[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

შსს-ს ამ დრომდე არ მოუხდენია კალაძის შტაბთან მოძალადე პირების იდენტიფიცირება 

8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, „ქართული ოცნების“ შტაბთან ე.წ. „ტიტუშკების“[1] ძალადობრივი ჯგუფი აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდა, რის შედეგადაც აქციის მონაწილეებმა მიიღეს ფიზიკური დაზიანებები. „ტიტუშკებმა“ ფიზიკურად იძალადეს ჟურნალისტებზეც, ხელი შეუშალეს მათ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, წაართვეს ტექნიკაც. აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების გარდა, როგორც კადრებიდან ჩანს, ძალადობის შედეგად დაშავდნენ სამართალდამცავებიც.

8 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მელიქიშვილის გამზირზე  მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.[2]

მედიასაშუალებების ცნობით, მათ დააიდინტიფიცირეს ძალადობრივ ქმედებებში ჩართულ პირთა ვინაობა და თავმდასხმელებს შორის იყვნენ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, თბილისის მერიის თანამშრომელი და კახა კალაძის საარჩევნო შტაბის წევრი. აქციის მონაწილეები მიუთითებდნენ, რომ შემთხვევის ადგილას მყოფ პოლიციელებს ძალადობრივ ინციდენტებზე სათანადო რეაგირება არ ჰქონიათ.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ადამიანები არასათანადო მოპყრობისგან და უზრუნველყოს მათი ფიზიკური უსაფრთხოება და თავისუფლება. ამ კუთხით სახელმწიფოს აკისრია ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულებები. როცა ,,ტიტუშკების’’ ძალადობრივი ქმედებების კოორდინაციას და ფინანსურ უზრუნველყოფას ახდენენ სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლები, სახეზეა სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულების დარღვევა. როცა ,,ტიტუშკების’’ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდება სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლების ცოდნით და შეწყნარებით, სახეზეა პოზიტიური ვალდებულების დარღვევა. ორივე შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ ირღვევა უფლების არსებითი/მატერიალური ნაწილი. შესაბამისად, ორივე შემთხვევა უფლების მძიმე დარღვევას წარმოადგენს, პირველი კი - განსაკუთრებით მძიმეა.

საქართველოში, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სულ მცირე, ადგილი აქვს უფლების დარღვევის ზემოაღნიშნულ მეორე შემთხვევას - როცა სამართალდამცავი პირებისთვის ცნობილია ,,ტიტუშკების’’ მხრიდან მოქალაქეთა არასათანადო მოპყრობის ფაქტები, მაგრამ ისინი არ ახდენენ ამ ფაქტებზე რეაგირებას, ძალადობის აღკვეთას და დაზარალებული პირების დაცვას. ,,ტიტუშკების’’ ძალადობრივი ქმედებების მასშტაბური, წინასწარ კოორდინირებული და კარგად დაგეგმილი ხასიათი ასევე ქმნის მტკიცე ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლოა სახეზე იყოს უფლების დარღვევის ზემოაღნიშნული პირველი, კიდევ უფრო მძიმე შემთხვევაც - ,,ტიტუშკების’’ ძალადობრივი ქმედებები ორგანიზდებოდეს სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით. ამ ვარაუდს განსაკუთრებით ამყარებს მოძალადეების სისტემური დაუსჯელობა და ადგილზე პოლიციელების ქცევა, რომლებიც აშკარა მიკერძოებას იჩენდნენ მოძალადე ჯგუფის სასარგებლოდ, ისევე როგორც “ქართული ოცნების” წევრების განცხადებები, რომლებიც იწონებენ და ახალისებენ  აქტივისტებზე ანგარიშსწორებას.

მოძალადეების „ქართული ოცნების“ გუნდთან სამსახურებრივი კავშირსა და მათ ქმედებებზე პოლიციელთა უმოქმედობასთან ერთად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების კომენტარებიც მკაფიოდ მიუთითებს, რომ აქციის მონაწილეების მიმართ თავდასხმა როგორც მინიმუმ წახალისებული იყო მმართველი გუნდის მიერ. 8 სექტემბერს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა - დიმიტრი სამხარაძემ სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტით უხამსი ფორმით მოიწონა ძალადობრივი ფაქტები და მომხდარს „შესაბამისი პასუხი“ უწოდა. მეორე დღეს კახა კალაძემ კი ძალადობის დაგმობის ნაცვლად, შეურაცხმყოფელად მოიხსენია აქციის მონაწილე დაზარალებული ქალები. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა,  „ესენი ქალები არ არიან, ეს რაღაც გაუგებარი ჯიშია.“ ფიზიკური ანგარიშწორების შემთხვევებს 9 სექტემბერს ნინო წილოსანიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაშავებული მოქალაქეები თავად იყვნენ ძალადობის მაპროვოცირებლები.

უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებით წინა თვეებში „ტიტუშკების“ მხრიდან განხორციელებული ძალადობის ზოგიერთი შემთხვევევისა, 2025 წლის 8 სექტემბერს აქციის მონაწილეებს თავს შეუნიღბავი პირები დაესხნენ. საჯაროდ გავრცელებული ვიდეოჩანაწერებით, მათი იდენტიფიცირება გაცილებით მარტივად არის შესაძლებელი, თუმცა არსებული ინფორმაციით, შსს-ს შსს-ს ამ დრომდე არ მოუხდენია კალაძის შტაბთან მოძალადე პირების იდენტიფიცირება.

ამდენად, გამოძიების დაწყების მიუხედავად, მისი ეფექტიანობისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის მოლოდინი პრაქტიკულად არ არსებობს იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ გამოუძიებელია „ტიტუშკების“ მხრიდან განხორციელებული სასტიკი ძალადობის წინა შემთხვევები. ზოგიერთ მათგანზე გამოძიება წელიწადზე მეტია უშედეგოდ მიმდინარეობს.

კერძო ძალადობრივი დაჯგუფებების აქტიური გამოყენება მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ “ქართული ოცნების” მხრიდან ორგანიზებული ძალადობის ახალ პრაქტიკას არ წარმოადგენს. „ტიტუშკების“ ძალადობრივი ქმედებები საზოგადოებამ მრავალჯერ იხილა როგორც 2024 წლის გაზაფხულის, ისე ნოემბერი-დეკემბრის საპროტესტო აქციების ფარგლებში.

2024 წლის გაზაფხულზე “რუსული კანონის” წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციების დროსაც, ე.წ “ტიტუშკები” თავს დაესხნენ არაერთ აქტივისტსა და პოლიტიკოსს. შავ ნიღბებს ამოფარებული მოძალადეების ჯგუფი საცხოვრებელ სახლთან ხვდებოდა მოქალაქეებს, აგრეთვე სასტიკად უსწორდებოდა აქციის მონაწილეებს პროტესტის მიმდებარე ტერიტორიაზე. „ტიტუშკების“ თავდასხმის მსხვერპლი არაერთხელ გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი - ნიკო მანაგაძე. მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების პირველი შემთხვევიდან (2024 წლის 20 აპრილი) წელიწადნახევრის შემდეგ, კვლავ არ არის ჩატარებული მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, არ არის გადადგმული ყველა გონივრული ნაბიჯი დამნაშავეების დასადგენად და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომების გასატარებლად. ამ და კიდევ ათობით საქმეში გამოძიება ფორმალური და არაეფექტიანია, რაც  პრაქტიკულად ადასტურებს ამ ჯგუფების მართვასა და გამოყენებას  “ქართული ოცნების” მხრიდან, რასაც აქციის მონაწილეთა დაშინების და დასჯის მიზანი აქვს.

კერძო ძალადობრივი ჯგუფების მიერ მოქალაქეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობამ კიდევ უფრო მასშტაბური და სასტიკი ხასიათი ნოემბერი-დეკემბრის მასშტაბური საპროტესტო აქციების ფარგლებში მიიღო. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო 2024 წლის 6 დეკემბერს ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტზე, მინდია გაბაძეზე და 2024 წლის 7 დეკემბერს - ტვ პირველის ჟურნალისტ, მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე ფიზიკური თავდასხმის შემთხვევები. ორივე შემთხვევაში, თავდასხმის ადგილიდან რამდენიმე მეტრში იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, თუმცა მათ სასტიკ ძალადობაზე რეაგირება არ ჰქონიათ.

მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების მიმართ მასშტაბური ძალადობის პარალელურად, კერძო ძალადობრივი დაჯგუფებების გამოყენება ძალადობის პრაქტიკას განსაკუთრებით საშიშს და ფაქტობრივად უკონტროლოს ხდის. ხელისუფლების მიერ კრიმინალური ბანდებისთვის მოქალაქეებზე ძალადობის სანქციის მიცემა სხვა არაფერია თუ არა საკუთარი მოქალაქეებისთვის ომის გამოცხადება. ამ პრაქტიკას ექნება უმძიმესი შედეგი საზოგადოებისთვის  და მომავლისთვის.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] აღსანიშნია, რომ ტერმინი ,,ტიტუშკები’’ 2013 წლის მაისში, უკრაინაში წარმოიშვა. ,,ტიტუშკები’’ იყვნენ ხელისუფლების დავალებით მოქმედი ახალგაზრდა მამაკაცები, რომელთა ძირითად დანიშნულებას წარმოადგენდა პროვოკაციების მოწყობა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მასობრივი აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ, იმ მიზნით, რომ პროტესტი გასცდენოდა სამართლებრივი სივრცის ჩარჩოებს. ,,ტიტუშკების’’ აქტივობების ყველაზე ცნობილი შემთხვევა იყო მათი მონაწილეობა ევრომაიდანის საპროტესტო აქციებში 2013-2014 წლებში. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ,,ტიტუშკები’’ დახმარებას უწევდნენ უკრაინის პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმს, რომელიც აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ჩადენილი მრავალი ძალადობრივი ქმედებისთვის არის პასუხისმგებელი. მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობის მიზნით ,,ტიტუშკების’’ ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებას და კოორდინაციას ახდენდნენ უკრაინის ყოფილი მაღალჩინოსნების დავალებით მოქმედი პირები. მათ მიერ ხდებოდა ,,ტიტუშკებისთვის’’ ინსტრუქციების და დავალებების მიცემა და გასამრჯელოს გადახდა.

[2] შინაგან საქმეთა სამინისტროს 2025 წლის 9 სექტემბრის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე, გამოძიება დამატებით, კიდევ ერთ საქმეზე - სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“