საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება მეტროსადგურ “თავისუფლების მოედნისა” და “რუსთაველის” ზედა ფოიეში და მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მიმავალი მოქალაქეების მასობრივი შემოწმებისა და კონტროლის ფაქტებს და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომ დარჩნენ კანონის ფარგლებში და შეწყვიტონ მოქალაქეთა უფლებების უკანონო და დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სოციალურ მედიაში გავრცელებული კადრების მიხედვით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მეტროსადგურ “რუსთაველის” ზედა ფოიეში და მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქეებს უსაფუძვლოდ აყოვნებენ, ამოწმებენ და პრაქტიკულად ჩხრეკენ მათ ზურგჩანთებს თუ სხვა პირად ნივთებს. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ მოქალაქეთა ნივთების შემოწმება და ჩხრეკა ემსახურება არა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, არამედ მოქალაქეებზე ფსიქოლოგიური წნეხის მოხდენისა და მათი დაშინების მიზანს, ამავდროულად, აყოვნებს აქციაზე მიმდინარე მოქალაქეთა ნაკადს. ერთ-ერთი მოქალაქის მხრიდან აღნიშნული მოპყრობის გაკრიტიკებას კი მისი სასტიკი მეთოდებით დაკავება მოყვა. როგორც ჩანს, დღევანდელი რეპრესიების მიუხედავად თბილისსა და სხვა ქალაქებში მოქალაქეების მასობრივი და უწყვეტი პროტესტის შეკავებას “ქართული ოცნება” საპოლიციო კონტროლის ახალი და უკანონო მიდგომების გამოყენებით ცდილობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შევახსენებთ, რომ პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი განსაზღვრავს მოქალაქეთა ზედაპირული შემოწმებისა და მათი ნივთის დათვალიერების კონკრეტულ საფუძვლებს. პოლიცია უფლებამოსილია, რომ განახორციელოს პირის ზედაპირული შემოწმება მომხდარ დანაშაულზე ან სამართალდარღვევაზე რეაგირების ან მათი პრევენციის მიზნით. პოლიციას, თითოეულ პირთან მიმართებით, ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში, სჭირდება კანონისმიერი საფუძველი, რათა განახორციელოს მოქალაქის ზედაპირული შემოწმება და მისი ნივთის დათვალიერება, შესაბამისად, ყველა პირის შემოწმება, რომელიც პოტენციურად შესაძლოა საპროტესტო აქციაზე მიდიოდეს, უხეშად სცდება კანონით დადგენილ ჩარჩოებს.
ამასთან, ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მხოლოდ ტანსაცმლის გარე ზედაპირის ხელით, ან სპეციალური ხელსაწყოთი დათვალიერებას. ზედაპირული დათვალიერება არ მოიაზრებს პირადი ნივთების გახსნას და შიგთავსის შემოწმებას. იმავე კანონის მიხედვით, საპროტესტო ატრიბუტიკა და თავდაცვის საშუალებები, როგორიცაა პირბადე, სათვალე, აირწინაღი, არ შედის აკრძალული ნივთების სიაში და მათი ფლობა მოქალაქეებს შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ დარჩნენ კანონის ფარგლებში და მოქალაქეებს მისცენ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა.
საპროტესტო აქციებზე პოლიციასთან ქცევის წესების შესახებ.
ინსტრუქცია