[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორი გრძელდება

დღეს, ჩვენმა საზოგადოებამ იხილა “ქართული ოცნების” მხრიდან ორგანიზებული ძალადობის ახალი პრაქტიკა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. “ქართულმა ოცნებამ” დაიწყო კერძო ძალადობრივი დაჯგუფებების აქტიური გამოყენება მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც გამორჩეული სისასტიკითა და აღვირახსნილობით გამოირჩევიან. ცხადია, ამ ორგანიზებული და დაქირავებული ძალადობრივი დაჯგუფებების ქმედებებზე პასუხისმგებლობა სრულად “ქართულ ოცნებას” ეკისრება.

უფრო ზუსტად, დღეს, რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი პროტესტის მიმდინარეობის პარალელურად, შავებში ჩაცმული, ნიღბიანი “ტიტუშკები” თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს რამდენიმე დემონსტრანტი, მათ შორის, ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და მისი ოპერატორი, მსახიობი გიორგი მახარაძე და კიდევ რამდენიმე პირი. 

რჩება შთაბეჭდილება, რომ ძალადობრივი დაჯგუფებები “ქართული ოცნების” მიერ დაქირავებული და მართული ძალებია და ამასვე აჩვენებს საგამოძიებო ჟურნალისტების მიერ მომზადებული არაერთი მასალა. აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ  აქციის მონაწილეებზე "ტიტუშკების" მხრიდან ძალადობაზე სამართალდამცავი უწყებები არ რეაგირებენ.[1] ეს გამოჩნდა დღეს ტვ “პირველის” ჟურნალისტზე მაკა ჩიხლაძეზე და მის ოპერატორზე ძალადობის შემთხვევაში და ასევე გუშინ, ჟურნალისტ მინდია გაბოძეზე თავდასხმისას, როცა დანაშაულის შემსწრე ძალოვნებმა არაფერი გააკეთეს დანაშაულის აღსაკვეთად და მოძალადეების დასაკავებლად.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე “რუსული კანონის” წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციების დროსაც, ე.წ “ტიტუშკები” თავს დაესხნენ არაერთ აქტივისტსა და პოლიტიკოსს და ეს საქმეებიც ამ დრომდე გამოუძიებელი რჩება, რაც ასევე  პრაქტიკულად ადასტურებს ამ ჯგუფების მართვასა და გამოყენებას  “ქართული ოცნების” მხრიდან, რასაც აქციის მონაწილეთა დაშინების და დასჯის მიზანი აქვს.

მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების მიმართ მასშტაბური ძალადობის პარალელურად, კერძო ძალადობრივი დაჯგუფებების გამოყენება ძალადობის პრაქტიკას კიდევ უფრო უკონტროლოს და საშიშს ხდის. ძალადობაზე სახელმწიფოს მონოპოლიის კერძო პირებისთვის გადაცემა შეიცავს უზარმაზარ რისკებს ადამიანების სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის და სოციალური მშვიდობისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნება” ცდილობს კერძო დაქირავებული რაზმებზე ძალადობის პრივატიზებით საყოველთაო ტერორზე პასუხისმგებლობა კერძო ჯგუფებზე გადაიტანოს, ამ პასუხისმგებლობას ის ვერ აირიდებს. საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად, როდესაც დაქირავებული კერძო პირები იმყოფებიან ხელისუფლების კონტროლის ქვეშ და მის ბრძანებებს ასრულებენ, ძალადობის აქტებზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება.[2]

ხელისუფლების მიერ კრიმინალური ბანდებისთვის მოქალაქეებზე ძალადობის სანქციის მიცემა სხვა არაფერია თუ არა საკუთარი მოქალაქეებისთვის ომის გამოცხადება. ამ პრაქტიკას ექნება უმძიმესი შედეგი ჩვენი საზოგადოებისთვის  და მომავლისთვის. 

სისტემური ძალადობის ეს პრაქტიკა არ დარჩება დაუსჯელი და ადრე თუ გვიან, ყველა ვინც გაბედავს საკუთარი მოქალაქეების უმოწყალო დევნას, ტანჯვას და გამწარებას, აუცილებლად დაისჯება; ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ ადგილობრივი თუ საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების, ასევე დემოკრატიული ბრძოლის  საშუალებების გამოყენების გზით.

მივმართავთ "ქართულ ოცნების" იმ წევრებს, რომლებსაც თვითონ არ გაუციათ ძალადობრივი ბრძანებები, სანამ ჯერ კიდევ დროა, გაემიჯნეთ პარტიის ფართომასშტაბიან ძალადობას და ღალატს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარდაუვალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის და ისტორიის მსჯავრის გარდა, ვერ გაექცევით ვერც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამის რწმენას ჩვენი ისტორია და სამართლიანობის საყოველთაო იდეა და ძალა გვაძლევს. 

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ტვ პირველი, “წყარო: მოქალაქეებს კერძო დაცვის თანამშრომლები სუს-ის უფროსის მოადგილის ბრძანებით უსწორდებიან”, 07.12.2024

https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/politika/88429-tskaro-moqalaqeebs-kerdzo-datsvis-tanamshromlebi-sus-is-uprosis-moadgilis-brdzanebit?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR14FJW4lwD5XtnHa-GeUJN0gXceYwmOMh7PhuTyM0KkYqm70hkEXTAEaiQ_aem_cK3B7YM22sqngKPU-nW2aA

[2] ECtHR, Lutsenko and Verbytskyy v. Ukraine (applications nos. 12482/14 and 39800/14), 2021, para 83

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“