგომარეობის  სერიოზულ უკუსვლას გამოიწვევს.  

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ავტორი და ინიციატორი “ქართული ოცნების” 8 დეპუტატია.[1] იგი ერთი კანონპროექტისა (“კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ” კანონის პროექტი) და 7 საკანონმდებლო აქტში ცვლილების პროექტისაგან შედგება. კანონპროექტის ავტორების მითითებით, მისი შემუშავება განაპირობა საკანონმდებლო რეგულაციების არარსებობამ, რომელიც სრულყოფილად მოაწესრიგებდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ რეაგირებისა და რეაბილიტაციის საკითხებს, ასევე, იმ დაწესებულების არარსებობამ, რომელიც იმ ბავშვებისთვის იქნებოდა განკუთვნილი, რომელთა მიმართაც სხვა, ნაკლებად ინტენსიური ღონისძიების გამოყენება ეფექტიანი არ იყო.

კანონპროექტი ვრცელდება არასრულწლოვანზე, რომლის მიმართ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დასტურდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა და ამ ქმედების ჩადენამდე მას არ შესრულებია 14 წელი.  კანონპროექტი გაწერს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების ე.წ. რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის ეტაპებსა და შესაბამის ინტერვენციებს.  ამ მიზნით იუსტიციის სამინისტროსთან ფუძნდება სსიპ - “კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი” (შემდგომში - ცენტრი). სწორედ ცენტრში მოხდება იმ ბავშვების გადამისამართება, რომლის მიმართაც პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დადასტურდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.  უფრო ზუსტად, კანონპროექტის მიხედვით, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესი მოიცავს: მის ცენტრში გადამისამართებას, მდგომარეობისა და ინდივიდუალური საჭიროებების შეფასებას, შესაბამის სერვისებში ან პროგრამებში ჩართვას და ამ პროგრამებში მისი მონაწილეობისა და შემდგომი მდგომარეობის მონიტორინგს. საჭიროების შემთხვევაში, არასრულწლოვნის გადაყვანა შეიძლება მოხდეს რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში. სწორედ აღნიშნულ დაწესებულებაში ბავშვების მოთავსება არის წარმოდგენილი კანონპროექტის მთავარი გამოწვევა.

კანონპროექტის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართდებიან 10-18 წლის ბავშვები, რომლებმაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება 10-14 წლის ასაკში ჩაიდინეს. კანონპროექტი ადგენს იმ საფუძვლებს, როდესაც არასრულწლოვანის მოთავსება შეიძლება მოხდეს სპეციალურ დაწესებულებაში. კერძოდ, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვის ამ დაწესებულებაში გადამისამართების საფუძველია შემთხვევა, როცა 1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი ალტერნატიული ზრუნვის მიზნით განთავსებულია სახელმწიფო ზრუნვაში და ვერ ხორციელდება სერვისის/პროგრამის შესრულება; 2. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის მიერ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სერვისში/პროგრამაში ჩართვის თაობაზე მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილების ხელმეორედ არ შესრულდება; 3. პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დადასტურდება, რომ სერვისში ან პროგრამაში ჩართვის შემდეგ არასრულწლოვანმა ჩაიდინა განზრახი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლისათვისაც გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას; 4. როდესაც პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დადასტურდება არასრულწლოვნის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლისთვისაც გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას, მიუხედავად იმისა, ჩართულია თუ არა არასრულწლოვანი სერვისში ან პროგრამაში.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის მითითებით, სახლში ბავშვის განთავსება არ წარმოადგენს სადამსჯელო ღონისძიებას და მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღება სასამართლოს მიერ, სახლში მოთავსებისა და ცხოვრების პირობებთან დაკავშირებული რეგულაციები აჩვენებს, რომ იგი ფაქტობრივად უტოლდება არასრულწლოვნის თავისუფლების შეზღუდვასა და დახურულ დაწესებულებაში განთავსებას. კერძოდ, კანონპროექტში წერია, რომ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვი უფლებამოსილიამ თავისუფლად გადაადგილდეს დასახელებული სახლის ტერიტორიაზე, თუმცა კანონი არ ადგენს მკაფიოდ ამაზე ბავშვის უფლებას. კანონი ასევე ადგენს, რომ არასრულწლოვანის მიერ დაუშვებელია არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლის დირექტორის ან მის მიერ განსაზღვრული პირის თანხმობის გარეშე მისი დატოვება. მხოლოდ დადებითი შედეგების გათვალისწინებით, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს, კანონიერი წარმომადგენლის თანხლებით, შეიძლება მიეცეს სახლის დროებით დატოვების უფლება. კანონპროექტი ადგენს, რომ სახლში განთავსებული არასრულწლოვნის მიერ სახლის დროებით დატოვების წესს, არასრულწლოვანთან ვიზიტის საათებსა და პროცედურას, აგრეთვე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებებს იუსტიციის მინისტრი განსაზღვრავს. არასრულწლოვანები განათლებასაც კი არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში მიიღებენ და მათ სასწავლო დაწესებულებებში (ზოგადი განათლების დაწესებულება,პროფესიული სასწავლებელი თუ უმაღლესი სასწავლებელი) სიარულისა და განათლების ადგილზე მიღების შესაძლებლობა არ ექნებათ.  

აშკარაა, რომ კანონპროექტი წიანააღმდეგობაში მოდის ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან,  მათ შორის, პრობლემურია:

  • ბავშვის ასაკი და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაუშვებლობა - როგორც ზემოთ აღინიშნა, სახლში გადამისამართება 10 წლიდანაა შესაძლებელი, რაც უხეშად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის მიხედვით, სახელმწიფოებმა, სულ მცირე, 14 წლის ასაკიდან უნდა დააწესონ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. სამეცნიერო მტკიცებულებების მიხედვით, 12-13 წლის ასაკის ბავშვების ტვინი ჯერ კიდევ ვითარდება, შესაბამისად, აბსტრაქტული აზროვნების უნარი და საკუთარი ქმედებების შედეგების გააზრება ჯერ კიდევ სრულად არაა შესაძლებელი. განვითარების სპეციფიკურობიდან და კომპლექსურობიდან გამომდინარე, კომიტეტი პასუხისმგებლობის ასაკის ზემოთ აწევასაც (15 ან 16 წლის ასაკამდე) კი ადვოკატირებს. გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკის ქვემოთ მყოფი ბავშვების იმ ქმედებებზე რეაგირება, რომელიც, შესაბამისი ასაკის შემთხვევაში, დანაშაულად ჩაითვლებოდა, ბავშვზე ორიენტირებულ და მულტიდისციპლინური მიდგომებზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს. იგი უნდა ეფუძნებოდეს ბავშვების საჭიროებების ყოვლისმომცველ შეფასებას, ხოლო ბავშვები მხარდაჭერილები უნდა იყვნენ საკუთარ ოჯახებსა და თემში. ოჯახიდან გამოცალკევება, მაგალითად, ალტერნატიულ მზრუნველობაში განთავსება, უნდა გამოიყენებოდეს, როგორც უკანასკნელი ღონისძიება. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც ცხადია, რომ კანონპროექტი მხედველობაში არ იღებს საერთაშორისო სტანდარტებს.
  • სახლში განთავსების ვადები და მისი თვითნებურად დატოვების შესაძლებლობა, რაც პრაქტიკულად თავისუფლების შეზღუდვას უთანაბრდება. კანონპროექტის მიხედვით, ბავშვი სახლს სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ ტოვებს. თუმცა, მეორე მხრივ, კანონპროექტი ბავშვების თავისუფლების განუსაზღვრელი და ხანგრძლივი ვადით შეზღუდვის რეალურ რისკებს ქმნის. კერძოდ, რეგულაციების მიხედვით, სახლში გადამისამართება დასაშვებია 6 თვის ხანგრძლივობით, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოველ ჯერზე, 6 თვემდე ვადით შეიძლება გაგრძელდეს. კანონი არ ადგენს ვადის გახანგრძლივების ჩამკეტ მექანიზმს. ამ პირობებში არსებობს რისკი, რომ ბავშვებმა სახლის დატოვების შესაძლებლობა მხოლოდ სრულწლოვნობის მიღწევის შემდგომ მიიღონ. ვადის მიღმა, სპეციალურ დაწესებულებაში გადაადგილებისა და მისი დატოვების რეჟიმის ჩარჩო აჩვენებს, რომ ეს მექანიზმი, რომელიც თავისუფლების ხანგრძლივი და არაპროპორციული შეზღუდვის შესაძლებლობას ითვალისწინებს, საერთაშორისო სტანდარტებსაც ეწინააღმდეგება. კერძოდ,  გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მითითებით, თავისუფლება უმოკლესი შესაძლო ვადით უნდა შეიზღუდოს.
  • სახლში გადამისამართების, როგორც უკიდურესი ღონისძიების გამოყენების შესახებ დათქმის არარსებობა კანონპროექტში - ზემოაღნიშნული საკითხი ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ მიმართულებას წარმოადგენს. კანონპროექტიდან არათუ არ იკვეთება, რომ სახლში განთავსება უკიდურესი ღონისძიება იქნება, არამედ ცალკეულ შემთხვევებში (პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდება ბავშვის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომლის ჩადენისათვის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას), უალტერნატივოდ გამოიყენება კიდეც. ქართული პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ არასრულწლოვნები დანაშაულს უმეტესად ჯგუფურად ან სხვა დამამძიმებელი გარემოებების არსებობის პირობებში სჩადიან,[2] ხოლო სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვადასხვა დანაშაულის, მათ შორის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებებში, მათ შორის, ჯგუფურად ჩადენის შემთხვევაში, სასჯელის მაქსიმალური ვადა აღემატება 5 წლით თავისუფლების აღკვეთას, რაც ავტომატურად გულისხმობს ბავშვის სახლში განთავსებას. აღნიშნული ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ბავშვის უფლებების კონვენციასა და გაეროს წესებს თავისუფლებააღკვეთილ არასრულწლოვანთა დასაცავად (ჰავანას წესები), რომელთა მიხედვითაც, თავისუფლების შეზღუდვა/აღკვეთა გამოყენებული უნდა იყოს, როგორც უკიდურესი ღონისძიება.
  • გასაჩივრების ნაწილში არასაკმარისი გარანტიების არსებობა - ბავშვის უფლებების კონვენციის მიხედვით, ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს გასაჩივრების მექანიზმებზე წვდომა. კონვენციის 37 (დ)-ე მუხლის მიხედვით, ყველა თავისუფლებააღკვეთილ ბავშვს აქვს უფლება, დაუყოვნებლივ ისარგებლოს სამართლებრივი და სხვა ტიპის მხარდაჭერით, ასევე, მოახდინოს გასაჩივრების უფლების რეალიზაცია თავისუფლების აღკვეთის კანონიერებასთან მიმართებით. წინამდებარე კანონპროექტში გასაჩივრებისა და ეფექტიანი დახმარების შესახებ პირდაპირი ჩანაწერი არ არსებობს, რაც ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა. 
  • განათლებისა და საზოგადოებისგან იზოლაციის რისკი - ბავშვები, რომლებიც განთავსდებიან სპეციალურ დაწესებულებაში, აშკარაა, რომ ვეღარ მიაღწევენ ხარისხიან განათლებას (ზოგადი, პროფესიული ან უმაღლესი) და იზოლირებული იქნებიან თემისგან, რაც დამატებით ზიანს აყენებს მათ განვითარებასა და სოციალურ ინტეგრაციას.

კვლევები უთითებს იმ უმძიმეს ზეგავლენაზე, რასაც თავისუფლების შეზღუდვის/აღკვეთის ღონისძიებები ბავშვებზე ახდენს. მაგალითად, გაეროს ეგიდით ჩატარებული კვლევის მიხედვით, თავისუფლების შეზღუდვამ შესაძლებელია, მკვეთრად უარყოფითად იმოქმედოს ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, მათ განვითარებასა და სამომავლო ცხოვრებაზე. კვლევა უთითებს, რომ თავისუფლებააღკვეთილი ბავშვები განიცდიან შიშს, იზოლაციას, ტრავმას, ზიანს, ისევე, როგორც დისკრიმინაციულ და სტიგმის შემცველ დამოკიდებულებებს.

მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება უკანასკნელი წლების განმავლობაში ბავშვებისა და ოჯახების დაცვის მოტივით რეპრესიულ კანონებს იღებს,  დღეს თვითონვე უხეშად არღვევს არასრულწლოვნების უფლებებს და უგულებელყოფს მათ საჭიროებებს. მმართველი პარტია არამხოლოდ არ ცდილობს თავისივე მიღებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრინციპების აღიარებას, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესრულებასა და პრევენციული პოლიტიკის დანერგვას, არამედ თავისი ინიციატივებით მომავალს ართმევენ იმ ბავშვებს, ვინც სხვადასხვა სისტემური ფაქტორის (მათ შორის, სიღარიბის, სოციალური მოწყვლადობის, ოჯახური ტრავმების) გამო, ფორმალურად მართლსაწინააღმდეგო ქმედებები ჩაიდინეს.

ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც 378 000-ზე მეტი ბავშვი სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაშია, 278 000-ზე მეტი არასრულწლოვანი საარსებო შემწეობას იღებს, ბავშვები მნიშვნელოვან მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდიან, არ მიუწვდებათ ხელი ხარისხიან განათლებაზე, ჯანდაცვაზე, სოციალურ მხარდაჭერასა და უსაფრთხო გარემოზე. თუმცა, მთავრობა მოკლებულია იმ რეალობის აღქმას, რაშიც არასრულწლოვნებს უწევთ ცხოვრება, და ბავშვთა წინაშე არსებული პრობლემების მოგვარების ერთადერთ გზად მათი პასუხისმგებლობის ასაკის ფაქტობრივად შემცირება და დასჯა მიაჩნია.

მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას”, არ მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და ორიენტირდეს პრევენციულ პოლიტიკაზე, რომელიც დასჯის ნაცვლად, ბავშვთა ჯეროვან მხარდაჭერასა და ოჯახების გაძლიერებაზეა მიმართული.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აკვირდება საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განხილვისა და მიღების პროცესს და საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის განახლებულ შეფასებებს აღნიშნულ საკითხზე.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] რატი იონათამიშვილი, არჩილ გორდულაძე, თენგიზ შარმანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ზურაბ ქადაგიძე, თორნიკე ჭეიშვილი, სალომე ჯინჯოლავა, ალუდა ღუდუშაური.

[2] გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში რეგისტრირებული დანაშულის სტატისტიკის თანახმად, 2022-2024 წლებში 228  14 წლამდე ბავშვმა ჩაიდინა დანაშაული და ჩადენილი დანაშულების უმეტესობა მძიმე დანაულს მიეკუთვნებოდა. (იხ :https://news.ge/2022-2024-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-14-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94-228-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90/ )

ასევე გირჩევთ

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“