საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
შესავალი
3 დეკემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაქვეყნა 29 ნოემბრის პლენუმის განჩინება პრეზიდენტისა და პარლამენტის 30 წევრის კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის შესახებ, რომელიც ეხებოდა საქართველოს პარლამენტის არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობას.[1]
პლენუმის განჩინებას ერთვის მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება კენჭისყრის ფარულობასა და საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობას. ასევე, მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობას.
პრეზიდენტისა და პარლამენტის წევრების ძირითადი სასარჩელო მოთხოვნები შეეხებოდა საარჩევნო კანონმდებლობის იმ ნორმატიული შინაარსების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლის თანახმადაც:
პრეზიდენტი და პარლამენტის წევრები ასევე ითხოვდნენ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ასაბუთებდნენ რა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე (რომელიც არ გამოხატავს ამომრჩეველთა რეალურ ნებას) ახალარჩეული პარლამენტის შეკრება შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება სრულიად დაუსაბუთებელია, უხეშად ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკას და კონსტიტუციური სამართალწარმოების წესებს და წარმოადგენს სასამართლოს მიერ საკუთარ უმნიშვნელოვანეს კომპეტენციაზე უარის თქმის დემონსტრირებას, რაც კიდევ ერთი საშიში პრეცედენტია მმართველი პოლიტიკური პარტიის ხელში აბსოლუტური ძალაუფლების კონცენტრაციის პირობებში.
არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ საქმის კონტექსტის მიმოხილვა
ავტორიტეტული ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების შეფასებით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ფართომასშტაბიანი და ფუნდამენტური ხასიათის დარღვევები გამოვლინდა, მათ შორის, ხმის ფარულობის სისტემური დარღვევა და ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედება, ხმის მიცემის ძირითადი პროცედურების დაუცველობა და დამკვირვებლებისთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლა;[2] ამომრჩეველთა აღრიცხვა და ორგანიზებული მობილიზება, ამომრჩეველთა იძულება და დაშინება, ამომრჩეველთა მოსყიდვა და მრავალჯერადი ხმის მიცემა, საარჩევნო უბნებზე მანიპულაცია. სადამკვირვებლო მისიების შეფასებით, აღნიშნულმა დარღვევებმა ეჭვქვეშ დააყენა ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობა.[3] ეუთოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, ხმის მიცემის ფარულობა ხშირად იყო კომპრომეტირებული და ვრცელდებოდა დაშინებისა და ამომრჩეველთა ზეწოლის ცნობები.[4] არჩევნების შედეგები არ აღიარეს ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმაც. ევროკავშირის პარლამენტის 28 ნოემბრის რეზოლუციის თანახმად, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და ხელისუფლებას ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებდა.[5]
კონსტიტუციური სარჩელების საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანას წინ უძღვოდა პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ არჩევნების დღეს გამოვლენილ უხეშ დარღვევებთან დაკავშირებით საერთო სასამართლოებში სამართალწარმოება. კერძოდ, 29 ოქტომბერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ხმის ფარულობის დარღვევის და შედეგად, ყველა, 73 საარჩევნო ოლქში (ჯამში 2263 უბანზე) არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით, სამართლებრივი დავა დაიწყო. ხმის ფარულობის შესახებ სარჩელების დაკმაყოფილება ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველს ქმნიდა, თუმცა პირველი ინსტანციის 24 სასამართლოდან ხმის ფარულობის დარღვევა მხოლოდ თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში, საია-ს და სხვა სადამკვირვებლო მისიების სარჩელები არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლოებმაც გაიზიარეს.
ამგვარად, საერთო სასამართლოების მიერ ხმის ფარულობისა და სხვა მძიმე პროცედურული დარღვევების შესახებ სარჩელების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ, 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობისა და სამართლიანობის თაობაზე საფუძვლიანი ეჭვებით გამოწვეული პოლიტიკური კრიზისის სამართლებრივი გადაწყვეტის ერთადერთ გზად საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა რჩებოდა.
პრეზიდენტმა და პარლამენტის წევრებმა საკონსტიტუციო სასამართლოს 20 და 21 ნოემბერს მიმართეს. ახალარჩეული პარლამენტი კი 25 ნოემბერს პირველ სხდომაზე შეიკრიბა, ხოლო 28 ნოემბერს მთავრობას ნდობა გამოუცხადა. უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიცია განსახილველ საქმესთან დაკავშირებით მაშინ გახდა ნათელი, როდესაც სარჩელების რეგისტრაციის შემდგომ დაუყოვნებლივ განმწესრიგებელი სხდომის ჩანიშვნის ან სარჩელის არსებითად მისაღებად განხილვის მაგივრად, სასამართლო ახალარჩეული პარლამენტის შეკრებას დუმილით შეხვდა. ამ უმოქმედობით, საკონსტიტუციო სასამართლომ პრაქტიკულად აზრი დაუკარგა მის წინაშე არსებული საქმის შემდგომ განხილვას.
განჩინების აშკარა დაუსაბუთებლობა
არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩასატარებელი ან ჩატარებული არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ დავების განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპეტენციაა. ამასთან, სასამართლოს მიერ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა არის ჩატარებული არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის საფუძველი, თუ ნორმატიულმა აქტმა არსებითი და გადამწყვეტი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგზე და არაკონსტიტუციური აქტის ან მისი ნაწილის არარსებობის შემთხვევაში იქნებოდა არსებულისაგან განსხვავებული შედეგი.[6] შექმნიდან 28 წლის განმავლობაში, საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ დავის განხილვის პრეცედენტი არ ჰქონია. შესაბამისად, სასამართლოსთვის აღნიშნული საქმე პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გარდა, თავისი კონსტიტუციური კომპეტენციების პრეცედენტული განმარტების შესაძლებლობასაც აძლევდა. თუმცა, სასამართლომ ამ უფლებამოსილებაზე უარი თქვა.
საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებულ საკუთარ კომპეტენციაზე ფაქტობრივად უარის თქმის პარალელურად, კრიტიკას ვერ უძლებს სასამართლოს განჩინებაში განვითარებული მსჯელობა კონსტიტუციური სარჩელების არმიღების მოტივებთან დაკავშირებით.
როგორ უკვე აღინიშნა, კონსტიტუციურ სარჩელებში სადავოდ იყო გამხდარი რამდენიმე საკითხი, კერძოდ, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო ხმის უფლების უზრუნველყოფა, ხმის მიცემის ფარულობა, საუბნო, საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ან მათი ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის ვადები, ცესკოს მიერ ახალარჩეული პარლამენტის წევრების რეგისტრაციაში გატარებისა და დროებითი მოწმობების გაცემის წესი და ამ საკითხების მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე ჩატარებული არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების არაკონსტიტუციურად ცნობა. თუმცა ნათელია, რომ დავის ძირითადი არსი, არსებითად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას უკავშირდებოდა, რომელშიც მოსარჩელეები არჩევნების ჩატარების მთლიანი პროცესის სხვადასხვა ასპექტებზე მიუთითებდნენ. აშკარაა ისიც, რომ სადავო საკითხების მრავალფეროვნების მიუხედავად, მოცემულ დავაში გადამწყვეტ როლს არჩევნების საყოველთაობისა და მოქალაქეთა ხმის მიცემის ფარულობის, როგორც დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების 5 ფუნდამენტური პრინციპიდან (საყოველთაობა, თანასწორობა, თავისუფლება, ფარულობა, პირდაპირობა)[7] ერთის შესაძლო დარღვევა წარმოადგენდა. მისი დადასტურების შემთხვევაში საპარლამენტო არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხი დგებოდა ეჭვქვეშ, რამდენადაც მოსარჩელეთა მითითებით, ხმის უფლების ფარულობის დარღვევა ამომრჩეველთა დაახლოებით 90 პროცენტს ეხებოდა.
განჩინებაში საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი მსჯელობის უმეტესი ნაწილი მიუძღვნა 2 მტკიცებას: ა) კონსტიტუციური სარჩელები დაუსაბუთებელია, რადგან მოსარჩელეებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი მტკიცებულებები; ბ) ხმის ფარულობის ნაწილში, პრობლემები შესაძლებელია არსებობდეს საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანოთა ქმედებებში, მაგრამ არა სადავოდ გამხდარი მათი აქტებისა და კანონმდებლობის ნორმების შინაარსებში. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობით, ის მოკლებული იყო შესაძლებლობას, ამ პირობებში ემსჯელა სადავო ნორმებისა და შესაბამისად, ჩატარებული არჩევნების კონსტიტუციურობაზე.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ განჩინებაში განვითარებული მთლიანი მსჯელობის სულისკვეთება ცხადყოფს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არათუ უარი თქვა, ეღიარებინა და გაეაზრებინა, რომ დავა ეხებოდა დემოკრატიის და მით უფრო საპარლამენტო დემოკრატიის საპარლამენტო არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს, არამედ მისი მსჯელობა მინიმალურადაც კი არ შეეხო არჩევნების ფუნდამენტური პრინციპების, მოქალაქეთა აქტიური საარჩევნო უფლებისა და მათი დაცვის პროცესში საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციისა და როლის საბაზისო დონეზე განმარტებას. სასამართლომ საკუთარი მსჯელობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო არა მოქალაქეთა საარჩევნო ხმის უფლების მიმართ არსებულ უფლებრივ სტანდარტებზე და კონსტიტუციურ გარანტიებზე მსჯელობას და სადავო ნორმების მათთან შემხებლობის დადგენას, არამედ ამ უფლების განხორციელების შემზღუდავი შესაძლო გარემოებების ჩამოთვლას. მაგალითისათვის, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ “...მოქალაქეთა არჩევნებში მონაწილეობა, თავისთავად, დაკავშირებულია გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან, მოქალაქეებს, ბუნებრივია, უწევთ საარჩევნო უბნებთან მისვლა, მოქმედი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ფლობა, მარკირების გავლა და სხვა. შესაბამისად, ხმის მისაცემად გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება გარდაუვალი, რიგ შემთხვევებში კი სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის აუცილებელი წინაპირობაა. ამდენად, არჩევნებში მონაწილეობაზე გარკვეული ბარიერის დაწესება, მათ შორის, ამა თუ იმ ადგილას საარჩევნო უბნის გაუხსნელობა, თავისთავად, საარჩევნო უფლების დარღვევაზე არ მიუთითებს. უფლების დარღვევა შესაძლოა, სახეზე იყოს იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ სახელმწიფოს, გონივრული რესურსების გაწევის პირობებში, ჰქონდა შესაძლებლობა, საზღვარგარეთ მოეხდინა საარჩევნო გეოგრაფიის უფრო ფართო დაფარვა, დამატებით ლოკაციებზე საარჩევნო უბნების გახსნა არჩევნების სათანადოდ ორგანიზების პირობით და მან ეს არ განახორციელა... საარჩევნო უფლების სათანადოდ რეალიზებისათვის საკმარისი არ არის, ამომრჩეველს, საარჩევნო უბნის გახსნის გზით, ფორმალურად მიეცეს ხმის მიცემის საშუალება. ამავე დროს აუცილებელია, რომ არჩევანი განხორციელდეს თავისუფალ გარემოში, არასათანადო ზეწოლის შედეგად.”[8] პარადოქსულია, რომ საარჩევნო უფლების მიმართ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების მიმოხილვას სასამართლომ მხოლოდ ამ ნაწილში დაუთმო ყურადღება და საბოლოოდ, მოსარჩელეებისგან მოითხოვა დასაბუთება, სახელმწიფოს ჰქონდა თუ არა გონივრული შესაძლებლობა, საზღვარგარეთ მოქალაქეთა აქტიური საარჩევნო ხმის უფლება უზრუნველეყო და რომ მან ეს არ განახორციელა.
უპირველესად, ზემოაღნიშნული მსჯელობით სასამართლო არა კონსტიტუციური სარჩელების დასაშვებობის საკითხს ეხება, არამედ უფლებაში ჩარევის პროპორციულობაზე მსჯელობს, რაც საკონსტიტუციო სამართალწარმოების შემდგომი ეტაპია. თუმცა კიდევ უფრო პრობლემურია ის ნაწილი, რომ სასამართლომ დაივიწყა კონსტიტუციური სამართალწარმოების ბუნება და მისი მანდატი, რომლითაც სადავო საკითხის კონსტიტუციურობის პრობლემის დანახვის შემთხვევაში მას შესაძლებლობა ჰქონდა ეს საკითხი საჯარო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით, საჭირო მტკიცებულებების მოძიებით, თავად გამოეკვლია. საკონსტიტუციო სამართალწარმოება არ არის მკაცრად შეჯიბრებითი პროცესი, სადაც გადაწყვეტილების მიღებისათვის სასამართლო მხოლოდ მხარეთა პოზიციებითა და წარმოდგენილი მტკიცებულებებითაა შებოჭილი. მას შესაძლებლობა და ვალდებულებაც აქვს გამოიკვლიოს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ყველა საჭირო საკითხი და საბოლოო გადაწყვეტილება კონკრეტულ საკითხზე არსებული კონსტიტუციური და უფლებრივი სტანდარტების სათანადო განმარტების და სადავო საკითხის მათთან შესაბამისობის შეფასების საფუძველზე მიიღოს. მითუმეტეს, რომ, კიდევ ერთხელ - ეს დავა დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტის - არჩევნების კონსტიტუციურობას ფუნდამენტურად აყენებდა ეჭვქვეშ.
დაუსაბუთებელი იყო სასამართლოს არგუმენტი იმ ნაწილშიც, რომელიც არჩევნების შემაჯამებელი შედეგების გამოცხადების შემდეგ ცესკოს მიერ პარლამენტის არჩეულ წევრებზე დროებითი მოწმობების გაცემას და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შესაძლო გამოუსწორებელ შედეგებს უკავშირდებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ ჩატარებული არჩევნების კონსტიტუციურობის შეფასებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა ფაქტობრივად არ არსებობს და სხვა კომპეტენციების განხორციელების უმრავლეს შემთხვევაში მის გადაწყვეტილებებს რექტორაქტიული ეფექტი არ აქვს, სასამართლოს პირველ რიგში თავად უნდა გაეაზრებინა აღნიშნული დავისა და მიღებული გადაწყვეტილების დროში მოქმედების საკითხი, რაც კიდევ ერთხელ უკავშირდებოდა მისი მხრიდან საკუთარი კომპეტენციის სათანადოდ აღქმისა და განმარტების საკითხს. სასამართლოს მიერ საკუთარი კომპეტენციისა და უფრო ფართოდ, საკუთარი კონსტიტუციური მანდატის გააზრების პრობლემასთან პირდაპირ კავშირშია ასევე თავად სასამართლოს დუმილი იმ ფაქტზე, რომ კონსტიტუციური სარჩელების რეგისტრაციაში გატარების მიუხედავად “ქართული ოცნება” არ დაელოდა მათ განხილვას, რისთვისაც კანონმდებლობით ისედაც შემჭიდროებული ვადებია (30 დღე) გათვალისწინებული, პარლამენტის სხდომა მოიწვია და მისი უფლებამოსილება ერთპარტიულ რეჟიმში ცნო. მართალია, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა, როგორც კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენელი, ამ სხდომას არ დაესწრო თუმცა მან ეს გადაწყვეტილება სარჩელებზე მუშაობის საჭიროებით ახსნა[9] და არა იმით, რომ “ქართული ოცნების” ეს გადაწყვეტილება სასამართლოსთვის მინიჭებული კომპეტენციის და მისი როგორც კონსტიტუციური ორგანოს სრული პოლიტიკური გულგრილობის ნათელი გამოხატულება იყო.
რაც შეეხება ხმის ფარულობის დარღვევის საკითხს, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული პრობლემა მიემართებოდა არა სადავო ნორმების შინაარსს, არამედ საარჩევნო ადმინისტრაციის ქმედებებს (ბიულეტენის ან/და მარკერის შერჩევას). ამასთან, სასამართლოს განმარტებით, თუკი პრობლემა სადავო ნორმის განუსაზღვრელობა იყო და მათი განმარტება ხმის ფარულობის დარღვევას “თავისთავად მოიაზრებდა”, მაშინ მოსარჩელეებს შეეძლოთ ე.წ. “ინსტიტუტის დამდგენ” ნორმებზე და არა პროცედურებზე ედავათ. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელები ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელი იყო.
აქაც, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობაში საერთოდ არ არის ნახსენები ხმის ფარულობის მასობრივ დარღვევებზე საერთო სასამართლოებში წარმართული დავები, რომლებსაც სადამკვირვებლო ორგანიზაციები აწარმოებდნენ ან ამ დავების შედეგები, რომლებიც საბოლოო გადაწყვეტილებებში აისახა, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციურ სარჩელებში ეს საკითხი განხილული იყო. სასამართლოს ასევე მხედველობაში არ მიუღია, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან საჯარო წყაროებით ხელმისაწვდომი განმარტებები, რომლებიც საერთო სასამართლოებში წარმოებულ დავებშიც ფიგურირებდა. ამ საკითხების საფუძვლიანი გამოკვლევა კონსტიტუციური სარჩელების ზეპირი განხილვით მიღების პროცესშიც იქნებოდა შესაძლებელი, თუკი სასამართლო ასეთ განხილვას გადაწყვეტდა, რაზეც მან უარი თქვა. შესაბამისად, საბოლოოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმების განმარტების პროცესში მხოლოდ მათი სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით იხელმძღვანელა, რაც კონსტიტუციურ-სამართლებრივი განმარტებისა და მსჯელობის საბაზისო მოთხოვნებსაც კი ვერ აკმაყოფილებს.
სადავოდ გამხდარი ნორმების შინაარსზე მსჯელობის მიღმა, კრიტიკის საგანია თავისთავად საკონსტიტუციო სასამართლოს იმგვარი მიდგომაც, რომელიც უგულებელყოფს მის მიერ წლების განმავლობაში მყარად დადგენილ პრაქტიკას, რომლითაც სასამართლო მხედველობაში იღებს არამხოლოდ გასაჩივრებული ნორმების სიტყვასიტყვით განმარტებებს, არამედ მათთვის პრაქტიკით მინიჭებულ შინაარსებსაც. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების კონკრეტული ნორმატიული შინაარსების არაკონსტიტუციურად ცნობას წლების წინ სწორედ იმ მიზნით ჩაეყარა საფუძველი, რომ სხვა შემთხვევაში, სასამართლოს შეფასების მიღმა აღმოჩნდებოდა ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მიერ ნორმათა არაკეთილსინდისიერი და არაკონსტიტუციური განმარტებით დამდგარი შედეგები. მოცემულ შემთხვევაში, პრაქტიკაში სადავო ნორმებს შინაარსი მიანიჭა სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანოებისა და საერთო სასამართლოების განმარტებების შედეგად. შესაბამისად, ამ განმარტებების მხედველობაში მიუღებლობით და მსგავსი ზედაპირული მსჯელობით საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე ღიად უგულებელყო საკუთარი დადგენილი პრაქტიკა და მისი მიზანი, რომ კონსტიტუციური კონტროლი საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული ძირითადი ღირებულებების, პრინციპების სულისკვეთების, მისი ნორმების შესაბამისი და რეალურად ეფექტიანი ყოფილიყო.
შეჯამების სახით უნდა ითქვას, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონსტიტუციურობის შეფასების ამ პრეცედენტულ დავას საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა უმრავლესობამ მხოლოდ დაუსაბუთებელი და ვიწროდ ლეგალისტური არგუმენტებით უპასუხა და მასზე საჯარო, ზეპირი განხილვაც კი არ გამართა. ამ ქმედებით სასამართლომ თავადვე ფორმალურად დააკნინა საკუთარი კონსტიტუციური სტატუსი და არჩევნების კონსტიტუციურობის შეფასების უმნიშვნელოვანესი კომპეტენცია, მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” წინა დღეებში პოლიტიკურად უგულებელყო მისი როლი ამ პროცესში და სასამართლოს ამ ფაქტზე, სამწუხაროდ, რეაგირებაც კი არ ჰქონია.
საკონსტიტუციო სასამართლოს როლის დეგრადაცია და მიტაცება
სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 29 ნოემბრის განჩინება არ იყო მოულოდნელი გამონაკლისი, არამედ მისი ბოლო წლების პრაქტიკის ლოგიკური გაგრძელება და ერთგვარი კულმინაციაც.
საკონსტიტუციო სასამართლო ერთ-ერთი პირველი კონსტიტუციური ორგანო იყო, რომლის დამორჩილება და მიტაცება „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, მისი პირველი ვადით მმართველობის პერიოდში სცადა. “ქართულმა ოცნებამ” ამ მიზანს საბოლოოდ მომდევნო წლების განმავლობაში იმ განსხვავებული მეთოდების პარალელურად გამოყენებით მიაღწია, რომლებიც თანამედროვე ავტორიტარულმა რეჟიმებმა შექმნეს კონსტიტუციურ-სამართლებრივი პრინციპებისა და მექანიზმების არადემოკრატიული და არალიბერალური მიზნებით სათავისოდ გამოყენების მეშვეობით.[10] 2012-2016 წლების განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთი პრეცედენტული და ადამიანის უფლებათა ფართო განმარტებაზე ორიენტირებული პროგრესული გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც ბოლო დრომდე მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა მისსავე პრაქტიკას, თუმცა მიუღებელი აღმოჩნდა იმ დროის მმართველი გუნდისათვის. შედეგად, ხელისუფლებამ ჯერ ამ გადაწყვეტილების ავტორი მოსამართლეების დისკრედიტაციის კამპანიას მიმართა,[11] შემდგომ საკანონმდებლო ცვლილებებით[12] სცადა სასამართლოს უფლებამოსილებათა შეზღუდვა ან იმგვარად მოდიფიცირება, რაც მისსავე დანიშნულ, უმცირესობაში მყოფ წევრებს არათანაზომიერი უფლებამოსილებების მინიჭებით უპირატესობას უქმნიდა.[13] პარალელურად კი სასამართლოს ახალი წევრების დანიშვნებით, რომელთა კეთილსინდისიერება და კვალიფიკაცია საზოგადოებაში ლეგიტიმურ კითხვებს აჩენდა,[14] საბოლოოდ შექმნა მისთვის ხელსაყრელი მოცემულობა კონსტიტუციურ ორგანოში, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვასთან ერთად ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ქმედით უზრუნველყოფასა და პოლიტიკური ხელისუფლების შეკავებაზე პასუხისმგებელი მთავარი ინსტიტუცია უნდა ყოფილიყო.
შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დამორჩილების პარალელურად მის პრაქტიკაში გაიზარდა ისეთი საქმეების რაოდენობა, რომლის განხილვისა და გადაწყვეტის პროცესში სასამართლომ ვერ უზრუნველყო ზემოაღნიშნული ფუნდამენტური ღირებულებების დაცვა და საკუთარი თავისთვის იმ საზოგადოებრივი ნდობისა და ინსტიტუციური რეპუტაციის შენარჩუნება, რაც მან წინა წლებში მოიპოვა. მიტაცების მზარდი ხარისხის პარალელურად სასამართლო თავიდან ამის ნიშნებს ავლენდა მასთან შესული მნიშვნელოვანი კონსტიტუციური სარჩელების განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანის ვადების გაუმართლებელი გაჭიანურებით[15] და პასიურად, “სუსტი ფორმით“ უჭერდა მხარს ხელისუფლების პოლიტიკურ მისწრაფებებს. თუმცა ბოლო 5 წლის განმავლობაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნების დასრულებისა და პოლიტიკური კრიზისის ზრდის პარალელურად, სასამართლომ ხელისუფლების ავტორიტარული მისწრაფებების პასიური, ჩუმი თანხმობიდან, პოლიტიკური მიზანშეწონილობით განპირობებული შინაარსების აქტიურად განმტკიცება დაიწყო. ეს უკანასკნელი კი არამხოლოდ უხეშად ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის ყველაზე საბაზისო პრინციპებს, არამედ შეუქცევადად გამოიწვია კონსტიტუციური წესრიგისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზია.
ხელისუფლების ავტორიტარული მისწრაფებების ძლიერი ფორმებით მხარდაჭერის მაგალითები საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო დროის პრაქტიკაში კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. მაგალითისათვის, ე.წ. „კოვიდის საქმეებზე“[16] სასამართლომ კონსტიტუციურად მიიჩნია პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების ფაქტობრივად სრული გადანდობა მთავრობისთვის, რითაც ვერ უზრუნველყო საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის კომპეტენციათა დაბალანსებაზე ეფექტური კონსტიტუციური კონტროლი.[17] „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის“ საქმეში, რომელიც პარლამენტის მიერ აღნიშნული დამოუკიდებელი ინსტიტუტის დაჩქარებული წესით გაუქმებას და ამავე სამსახურის ხელმძღვანელის - ლონდა თოლორაიას უფლებების დარღვევაზე წარდგენილ კონსტიტუციურ სარჩელს ეხებოდა, სასამართლომ დავის განხილვა ჯერ იმგვარად გააჭიანურა, რომ ფაქტობრივად აზრი დაუკარგა მის მნიშვნელობას, შემდეგ კი ის ნაწილობრივ იმგვარად დააკმაყოფილა, რომ მისი პრაქტიკაში აღსრულების მექანიზმები არ არსებობდა.[18] სასამართლოს ამგვარი სამწუხარო ტრანსფორმაციის ერთ-ერთ ბოლო მაგალითად კი „რუსული კანონის“ წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია-ორგანიზაციების მიერ წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელების საჯარო განხილვა და მიღებული შუალედური გადაწყვეტილება იქცა.[19] ამ საქმის განხილვის პროცესშივე უკვე ნათელი იყო სასამართლოს ლოიალური, არაკრიტიკული დამოკიდებულება აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების მიმართ, რომ აღარაფერი ითქვას სადავო ნორმების შეჩერების თაობაზე გამოტანილ დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სასამართლომ ფაქტობრივად უარი თქვა სამოქალაქო და მედია-ორგანიზაციების, მათი წევრებისა და ბენეფიციარების ფუნდამენტური უფლებების ეფექტიან დაცვაზე.
კრიზისის კონსტიტუციური-სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნების დაკარგული შანსი
როგორც ზემოთ აღინიშნა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის მიმართ ავტორიტეტული ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოთქმული საფუძვლიანი ეჭვების გათვალისწინებით არც ერთმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ და ასევე პრეზიდენტმა არ აღიარეს ჩატარებული არჩევნების შედეგები. შედეგად, ახალარჩეული პარლამენტი ერთპარტიულად დაკომპლექტდა და ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა 28 ნოემბერს, ქართველი ხალხის გაცხადებული ნების საწინააღმდეგოდ, მმართველი პარტიის მიერ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებამ და მის საპასუხოდ დაწყებულმა მასშტაბურმა სახალხო პროტესტმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც კონსტიტუციის მცველის, უნიკალური ფუნქცია კონსტიტუციურ წესრიგში, პოლიტიკური კრიზისების დროს ვლინდება, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო ქმნის კრიზისის სამართლებრივი გადაწყვეტის ინსტრუმენტებს. მოცემულ შემთხვევაში, ამგვარი ინსტრუმენტი არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა იქნებოდა, რაც გახდებოდა ხელახალი არჩევნების ჩატარების და ქართველი ხალხის რეალური ნების საპარლამენტო მანდატებში ასახვის წინაპირობა. აღნიშნულის საპირისპიროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ არასათანადო ლეგალისტური არგუმენტებით, განმწესრიგებელი სხდომის ზეპირი მოსმენით ჩატარების გარეშე, უარი თქვა საქმის არსებითად განსახილველად მიღებაზე. ამ გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად დაიკარგა არსებული უმწვავესი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი სამართლებრივი საშუალება. მეტიც, საკონსტიტუციო სასამართლომ, განჩინების მიღებით, პრაქტიკულად კონსტიტუციურად აღიარა მმართველი პარტიის მიერ ფუნდამენტური ხარვეზებით ჩატარებული და არალეგიტიმური არჩევნების შედეგები.
დასკვნა
საკონსტიტუციო სასამართლოს 29 ნოემბრის განჩინება არის სასამართლოს მიერ ბოლო წლებში მყარად დადგენილი, მმართველი პოლიტიკური პარტიის მიმართ მორჩილების პოლიტიკის გაგრძელება და მოქალაქეებისთვის და სხვა სუბიექტებისთვის წარმოადგენს კიდევ ერთ მინიშნებას, რომ ამ სასამართლომ სრულად უარი თქვა გასულ ათწლეულში დამკვიდრებულ სასამართლო აქტივიზმზე. ამის ნაცვლად, იგი აქტიურად ახორციელებს მმართველი პოლიტიკური ძალის საკანონმდებლო აქტებით ფორმალიზებული ავტორიტარიზმის ელემენტების კონსტიტუციურ-სამართლებრივ რეჟიმში მოქცევას, რითაც იქმნება პარადოქსი, რომ კონსტიტუციის ტექსტით განმტკიცებული დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები პრაქტიკაში მზარდი ავტორიტარიზმის შინაარსებს იძენს. დროთა განმავლობაში კი, ხელისუფლების ავტორიტარული მისწრაფებების ზრდასთან ერთად, ამ ფორმალური დემოკრატიისა და რეალური ავტორიტარიზმის თანაარსებობა უფრო და უფრო რთული ხდება. სასამართლოს მიერ თავისი რეალური ფუნქციის დასაბრუნებლად, უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის კონსტიტუციური დემოკრატიის სასარგებლოდ გადაწყვეტისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო აუცილებლად უნდა გახდეს ამ რეფორმების ერთ-ერთ ცენტრალური სამიზნე.
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის №1/17/1832 განჩინება საქმეზე „საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ და საქართველოს პარლამენტის წევრების (თამარ კორძაია, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და სხვები (სულ 30 წევრი)) კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ“ https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=17525
[2] საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, “2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღის შეფასება”, https://gyla.ge/post/gancxadeba-27octomberi-11saati
[3] სამართლიანი არჩევნების, ჩემი ხმისა და საიას ერთობლივი შეფასება - 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, 19.11.2024 https://transparency.ge/ge/post/samartliani-archevnebis-chemi-xmisa-da-saias-ertoblivi-shepaseba-26-oktombris-saparlamento
[4] OSCE, “Georgia’s elections marred by an uneven playing field, pressure and tension, but voters were offered a wide choice: international observers”, 27.10.2024 https://www.osce.org/ka/odihr/elections/georgia/579379
[5]European Parliament, “Georgia's worsening democratic crisis following the recent parliamentary elections and alleged electoral fraud”, 28.11.2024 https://www.europarl.europa.eu/doceo/document/TA-10-2024-0054_EN.html
[6] „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 23-ე მუხლის 41 პუნქტი https://matsne.gov.ge/ka/document/view/32944%23?publication=33
[7] ვენეციის კომისია, საარჩევნო ნორმათა კოდექსი,სახელმძღვანელო მითითებები და განმარტებითი მოხსენება, CDK-AD(2022)023REV2-COR, 28 ივლისი, 2016, პარ. 114.
[8] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 29 ნოემბრის N3/7/1848, 1849, პარ. 4-5.
[9] რადიო თავისუფლება, “მიწვევის მიუხედავად, პარლამენტის სადავო სხდომას არ ესწრება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა”, 25 ნოემბერი, 2024, ხელმისაწვდომია : https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%90/33214987.html
[10] დავიდ ლანდაუ და როზალინდ დიქსონი, სასამართლო კონტროლის ბოროტად გამოყენება, სასამართლოები დემოკრატიის წინააღმდეგ (სახელწოდება ინგლისურ ენაზე: Abusive Judicial Review: Courts Against Democracy. წინამდებარე სტატია, თავდაპირველად გამოქვეყნდა UC Davis Law Review-ში, ხელმისაწვდომია: https://lawreview.law.ucdavis.edu/issues/53/3/53-3_Landau_Dixon.pdf. სტატია ქართულ ენაზე ქვეყნდება პირველად, ავტორთა თანხმობითა და „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვისთვის“ საავტორო უფლებების ერთჯერადი, უსასყიდლო გადმოცემის საფუძველზე).
[11]დავით ზედელაშვილი, თამარ ქეცბაია, საკონსტიტუციო სასამართლო კონტროლის რეფორმა: სტული ინსტიტუციონალიზაცია და სისტემური მიუკერძოებლობა, ნომონ ვაისი, თბილისი, 2024, გვ. 58-65
[12]ცვლილებების ნაწილი საკონსტიტუციო საკუთარი N3/5/768, 769, 790, 792 გადწაყვეტილებით 2016 წლის 29 დეკემბერს ცნო არაკონსტიტუციურად https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=1141
[13] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) და საქართველოს მოქალაქეები ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=1141
[14]რადიო თავისუფლება, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ხვიჩა კიკილაშვილი აირჩიეს, 3 აპრილი, 2020, ხელმისაწვდომია:
https://www.radiotavisupleba.ge/a/30527816.html ; ნეტგაზეთი, რატომ ეწინააღმდეგებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ევა გოცირიძის კანდიდატურას, 28 ნოემბერი, 2017, ხელმისაწვდომია: https://netgazeti.ge/news/237044/?tztc=1 ; “დამოუკიდებელი იურისტები მოსამართლე ვასილ როინიშვნილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ, 21 ნოემბერი, 2020, ხელმისაწვდომია: https://civil.ge/ka/archives/383853 .
[15] მაგ. ე.წ. „მოსმენების საქმე“, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ფარული მიყურადების ჩარჩოს კონსტიტუციურობას, და რომლის თაობაზე გადაწყვეტილებაც 7 წელია არ მიღებულა: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის N885-924, 928-929, 931-1207, 1213, 1220-1224, 1231 საოქმო ჩანაწერი საქმეზე "საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქეები - ავთანდილ ბარამიძე, გივი მითაიშვილი, ნუგზარ სოლომონიძე და სხვები (სულ 326 კონსტიტუციური სარჩელი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=1958
[16] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის №1/1/1505,1515,1516,1529 გადაწყვეტილება საქმეზე "პაატა დიასამიძე, გიორგი ჩიტიძე, ედუარდ მარიკაშვილი და ლიკა საჯაია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ" https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=10658
[17] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, პანდემია და შესუსტებული კონსტიტუციური კონტროლი - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კრიტიკული შეფასება, 9 მარტი, 2021, ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/ka/products/pandemia-da-shesustebuli-konstitutsiuri-kontroli-sakonstitutsio-sasamartlos-gadatsqvetilebis-kritikuli-shefaseba
[18] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასება
საქმეზე ლონდა თოლორაია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2022 https://socialjustice.org.ge/ka/products/sotsialuri-samartlianobis-tsentri-londa-toloraias-sakmeze-sakonstitutsio-sasamartlos-gadatsqvetilebas-afasebs
[19] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი მოვალეობა არ შეასრულა, 9 ოქტომბერი, 2024, ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/ka/products/sakonstitutsio-sasamartlom-sakutari-movaleoba-ar-sheasrula
ინსტრუქცია