[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი 9-10 დეკემბერს მიმდინარე მშვიდობიანი დემონსტრაციის ძირითად ეპიზოდებს აჯამებს

„ქართული ოცნების“ მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებისა და კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის დამყარების წინააღმდეგ, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ქვეყნის მასშტაბით მე-12 დღეა უწყვეტად მიმდინარეობს, რასაც ხელისუფლება, ჭარბი საპოლიციო ძალითა და მოქალაქეთა ტერორისა და დაშინების ახალი ფორმებით პასუხობს.

ბოლო დღეებში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა პროტესტის მონაწილეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მზღუდავი ახალი საკანონმდებლო ცვლილებები,   დააანონსეს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 9-10 დეკემბერს მიმდინარე პროტესტებთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა დარღვევის შემდეგი ტენდენციები გამოკვეთა:

 

ხელისუფლების მიერ ინიცირებული რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები

 

  • შეკრების მონაწილეების მიერ ნიღბების გამოყენების აკრძალვა

გასულ დღეებში, ირაკლი კობახიძემ ოფიციალურად დააანონსა საპროტესტო აქციებზე ძალადობის პრევენციის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების დაინიცირება. მისი თქმით,  პარლამენტი მიიღებს კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის „კონტრშეკრების“ მონაწილეების მიერ, სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა, კობახიძის განმარტებით:„ნიღბებს ატარებს ყველა, ვისაც არ ეზარება და ეს ხელს უშლის შსს-ის მომიტინგეების იდენტიფიცირებაში.“[1]

სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ მსგავს კანონმდებლობებს, არაერთი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია აკრიტიკებს და საერთაშორისო სამართალთან შეუსაბამოდ აფასებს.[2]

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალის“  განმარტებით, დემონსტრანტების მიერ სახის დაფარვა სხვადასხვა ლეგიტიმური მიზნითაა გამართლებული. მათ შორის, ნიღბები უმთავრესად ცრემლსადენი გაზისაგან თავდაცვისა და  ამა თუ იმ ფორმით პროტესტის გამოხატვის საშუალებაა, შესაბამისად,  დაუშვებელია სახის დაფარვა იმთავითვე ძალადობრივ ქცევად და ძალადობაში ჩართვის განზრახვის მანიშნებლად იქნას მიჩნეული.[3]

„ამნესტი ინტერნეიშენალის“ შეფასებით, საპროტესტო აქციაში  მონაწილე  პირებისათვის სახის დასაფარი საშუალებების ბლანკეტური აკრძალვა თავისთავშივე არაპროპორციული და დისკრიმინაციულია, რადგან ამგვარი შეზღუდვა უგულებელყოფს თითოეული შეკრების სპეციფიკურ გარემოებებს და არაინდივიდუალიზებულად ზღუდავს დემონსტრანტების, პირადი ცხოვრების, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას.[4]

 

  • პიროტექნიკის აკრძალვა

დამატებით, 9 დეკემბერს დაანონსდა პიროტექნიკის შემოტანა-რეალიზაციასთან დაკავშირებული აკრძალვებიც,რომელსაც ერთპარტიული პარლამენტი მიმდინარე კვირას დაჩქარებული წესით განიხილავს.

კანონპროექტის მიხედვით, პიროტექნიკის შემოტანა-რეალიზაციასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციული ჯარიმები დადგინდება- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატება სამი ახალი მუხლი, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტთან, ექსპორტთან, წარმოებასთან ან/და რეალიზაციასთან დაკავშირებული ქმედებებისათვის.[5]

გარდა ამისა, ფეთქებადი, ადვილად აალებადი, მწვავე ნივთიერების ან პიროტექნიკური ნაწარმის აღრიცხვის, შენახვის, გადაზიდვის ან გამოყენების წესის დარღვევა, აგრეთვე მისი უკანონო გადაგზავნა ფოსტით ან ბარგით, რაც „მძიმე შედეგს გამოიწვევს“, სისხლის სამართლის წესით – ჯარიმით, შინაპატიმრობით, ან თავისუფლების აღკვეთით (ვადით ორიდან ხუთ წლამდე) დაისჯება .[6]

აღსანიშნავია, რომ  2023 წელს პიროტექნიკის რეგულაციის შესახებ კანონპროექტი  ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ იქნა დაინიცირებული[7], თუმცა , „ქართულმა ოცნებამ“ სავარაუდოდ ბიზნესინტერესების დაცვის მოტივით, თავად არ ჩათვალა პიროტექნიკის აკრძალვა საჭიროდ. თუ კი წარსულში, ხელისუფლება პიროტექნიკას საზოგადოების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან  დაკავშირებულ რისკად არ მოიაზრებდა,  დღესდღეობით ამ აკრძალვით მათი უეცარი დაინტერესება მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობის მცდელობად აღიქმება.

 

  • ცვლილება საჯარო სამსახურის შესახებ კანონში - „რეორგანიზების“ პროცესის გამარტივება

საგანგაშოა, რომ პროტესტის შემდეგ ხელისუფლება საჯარო სექტორის წმენდისთვის კანონს იღებს და ამ პროცესს „გაჯანსაღებას“ უწოდებს.

ქართული ოცნება საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას აანონსებს, რომლის მიხედვითაც, "რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში გამარტივდება". მამუკა მდინარაძის თქმით, "ეს გადაწყვეტილება უზრუნველყოფს საჯარო სექტორის გაჯანსაღებას".[8]

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციების კვალდაკვალ,„საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას და მის გამომწვევ ყველა მიზეზს“ ასობით საჯარო მოხელე გაემიჯნა. განცხადებები გაავრცელეს დიპლომატებმა, თავდაცვის სამინისტროს, განათლების  სამინისტროს, ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა  და საჯარო სექტორში დასაქმებულმა სხვა მოხელეებმაც, რაც მეტად სარწმუნოს ხდის, რომ გამარტივებული რეორგანიზაციის წესს, ხელისუფლება პოლიტიკურად მოტივირებული საკადრო წმენდის ინსტრუმენტად გამოიყენებს.

ცალსახაა, რომ  ამ კონტექსტში, რეორგანიზაცია კრიტიკულად განწყობილი საჯარო მოხელეების გაჩუმებისა და ხელისუფლების კონტროლის გაძლიერების მექანიზმად იქცევა, რაც სამომავლოდ პოლიტიკურად ლოიალური საჯარო სექტორის შექმნის რისკებს ქმნის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საჯარო სამსახურის მარეგულირებელი კანონმდებლობა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის და მიუკერძოებლობის პრინციპებს ეყრდნობა. საჯარო მოხელეები ანგარიშვალდებულები არიან არა რომელიმე პარტიის, არამედ საქართველოს კონსტიტუციის და ამ ქვეყნის საჯარო ინტერესის წინაშე. განცხადებაზე ხელმომწერ საჯარო მოხელეები მოქმედებენ გამოხატვის თავისუფლებით და საქართველოს კონსტიტუციით მათთვის მინიჭებული უფლებების ფარგლებში. მეტიც, მათ მიერ კონსტიტუციის 78-ე მუხლის სულისკვეთების დაცვა არის არამხოლოდ გამოხატვის თავისუფლების გამოვლინება, არამედ მათ მიერ დადებული საჯარო მოხელის ფიცის ერთგულების დემონსტრირებაც. [9]შესაბამისად, საჯარო მოხელეების პოლიტიკური გამოხატვა, რომელიც, თავის მხრივ, სრულად ექცევა გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში, ვერც გამარტივებული „რეორგანიზაციის“ და ვერც რომელიმე სხვა საფუძვლით, მათ მასობრივ საკადრო წმენდას ვერ გაამართლებს. განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციას და, მით უფრო, ამ საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლებას საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს.

 

  • პოლიციელების რეკრუტირების გამარტივებული წესი

საქართველოს პარლამენტი აპირებს ახალი საკანონმდებლო პროექტის მიღებას, რომელიც  "პოლიციის შესახებ" კანონში ცვლილებას ითვალისწინებს. ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, პოლიციაში დასაქმების წესები შეიცვლება, რაც მინისტრს შესაძლებლობას მისცემს, კონკურსის გარეშე დანიშნოს თანამშრომლები.

კანონპროექტის მიხედვით, მინისტრი საკუთარი ბრძანებით განსაზღვრავს კონკურსის გარეშე მიღების წესებსა და პირობებს, რაც კანონმდებლობაში არსებულ სტანდარტულ შერჩევით პროცესს სრულად არ ჩაანაცვლებს, არამედ გამონაკლის შემთხვევებს მოიცავს.[10]

 

უსაფუძვლო ადმინისტრაციული დაკავებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ტენდენცია

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პროფესორი და ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი დააკავეს. მათ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება. მამუკა ჯორბენაძის ადვოკატის თქმით, პროფესორი და მისი სტუდენტები პოლიტიკური ნიშნით დააკავეს. მამუკა ჯორბენაძე ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. ის აქტიურად იყო ჩართული სასწავლებლის გაფიცვის ორგანიზებაში. [11]

ამასთან, 10 დეკემბერს ქაშვეთის ეკლესიასთან არსებული პარკინგის ტერიტორიაზე, ორი პირი ნაძვის ხის კონსტრუქციაზე დროშების დაკავებისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ადვოკატმა, რომელმაც დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა, განაცხადა, რომ მათ აღენიშნებათ დაზიანებები.[12] კონსტრუქციაზე დროშის დამაგრება პროტესტის სიმბოლური გამოხატულებაა  და სრულად ექცევა გამოხატვის თავისუფლებაში, რადგან არ არღვევს საზოგადოებრივი წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს იმ ხარისხით, რაც ადამიანის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. კიდევ უფრო პრობლემურია დაკავების დროს სამართალდამცავების მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტი, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ფართოდ გავრცელებულ ტენდენციად იქცა.

გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია ავტომობილიდან პირის გატაცების შესახებ. მოძრაობა „ჯიუტის“ წევრი, კონსტანტინე (კოტე) ჩახუნაშვილი საპროტესტო აქციაზე მისვლამდე, საკუთარი მანქანიდან დააკავეს პოლიციის „კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის“ მუხლით.[13] წინა დღით, პოლიციის თანამშრომლები კოტე ჩახუნაშვილთან მივიდნენ და გამოკითხვაზე დაიბარეს სისხლის სამართლის საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ გამოკითხვა ნებაყოფლობითია და მასზე უარის თქმა კანონიერია, კოტე ჩახუნაშვილის დაკავებასთან ამ ფაქტს არ უნდა ჰქონოდა კავშირი. მისი გატაცება პოლიტიკური შურისძიების გამოვლინებაა და სავარაუდოდ, ანტისახელისუფლებო პოზიციების გამოხატვისთვის მის დასჯას ისახავს მიზნად.

ამასთან გავრცელებული ცნობებით, 10 დეკემბერს, გამთენიისას, საპროტესტო აქციიდან- სახლში მიმავალ მოქალაქეებს, ნიღბიანი პოლიციელები მასობრივად ამოწმებდნენ, რის შედეგადაც  რუსთაველის მეტროსა და ვაკის ტერიტორიიდან 5-ზე მეტი პირია დაკავებული.[14]

შსს-ს ინფორმაციით 28 ნოემბრიდან დღემდე, აქციებზე დაკავებულია 409 პირზე მეტი. მათგან, 35 სისხლის სამართლის, ხოლო 374 ადმინისტრაციული წესით.[15] თავის მხრივ, სახალხო დამცველი რეგულარულად აფასებს დაკავებულ პირთა მდგომარეობას- მისი თქმით, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და  კლინიკებში მონახულებულ პირთა 69.81% არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს, ხოლო დაკავებულების 48.74%-ს ხილული დაზიანებები აღენიშნება.[16]

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1]ირაკლი კობახიძე - „მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრების მონაწილეების მიერ სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა, კანონი თვის ბოლომდე სრულად ამოქმედდება“, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/teCRckPZ

[2]Human Rights Watch, „Face Mask Ban Violates Assembly Rights“, ხელმისაწვდომია:https://cutt.ly/IeCR2Lxh

[3]Amnesty International, Under Protected and Over Restricted, გვ.203, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/VeCTrORu

[4]იქვე.

[5] ხელმისაწვდომია:https://cutt.ly/BeCTsHfM

[7]ანა ნაცვლიშვილი - „პიროტექნიკის დღეს მოქმედი რეგულაციები არ მუშაობს - პარლამენტში 9 თვეა დევს ჩვენი კანონპროექტი პიროტექნიკის აკრძალვაზე, მაგრამ „ქართული ოცნება“ ისე აპირებს დაასრულოს სესია, კომიტეტზე განხილვა არ ყოფილა“, ხელმისაწვდომია https://cutt.ly/3eCTRpC1

[8] ხელმისაწვდომია:https://cutt.ly/peCTPB2Y

[9] სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადება, ხელმისაწვდომია:https://cutt.ly/ZeCTXU09

[10] ხელმისაწვდომია:https://cutt.ly/eeCTCQGH

[11] ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/geCT0Jso

[12] ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/MeCTC7jV

[13] ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/qeCTCyS0

[14]ხელმისაწვდომია:https://cutt.ly/1eCOKFKr

[15]ხელმისაწვდომია:https://cutt.ly/4eCTM5YW

[16]ხელმისაწვდომია:https://cutt.ly/yeCOXKP5

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“