საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2024 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით 15:30 საათზე, მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტზე, მინდია გაბაძეზე ფიზიკური თავდასხმის შესახებ. შემთხვევა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ცისფერი გალერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, როდესაც გაბაძე გია ჭანტურიას ქუჩის ჩასახვევის სიახლოვეს იმყოფებოდა და პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა. დაზარალებულს ეკეთა ჟურნალისტის სამკერდე ნიშანი, რითაც მისი პროფესიული კუთვნილება ადვილად იდენტიფიცირებადი იყო.
ჟურნალისტ მინდია გაბაძის თქმით, მას თავს დაესხა მინიმუმ ორი ადამიანი, რომლებსაც ეცვათ შავი ფერის ტანისამოსი და დაფარული ჰქონდათ სახეები. გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ გარბიან თავდამსხმელები ჭანტურიას ქუჩაზე, თუმცა კადრებში მათი სახე იდენტიფიცირებადი არ არის.
განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც მომხდარზე რეაგირება არ მოახდინა. მეტიც, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან რამდენიმე წამში მივიდნენ შემთხვევის შემსწრე მოქალაქეები, რომლებმაც პოლიციელებს რეაგირებისკენ და თავდამსხმელებზე დადევნებისკენ მოუწოდეს, თუმცა, პოლიციელი ჩაჯდა სამსახურებრივ მანქანაში და ფაქტი რეაგირების გარეშე დატოვა. მოგვიანებით, მინდია გაბაძეს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაზე (სსკ-ის 154-ე მუხლი) რეაგირება, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვალდებულებაა. შესაბამისად, მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და მოვითხოვთ, დროულად დაიწყოს მინდია გაბაძეზე თავდასხმის ფაქტზე საჭირო საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება. კერძოდ, ამოღებულ იქნას რუსთაველის, გია ჭანტურიას, რევაზ თაბუკაშვილის, 9 აპრილის ბაღის, ორბელიანის მოედნისა და მიმდინარე პერიმეტრის სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, ასევე, სასწრაფოდ გამოიკითხონ მოწმეები და დაინიშნოს სამედიცინო ექსპერტიზა.
ამასთან, დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და დადგეს ინციდენტში მონაწილე საპატრულო პოლიციის თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი, სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით გათვალისწინებული სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე.
ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ საპოლიციო ძალების მასობრივ და სასტიკ ძალადობას მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ, როგორც შეკრების ადგილზე, ისე დაკავებისას და დაკავებული პირების ტრანსპორტირების პროცესში. ბოლო დღეებში 300-ზე მეტი ადამიანია დაკავებული და მათი 80% კი ნაცემია და სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება აღენიშნება. მინდია გაბაძის შემთხვევა კი აჩვენებს, რომ სისტემის მიერ ხდება კერძო ჯგუფების ე.წ. “ტიტუშკების” დამატებითი ჩართვა მოქალაქეებზე ძალადობისა და ტერორის პროცესში. ე.წ. “ტიტუშკების” გამოყენებამ მასობრივი პრაქტიკის ფორმა მიიღო გაზაფხულის პროტესტების დროს აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დევნის დროს, როდესაც ისინი მოქალაქეებს სახლებთან და ოფისებთან ხვდებოდნენ და ძალადობდნენ.
ცხადია, რომ მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვება, ახალისებს მსგავსი ტიპის დანაშაულების ჩადენას და ბადებს დაუსჯელობის სინდრომს. დანაშაულებზე სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება სახელმწიფოს საგამოძიებო ორგანოების პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს და ყველა სახელმწიფო ორგანო ვალდებულია, დაემორჩილოს ადამიანის უფლებების დარღვევაზე რეაგირების ფუნდამენტურ პრინციპებს. განსაკუთრებით ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ შეკრების მონაწილეებზე ძალადობას თან ახლავს ჟურნალისტების მიმართ სასტიკი მოპყრობა, რაც მათ მდგომარეობას განსაკუთრებით დაუცველს ხდის. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში 50-ზე მეტი ჟურნალისტია დაშავებული და სასტიკად ნაცემი. საპოლიციო ძალადობის უპრეცედენტო მასშტაბის მიუხედავად, ამ დრომდე არ არის იდენტიფიცირებული ძალოვანი უწყების არც ერთი წარმომადგენელი, რომელიც ჩართული იყო ძალადობრივ ქმედებებში.
ინსტრუქცია