საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
28 ნოემბერს დაწყებული უწყვეტი საპროტესტო აქციები, რომელიც ქვეყნის დასავლური კურსის ოფიციალურ ცვლილებას მოჰყვა,[1] მე-8 დღეა, მშვიდობიანი შეკრების მიმართ ჭარბი საპოლიციო ძალის გამოყენების, დემონსტრანტების უკანონო დაკავებისა და დაკავებულების არასათანადო მოპყრობის და წამების შემთხვევების ფონზე მიმდინარეობს.
დაკავებისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ფაქტები
6 დეკემბერს, გამთენიისას პოლიციამ მშვიდობიანი აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავა.
დაკავებას წინ უძღოდა სამართალდამცავების მხრიდანშეკრებილი ახალგაზრდებისთვის ცეცხლის ჩაქრობისკენ მოწოდება რათა დასუფთავების სამსახურს ადგილზე მუშაობა დაეწყო. როგორც მედიასაშუალებებში გავრცელებული მასალებიდან ჩანს, აქციის მონაწილეებმა და პოლიციელებმა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა მოულოდნელად, ერთ-ერთმა პოლიციელმა აქციის ორი მონაწილის დაკავება დაიწყო, რამაც ადგილზე ვითარება გაამწვავა. ამის შემდეგ, კი აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე იქნა დაკავებული.[2]
ამასთან, ჟურნალისტს, რომელიც აქციის მონაწილეების დაკავების გადაღებას ცდილობდა, პოლიციამ ხელი შეუშალა პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, სცადეს მისთვის ტელეფონის წართმევაც.[3]
საპროტესტო აქციაზე მიმავალი მოქალაქეების უკანონო შემოწმებისა და აღრიცხვის პრაქტიკა
გასულ ღამესაც, 4 დეკემბრის მსგავსად, კვლავ გამოიკვეთა მეტროსადგურების ფოიეებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე საპროტესტო აქციაზე მიმავალი მოქალაქეების მასობრივი შემოწმების უკანონო პრაქტიკა - 5 დეკემბრის მშვიდობიანი დემონსტრაციის დაწყებისთანავე სამართალდამცავები დემონსტრაციაზე მიმავალ პირებს უსაფუძვლოდ აყოვნებდნენ და ამოწმებდნენ მათ ნივთებს,[4] რაც ეწინააღმდეგება როგორც ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სტანდარტებს, რომელთა მიხედვითაც, დაუშვებელია, სამართალდამცავების მიერ პირადი ცხოვრების ხელმყოფი ზომების, მათ შორის, დემონსტრაციაზე მიმავალი მოქალაქეების შემოწმება და შეყოვნება, თუ კი არ არსებობს ძალადობის აშკარა და მყისიერი საფრთხე.[5]
საგანგაშოა, რომ 5 დეკემბერს, გარდა მოქალაქეების უკანონო შემოწმებებისა, სამართალდამცავებმა დემონსტრაციაზე მიმავალ პირებს დამატებით, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვეს და შემდგომში, მათი ვინაობა სპეციალურ წიგნაკებში აღრიცხეს.[6]
შეგახსენებთ, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს მოქალაქეებისათვის პირადობის დამადასტურებელი საბუთის მოთხოვნის კონკრეტულ ამომწურავ საფუძვლებს.[7] ხოლო ამ შემთხვევაში ცალსახაა, რომ სათანადო სამართლებრივი წინაპირობის გარეშე, საპროტესტო აქციაზე მიმავალი მოქალაქეებისათვის, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის მასობრივი, არაინდივიდუალიზებული მოთხოვნა და სამართალდამცავების მიერ მათი შემდგომი აღრიცხვის პრაქტიკა, სცდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებს და დაშინების გზით, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ხელშეშლას ისახავს მიზნად.
არასრულწლოვანის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისა და დაკავების შეზღუდვის პრინციპის დარღვევა ქუთაისში
2024 წლის 5 დეკემბერს, ქუთაისში გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას დაირღვა არასრულწლოვნის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისა და დაკავების შეზღუდვის პრინციპიც.
როგორც პირდაპირი ეთერის კადრებში ჩანს, აქციის მონაწილე მოზარდი გონწასული იწვა ქვაფენილზე,[8] თუმცა პოლიციელები მაინც უხეში ფორმითა და ძალის გამოყენებით, ცდილობდნენ მის დაკავებას, ამ პროცესში დაშავდა სხვა არასრუწლოვანიც.[9] გავრცელდა ინფორმაცია, რომ მშვიდობიანი აქციის მიმდინარეობისას, მოზარდმა ფერადი კვამლის ჩირაღდანი გაისროლა და იგი, ამიტომ იქნა, „საზოგადოებრივი წესრიგის“ დაცვის მიზნით დაკავებული.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, არასრულწლოვნის დაკავება, დასაშვებია მხოლოდ, როგორც უკიდურესი ღონისძიება.[10] უდავოა, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის აუცილებლობა, რაც თავის მხრივ, ფერადი კვამლის ჩირაღდნის გასროლით იქნა შექმნილი, ვერ ჩაითვლება არასრულწლოვანის დაკავებისათვის ლეგიტიმურ უკიდურეს ზომად.
მივიჩნევთ,რომ მშვიდობიან დემონსტრაციაზე არასრულწლოვნის უკანონოდ დაკავება მოქალაქეებზე ფსიქოლოგიური წნეხის მოხდენასა და მათი დაშინებას ისახავს მიზნად.
ახალი ცნობები არაადამიანური მოპყრობის სისტემურობის შესახებ
2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, საპროტესტო აქციებზე 325 ადამიანია დაკავებული. მათ შორის არიან არასრულწლოვნები, ქალები, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები, ადვოკატები.[11]
დემონსტრანტების მასობრივი უკანონო დაკავების პირველივე დღეებში, სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატები ყოველდღიურად ავრცელებდნენ ინფორმაციას დაკავებული პირების მიმართ არაადამიანური მოპყრობის სისტემურობაზე. ადვოკატები აღნიშნავდნენ, რომ დაკავებული პირების უმეტესობა სასტიკად იყო ნაცემი. კლინიკაში მოთავსებულ ყველა პირს ჰქონდა ტვინის შერყევა, მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ჰემატომები, უჭირდათ გადაადგილება და საუბარი.[12]
დაკავებულების თქმით, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობა დაკავების მომენტიდან იწყება, როდესაც ისინი რწმუნდებიან, რომ ჟურნალისტები გარშემო არ არიან.[13] მიკროავტობუსებში მოთავსებამდე, დაკავებულებს სპეცრაზმელთა კორდონებშივე უსწორდებოდნენ ფიზიკურად და ტრანსპორტამდე გინებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე მიჰყავდათ. შემდგომ, წინასწარ გამოთავისუფლებულ მიკროავტობუსებში ათავსებდნენ და გონების დაკარგვამდე გამეტებით უსწორდებოდნენ.[14] დაკავებულებს ერთდროულად 5-6 სპეცრაზმელი სახის, კეფისა და მთელი სხეულის არეში უმოწყალოდ ურტყამდა, პარალელურად კი აგინებდნენ, აფურთხებდნენ და ხელკეტის გამოყენებით გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.[15] გარეთ მდგომი სამართალდამცავები კი, მიკროავტობუსიდან მომდინარე წამებისა ხმებს, შეძახილებითა და მოწონებით ხვდებოდნენ. მათი ცნობით, ძალადობის პროცესს შედარებით ასაკოვანი ადამიანი აკონტროლებს, რომლის მთავარი ფუნქცია, ცემის დროს დაკავებულების შემოკვდომის თავიდან არიდებაა.
დროდადრო, ყოფილი დაკავებულები, არაადამიანური მოპყრობის ახალ დეტალებს ავრცელებენ. ერთ-ერთი დაკავებული აღნიშნავს, რომ ხანგრძლივი, უწყვეტი ცემის შემდეგ მისივე საწვიმარი სისხლით გაევსო.[16]
ამასთან, მათი თქმით, დაკავებულების სასტიკი ცემის პროცესს, სპეცრაზმელები ვიდეოზე აღბეჭდავდნენ, აიძულებდნენ ეთქვათ ფრაზა - „ხარებას გაუმარჯოს“, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ.[17]
როგორც ექიმი ტრავმატოლოგი ვატო გვაზავა იხსენებს, მას გონების დაკარგვამდე ურტყამდნენ- იმისათვის, რომ ცემისას სხეული ხელებით არ დაეფარა, ორივე ხელი გაუკავეს და ასე განაგრძეს მისი წიხლებითა და მუშტებით ცემა.[18]
კიდევ ერთი სასტიკად ნაცემი 20 წლის დაკავებულ 35 საათის განმავლობაში ითხოვდა სამედიცინო დახმარებას. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭს ჰქონდა ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ტკივილები მთელ სხეულში და უჭირდა გადაადგილება, დროებითი მოთავსების იზოლატორმა უარი განაცხადა კლინიკაში მის გადაყვანაზე.[19]
იკვეთება დაკავებულებისათვის პირადი ნივთების წართმევისა და ტელეფონებზე კოდის მოხსნის იძულების სისტემური პრაქტიკაც.[20]
იმავე სისტემურ ძალადობაზე საუბრობს სახალხო დამცველიც. მან სიმხეცე უწოდა სპეცრაზმელთა მოპყრობას დაკავებულების მიმართ, რომელთა ნაწილიც წინასწარი დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოინახულა. სახალხო დამცველის თქმით, მონახულებულ პირთა 71% არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს, ხოლო მათ 51%-ს ხილული დაზიანებები აღენიშნება.[21]
ამასთან, სახალხო დამცველის შეფასებით, მიყენებული დაზიანებების ლოკაცია, ხარისხი და ხასიათი, იმთავითვე გამორიცხავს პოლიციის მხრიდან პროპორციული ძალის გამოყენების ალბათობას, რაც სარწმუნოდ მიუთითებს, რომ პოლიცია დასჯის მიზნით იყენებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს. ამავდროულად, სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა წარმოადგენს წამებას.[22]
სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენება შეკრების და გამოხატვის თავისუფლებების შესაზღუდად
28 ნოემბრიდან, დღემდე საპროტესტო აქციებზე სისხლის სამართლის წესით 24 ადამიანია დაკავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე აქციების ფარგლებში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების საფუძვლით 13 პირია დაკავებული. აფეთქების მომზადების ბრალდებით -1, ხოლო ნივთის დაზიანებისა და პოლიციის მუშაკზე ძალადობის საფუძვლით კი 9 პირია დაკავებული.[23]
საგულისხმოა, რომ ბოლო ორ დღეში ცხადი გახდა, საზოგადოებისათვის ცნობადი პირების, სისხლის სამართლის წესით დაკავების ტენდენცია. ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საფუძვლით დაკავებულ პირთა რიგებში უმეტესად, მსახიობები, იუმორისტები და სამოქალაქო აქტივისტები იკვეთებიან, რაც შესაძლოა მიუთითებდეს, რომ ხელისუფლება განზრახ ირჩევს სოციალური კაპიტალის მქონე პირების სამაგალითო დასჯის სტრატეგიას, რათა, თბილისსა და სხვა ქალაქებში მოქალაქეების მასობრივი და უწყვეტი პროტესტი ხელოვნურად, თვითცენზურისა და შიშის გამოყენებით, შეაკავოს.
[1]ხელმისაწვდომია:https://cutt.ly/8eZ44eL0
[2]ხელმისაწვდომია:https://cutt.ly/deXPr6kk
[3]ხელმისადვწომია:https://cutt.ly/ReXPtxC1
[4]ხელმისაწვდომია:https://cutt.ly/oeXPtOOM
[5]OSCE Office for Democratic Institutions and Human Rights (ODIHR), Guidelines on Freedom of Peaceful Assembly, paragraph: 154,ხელმისაწვდომია:https://cutt.ly/heXPt9tF
[6]ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/3eXPystt
[7]საქართველოს კანონი პოლიციის შესახებ, მე-19 მუხლი, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/5eXPy3KM
[8]ხელმისაწვდომია:https://cutt.ly/IeXPuPMo
[9]ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/jeXPu1Rc
[10]არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-9 მუხლი, ხელმისაწვდომია:https://cutt.ly/UeXPiwi1
[11]არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის განცხადება დაკავებული პირების შესახებ, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/BeZ443k2
[12]საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/meZ47L1N
[13]ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/ReZ46ePE
[14]საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება:https://cutt.ly/meZ47L1N
[15]ხელმისაწვდომია:https://cutt.ly/ReZ46ePE
[16]ხელმისაწვდომია:https://cutt.ly/9eXPiESy
[17]ხელმისაწვდომია:https://cutt.ly/AeXPiKBs
[18]ხელმისაწვდომია:https://cutt.ly/OeXPi7ov
[19]ხელმისაწვდომია:https://cutt.ly/YeXPozM2
[20]ხელმისაწვდომია:https://cutt.ly/reZ7eAp0
[21]ხელმისაწვდომია:https://cutt.ly/peXPoF3g
[22] ხელმისაწვდომია:https://cutt.ly/KeXPo7z8
[23] ხელმისაწვდომია:https://cutt.ly/SeXPpc9T
ინსტრუქცია