[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

სამართალდამცავი უწყებები საქმის გამოუძიებლობით ხელს აფარებენ მელიქიშვილის გამზირზე თავდასხმაში მონაწილეებს

მელიქიშვილის გამზირზე შეკრების მონაწილეებზე თავდასხმიდან თითქმის ორი თვის შემდეგ, გამოკითხული არ არის დაზარალებულების ნაწილი, დაშავებულებს არ აქვთ დაზარალებულის სტატუსი და პასუხისგებაში არ არის მიცემული არც ერთი პირი, მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელების დიდი ნაწილი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს. გამოძიების ფუნდამენტური ჩავარდნების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ სამართალდამცავი უწყებები საქმეს განზრახ არ იძიებენ და, შესაბამისად, ხელს აფარებენ ორგანიზებულ თავდასხმაში მონაწილეებს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ე.წ „ტიტუშკების“ ძალადობრივი ჯგუფი თავს დაესხა მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებს, რის შედეგადაც აქციის რამდენიმე მონაწილე და მედიის წარმომადგენელი დაშავდა. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს სამართალდამცავების სავარაუდო დაზიანების ფაქტებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილით (ჯგუფურად ჩადენილ ძალადობა) და 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) დაიწყო. გარდა ამისა, “ქართული ოცნების” წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე, გამოძიება დამატებით, კიდევ ერთი მუხლით დაიწყო, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას (სსკ-ს 1621-ე მუხლი) გულისხმობს.

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, ორი პირი დააკავა, თუმცა ორივე მათგანი ბრალის წარდგენის გარეშე, მალევე გაათავისუფლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "დაზარალებულმა აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის პასუხისგებაში მიცემა". უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებით წინა თვეებში „ტიტუშკების“ მხრიდან განხორციელებული ძალადობის ზოგიერთი შემთხვევისა, 2025 წლის 8 სექტემბერს, აქციის მონაწილეებს თავს შეუნიღბავი პირები დაესხნენ.

ძალადობის ამსახველი კადრების მეშვეობით მედიებმა, მალევე, არაერთი სავარაუდო მოძალადის იდენტიფიცირება მოახდინეს. მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებზე თავდამსხმელებს შორის იყვნენ “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით სავარაუდოდ ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი (აწ უკვე დეპუტატი) ალექსანდრე მუკათარიძე, ძალადობს ერთ-ერთ დაზარალებულზე, რომელიც ამ დრომდე არ გამოუკითხავს შსს-ს. ამავე პირზე სავარაუდო მოძალადეთა შორის ასევე ჩანს, ზაზა მამალაძეც, რომელიც "ტვ პირველის" ცნობით, პარლამენტარ ნოდარ ტურძელაძის მძღოლია. ზაზა მამალაძე შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ამავე საქმეზე დააკავა, თუმცა მალევე ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლა.

შსს-მ ასევე გამოკითხა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც სავარაუდოდ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი მხარდამჭერი ირაკლი ბუაჩიძე რკინის ჯოხს ურტყამს. სხვა კადრებში ირაკლი ბუაჩიძეს პოლიციელი ეუბნება, რომ ამ ჯოხით ქუჩაში სიარული არ შეიძლება, რაზეც იგი პასუხობს, რომ ისიც "მათიანია" და ცდილობს ჯოხი არ მისცეს, თუმცა საბოლოდ აძლევს. ირაკლი ბუაჩიძე ერთ-ერთია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე საათით დააკავა, თუმცა ბრალის წარდგენის გარეშე მალევე გაათავისუფლა. იმ დროს, როდესაც ირაკლი ბუაჩიძე გათავისუფლდა, დაზარალებული გამოკითხული არ იყო, გამოკითხვის შემდგომ კი პროკურატურას სავარაუდო დამნაშავის მიმართ სათანადო ღონისძიებები არ განუხორციელებია.

შსს-ს ამ დრომდე არ ჩაუტარებია მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები და პასუხისგებაში არ მიუცია ძალადობრივი თავდასხმის არც ერთი მონაწილე. საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, მათ შორის, პრობლემურია შემდეგი გარემოებები:

შსს-ს არ გამოუკითხავს დაზარალებულები, რომელთან დაკავშირებითაც უწყებას სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მიმართა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს შეკრების რამდენიმე მონაწილის ინტერესებს. მიუხედავად ჩვენი არაერთი მიმართვისა, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს ამ დრომდე არ გამოუკითხავს ორი დაზარალებული, რომლებზეც კალაძის საარჩევნო შტაბთან ჯგუფურად იძალადეს. ნიშანდობლივია, რომ შსს დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის დამაბრკოლებელ გარემოებად დაზარალებულების გამოძიებასთან ართანამშრომლობას ასახელებს, თუმცა სინამდვილეში, უკვე თვეზე მეტია, უარს აცხადებს გამოკითხოს დაზარალებულები, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ არაერთხელ მივმართეთ.

შსს-ს ამ დრომდე არ გამოუკითხავს “პუბლიკის” ჟურნალისტზე, ქეთო მიქაძეზე თავდამსხმელი და ძალადობის სხვა მონაწილეები

საქართველოს პროკურატურამ გამოძიება ასევე დაიწყო ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ფაქტზეც. გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა პუბლიკის ჟურნალისტი ქეთო მიქაძე, რომლის ინტერესებსაც სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს. ჟურნალისტს ფიზიკური ძალის გამოყენებით ტელეფონი წაართვეს და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტზე თავდამსხმელი, სავარაუდოდ, “ქართული ოცნების“ პარტაქტივის წევრი, ლევან ზარდიაშვილია, რომელიც მედიაში გავრცელებულ კადრებშიც არ უარყოფს მომხდარ ფაქტს. პროკურატურას ლევან ზარდიაშვილი გამოკითხვაზე ამ დრომდე არ დაუბარებია.

საქმეს იძიებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტი, რომლის დირექტორის მოადგილე ინციდენტის ერთ-ერთ ეპიზოდში თავად მონაწილეობდა

როგორც მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, ინციდენტში მონაწილეობდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის მოადგილე ხუტა პაჭკორია. ის ხელს უშლიდა ონლაინგამოცემა "ნეტგაზეთის" ჟურნალისტს მუშაობაში - შემთხვევის ადგილას გადაღებულ კადრებში ისმის პაჭკორიას მხრიდან ჟურნალისტის მიმართ გინებაც, რომელიც რამდენჯერმე მეორდება. სწორედ თბილისის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს აქტივისტების მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობის ფაქტს, რაც, აშკარა ინტერესთა კონფლიქტია და, რა თქმა უნდა, იმთავითვე ქმნიდა ვარაუდის საფუძველს, რომ გამოძიება მიუკერძოებლად ვერ წარიმართებოდა.

გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს, რაც ქმედების ორგანიზებულ ხასიათს არ ასახავს

როგორც აღინიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 126 მუხლის 11-ელი ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და არა - სსკ-ის 225-ე მუხლით, რომლითაც, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან/და მასში მონაწილეობა ისჯება და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს.

აქტივისტებზე ძალადობას ორგანიზებულ ბუნებაზე მიუთითებს არა ერთი გარემოება და თავდასხმის აშკარად წინასწარ დაგეგმილი ხასიათი. შსს-ში გამოკითხული დაზარალებულები აღნიშნავდნენ, რომ ხალხში რამდენიმე მანქანა შევარდა და იქიდან გადმოსულმა პირებმა უეცრად დაიწყეს აქციის მონაწილეებზე ფიზიკური ძალადობა, მალევე მათ შეუერთდნენ “ქართული ოცნების” შტაბიდან გამოსული პარტაქტივის წევრები. ამ დროს ოცნების შტაბთან პოლიცია მობილიზებული არ ყოფილა. ეს მაშინ, როდესაც მარშები და შეკრება, როგორც წესი, სამართალდამცავების გაძლიერებული მობილიზების ფონზე მიმდინარეობს ხოლმე.

ძალადობის ორგანიზებულ ხასიათზე და “ქართული ოცნების” მხრიდან მის წახალისებაზე მეტყველებს, მათ შორის, “ქართული ოცნების” თანამდებობის პირების განცხადებებიც, რომლებმაც ძალადობის დაგმობის ნაცვლად, ძალადობის გამართლება შეკრების მონაწილეების დამცირებით და დეჰუმანიზებით სცადეს.

ქმედების აშკარად ორგანიზებული ხასიათის მიუხედავად, შსს-ს ამ დრომდე არ გადაუკვალიფიცირებია გამოძიება შესაბამის 225-ე მუხლზე, რომელსაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში აქტიურად იყენებს.

გამოძიების მიმდინარეობაც კიდევ ერთი დასტურია, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება და სამართალდამცავი უწყებები, რომლებიც სრულ პარტიულ კონტროლს ექვემდებარებიან, ხელს აფარებენ ხელისუფლების მიერ სანქცირებულ ძალადობაში მონაწილეებს; გამოძიების მიმდინარეობა არ ტოვებს ეჭვს, რომ შსს და პროკურატურა დანაშაულს განზრახ არ იძიებენ: ამ დრომდე გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ სავარაუდო მოძალადეების უმეტესობა, პასუხისგებაში არ მიცემულა არც ერთი პირი; არ გამოუკითხავთ დაზარალებულების ნაწილი და არც ერთ პირს, რომლებიც თავდასხმის შედეგად დაშავდნენ, ოფიციალურად, დაზარალებულის სტატუსი არ აქვს.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს და გამოძიებაზე პასუხისმგებელ კონკრეტულ საჯარო მოხელეებს, დროულად მოახდინონ სავარაუდო მოძალადეების იდენტიფიცირება, გამოკითხონ აქციაზე დაშავებული პირები, მიანიჭონ მათ დაზარალებულის სტატუსი და უზრუნველყონ ჯეროვანი გამოძიების წარმართვა სათანადო კვალიფიკაციით.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“