[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი 6-7 დეკემბერს მიმდინარე მშვიდობიანი დემონსტრაციის ძირითად ეპიზოდებს აჯამებს

 

28 ნოემბერს დაწყებული უწყვეტი საპროტესტო აქციები, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის ევროპული კურსის ოფიციალურ ცვლილებასა და ავტორიტარიზმის კონსოლიდირების მცდელობას მოჰყვა, მე-9 დღეა უფლებების ფართომასშტაბიანი დარღვევის ფონზე მიმდინარეობს. საპოლიციო ძალებმა გუშინ სრულიად უკანონოდ დაშალეს მშვიდობიანი შეკრება, დააკავეს 50-ზე მეტი ადამიანი და კვლავ დაფიქსირდა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის უმძიმესი შემთხვევები. პოლიციამ არა ერთ ეპიზოდში პრაქტიკულად ალყაში მოამწყვდია შეკრების მონაწილეები და მოქმედებდა მათი მასობრივი დევნის ინტერესით.

  • პოლიციის მიერ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დაუნდობელი მეთოდებით დასჯა

6-7 დეკემბერს, მშვიდობიანი პროტესტის მე-9 დღეს, შსს-მ სასტიკად დაარბია დემონსტრანტები.

12:15 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აქციის მონაწილეების მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელების შესახებ განცხადება გააკეთა.[1] თუმცა, განცხადების გავრცელების მომენტისათვის, აქციის მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა მშვიდობიან განზრახვებსა და ქცევას ავლენდა და არ არსებობდა შეკრების დაშლის არც ერთი ფაქტობრივი და სამართლებრივი  პირობა.  

შსს-ს განცხადების შემდგომ, 12:34 საათიდან სპეციალური დანიშნულების რაზმმა  აქციის დარბევა დაიწყო.[2] პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა ათობით პირი, ფიზიკურად იძალადა ათზე მეტ ადამიანზე. პარალელურად, ერთდროულად გამოიყენებოდა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი.

მთელი ღამის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ცხელ ხაზზე 51 დაკავებულის შესახებ შემოვიდა ინფორმაცია.[3] დაკავებულებს შორის არიან, ქალები, ჟურნალისტები, ყოფილი და მოქმედი პოლიტიკოსები. ამასთან, მედიის ცნობით გუშინ აქციაზე დააკავეს 19 წლის ახალგაზრდა, რომლის განთავისულფლებასაც სპეცრაზმელებს დაკავებულის დედა სთხოვდა ეპილეფსიის დიაგნოზის გამო, თუმცა მათ დედის თხოვნას ყურადღება არ მიაქციეს. ბოლო ინფორმაციით, დაკავებული ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.

საგანგაშოა, რომ თავისუფლებისა მოედნისა და პარლამენტთან მდებარე ქუჩებთან ერთად, სპეციალური დანიშნულების რაზმი განთავსდა რესპუბლიკის მოედანთანაც,[4] რითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ალყაში მოაქცია- დემონსტრანტებს არ  ეძლეოდათ ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების საშუალება, რუსთაველის მოედნიდან სახლში მიმავალ პირებს, საპოლიციო ძალები რესპუბლიკის მოედანზე ხვდებოდნენ, სავარაუდოდ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დევნიდნენ და აკავებდნენ.[5]

სახალხო დამცველის შეფასებით, სამართალდამცავი ორგანოების მიერ აქციის დაშლის დროისათვის, აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლისა და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი.[6]

უდავოა, რომ დემონსტრანტების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის საფუძველი არ არსებობდა, რადგან საპროტესტო აქცია აბსოლუტურად მშვიდობიანი და არაძალადობრივი იყო.

შეკრებისა თავისუფლებაში ჩარევის მიღმა, სამართალდამცავებმა აგრეთვე  დაარღვიეს სპეციალური საშუალებების გამოყენების პროცედურული მოთხოვნებიც.

კანონმდებლობით, სპეციალური ღონისძიების დაწყებამდე, პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს შეკრების და მანიფესტაციის მონაწილეები, მისცეს მათ გონივრული ვადა (არანაკლებ 30 წუთი) კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად.[7] ამ მოთხოვნის საპირისპიროდ, სპეცრაზმი გამაფრთხილებელი სიგნალების გაშვებიდან დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ გამოვიდა და მყისიერად დაიწყო დემონსტრანტების ძალადობრივი გზებით დაკავება. აქციის მონაწილეებს ფაქტობრივად არ ჰქონიათ პროტესტის ადგილის უსაფრთხოდ დატოვების შესაძლებლობა. უკანონოდ მოხდა წყლის ჭავლის გამოყენებაც, რადგან მას წინ უძღოდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორივე მხრიდან სპეციალური დანიშნულების რაზმის განთავსება და მოქალაქეების ალყაში მოქცევა, რითაც აქციის მონაწილეებს პროტესტის ადგილის დატოვების შესაძლებლობა შეეზღუდათ. სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან ერთად, სამართალდამცავები მასობრივად და აბსოლუტურად უსაფუძვლოდ იტაცებდნენ და აკავებდნენ ადამიანებს, მათ შორის დაძაბულობის ადგილიდან მოშორებით მყოფ და სახლში მიმავალ მოქალაქეებს, რაც იმთავითვე გამორიცხავს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვისა და სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით ამ მოქმედებების განხორციელებას.

ფორმალური საპოლიციო ძალის გამოყენების უკანონობის გარდა, 7 დეკემბრის დილით დაფიქსირდა განსაკუთრებით საგანგაშო შემთხვევა, როდესაც დარბევის შემდეგ, სანაპიროსკენ გადანაცვლებულ დემონსტრანტებს უცნობი შეიარაღებული პირები დაუპირისპირდნენ. გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს მათი სახეები და, შესაბამისად, მათი იდენტიფიცირება შესაძლებელია, თუმცა მიუხედავად მათი მხრიდან აშკარად დანაშაულის ნიშნების შემცველი მოქმედებებისა, სამართალდამცავ უწყებებს ამ დროისთვის შესაბამისი რეაგირება არ მოუხდენიათ.

 

  • საპროტესტო აქციაზე მიმავალი მოქალაქეების უკანონო შემოწმებისა და აღრიცხვის განგრძობითი პრაქტიკა

წინა დღეების მსგავსად, კვლავ იკვეთება, მეტროსადგურების ფოიეებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე საპროტესტო აქციაზე მიმავალი მოქალაქეების მასობრივი შემოწმების უკანონო სისტემური პრაქტიკა. 6 დეკემბრის მშვიდობიანი დემონსტრაციის დაწყებიდან მალევე, სამართალდამცავები დემონსტრაციაზე მიმავალ პირებს უსაფუძვლოდ აყოვნებდნენ, ამოწმებდნენ მათ ნივთებს, სთხოვდნენ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენას და შემდგომში, მათ ვინაობას სპეციალურ წიგნაკებში აღრიცხავდნენ.[8]

მეტროსადგურებში უკანონო შემოწმებისა და პირების იდენტობის აღრიცხვის ფაქტები, მოქალაქეებმა ადგილზე გააპროტესტეს და მოუწოდეს სამართალდამცავებს,  შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ხელოვნური ხელშეშლის შეწყვეტისაკენ, რასაც სიტუაციის ესკალაცია და რამდენიმე მოქალაქის დაკავება მოჰყვა.[9]

საყურადღებოა, ისიც, რომ შემოწმების პროცესში ადგილზე  მყოფი საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები  სამხრე ვიდეო-კამერებით არ იყვნენ აღჭურვილი.

აღსანიშნავია, რომ პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს მოქალაქეებისათვის პირადობის დამადასტურებელი საბუთის მოთხოვნისა და შემოწმების კონკრეტულ ამომწურავ საფუძვლებს. ხოლო ამ შემთხვევაში ცალსახაა, რომ სათანადო  სამართლებრივი წინაპირობის გარეშე, საპროტესტო აქციაზე მიმავალი მოქალაქეებისათვის, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის მასობრივი, არაინდივიდუალიზებული მოთხოვნა და სამართალდამცავების მიერ მათი შემდგომი აღრიცხვის პრაქტიკა, სცდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებს და დაშინების გზით, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ხელშეშლას ისახავს მიზნად.

უკანონო  საპოლიციო ღონისძიებას გამოეხმაურა სახალხო დამცველიც, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს  მოუწოდა, საპოლიციო ღონისძიებების გატარებისას მკაცრად იმოქმედოს დადგენილი წესებით და კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლის გარეშე არ მოახდინოს მოქალაქეთა შემოწმებები.[10]

 

  • ახალი ცნობები არაადამიანური მოპყრობის სისტემურობის შესახებ

 

2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, საპროტესტო აქციებზე 400-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, მათ შორის 350-ზე მეტი ადმინისტრაციული, ხოლო 28 პირი სისხლის სამართლის წესით.[11]

ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, 300-ზე მეტი  დაკავებული გახდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, თუმცა, ჯერჯერობით არც ერთი სამართალდამცავის პასუხისმგებლობა არ დამდგარა.[12]

არცერთ ნაცემ და წამების მსხვერპლ დაკავებულზე მოსამართლეს არ მიუმართავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისათვის, მეტიც, დაკავებულებს არ ეძლევათ საშუალება  სასამართლო სხდომაზე მოსამართლეებს უამბონ, ცემისა და წამების შესახებ.  მოსამართლეები გულგრილობას იჩენენ და ამბობენ, რომ ეს არ ეხებათ, რადგან მათ მხოლოდ დაკავების კანონიერება უნდა განიხილონ.[13]

დაკავებულების თქმით, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობა  დაკავების მომენტიდან იწყება, როცა კი რწმუნდებიან, რომ ჟურნალისტები გარშემო არ არიან.[14]  მიკროავტობუსებში მოთავსებამდე, დაკავებულებს სპეცრაზმელთა კორდონებშივე უსწორდებოდნენ ფიზიკურად და ტრანსპორტამდე,გინებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე მიჰყავდათ. შემდგომ წინასწარ გამოთავისუფლებულ მიკროავტობუსებში ათავსებდნენ და გონების დაკარგვამდე გამეტებით უსწორდებოდნენ.[15] დაკავებულებს ერთდროულად 5-6  სპეცრაზმელი სახის, კეფისა და მთელი სხეულის არეში უმოწყალოდ ურტყამდა, პარალელურად კი აგინებდნენ, აფურთხებდნენ და  ხელკეტის გამოყენებით გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.[16] გარეთ მდგომი სამართალდამცავები კი, მიკროავტობუსიდან მომდინარე წამებისა ხმებს, შეძახილებითა და მოწონებით ხვდებოდნენ.

დროდადრო, ყოფილი დაკავებულები, არაადამიანური მოპყრობის ახალ დეტალებს  ავრცელებენ.

როგორც არქიტექტურის ისტორიკოსი, ნოდარ აროშინაძე, იხსენებს, დაკავებულების ცემის პროცესი, რამდენიმე ეპიზოდად ხდება, რა დროსაც სპეცრაზმელები ერთმანეთს ენაცვლებიან. მისი თქმით,  სახეში წიხლებს ურტყამდნენ და სახის დაფარვის ყოველ მცდელობაზე, კიდევ უფრო მეტი სისასტიკით უსწორდებოდნენ.

მისი თქმით, სპეცრაზმელების მიერ ნაწამებ დაკავებულებზე ანგარიშსწორება, არც იმ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს შეუწყვეტია, რომელსაც დაკავებულები პოლიციის სამმართველოსაკენ მიჰყავდა. პატრულის თანამშრომლები დაკავებულებს სასტიკ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ- ემუქრებოდნენ  გაშიშვლებით, ხელკეტებით გაუპატიურებით,  ოჯახებზე შურისძიებით. უყვიროდნენ, რომ მანქანა სისხლით არ დაესვარა: „ცხვირიდან, პირიდან, თავიდან, ყველაფრიდან სისხლი მდიოდა და მეჩხუბებოდნენ მანქანა არ დასვარო, თავი ჩახარეო, თავს რომ ვხრიდი, მძღოლის უკან სკამის საზურგეზე მედებოდა ეს სისხლიანი თავი - რაღაც დროს ხელსახოცი მომაწოდეს, მოიწმინდე ეგ სისხლი, ხომ ხედავ, ყველაფერს სვრიო.“[17]

საყურადღებოა, რომ 6 დეკემბერს გავრცელებული ცნობით, აქციების ერთ-ერთმა დაკავებულმა მონაწილემ, შიმშილობა დაიწყო. ადვოკატის თქმით, მას აიძულებდნენ დაესახელებინა პოლიტიკოსები, რომელთა დავალებებსაც  თითქოსდა ის  ფულის სანაცვლოდ ასრულებდა.[18] როგორც დაკავებულის ადვოკატი განმარტავს, სამართალდამცავები მასზე 6-7 საათის განმავლობაში სიტყვიერად ძალადობდნენ. მთელი ეს დრო, დაკავებულს საპირფარეშოთი სარგებლობის უფლება არ ეძლეოდა.

 

  • ჟურნალისტებზე თავდასხმა, საქმიანობის ხელშეშლა და შევიწროება

 

2024 წლის 6 დეკემბერს, მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტზე, მინდია გაბაძეზე ფიზიკური თავდასხმის შესახებ. შემთხვევა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მოხდა, როდესაც გაბაძე პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა.

ჟურნალისტ მინდია გაბაძის თქმით, მას თავს დაესხა მინიმუმ ორი ადამიანი, რომლებსაც ეცვათ შავი ფერის ტანისამოსი და დაფარული ჰქონდათ სახეები.

განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელსაც  მომხდარზე რეაგირება არ ჰქონია-საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან რამდენიმე წამში მივიდნენ შემთხვევის შემსწრე მოქალაქეები, რომლებმაც პოლიციელებს რეაგირებისკენ და თავდამსხმელებზე დადევნებისკენ მოუწოდეს, თუმცა, პოლიციელი ჩაჯდა სამსახურებრივ მანქანაში და ფაქტი რეაგირების გარეშე დატოვა.[19]

მეტიც, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომანქანაში იქნა მოთავსებული, ერთ-ერთი თავდამსხმელი  დაბრუნდა და დაშავებულ ჟურნალისტს ხელახლა ემუქრებოდა, თუმცა ადგილზე მყოფი სამართალდამცავი არათუ შეეცადა  რაიმე სახის რეაგირება ჰქონოდა, არამედ პირიქით, მან დაშავებულ ჟურნალისტს პროვოკატორი უწოდა.[20]

მინდია გაბაძის შემთხვევა აჩვენებს, რომ მმართველი გუნდი, კერძო ჯგუფებს,  ე.წ “ტიტუშკებს“ მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობისა და დაშინების ინსტრუმენტად იყენებს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გუშინ საჯაროდ მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და მოითხოვა, დროულად დაიწყოს მინდია გაბაძეზე თავდასხმის ფაქტზე საჭირო საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება. ამასთან, დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და დადგეს ინციდენტში მონაწილე საპატრულო პოლიციის თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე.[21]

ცხადია, რომ მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვება, ახალისებს მსგავსი ტიპის დანაშაულების ჩადენას.

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1]ხელმისაწვდომია:https://cutt.ly/1eX096BG

[2]ხელმისაწვდომია:https://cutt.ly/yeX03G2X

[3]ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/ueX2DlcY

[4]ხელმისაწვდომია:https://cutt.ly/8eX08CMD

[5]ხელმისაწვდომია:https://cutt.ly/peX04ldo

[6]ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/qeX043bu

[7]პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი.

[8]ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/3eXCnhS8

[9]ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/ueXCdExc

[10]ხელმისაწვდომია:https://cutt.ly/seXCKDbB

[11]საერთაშორისო გამჭირვალობა, სტატისტიკა, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/ueX0gRmF

[12]იქვე.

[13]იქვე.

[14]ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/ReZ46ePE

[15]საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება:https://cutt.ly/meZ47L1N

[16]ხელმისაწვდომია:https://cutt.ly/ReZ46ePE

[17]ხელმისაწვდომია:https://cutt.ly/SeX0MFBZ

[18]ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/IeX01hcC

[19]ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/qeXX4Rv7

[20]ხელმისაწვდომია:https://cutt.ly/FeXXCB0o

[21]სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასება, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/seXX88Jv

ასევე გირჩევთ

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“