[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / შეფასება

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პროფესორების დისკრიმინაციული ნიშნით გათავისუფლება აკადემიურ სფეროში დევნის სახიფათო პრეცედენტს ქმნის

2025 წლის ივლისში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სამსახურიდან გაათავისუფლა 5 პროფესორი - მაღალი კვალიფიკაციისა და მრავალი წლის გამოცდილების მქონე პროფესიონალები. მათი სამსახურიდან გათავისუფლება, სავარაუდოდ, დისკრიმინაციული მოტივებით მოხდა და უკავშირდება მათ კრიტიკულ შეხედულებებს როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მუშაობისა და საგანმანათლებლო პოლიტიკის, ასევე მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ. გათავისუფლებული პროფესორები აქტიურად არიან ჩართულები ფართო საზოგადოებრივ მოძრაობაში საქართველოში საგარეო პოლიტიკის შემობრუნებისა და დემოკრატიული უკუსვლის შესაჩერებლად და აკადემიური თანამდებობიდან მათი მიზანმიმართული გათავისუფლებისა და დევნის მიზეზიც, სხვა საჯარო დაწესებულებებიდან უკანონოდ გათავისუფლებულ ასეულობით ადამიანთან ერთად, როგორც ჩანს ესაა. 

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გათავისუფლდნენ:

  • გიორგი გოცირიძე - პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
  • ქეთევან გიგაშვილი - პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
  • მზია გიგაშვილი - ასისტენტ-პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
  • ნინო გოგიაშვილი - ასოცირებული პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
  • ნინო ძამუკაშვილი - ასოცირებული პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, შალვა ჭკადუას ბრძანების თანახმად, პროფესორებს შრომითი ხელშეკრულებები ივლისიდან შეუწყდათ, უნივერსიტეტში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების გამო[1]. რეორგანიზაციის ფარგლებში გაერთიანდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტები და მათ ბაზაზე შეიქმნა ახალი ფაკულტეტი - განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. რეორგანიზაციის მიზეზებს შორის დასახელებულია ორი დამოუკიდებელი ფაკულტეტის ფინანსურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სირთულეები[2] და განათლების მეცნიერების მიმართულებით რესურსების აკუმულირების ხელშეწყობა[3].

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფაკულტეტების გაერთიანების შედეგად შტატების შემცირება და ახალი ფაკულტეტის საშტატო ნუსხა უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ივნისში მიღებული გადაწყვეტილებით დამტკიცდა[4]. იმავე თვეში, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ განისაზღვრა კრიტერიუმები ახალი ფაკულტეტის აკადემიური თანამდებობებისთვის კანდიდატების შესაფასებლად[5]. ჯამში 9 შესარჩევი კრიტერიუმი დადგინდა:

  • თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელობა;
  • სამეცნიერო პროდუქტიულობის შეფასების შედეგები;
  • თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცხადებული - ,,მადლობა’’;
  • თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცხადებული - ,,გაფრთხილება’’;
  • თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცხადებული - ,,საყვედური’’;
  • თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარგობრივი კომისიის წევრობა;
  • თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში პერსონალის ყოველწლიური შეფასების შედეგები;
  • თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტის საბჭოს სხდომებში მონაწილეობა;
  • თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო აკადემიურ კონკურსში მიღებული სარეიტინგო ქულა;

აღნიშნული კრიტერიუმები არსებითად პრობლემურია. ახალი წესი ადგენს არა ობიექტურ კრიტერიუმებს შეფასებისთვის, არამედ მხოლოდ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ნებაზე და გადაწყვეტილებებზე დამოკიდებულ კრიტერიუმებს, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის პროფესორების დამოუკიდებელ და სამართლიან შეფასებას.    კრიტერიუმების მიღების დრო და შინაარსი აჩვენებს ადმინისტრაციის აშკარა დისკრიმინაციულ განზრახვას გათავისუფლებული პროფესორების მიმართ და იქმნება შთაბეჭდილება, რომ კრიტერიუმების ამ ფორმით დამტკიცების მიზანიც სწორედ წინასწარ მიღებული გადაწყვეტილებისთვის ხელოვნურად სამართლებრივი საფუძვლის შექმნა იყო. უფრო ზუსტად, უნივერსიტეტის მიერ პროფესორების შეფასებისთვის გამოყენებული ცხრავე კრიტერიუმი პრობლემურია შემდეგი გარემოებების გამო:

კრიტერიუმი 1: თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელობა

№1 კრიტერიუმის თანახმად, კანდიდატს ქულა ენიჭება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელობისთვის. თითოეული პროგრამისთვის გათვალისწინებულია 15 ქულა[6].

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის შერჩევა არ ხდება კონკურენტული პროცესის საფუძველზე. საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი ინიშნება რექტორისა და დეკანის გადაწყვეტილებით. პროგრამის ხელმძღვანელის შესარჩევად არ ტარდება კონკურსი. გათავისუფლებული პროფესორების ინფორმაციით, მათ დაუსაბუთებლად არ ეძლეოდათ პროგრამების ხელმძღვანელობის/ახალი პროგრამების დანერგვის საშუალება, მიუხედავად არაერთი ინიციატივისა.

კრიტერიუმი 2: სამეცნიერო პროდუქტიულობის შეფასების შედეგები

№2 კრიტერიუმი მოიცავს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პროდუქტიულობის შეფასების შედეგებს. კანდიდატის ქულა გამოითვლება ბოლო 5 წლის განმავლობაში დაგროვილი ქულების საშუალო არითმეტიკულით[7].   

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აკადემიური პერსონალის სამეცნიერო პროდუქტიულობის შესაფასებლად იყენებს არასამართლიან მიდგომას. სამეცნიერო პროდუქტიულობის შეფასების კრიტერიუმების თანახმად, რომელიც უნივერსიტეტის ,,აკადემიური პერსონალის სამეცნიერო პროდუქტიულობის შეფასების წესით’’ არის განსაზღვრული, შეფასებას ექვემდებარება მხოლოდ ის სამეცნიერო პროექტები, რომელშიც პროფესორმა მონაწილეობა მიიღო თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით[8]. ხოლო, ისეთი სამეცნიერო პროექტები, რომელშიც პროფესორი დამოუკიდებლად მონაწილეობდა, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების მითითებით, არ მიიღება მხედველობაში სამეცნიერო პროდუქტიულობის შეფასებისას. პროფესორს სამეცნიერო პროდუქტიულობად არ ეთვლება დამოუკიდებელი მონაწილეობა მაღალი დონის საერთაშორისო თუ ეროვნულ სამეცნიერო-კვლევით აქტივობებში, მაგალითად, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის დამოუკიდებლად მოპოვება, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების მითითებით. აღნიშნული მიდგომა ეწინააღმდეგება იმავე წესით განსაზღვრულ სამეცნიერო პროდუქტიულობის არსს, რომელიც შემდეგნაირად არის ფორმულირებული - სამეცნიერო პროდუქტიულობის შეფასების სისტემის მთავარი არსია, პროფესორის/აკადემიური პერსონალის სამეცნიერო პროდუქტიულობა იყოს მრავალმხრივი - პროფესორი წარმოჩინდეს მრავალმხრივი შესაძლებლობებით, ჰქონდეს სტიმული, მისი სამეცნიერო პროდუქცია იყოს რეიტინგული/ციტირებადი და გაეზარდოს ცნობადობა საერთაშორისო დონეზე[9]. სამეცნიერო პროდუქტიულობის შეფასების არსებული მიდგომა ეწინააღმდეგება ასევე პროფესორებთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებებსა და აკადემიური პერსონალის უნივერსიტეტთან აფილირების წესს, რომლის თანახმად უნივერსიტეტთან აფილირებული აკადემიური პერსონალის კვლევის შედეგები ეთვლება უნივერსიტეტს[10].

კრიტერიუმები 3, 4 და 5: დისციპლინური წახალისების და პასუხისმგებლობის ზომები, როგორც შესარჩევი კრიტერიუმები

№3, №4 და №5 კრიტერიუმები უკავშირდება დისციპლინური წახალისების და პასუხისმგებლობის ზომებს, კერძოდ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ პროფესორისთვის გამოცხადებულ ,,მადლობას’’, ,,გაფრთხილებას’’ და ,,საყვედურს’’. თითოეული ,,მადლობისთვის’’ კანდიდატს ენიჭება 6 ქულა, ,,გაფრთხილებისთვის’’ - აკლდება 6 ქულა, ,,საყვედურისთვის’’ კი - აკლდება 8 ქულა[11].  

დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების კრიტერიუმებში შეტანა უხეშად ეწინააღმდეგება უნივერსიტეტის შინაგანაწესს და სამართლიანი კონკურსის პრინციპებს. უნივერსიტეტის შინაგანაწესის თანახმად, თუ დისციპლინური სახდელის დადების დღიდან ერთი წლის განმავლობაში პერსონალს არ დაედება ახალი დისციპლინური სახდელი, იგი ჩაითვლება ისეთ პირად, რომელსაც დისციპლინური სახდელი არ ჰქონია დადებული’’. ეს იმას ნიშნავს, რომ დისციპლინური სახდელის დადებიდან ერთი წლის შემდეგ სახდელი ქარწყლდება, თუ სახდელდადებულმა პირმა ამ დროის განმავლობაში არ ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა. მოცემულ შემთხვევაში, კანდიდატებს დისციპლინური სახდელების გამო ქულები აკლდებოდათ, მიუხედავად იმისა, თუ როდის იყო სახდელი გამოცემული, მათ შორის, ერთ წელზე მეტი ხნის წინანდელი, იურიდიულად გაქარწყლებული სახდელების გამო. ეს პრაქტიკა უხეშად არღვევს უნივერსიტეტის შინაგანაწესს და სამართლიანი კონკურსის პრინციპებს.

დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების კრიტერიუმებში შეტანა პრობლემურია ასევე იმ თვალსაზრისით, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი გათავისუფლებული პროფესორების მიმართ მათ დაუსაბუთებელ გამოყენებასთან დაკავშირებით. გათავისუფლებული პროფესორები მიუთითებენ დისციპლინური სახდელის - ,,გაფრთხილების’’ - მათ მიმართ დაუსაბუთებელი გამოყენების ფაქტების შესახებ მას შემდეგ, რაც აქტიური მონაწილეობა დაიწყეს საპროტესტო აქციებში ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის შეჩერებისა და დემოკრატიული უკუსვლის გამო. პროფესორების ინფორმაციით, ისინი საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობენ 2023 წლის მარტიდან, იმ დროიდან, რაც ინიცირებულ იქნა ადამიანის უფლებებისა და გაერთიანების თავისუფლების შემზღუდავი პირველი რუსული კანონი და ქვეყანაში დაიწყო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ[12].

კრიტერიუმი №6: თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარგობრივი კომისიის წევრობა

№6 კრიტერიუმის თანახმად, კანდიდატებს ქულა ენიჭებათ აკადემიური პერსონალის შესარჩევი დარგობრივი და საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიის წევრობისთვის. თითოეული წევრობისთვის გათვალისწინებულია 3 ქულა[13].

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დარგობრივი კომისიის წევრი ინიშნება რექტორის გადაწყვეტილებით. დარგობრივი კომისიის წევრის შერჩევა, №1 კრიტერიუმის მსგავსად, არ ხდება კონკურენტული პროცესის საფუძველზე. შესაბამისად, ეს კრიტერიუმიც, სხვა კრიტერიუმების მსგავსად, უკავშირდება ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებას და არა კანდიდატის აკადემიურ დამსახურებას.

კრიტერიუმი №7: თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში პერსონალის ყოველწლიური შეფასების შედეგები

№7 კრიტერიუმი მოიცავს ხელმძღვანელის მიერ მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლის ყოველწლიური შეფასების შედეგებს. კანდიდატის ქულა გამოითვლება ყოველწლიური შეფასების შედეგად დაგროვილი ქულების საშუალო არითმეტიკულით[14].  

შეფასების ამ მექანიზმის ობიექტურობის დადგენა შეუძლებელია, რადგან მისი არსებობის შესახებ პროფესორები ამ დრომდე არ ყოფილან ინფორმირებული.

კრიტერიუმი №8: თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტის საბჭოს სხდომებში მონაწილეობა

№8 კრიტერიუმის თანახმად, კანდიდატებს ქულა ენიჭებათ უნივერსიტეტის ფაკულტეტის საბჭოს სხდომებში მონაწილეობის გამო. ერთ სხდომაში მონაწილეობა ითვალისწინებს 3 ქულას. მხედველობაში მიიღება ბოლო 5 წლის მონაცემი[15].

ფაკულტეტის საბჭოს სხდომებზე დასწრება არ წარმოადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურებრივ მოვალეობას. სხდომის გაცდენა არ იწვევს რაიმე სახის პასუხისმგებლობას. შესაბამისად, ამ აქტივობის კრიტერიუმად შემოტანა, მით უმეტეს, საკმაოდ მაღალი ქულით, სხვა კრიტერიუმების მსგავსად, მეტყველებს შერჩევის არასამართლიან ხასიათზე.

კრიტერიუმი №9: თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო აკადემიურ კონკურსში მიღებული სარეიტინგო ქულა

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო აკადემიური კონკურსი ჩატარდა 2020 წელს, 5 წლის წინ. 5 წელი აკადემიურ სფეროში დიდი დროა, რომლის განმავლობაშიც პროფესორის ცოდნა, კვალიფიკაცია და სამეცნიერო პროდუქტიულობა შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს. შესაბამისად, 5 წლის წინანდელი სარეიტინგო ქულა არარელევანტურია დღევანდელი მდგომარეობის შესაფასებლად.

პროფესორების გათავისუფლების შეფასება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ჭრილში

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომის თანახმად, როცა პირი წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებებს დისკრიმინაციული მოპყრობის სავარაუდო ფაქტის შესახებ (prima facie evidence), ამის შემდეგ მოწინააღმდეგე მხარეს ეკისრება ვალდებულება ამტკიცოს, რომ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია, რასთან დაკავშირებითაც უნდა წარმოადგინოს გონივრული და ობიექტური დასაბუთება[16]. ის საკითხი, თუ რა წარმოადგენს დისკრიმინაციის ვარაუდის შემქმნელ prima facie მტკიცებულებებს, დამოკიდებულია კონკრეტული საქმის ინდივიდუალურ გარემოებებზე, მათ შორის, თუ რომელი ფუნდამენტური უფლებაა საფრთხის ქვეშ და საქმის სპეციფიკურ ფაქტობრივ გარემოებებზე[17]. დისკრიმინაციის შესახებ ვარაუდი საქმეში არსებული ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე უნდა შეექმნას დამოუკიდებელ დამკვირვებელს[18]. დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ ვარაუდის შექმნისთვის, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, შესაძლოა, მხედველობაში იქნას მიღებული სტატისტიკური მონაცემები. ეს მონაცემები შესაძლოა უკავშირდებოდეს ადამიანთა კონკრეტული ჯგუფის მიმართ, რომელიმე დაცული ნიშნით განხორციელებულ დისკრიმინაციის პრაქტიკას[19].

საქმეში ,,ბაქრაძე საქართველოს წინააღმდეგ’’, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით, დისკრიმინაციის ვარაუდის შექმნისთვის ერთ-ერთ მთავარ prima facie მტკიცებულებას წარმოადგენდა მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მოსარჩელესთან ჩატარებული გასაუბრებების პრობლემური შინაარსი[20]. მოსარჩელესთან გასაუბრებები ჩატარდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ, რომლის საქმიანობას აქტიურად აკრიტიკებდა მოსარჩელის მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია - ,,მოსამართლეთა ერთობა’’. გასაუბრებების დროს დასმული შეკითხვების დიდი ნაწილი უკავშირდებოდა არა კანდიდატის პროფესიულ უნარ-ჩვევებს, კვალიფიკაციასა და კეთილსინდისიერებას, არამედ მის საქმიანობას ,,მოსამართლეთა ერთობაში’’ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ არსებულ კრიტიკას. სასამართლოს შეფასებით, ამ შეკითხვების ხასიათი და რაოდენობა წარმოაჩენდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიკერძოებულ დამოკიდებულებას და წინასწარ განწყობას მოსარჩელის საწინააღმდეგოდ[21].

წინამდებარე შემთხვევისთვის რელევანტური ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებიდან აღსანიშნია ასევე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №158 კონვენცია დასაქმების შეწყვეტის შესახებ, რომლის თანახმად დასაქმების შეწყვეტისას და დასაქმებული პირის სამსახურიდან გათავისუფლებისას დამსაქმებელს ეკისრება მყარი დასაბუთების წარმოდგენის ვალდებულება, მათ შორის, იმ შემთხვევებში, როდესაც სამსახურიდან გათავისუფლება განპირობებულია ეკონომიკური მიზეზებით გამოწვეული რეორგანიზაციით[22]. იგივე სტანდარტს ადგენს ევროპის სოციალური ქარტია[23].

ზემოაღნიშნული ადამიანის უფლებათა სტანდარტების მოცემულ შემთხვევაში გამოყენების შედეგად იკვეთება, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პროფესორების გათავისუფლება, სავარაუდოდ, განპირობებულია დისკრიმინაციული მოტივებით და უკავშირდება მათ კრიტიკულ შეხედულებებს როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და საგანმანათლებლო პოლიტიკის, ასევე მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ. დისკრიმინაციის ვარაუდს ქმნის შემდეგი prima facie მტკიცებულებები:

  • პროფესორების მიერ უნივერსიტეტში განხორციელებულ საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებით არასდროს ფიქსირდებოდა პრობლემები. ისინი არიან მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალები, მრავალი წლის გამოცდილებით, რაზეც მეტყველებს მათი სამეცნიერო ხარისხები, პუბლიკაციები, საერთაშორისო გამოცდილება და მიღწევები;
  • პროფესორებს ჰქონდათ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან განსხვავებული მოსაზრებები უნივერსიტეტის მართვისა და საგანმანათლებლო პოლიტიკის საკითხებზე. ეს განსხვავებები განსაკუთრებით სტატუსშეჩერებული სტუდენტების საქმის განხილვის კონტექსტში გამოჩნდა. არსებული ინფორმაციით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამჟამად 1200 სტუდენტს აქვს სტატუსი შეჩერებული[24]. უნივერსიტეტში არსებული პრობლემებიდან გამოსავლის გზების თაობაზე განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ გათავისუფლებულ პროფესორებს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. პროფესორ გიორგი გოცირიძის ინფორმაციით, რომელსაც წარსულში უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა ეკავა, ის და პროფესორი ქეთევან გიგაშვილი, რომელიც ასევე დისკრიმინაციულად გაათავისუფლეს სამსახურიდან, ეწინააღმდეგებოდნენ უნივერსიტეტში არსებულ საგანმანათლებლო პოლიტიკას, მათ შორის, სპეციალობების შემცირებას. მათი შეფასებით, სწორედ სპეციალობების შემცირებამ, სწავლების ხარისხის დაცემამ და აკადემიური პერსონალის გადინებამ უნივერსიტეტში სტუდენტების რაოდენობის შემცირება გამოიწვია. ამას დაემატა ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი, რის შედეგადაც სტუდენტების მნიშვნელოვანმა ნაწილმა სტატუსი შეიჩერა[25].
  • პროფესორებს ჰქონდათ კრიტიკული შეხედულებები მოქმედი ხელისუფლების მიმართ, რაც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობასა და დემოკრატიის უკუსვლას უკავშირდება. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციებში 2023 წლის მარტიდან, იმ დროიდან, რაც ინიცირებულ იქნა პირველი რუსული კანონი და ქვეყანაში დაიწყო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. სწორედ ამ დროიდან იწყება მათ მიმართ დისციპლინური სახდელების დაუსაბუთებელი გამოყენება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან;
  • აკადემიური პერსონალის შესაფასებლად გამოყენებულ კრიტერიუმებს, რომლის შედეგების საფუძველზეც გათავისუფლდნენ პროფესორები სამსახურიდან, აქვს არსებითად პრობლემური შინაარსი. კრიტერიუმებში სუსტად არის წარმოდგენილი პროფესორების კვალიფიკაციასთან, პროფესიულ უნარ-ჩვევებთან და სამეცნიერო მიღწევებთან დაკავშირებული მაჩვენებლები. სამეცნიერო პროდუქტიულობად არ ითვლება პროფესორების დამოუკიდებელი მონაწილეობა მაღალი დონის საერთაშორისო თუ ეროვნულ სამეცნიერო-კვლევით აქტივობებში. კრიტერიუმებში მნიშვნელოვანი წილი უკავია დისციპლინური წახალისების და პასუხისმგებლობის ზომებს, იმ პირობებში, როცა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი გათავისუფლებული პროფესორების მიმართ მათ დაუსაბუთებელ გამოყენებასთან დაკავშირებით. კრიტერიუმებში გადაჭარბებულად არის წარმოდგენილი უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ჩართულობის მაჩვენებლები, როგორიცაა უნივერსიტეტის ფაკულტეტის საბჭოს სხდომებში მონაწილეობა და დარგობრივი კომისიის წევრობა, რომლებიც არ უკავშირდება კანდიდატების აკადემიურ დამსახურებას და კვალიფიკაციას და მათი არსებობა პირდაპირ და უშუალოდ არის დაკავშირებული თავად ადმინისტრაციის ნებაზე და გადაწყვეტილებებზე.
  • ხაზი უნდა გაესვას, რომ შერჩევის პროცესში მონაწილე კანდიდატებთან არ ჩატარებულა გასაუბრებები მათი კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შესამოწმებლად, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ამ ტიპის შერჩევის პროცესში ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად. გათავისუფლებული პროფესორები წარსულში თავიანთ თანამდებობებზე სწორედ მსგავსი გასაუბრებებისა და შერჩევის კონკურენტულ პროცესში მონაწილეობის შედეგად დაინიშნნენ აკადემიური კონკურსის ფარგლებში;
  • ნიშანდობლივია ისიც, რომ რეორგანიზაციის შედეგად ის პროფესორები გაათავისუფლეს, რომლებიც განსხვავებულ შეხედულებებს გამოხატავდნენ უნივერსიტეტისა და თუ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო და რეორგანიზაციას ობიექტური და სისტემური ხასიათი არ ქონია. ეს მოცემულობა კონკრეტული ადამიანების მიზანმიმართული დისკრიმინაციული დევნის შთაბეჭდილებას ტოვებს.
  • მოცემულ შემთხვევაში დისკრიმინაციის ვარაუდს ამყარებს ასევე სხვა საჯარო დაწესებულებებში პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული მასშტაბური რეპრესიებისა და დისკრიმინაციული გათავისუფლების მძიმე სურათი.

საქართველოს საჯარო დაწესებულებებში 2024 წლის დეკემბრიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება მასობრივი გათავისუფლებები ხელისუფლების კონტროლის გაძლიერებისა და იმ თანამშრომლების დასჯის მიზნით, რომლებმაც საჯარო პროტესტი გამოხატეს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით. სამსახურიდან თავისუფლდებიან ის ადამიანები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებებს და მონაწილეობას იღებდნენ საპროტესტო აქციებში. 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის აპრილამდე პერიოდში, საჯარო დაწესებულებებში მომუშავე 700-მდე თანამშრომელი გათავისუფლდა სამსახურიდან სავარაუდო დისკრიმინაციული მოტივით[26].

საჯარო დაწესებულებების სია, საიდანაც დასაქმებულები დისკრიმინაციულად თავისუფლდებიან, მოიცავს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების უწყებებს და აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს[27]. გათავისუფლების ფართოდ გავრცელებული ფორმებია - საჯარო დაწესებულებების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია[28]. სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით თანამშრომლები გათავისუფლდნენ, მათ შორის, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებიდან. მსგავს შემთხვევებს წარმოადგენდა პროფესორების გათავისუფლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან[29] და კავკასიის უნივერსიტეტიდან[30].

ამდენად ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, იკვეთება, რომ თელავის უნივერსიტეტიდან პროფესორების გათავისუფლების გადაწყვეტილება მოჩვენებითი რეორგანიზაციასა და დისკრიმინაციულ მიდგომებს დაეფუძნა, რაც მას არაკანონიერს ხდის.  საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციიდან არ იკვეთება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მყარი არგუმენტები, რომელიც გააქარწყლებდა პროფესორების დისკრიმინაციის შესახებ ვარაუდს და ობიექტური და გონივრული მიზეზებით დაასაბუთებდა მათი სამსახურიდან გათავისუფლების აუცილებლობას. ასეთი დასაბუთების არარსებობა მიუთითებს პროფესორების მიმართ ისეთი ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, როგორიცაა, გამოხატვის თავისუფლება, შრომის უფლება და განსხვავებული შეხედულების გამო დისკრიმინაციის აკრძალვის უფლება.

უნივერსიტეტის ქმედებების გასაჩივრებისა და თავიანთი უფლებების დაცვის მიზნით პროფესორებმა უკვე მიმართეს სასამართლოს.

უნივერსიტეტებიდან პროფესორების სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შემთხვევები აკადემიურ სფეროში თავისუფალი აზრის გამო დევნის და საუნივერსიტეტო ავტონომიაში ჩარევის სახიფათო პრეცედენტებს ქმნის. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პოლიტიკური კონტროლის გაძლიერების და სხვა უნივერსიტეტებში მსგავსი მოვლენების განვითარების რისკები განსაკუთრებით მთავრობის მიერ უმაღლესი განათლების სფეროში დაანონსებული რეფორმის ფონზე იზრდება.  

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორების გათავისუფლება არ წარმოადგენს მხოლოდ ადამიანის უფლებების დარღვევის იზოლირებულ შემთხვევას და ის სიმპტომია იმ მძიმე პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესების, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ავტოკრატიის აღზევების გზაზე გადის. ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელია დამოუკიდებელი ინსტიტუტების, მათ შორის, აკადემიური სივრცეების ავტონომიისა და პლურალიზმის შეზღუდვა და საბოლოო გაუქმება. საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ აკადემიური სფეროს კონტროლი ავტოკრატიებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან უნივერსიტეტები წარმოადგენენ თავისუფალი აზრის და პოტენციური პოლიტიკური და საზოგადოებრივი წინააღმდეგობის გენერირების ადგილს. უნივერსიტეტების ავტონომიაში ჩარევის სტრატეგიები და ტაქტიკები კი საბოლოოდ აკადემიურ სივრცეში ქმნის ნეოპატრონალურ გარემოს, სადაც დასაქმება, დაწინაურება ან პოზიციის შენარჩუნება უკავშირდება ლოიალობას და არა კომპეტენციას, რაც საბოლოოდ განათლების დონისა და მეცნიერული მუშაობის მკვეთრი დეგრადაციის მიზეზი ხდება. საქართველოს პოლიტიკურ კონტექსტში, როცა ძალაუფლების კონსოლიდაცია არაფორმალური ვერტიკალით ხორციელდება, უმრავლეს შემთხვევაში სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები და ადმინისტრაციები რეალურად ექვემდებარებიან მმართველი პარტიის გავლენებს და, შედეგად, საუნივერსიტეტო სივრცეები კარგავენ დამოუკიდებლობას და მათ ისტორიულ დანიშნულებას იყვნენ კრიტიკული ცოდნის, აკადემიური სიახლეებისა და კრიტიკული  მოქალაქეების ფორმირების ადგილი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სხვადასხვა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით მხარს დაუჭერს გათავისუფლებული პროფესორების ინტერესების დაცვას.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] გიორგი გოცირიძე, 15.07.2025:

https://www.facebook.com/photo/?fbid=4242884875995054&set=a.1894993947450837.

[2] იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო, ოქმი №10, დადგენილება №1.2, 13.06.2025.

[3] ონლაინგამოცემა ,,ბათუმელები’’, 16.07.2025:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/580611/?fbclid=IwY2xjawLk1bRleHRuA2FlbQIxMQABHoo-Mnv1JW4k1n4KJJGaFCXwBY12tyqbFhKW2CyIG6-MO_I1heByWsrUrL4i_aem_5vQQ3O9M6yXxLRR0Vp2IvA.

[4] იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო, ოქმი №10, დადგენილება №1.2, 13.06.2025.

[5] იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, ოქმი №12, დადგენილება №2, დანართი №1.

[6] იქვე.

[7] იქვე.

[8] იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო პროდუქტიულობის შეფასების წესი, სამეცნიერო პროდუქტიულობის შეფასების მე-3 კატეგორია, 16.01.2024:

https://cutt.ly/orO1XsbT.

[9] იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო პროდუქტიულობის შეფასების წესი, მუხლი 1, პუნქტი 3, 16.01.2024:

https://cutt.ly/orO1XsbT.  

[10] იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის უნივერსიტეტთან აფილირების წესი, მუხლი 2, პუნქტი 1, ქვეპუნქტი ,,ა’’, 22.05.2017:

https://cutt.ly/TrO0BmPV

[11] იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, ოქმი №12, დადგენილება №2, დანართი №1.

[12] ონლაინგამოცემა ,,ბათუმელები’’, 16.07.2025:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/580611/?fbclid=IwY2xjawLk1bRleHRuA2FlbQIxMQABHoo-Mnv1JW4k1n4KJJGaFCXwBY12tyqbFhKW2CyIG6-MO_I1heByWsrUrL4i_aem_5vQQ3O9M6yXxLRR0Vp2IvA.

[13] იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, ოქმი №12, დადგენილება №2, დანართი №1.

[14] იქვე.

[15] იქვე.

[16] CASE OF BAKRADZE v. GEORGIA, JUDGMENT, Paragraphs 67-85.

[17] CASE OF D.H. AND OTHERS v. THE CZECH REPUBLIC, JUDGMENT, Paragraph 178.

[18] CASE OF BAKRADZE v. GEORGIA, JUDGMENT, Paragraph 84.

[19] CASE OF BAKRADZE v. GEORGIA, JUDGMENT, Paragraphs 73-74.

[20] CASE OF BAKRADZE v. GEORGIA, JUDGMENT, Paragraphs 75-84.

[21] Ibid.

[22] International Labour Organization - Note on Convention No. 158 and Recommendation No. 166 concerning termination of employment, page 1 and page 11:

https://www.ilo.org/sites/default/files/wcmsp5/groups/public/@ed_norm/@normes/documents/meetingdocument/wcms_100768.pdf.

[23] European Social Charter, Article 24, Paragraph A.

[24] ონლაინგამოცემა ,,ბათუმელები’’, 16.07.2025:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/580611/?fbclid=IwY2xjawLk1bRleHRuA2FlbQIxMQABHoo-Mnv1JW4k1n4KJJGaFCXwBY12tyqbFhKW2CyIG6-MO_I1heByWsrUrL4i_aem_5vQQ3O9M6yXxLRR0Vp2IvA.

[25] ონლაინგამოცემა ,,ბათუმელები’’, 16.07.2025:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/580611/?fbclid=IwY2xjawLk1bRleHRuA2FlbQIxMQABHoo-Mnv1JW4k1n4KJJGaFCXwBY12tyqbFhKW2CyIG6-MO_I1heByWsrUrL4i_aem_5vQQ3O9M6yXxLRR0Vp2IvA.

[26] ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო’’, 14.04.2025:

https://transparency.ge/sites/default/files/kartuli_ocnebis_represiebi_sajaro_samsaxurshi_5.pdf

[27] იქვე.

[28] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 17.02.2025:

https://socialjustice.org.ge/ka/products/movutsodebt-shromis-saertashoriso-organizatsias-shekmnas-sagamodziebo-komisia-sakartvelos-sajaro-samsakhurshi-mimdinare-sakadro-tsmendastan-dakavshirebit

[29] ონლაინ გამოცემა Civil.ge, 11.03.2025:

https://civil.ge/ka/archives/668494.

ონლაინ გამოცემა ,,პუბლიკა’’, 11.03.2025:

https://publika.ge/studentebis-nawili-tsu-dan-ori-leqtoris-gashvebas-aprotestebs/.

[30] რადიო თავისუფლება, 14.05.2024:

https://www.radiotavisupleba.ge/a/32946878.html

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“