[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი 7-8 დეკემბერს მიმდინარე მშვიდობიანი დემონსტრაციის ძირითად ეპიზოდებს აჯამებს

 

„ქართული ოცნების“ მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებისა და კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის დამყარების წინააღმდეგ, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ქვეყნის მასშტაბით მე-10 დღეა უწყვეტად მიმდინარეობს. ხელისუფლება ყოველდღიურად, სხვადასხვა ფორმით, უკანონოდ ლახავს აქციის მონაწილეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და სასტიკი ძალადობის სხვადასხვა სტრატეგიასა და ტექნოლოგიას იყენებს. თუ წინა დღეებში დემონსტრანტებზე ძირითადად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძალოვნები ძალადობდნენ, 7-8 დეკემბრის ღამეს ძალადობის მთავარი ინციდენტები სავარაუდოდ მმართველი გუნდის მიერ მობილიზებულ კერძო ძალადობრივ დაჯგუფებებს, ე წ. „ტიტუშკებს“ უკავშირდებოდა. ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მოქმედი ამგვარი ძალადობრივი ჯგუფების გამოყენება ძალადობას კიდევ უფრო საშიშ და უკონტროლო ბუნებას სძენს და ზრდის ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების რისკებს და არღვევს სოციალურ მშვიდობას. მათი გააქტიურება მოქალაქეებში ტერორისა და დაუცველობის განცდას აჩენს. 

7-8 დეკემბრის აქცია, წინა დღეების მსგავსად, იყო მშვიდობიანი და აქციის მონაწილეების მხრიდან პროვოკაციასა და აგრესიულ, ძალადობრივ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. შეკრების ადგილზე წინა ორ ღამესთან შედარებით უფრო ბევრი ადამიანი იყო მობილიზებული, რაც სავარაუდოდ გახდა სპეცრაზმების პასიურობის მიზეზი. მასშტაბური საპროტესტო აქცია 7 დეკემბერს, თბილისის გარდა, ბათუმსა და ქუთაისშიც გაიმართა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 7-8 დეკემბერს მიმდინარე პროტესტებთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა დარღვევის შემდეგი ტენდენციები გამოკვეთა:

  • სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით მოქალაქეების დასჯა

7 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე - თამარ მჭედლიშვილი) პატიმრობაში დატოვა აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის საფუძვლით დაკავებული 6 ადამიანი, მათ შორის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და იუმორისტი ონისე ცხადაძე.[1] პროკურორებმა სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ დაკავებული პირები  ჯოხს ისროდნენ პოლიციის მიმართულებით, რითაც მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდნენ.[2]

როგორც უფლებადამცველები მიუთითებენ, საქმეში ნეიტრალური მტკიცებულებები არ არსებობს და მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა შაბლონური დასაბუთებით გამოიყენა.[3]

  • მოქალაქეების სახლებში სამართალდამცავების უსაფუძვლო შეჭრა

პროტესტის წინა დღეების მსგავსად, 7 დეკემბერსაც გავრცელდა ინფორმაცია შესაბამისი განჩინების/დადგენილების გარეშე მოქალაქეების საცხოვრებელში სამართალდამცავების შესვლის შესახებ.

7 დეკემბერს მოქალაქე ნიკოლოზ რატიანს პოლიცია სახლში მიადგა და დაკითხვაზე წაიყვანა. სამართალდამცავებს არც სამსახურებრივი უნიფორმა ეცვათ და არც სასამართლოს განჩინება ჰქონდათ. პოლიციას სახლში ნიკოლოზის დები არ უშვებდნენ, თუმცა ვიდეოში, რომელიც მისმა დამ გამოაქვეყნა, ჩანდა, თუ როგორ შევიდნენ ისინი ბინაში.[4] მოგვიანებით, ოჯახის წევრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკოლოზ რატიანი გაათავისუფლეს, თუმცა მას სოციალური ქსელიდან ვიდეოჩანაწერების წაშლა მოსთხოვეს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით კერძო საკუთრებაში ნებისმიერ მიზნით შესვლისას საჭიროა შესაბამისი დოკუმენტის - სასამართლოს განჩინების ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში - გამომძიებლის დადგენილების წარდგენა. აგრეთვე მოქალაქეს უნდა განემარტოს ბინაში შესვლის საფუძველი. შესაბამისად, ყოველგვარი ორდერისა და განმარტების გარეშე მოქალაქეების ბინაში შესვლა უკანონოა. გარდა ამისა, არ არსებობდა ვიდეოჩანაწერების წაშლის მოთხოვნის საფუძველი, რადგან ყველა ადამიანს აქვს უფლება, გადაიღოს სამართალდამცავთან ნებისმიერი კომუნიკაცია.

  • პოლიციის უმოქმედობა ნიღბიანი დაჯგუფების მხრიდან განხორციელებული თავდასხმის ფაქტებზე

მედიასაშუალებებში გავრცელებული ვიდეოჩანაწერებიდან დგინდება, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, პატარა ქუჩების ჩიხებში იმალებოდნენ შავებში ჩაცმული, ნიღბიანი პირების დაჯგუფებები. ისინი ხელკეტებით იყვნენ აღჭურვილები და ფიზიკურ დაზიანებებს აყენებდნენ აქციის მონაწილეებს. 7 დეკემბერს დაახლოებით 21:32 საათზე ძალადობრივი დაჯგუფება ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ორ ადამიანს მიზანმიმართულად დაესხა თავს და სახის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენეს.[5] დაახლოებით 22:14 წუთზე კი ე.წ. „ტიტუშკების“ ძალადობრივი ქმედებები ბესიკის ქუჩაზე გაგრძელდა. თავის არეში ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ტვ პირველის ჟურნალისტს - მაკა ჩიხლაძეს.  მისი ოპერატორი კი ძირს დააგდეს და ჯგუფურად ურტყამდნენ წიხლებს.[6] ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს - კობა ხაბაზს[7] და მსახიობ გიორგი მახარაძესაც.[8] კობა ხაბაზი იხსენებს, რომ პარტიის ოფისიდან გამოსვლის დროს 50-მდე პირი დაესხა თავს და  დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში შეუჩერებლად ურტყამდნენ წიხლებს, რამდენიმე ადამიანი თავშიც ურტყამდა. როგორც ხაბაზი აცხადებს, ე.წ. ტიტუშკები დავალებით იყვნენ მოსული, რომ ვინმე ცნობადი ადამიანი ეცემათ და დაეშინებინათ.[9] აქციის მონაწილეები ჰყვებიან და ვიდეოჩანაწერებშიც მკაფიოდ ჩანს, რომ „ტიტუშკების“ დაჯგუფებებთან ახლოს საპატრულო პოლიციის მანქანები იმყოფებოდნენ, რომლებსაც მოქალაქეების მოთხოვნის მიუხედავად არანაირი რეაგირება არ განუხორციელებიათ  სასტიკი ძალადობის ფაქტებზე.

„ტვ პირველის“ თანამშრომლების მიმართ განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განცხადება გაავრცელა.[10] განცხადების თანახმად, გამოძიება სსკ-ის  154-ე მუხლის მეორე ნაწილით არის დაწყებული, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. ჩვენი შეფასებით, ქმედების თავდაპირველი კვალიფიკაცია არასრულყოფილია და შეფასების მიღმა ტოვებს თავდასხმის გზით ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ზიანს.  გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტსა და ოპერატორს ტვინის შერყევა და ფეხის დაზიანება დაუდგინდათ. ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით გამოძიება აგრეთვე უნდა წარიმართოს დამატებითი მუხლითაც.

  • ქართული ოცნების წარმომადგენლების გამოხმაურება „ტიტუშკების“ ქმედებებზე

„ქართული ოცნების“ რამდენიმე წარმომადგენელი მყისიერად გამოეხმაურა ნიღბიანი პირების მიერ განხორციელებულ თავდასხმის ფაქტებს. მამუკა მდინარაძემ მომხდარი ფაქტის შემდეგ ნიღბებით აქციაზე გადაადგილების შეზღუდვა დააანონსა.[11] ნინო წილოსანმა კი განაცხადა, რომ ამ სასტიკ ძალადობას მხოლოდ ის დააორგანიზებდა, ვისაც ძალადობის პროვოცირება და აქციების არასწორად წარმართვა სურს.[12]

მმართველი გუნდის წარმომადგენლების გამოხმაურება მიზნად ისახავს საპროტესტო აქციებისთვის ძალადობრივი სარჩულის მიკერებას და  პასუხისმგებლობის გადატანას აქციის მონაწილეებსა და სხვა ჯგუფებზე, მათ შორის ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებზე. ნიღბიანი დაჯგუფების ორგანიზებულობა და მათ ძალადობაზე პოლიციის უმოქმედობა  აშკარად აჩვენებს, რომ ისინი ხელისუფლებასა და სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციაში მოქმედებენ.  მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს მტკიცებულება, რომ ნიღბიანი პირები მოქალაქეებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის მოადგილის ბრძანებით უსწორდებიან.[13] შესაბამისად, ძალადობრივი ჯგუფების მობილიზებაზე პასუხისმგებლობა სწორედ ხელისუფლებას ეკისრება.

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] სასამართლომ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, 07.12.2024. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/qeCehIZR

[2] პუბლიკა -პროკურორი ამბობს, რომ ანდრო ჭიჭინაძე და ონისე ცხადაძე აქციაზე „ჯოხს ისროდნენ". ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/ceCeInAc

[3] პუბლიკა - მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/ZeCe8o0n

[4] ნეტგაზეთი - დღეს, ნიკოლოზ რატიანს პოლიცია სახლში ორდერის გარეშე მიადგა და დაკითხვაზე წაიყვანა. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/LeCtAfJF

[5] ბათუმელები, ვიდეო ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/keCixUQR

[6] ტიტუშკები ტვ პირველის გადამღებს ჯგუფს თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. ვიდეო ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/beCtMLY1

[7] რადიო თავისუფლება - კობა ხაბაზს ფიზიკურად გაუსწორდნენ კოალიცია "ცვლილებისთვის" ოფისში. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/HeCt1JG9

[8] რადიო თავისუფლება - მსახიობ გიორგი მახარაძეს თავს დაესხნენ და იძალადეს. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/DeCymfFV

[9]„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრ კობა ხაბაზს თავს დაესხნენ. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/BeCigbyo

[10]სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება, 07.12.2024. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/9eCegVai

[11] ინტერპრესნიუსი- მამუკა მდინარაძე - მე ვიქნები ინიციატორი, რომ ნიღბებით ქუჩაში გადაადგილება და აქციებში მონაწილეობა აიკრძალოს, ხომ ხედავთ რამხელა პრობლემა იქმნება? ქვებს ისვრიან - ვერ ვხვდებით, ვინ არის, ან მიაგნებ ან ვერა - ასეთი საშინელება ხდება. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/NeCt4dmV

[12] ფორმულა - ნინო წილოსანის გამოხმაურება. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/geCyQWii

[13] TV პირველი - წყარო: მოქალაქეებს კერძო დაცვის თანამშრომლები სუს-ის უფროსის მოადგილის ბრძანებით უსწორდებიან. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/1eCyU7ll

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“